X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 80, 22 - 28 მარტი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

შენიშვნა მკითხველთათვის: შემდეგი გამოცემა მაისის პირველ ნახევარში გამოვა და მოიცავს მთელ პერიოდს 28 მარტიდან.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, 26 მარტს, დონბასის ფრონტზე (უკრაინა) დაიღუპა 4 და დაიჭრა 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. 22-28 მარტის კვირაში, სხვა დანაკარგი უკრაინულ მხარეს არ ჰქონია, თუმცა სროლა ფრონტზე ყოველდღიური იყო.

25 მარტს, ბალტიის ფლოტის სადესანტო გემები - როპუჩა II”  კლასის (პროექტი 775.2) „კალინინგრადი“ და „მინსკი“, და როპუჩა III”  კლასის (პროექტი 775.3) „კოროლიოვი“, რომლებსაც სტერაგუშჩის“  კლასის (პროექტი 20380) კორვეტი „ბოიკი“ აცილებდა, გიბრალტარის სრუტის გავლით ხმელთაშუა ზღვაში შევიდნენ.

კორვეტი ბოიკი

არქტიკა - რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტი არქტიკულ ექსპედიციას მართავს ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგის ალექსანდრეს მიწის კუნძულის არეალში. რუსების ინფორმაციით, ექსპედიცია 20 მარტს დაიწყო. ექსპედიციაში მონაწილე ხომალდებს შორის არის ჩრდილოეთის ფლოტის 3 სარაკეტო წყალქვეშა ნავი. ამასობაში, რუსული MiG-31 ტიპის გამანადგურებლების წყვილმა სიმბოლური გაფრენა განახორციელა ჩრდილოეთ პოლუსის თავზე.

რუსი ინსტრუქტორები ტაჯიკეთის სამხედრო მოსამსახურეებს წვრთნიან. გავრცელებული ინფორმაციით, ზამთრის პერიოდში აღნიშნული მომზადების კურსი 500-მა სამხედრომ დაასრულა.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთი აგრძელებს საკუთარი ძალების გაძლიერებას ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა). რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, განაცხადა, რომ 2021 წელს, მოსკოვი გეგმავს რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების (ვდვ) 56-სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას (კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი) შეუცვალოს დისლოკაციის ადგილი და გადაიყვანოს იგი ფეოდოსიაში, ყირიმში. ასევე იგეგმება ბრიგადის გარდაქმნა 56-სადესანტო-მოიერიშე პოლკად. აღნიშნული ტრანსფერი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ყირიმში არსებული რუსული სახმელეთო ძალების შეტევით პოტენციალს, რომელიც აქამდე გარკვეულწილად შეზღუდული იყო.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის საჰაერო ძალებმა დაიწყო მოდერნიზებული Su-34NVO ტიპის ბომბდამშენების მიღება. პირველი საფრენი აპარატი  გადაეცა შაგოლის საჰაერო ბაზას, ჩელიაბინსკში.

29-არმიის (შტაბ-ბინა ჩიტაში, იმიერბაიკალეთის მხარე) 36-მექანიზებულმა ბრიგადამ (ბორზია, იმიერბაიკალეთის მხარე) მიიღო Aleut-ის ტიპის მისაბმელიანი ყველგანმავალი მანქანები.

 

სწავლებები*

რუსეთის 58-ე არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში) მე-4 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადა) ძალებმა ტაქტიკური საჰაერო დესანტირების სწავლება ჩაატარეს ოკუპირებულ ცხინვალში (საქართველო). წვრთნაში ჩართული იყო Mi-8AMTSh ტიპის სატრანსპორტო და მოიერიშე შვეულმფრენები და Ka-52 ტიპის სადაზვერვო და მოიერიშე შვეულმფრენები.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 22-საარმიო კორპუსის 500-მდე სამხედრო მოსამსახურემ სწავლება გამართა ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა).

უტიოსის ტიპის უძრავმა სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემამ, სევასტოპოლში, წვრთნა ჩაატარა შავი ზღვის ფლოტის ორ წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო კორვეტთან ერთად.

რუსები ყირიმში გამართულ სწავლებაზე

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.