X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 77, 1 – 7 მარტი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 1-7 მარტის კვირაში, უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, 11 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. რუსული ჰიბრიდული ძალები, კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად ხსნიდნენ ცეცხლს.

ომი სირიაში - 5 მარტს, რუსეთის საჰაერო ძალებმა, საჰაერო დარტყმები განახორციელა სირიაში, მეამბოხეთა კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. ასევე,  გარკვეულ წყაროებში გავრცელებული ცნობებით, გასულ კვირას, ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის გავლენის ზონაში არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმა რუსების მიერ განხორციელდა.

სირიული წყაროს თანახმად, რუსები სირიაში, პალმირის ჩრდილოეთით, ახალი სამხედრო ბაზის შექმნის პროცესში არიან.

რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ სამი ერთობლივი სამხედრო-სასწავლო ცენტრის შექმნის თაობაზე. აღნიშნული ცენტრებიდან ორი განლაგდება რუსეთში - კალინინგრადისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში, ხოლო მესამე - ბელარუსში, გროდნოს ოლქში.

გავრცელებული ცნობით, 3 მარტს, რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებელმა, ბალტიის ზღვის თავზე, გზა გადაუჭრა აშშ-ს ორ სამხედრო თვითმფრინავს. რუსული წყაროების ინფორმაციით, თებერვალში, ნატო-ს გამანადგურებლები ბალტიის ზღვაზე 6-ჯერ „აედევნენ“ რუსულ თვითმფრინავებს.

 

სტრუქტურული ცვლილებები

დადასტურდა, რომ კალინინგრადის ოლქში ახალ რუსულ დივიზიას, რომელიც, როგორც ჩვენ ვწერდით, 2020 წლის 1 დეკემბერს ჩამოყალიბდა, მე-18 მექანიზებული დივიზია ეწოდა. აღნიშნული დივიზია დაექვემდებარა ბალტიის ფლოტის მე-11 საარმიო კორპუსს.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ  T-90M ტიპის ტანკების ახალი პარტია მიიღო.

T-90M

ჩრდილოეთის ფლოტისთვის, “იასენის“ კლასის (პროექტი 885) ატომური წყალქვეშა ნავი „კაზანი-ს“, 26 თებერვლისთვის დანიშნული გადაცემა გადაიდო, დამატებითი გამოცდების საჭიროების მიზეზით.

რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალების („სსო“) (სენეჟი და კუბინკა-2, მოსკოვის ოლქი) მებრძოლები იტალიური Beretta ARX160 ტიპის საიერიშო შაშხანებით შენიშნეს.

რუსული Tu-214ON ტიპის თვითმფრინავი (იხილეთ გამოცემა 70), გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად პირველად იქნა გამოყენებული როგორც სადაზვერვო საფრენი აპარატი. არსებული ცნობით, მისი „ნათლობა“ შედგა 4 მარტს, რა დროსაც მის დავალებას წარმოადგენდა კრასნოდარის მხარესა და ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) არსებული რუსული სამხედრო ობიექტების შენიღბვის ხარისხის შემოწმება და აღნიშნულ არეალში რუსული საჰაერო თავდაცვის საშუალებების გამოცდა.

Tu-214ON ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავის მარშრუტი 4 მარტს

 

სწავლებები*

58-ე არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკა - ალანია) საარტილერიო და Iskander-M ტიპის სარაკეტო დანაყოფების 4500-ზე მეტმა სამხედრომ სწავლებები გამართა ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

რუსეთის მექანიზებული ნაწილების 300-მდე სამხედროს მონაწილეობით წვრთნა ჩატარდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (საქართველო).

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.