X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 28

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N28

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2021

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

  • რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ვაშინგტონის ჩარევაზე განცხადებას ავრცელებს.
  • რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალი კურატორი დაინიშნა.
  • უკრაინის გამო რუსეთზე დაწესებული ევროპული სანქციები კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა.
  • რუსეთმა ყირიმელი თათრების ლიდერს ყირიმში შესვლაზე აკრძალვა 2034 წლამდე გაუხანგრძლივა.
  • „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობის დასრულების წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც აქტიურობს.
  • უკრაინა რუსეთზე დამოკიდებული ენერგოსისტემისგან გამოყოფას და ევროპის ენერგოსისტემაში ინტეგრაციის გეგმას ახორციელებს.
  • კორონავირუსის რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ აზერბაიჯანშიც დაარეგისტრირეს.
  • რუსეთი ყირგიზეთში ახალ სკოლებს ააშენებს.

 

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს აფასებს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 9 მარტს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების შესახებ უწყების დირექტორის განცხადება გაავრცელა.

მოვლენა დეტალურად: სამსახურის დირექტორის სერგეი ნარიშკინის განცხადების თანახმად, „აშშ ქართული ოცნების პოზიციებს ძირს უთხრის“ და მას პროვოკაციული ნაბიჯი უწოდა, რომელიც „მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას“. ნარიშკინის თქმით, „ბოლო დროს ვაშინგტონში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის ქმედებების მიმართ, რომელიც ამერიკული მოთხოვნების ცალსახად შესრულებას თავს არიდებს“ და სრულად არ ასრულებს ვაშინგტონის მითითებას „უსიტყვოდ მისდიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.“ ამავე განცხადების თანახმად, „საქართველოში წესრიგის დასამყარებლად, ამერიკელები სისტემური სამუშაოს განხორციელებას გეგმავენ, რათა ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, ხოლო ქართული ოცნების პოზიციებს ძირი გამოუთხარონ“.

No description available.

სერგეი ნარიშკინი. წყარო: რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ვებგვერდი

ბოლო პერიოდში ნარიშკინმა მსგავსი განცხადებები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების შესახებაც გაავრცელა. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ნარიშკინმა მოლდოვაში წინასაარჩევნოდ „ფერადი რევოლუციების“ ამერიკელ სპეციალისტთა ჯგუფის მივლინების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიშინიოვში თავის საელჩოს მითითება მისცა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი გაიმარჯვებდა, ოპოზიციას, კენჭისყრის შედეგების გაუქმების მოთხოვნით, მასობრივი საპროტესტო აქციები უნდა მოეწყო. არჩევნებში დოდონი დამარცხდა და გამარჯვება პროდასავლურმა მაია სანდუმ მოიპოვა.

საგარეო გავლენები დაინახა ნარიშკინმა ბელარუსში მიმდინარე პროცესებშიც. 2020 წლის 16 სექტემბერს დაზვერვის სამსახურმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენების ორგანიზებაში დასავლეთი დაადანაშაულა. 2020 წლის 22 ოქტომბერს ბელარუსში სტუმრობისას კი, ნარიშკინმა განაცხადა, რომ ისინი ბელარუსში მოქმედი პოლიტიკური ხელისუფლების „არაკონსტიტუციური მეთოდებით“ შეცვლის მცდელობებს ხედავდნენ, რის უკანაც „საგარეო გავლენა იდგა“.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის პროდასავლურ სახელმწიფოებსაც, თავისი გავლენის სფეროდ განიხილავს, სადაც დასავლეთის ჩარევას დაუშვებლად მიიჩნევს. საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის მსგავსი ტიპის განცხადებები დასავლეთისა და ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტებისათვის ერთგვარი გზავნილია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დასავლეთის გავლენის გაზრდას კრემლი ვერ შეეგუება.

 

კრემლში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალი კურატორი დაინიშნა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 2 მარტს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსად იგორ მასლოვი დაინიშნა.

მოვლენა დეტალურად: მასლოვმა ვლადიმირ ჩერნოვი შეცვალა, რომელმაც საპენსიო ასაკის გამო თანამდებობა დატოვა. მასლოვი წლების განმავლობაში დიპლომატის საფარქვეშ ევროპის ქვეყნებში მუშაობდა. ცენტრ „დოსიეს“ მონაცემებით, მასლოვი რუსული დაზვერვის ვეტერანია, საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლკოვნიკი.

მასლოვი ჩერნოვის მოადგილე იყო წლების განმავლობაში. ბოლო წლებში მოლდოვის მიმართულებას კურირებდა. მასლოვი პასუხისმგებელი იყო მოლდოვაში შიდა პოლიტიკური პროცესების კონტროლზე. იგი უშუალოდ კურირებდა იგორ დოდონს (მოლდოვის პრეზიდენტი 2016-2020 წლებში), ჯერ კიდევ სანამ იგი მოლდოვის პრეზიდენტი გახდებოდა, და სხვა მოლდოველ პოლიტიკოსებს. 2014 წელს დოდონი, სოციალისტური პარტიის ლიდერის რანგში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც კი შეხვდა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი მასლოვი იყო.

უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველო 2005 წელს პოსტსაბჭოთა სივრცეში პროდასავლური მთავრობების, განსაკუთრებით - საქართველოსა და უკრაინის, წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. 2005-2013 წლებში სამმართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც კურირებდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალი კურატორი დაზვერვის ოფიცერი და გამოცდილი კადრია, რომელსაც პრორუსულ ძალებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მასლოვის დანიშვნა არსობრივად არაფერს ცვლის და სამმართველოს პასუხისმგებლობის სფეროც ამ ეტაპზე არ იცვლება.

 

რუსეთზე დაწესებული ევროპული სანქციები გაგრძელდება

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 12 მარტს ევროკავშირმა „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის“  რუსეთისა და უკრაინის 177 ფიზიკური და 48 იურიდიული პირის მიმართ სანქციები 2021 წლის 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

მოვლენა დეტალურად: ინდივიდუალური სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლის აკრძალვას, მათი აქტივების გაყინვას და აღნიშნულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებისთვის კრედიტის გაცემის აკრძალვას. საინტერესოა, რომ სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება ყოველგვარი განხილვის გარეშე, წერილობითი პროცედურის საფუძველზე მიიღეს.

დაწესებული შეზღუდვები იმ სანქციების პაკეტის ნაწილია, რომელიც 2014 წელს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესა და სექტორების მიხედვით ეკონომიკურ სანქციებს და ყირიმში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისა და ნახევარკუნძულზე მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოიცავს. სანქციების გაუქმების წინაპირობაა მინსკის შეთანხმებების შესრულება. ყირიმის წინააღმდეგ სანქციები კი მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნება, რაც ნახევარკუნძული უკრაინას დაუბრუნდება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ევროპული სანქციების გახანგრძლივება რუსეთისთვის გზავნილია, რომ უკრაინის საკითხზე ევროკავშირის პოზიცია უცვლელი რჩება და უკრაინაში მშვიდობის დამყარებამდე რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა ვერ მოხდება.

 

ყირიმელი თათრების ლიდერს ყირიმში შესვლაზე აკრძალვა გაუხანგრძლივეს

მთავარი მოვლენა: რუსეთმა ყირიმელი თათრების ლიდერს მუსტაფა ჯემილევს ყირიმში შესვლაზე დაწესებული აკრძალვა 2034 წლამდე გაუხანგრძლივა.

No description available.

მუსტაფა ჯემილევი. წყარო: wikipedia

მოვლენა დეტალურად: ჯემილევი, რომელიც ყირიმელი თათრების ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, ყირიმში ჩასვლას ვერ ახერხებს 2014 წლის მარტიდან, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა. თავდაპირველად ჯემილევს ხუთი წლით აეკრძალა შესვლა, 2019 წელს კი აკრძალვა 2034 წლამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ჯემილევის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს გახდა ცნობილი. ჯემილევს ყირიმის ქ. არმიანსკში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ყირიმის ნახევარკუნძულზე უკანონოდ შესვლის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის  გაუფრთხილებლად შეტანასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენას ედავებიან.

ჯემილევი, რომელიც უკრაინის პარლამენტის წევრია, ყირიმელი თათრების თვითმმართველი ორგანოს - მეჯლისის თავმჯდომარე იყო. მეჯლისის საქმიანობა ანექსიის შემდეგ აიკრძალა. ჯემილევი გამორჩეული ანტისაბჭოთა დისიდენტი და ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის მწვავე კრიტიკოსია. ის ყირიმელ თათრებში, რომლებსაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია არ მოსწონთ, მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს.

პროუკრაინული აქტივისტის დაკავება: ამავე დროს რუსეთის სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ ყირიმელ პროუკრაინულ აქტივისტს ოლეგ პრიხოდკოს ტერორიზმის ბრალდებით ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პრიხოდკო 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ლეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანია ყირიმში მცხოვრები ეთნიკური თუ სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერა. ყირიმის ანექსიის კრიტიკას, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რუსეთი მტრულ ნაბიჯად აღიქვამს და ამიტომაც მათ წინააღმდეგ მოსკოვი რეპრესიული პოლიტიკის გატარებას ცდილობს.

 

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობის დასრულების წინააღმდეგია

მთავარი მოვლენა: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კონგრესის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია წინააღმდეგია „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობის დასრულების და მათი ადმინისტრაცია ახალ სანქციებზე მუშაობას გააგრძელებს.

მოვლენა დეტალურად: ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ თითქმის დასრულებული „ჩრდილოეთს ნაკადი 2-ის“ მილსადენი „ცუდი იდეა“ იყო. მისი თქმით, აშშ, რომელმაც უკვე დაუწესა სანქციები პროექტის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებს, წინააღმდეგია პროექტის დასრულების და გააგრძელებს სანქციების დაწესების სხვა შესაძლებლობის განხილვასაც.

რესპუბლიკელი სენატორები ბაიდენის ადმინისტრაციისგან ითხოვენ სანქციები უფრო მეტი კომპანიის წინააღმდეგ დაწესდეს. ისინი უკმაყოფილებასაც კი გამოთქვამენ, რომ აქამდე სანქციები მილსადენის მშენებელი გემის მფლობელი მხოლოდ ერთი კომპანიის წინააღმდეგ დაწესდა, მაშინ, როცა მშენებლობაში უფრო მეტი კომპანიაა ჩართული. ვაშინგტონში პროექტის წინააღმდეგ აქტიურად ლობირებენ უკრაინაც და პოლონეთიც, რომელთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა 22 თებერვალს ბაიდენს მოუწოდეს ხელი შეეშალა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის პროექტის დასრულებისთვის, რომელსაც „საშიში პროექტი“ უწოდეს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში უკრაინისა და პოლონეთის სატრანზიტო ფუნქცია შესუსტდება.

ამერიკული სანქციები

„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ პირველი სანქციები 2019 წლის დეკემბერში დაწესდა. სანქციების გამო შვეიცარიულმა კომპანიამ (Allseas) პროექტის გაგრძელებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ სანქციები გაფართოვდა და მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა პროფილის კომპანიებმა ამერიკული სანქციების შიშით უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე. ვაშინგტონის პოზიციის საპასუხოდ რუსეთში განაცხადეს, რომ ისინი თავისი ტექნიკური რესურსებით დაასრულებდნენ პროექტს. ამ ეტაპზე, რუსეთი პროექტის საკუთარი რესურსით დასრულებას ცდილობენ.

პროექტის შესახებ

No description available.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“. წყარო: გაზპრომის ვებგვერდი

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენი რუსეთს, ბალტიის ზღვის გავლით, პირდაპირ გერმანიას დაუკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). პროექტის დასრულების შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. პროექტის განხორციელებას განსაკუთრებით ეწინააღმდეგება უკრაინა და აშშ. არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია. ასაშენებელია მილსადენის 160-კილომეტრიანი მონაკვეთი.

რატომ არის პროექტის შეჩერება მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის: ვაშინგტონის შეფასებით, პროექტის განხორციელება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს, ძირს უთხრის უკრაინის სატრანზიტო როლს და აძლიერებს რუსეთის გავლენას ევროპის ენერგოსფეროზე. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე პროექტის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროპის წამყვან სახელმწიფო გერმანიასთან ურთიერთობის გაფუჭება, რომელიც მილსადენის მთავარი მომხმარებელია.

რატომ არის პროექტის შეფერხება მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტის განხორციელების შედეგად, უკრაინის სატრანზიტო ფუნქცია შესუსტდება და იგი რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მიმართ მოწყვლადი გახდება.

რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის:  „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ დასრულება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს. რუსეთში ასევე მიაჩნიათ, რომ რუსული მილსადენის გაზს აშშ კონკურენტად აღიქვამს, რადგან თავად ცდილობს ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტი გააფართოოს.

 

უკრაინა რუსეთის ენერგოსისტემისგან გამოყოფას გეგმას

მთავარი მოვლენა: უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის იური ვიტრენკოს განცხადებით, უკრაინის ენერგოსისტემა 2022 წლისთვის რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემებს გამოეყოფა.

მოვლენა დეტალურად: ვიტრენკოს განცხადებით, 2022 წლისთვის უკრაინის გაერთიანებული ენერგოსისტემა მუშაობის იზოლირებულ რეჟიმში გადავა, 2023 წლისთვის კი ENTSO-E-თან (ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი) სრული სინქრონიზაცია მოხდება. ვიტრენკოს შეფასებით, ევროპულ ქსელთან შეერთება უკრაინაში ელექტროენერგიის ბაზრის დემონოპოლიზაციას უზრუნველყოფს. ევროპიდან ელექტროენერგიის მიღების მხრივ შესაძლო პრობლემების თავიდან ასარიდებლად უკრაინაში ახალი ენერგოობიექტების მშენებლობის შესაძლებლობაც განიხილება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ევროპის ენერგოსისტემაში წარმატებული ინტეგრაციის შემთხვევაში, უკრაინის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე შემცირდება, რაც რუსეთის გავლენის ბერკეტებს უკრაინაზე შეასუსტებს, უკრაინის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროპასთან კი დააჩქარებს.

 

რუსული ვაქცინა აზერბაიჯანშიც დაარეგისტრირეს

მთავარი მოვლენ: 2021 წლის 12 მარტს აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაარეგისტრირა.

მოვლენა დეტალურად: ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსულმა ვაქცინამ „კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ თავისი მაღალი ეფექტურობა დაამტკიცა“. ცოტა ადრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა რუსული ვაქცინის შესყიდვის განკარგულება გასცა. რუსულ ვაქცინას აზერბაიჯანში შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში ელოდებიან. ამ ეტაპზე აზერბაიჯანში ჩინური კომპანიის წარმოებულ ვაქცინას იყენებენ.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რუსული ვაქცინა უკვე დარეგისტრირებული აქვს ბელარუსს (ამავე დროს, ბელარუსი თავადაც აპირებს რუსული ვაქცინის წარმოებას რუსულ-ბელარუსული ერთობლივი პროექტის ფარგლებში), თურქმენეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, სომხეთს. ამ ქვეყნებს 26 თებერვალს მოლდოვაც შეუერთდა, სადაც რუსული ვაქცინის რეგისტრაცია შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზიც გახდა. მოლდოვის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი ახალარჩეულ პროდასავლურ პრეზიდენტ მაია სანდუს რუსული ვაქცინის დაბლოკვაში ადანაშაულებდა. საბოლოო ჯამში, რუსულმა ვაქცინამ რეგისტრაცია გაიარა. თუმცა, ამავე დღეს რეგისტრაცია გაიარეს სხვა კომპანიების წარმოებულმა ვაქცინებმაც.

ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსულ ვაქცინაზე უარს ამბობს უკრაინა. უკრაინის პარლამენტმა რუსული ვაქცინის რეგისტრაცია აკრძალა. რუსული ვაქცინის გამოყენებას არც საქართველო აპირებს.

რუსული ვაქცინა

კორონავირუსის წინააღმდეგ „მსოფლიოში პირველი ვაქცინის“ რეგისტრაციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2020 წლის 11 აგვისტოს განაცხადა. რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ შექმნა პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა დააფინანსა, წარმოება კი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ნაციონალურმა კვლევითმა ცენტრმა და უმსხვილესმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბინოფარმმა“ უზრუნველყვეს. ვაქცინის წარმოება 15 აგვისტოს დაიწყო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსული ვაქცინის ფართო გამოყენება და ვაქცინის ეფექტურობა რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე მოწინავე სამეცნიერო ქვეყნად წარმოაჩენს და საგარეო პოლიტიკაში ვაქცინის, როგორც „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული ვაქცინის ფართო გამოყენებით კი, რუსეთი დასავლეთთან შედარებით კონკურენტულ უპირატესობას  მიიღებს იმ რეგიონში, რომელსაც მისი ტრადიციული გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

 

ყირგიზეთში სკოლებს რუსეთი ააშენებს

მთავარი მოვლენა: ყირგიზეთში რუსეთის განათლების მინისტრის სერგეი კრავცოვის ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ქვეყანაში ერთობლივი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნაში თანამშრომლობის პროტოკოლს მოაწერს ხელი.

მოვლენა დეტალურად: ყირგიზეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალმაზბეკ ბეიშენალიევთან შეთანხმების შედეგად, რუსეთი ყირგიზეთში ახალ სკოლებს ააშენებს, სადაც სწავლება რუსულ ენაზე იქნება. რუსეთი მზად არის ყირგიზეთში „უცხოეთში რუსეთის მასწავლებლების“ პროექტიც გააფართოოს. ამ ეტაპზე ადგილობრივ სკოლებში რუსეთიდან 30-მდე მასწავლებელი მუშაობს. მომავალში მასწავლებლების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

ყირგიზეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პრორუსული ქვეყანაა, სადაც რუსული ენა გამოყენების ხარისხი მაღალია. გარდა ამისა, ყირგიზეთში ჯერ კიდევ კირილიცას იყენებენ მაშინ, როდესაც ცენტრალური აზიის ქვეყნებმა (ტაჯიკეთის გარდა) კირილიცის მაგივრად ლათინური ანბანის გამოყენება დაიწყეს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი რუსულ ენას „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვან ბერკეტად განიხილება. იმ ფონზე, როდესაც ბოლო ათწლეულებში ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში რუსული ენა ნელ-ნელა კარგავს პოზიციებს, რუსეთისთვის ეს პოზიტიური სიგნალია, რომ ცენტრალურ აზიაში რუსული ენა და კულტურა კვლავ მიმზიდველია. ამავე დროს, ყირგიზეთში ახალი სკოლების რუსული დაფინანსებით აშენება, ყირგიზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსეთის გავლენის მასშტაბებსაც უსვამს ხაზს.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.