X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 30

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2021

 

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

  • რუსეთი ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების რაოდენობას ზრდის და დონბასში საკუთარი მოქალაქეების დაცვით იმუქრება.
  • უკრაინამ რუსული კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, მათ შორის, რუსული „რბილი ძალის“ ინსტრუმენტის – „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წინააღმდეგ.
  • რუსეთის ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქი უკრაინაში მორწმუნეების უფლებების დარღვევაზე საუბრობს.
  • რუსეთი ესტონეთში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევაზე საუბრობს.
  • სომხეთში მოახლოებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ფონზე, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა.
  • სომხეთმა რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის პირველი  პარტია მიიღო.
  • სომხეთი რუსეთის სამხედრო ბაზის გაფართოებას ითხოვს.

 

რუსეთი დონბასში საკუთარი მოქალაქეების დაცვით იმუქრება

მთავარი მოვლენა: ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ყირიმის ნახევარკუნძულსა და უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალებისა და ტექნიკის გადაადგილება დაფიქსირდა.

მოვლენა დეტალურად: არსებული ინფორმაციით, ყირიმსა და უკრაინის საზღვართან მობილიზებულია 80-ათასკაციანი სამხედრო დაჯგუფება, რისი საკმარისი მტკიცებულებებიც გავრცელდა ფოტოების, ვიდეოებისა და სხვა მონაცემების სახით. რუსული სამხედრო ძალების უპრეცედენტო მობილიზების ხარისხმა გააჩინა ეჭვი, რომ მოსკოვი უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის ემზადება.

რუსეთის პოზიცია

8 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გავლენიანმა მოადგილემ დიმიტრი კოზაკმა, რომელიც უკრაინის მიმართულებას კურირებს, სააგენტო „ინტერფაქსის“ მიერ ორგანიზებულ სესიაში მიიღო მონაწილეობა. მან რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარების დაძაბვა უკრაინის შიდაპოლიტიკური ვითარებით ახსნა. მისი თქმით, ეს გამოწვეულია „[უკრაინის ხელისუფლების] რეიტინგის კატასტროფული ვარდნით, პარლამენტში [სახელისუფლო] პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის დაშლით, სადაც ერთმანეთს ებრძვიან ბიზნეს- და პოლიტიკური ელიტები“. კოზაკმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვას „კვარტალ 95-ის (სტუდია, სადაც პრეზიდენტობამდე ზელენსკი მუშაობდა) გუნდი“ უწოდა, რომელმაც „გადაწყვიტა დაედგა სპექტაკლი, სახელად „სამხედრო მუქარა“. კოზაკმა ზელენსკის გუნდს პოლიტიკური გამოცდილება დაუწუნა და ისინი ასანთით მოთამაშე ბავშვებს შეადარა. კოზაკის შეფასებით, რუსეთი შეიძლება აიძულონ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები დონბასში და რუსეთი ამას გააკეთებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თუ კიევი დაიწყებს საომარ მოქმედებებს, ეს იქნება „უკრაინის დასასრულის დასაწყისი“.

9 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს, უკრაინა „სახიფათო პროვოკაციულ ქმედებებში“ დაადანაშაულა. პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი რუსული სამხედრო ძალების გადაადგილებას ქვეყნის შიდა საქმე უწოდა.

13 აპრილს რუსეთმა კასპიის ფლოტილიის 15 სამხედრო გემი, მათ შორის, სამი საარტილერიო და რვა სადესანტო კატერი, გაგზავნა შავ ზღვაში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ძალებთან ერთობლივ სამხედრო მანევრებში მონაწილეობის მისაღებად. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მ თურქეთს 14-15 აპრილს შავ ზღვაში ორი სამხედრო გემის გატარების შესახებ აცნობა. საბოლოოდ, ვაშინგტონმა უარი თქვა გემების გაგზავნაზე.

No description available.

რუსული ტანკების გადაადგილება. წყარო: Reuters

დასავლეთის რეაქცია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, თავის ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან ერთად, 9 აპრილს ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და უკრაინის საზღვართან სამხედრო გააქტიურების შეჩერების საჭიროება განიხილა და რუსეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.  

ამავე დროს, 15 აპრილს, ვაშინგტონმა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გავლენის მოხდენის მცდელობისა და დეზინფორმაციისა და ჩარევის სხვა ქმედებების გამო ახალი სანქციები დაუწესა 32 რუსულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. გარდა ამისა, ქვეყნიდან გააძევებენ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს ათ თანამშრომელს.

უკრაინის რეაქცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ არ დაიწყებს შეტევას სეპარატისტების წინააღმდეგ. მან მოსკოვი სამხედრო ძალებით ზეწოლასა და ვითარების დაძაბვის მიზნით შანტაჟში დაადანაშაულა. ამავე დროს ზელენსკი 8-9 აპრილს ფრონტის ხაზზე უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა. საყურადღებოა, რომ მხოლოდ წელს 26 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა მაშინ, როცა 2020 წელს მთელი წლის განმავლობაში 50 სამხედრო დაიღუპა. მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ზელენსკი დასავლეთის მხარდაჭერის მიღებას და ნატოში გაწევრიანების დაჩქარებას ითხოვს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციის მასშტაბები უპრეცედენტოა, რაც შეიძლება მიზნად ისახავდეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მიერ უკრაინის დახმარების შესაძლებლობების შემოწმებას მოსკოვის მხრიდან და უკრაინაზე ზეწოლის გაძლიერებას. ამ შემთხვევაში მოსკოვის მთავარი გზავნილია, რომ ის უკან არ დაიხევს და უკრაინის ნატოსთან დაახლოების და ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში, დონბასში საკუთარ მოქალაქეებს იარაღით დაიცავს, რაც, დიდი ალბათობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო შეჭრას და ყირიმის ნახევარკუნძულთან სახმელეთო კავშირის უზრუნველყოფას ნიშნავს.

 

უკრაინამ რუსულ კომპანიებს ახალი სანქციები დაუწესა

მთავარი მოვლენა: უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის 2021 წლის 3 აპრილის ბრძანებით, ძალაში შევიდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება „როსსოტრუდნიჩესტვოსა“ და 10 რუსული კომპანიის წინააღმდეგ.

მოვლენა დეტალურად: 2021 წლის 2 აპრილს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების (სანქციები) შესახებ“. დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს (როსსოტრუდნიჩესტვო) წარმომადგენლობის ფილიალი კონტრაბანდაშია დადანაშაულებული. ასეთივე ბრალდებებია ათი რუსული კომპანიის მიმართ, მათ შორის, სატვირთო ავიაკომპანია  „ვოლგა-დნეპრის“ მიმართ.

მარტში ზელენსკიმ სამი წლით გაახანგრძლივა სანქციები რუსეთის 81 კომპანიისა და 26 მოქალაქის წინააღმდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ირონიული კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „ზელენსკის მაგივრად სიამაყის გრძნობას განიცდის“. მოგვიანებით, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის დახურვის გამო, მოსკოვმა საპროტესტო ნოტა გაუგზავნა კიევს. „როსსოტრუდნიჩესტვო“ რუსეთის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური და „რბილი ძალის“ ინსტრუმენტების გამოყენებითაც იბრძვის. უკრაინის მხრიდან მსგავსი სანქციების დაწესება, რუსული გავლენის ზრდის პრევენციას ისახავს მიზნად.

 

მიტროპოლიტი ილარიონი უკრაინაში რუსული ეკლესიის უფლებების დარღვევაზე საუბრობს

მთავარი მოვლენა: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის, მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, უკრაინაში მორწმუნეების უფლებების დარღვევა გრძელდება.

No description available.

მიტროპოლიტი ილარიონი. წყარო: РИА Новости

მოვლენა დეტალურად: მიტროპოლიტმა უკრაინის ხელისუფლება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „უკრაინაში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის უფლებების დარღვევა გრძელდება. უკრაინაში ეკლესიების მიტაცების ერთეული ფაქტები კვლავაც ხდება, თუმცა რეგიონების უმრავლესობაში თემების ფიქტიური ხელახალი რეგისტრაციის პროცესი, ეკლესიების შემდგომში მიტაცების მიზნით, შეჩერებულია. ამავე დროს, ვერ ხერხდება მიტაცებული ეკლესიების  რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაბრუნება“.

უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს (2014-2019 წწ.), რომლის ძალისხმევითაც 2019 წელს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან. ამის შემდეგ გახშირდა რუსული ეკლესიის გავლენის ქვეშ მყოფი რელიგიური დაწესებულებების უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში გადასვლის ფაქტები. გადასვლის პროცესი, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლებისა და პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების ზეწოლის შედეგად ხორციელდება. ამ ჯგუფების მიზანი რუსული ეკლესიის გავლენის შესუსტება და ადგილობრივი ავტოკეფალიური ეკლესიის პოზიციების გაძლიერებაა. პოროშენკოს შემდგომი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობის პერიოდში რუსული ეკლესიის საწინააღმდეგო პოლიტიკა შესუსტდა, რასაც ხელი თავად უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიაში არსებულმა უთანხმოებამაც შეუწყო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირის მიერ უკრაინაში რუსული ეკლესიის პრობლემებზე საუბარი შეიძლება მიზნად ისახავდეს რელიგიის საკითხებში უკრაინის ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას და კიევის ანტირუსული პოლიტიკის შესუსტებას.

 

რუსეთი ესტონეთში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევაზე ლაპარაკობს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 9 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ესტონელ კოლეგა ევა-მარია ლიიმეტსთან სატელეფონო საუბრის დროს ესტონეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.

No description available.

რუსეთისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. წყარო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: მინისტრების საუბრის ერთ-ერთი თემა ესტონეთში რუსულენოვანი მოსახლეობის მდგომარეობა იყო. ლავროვის შეფასებით, აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც უკავშირდება ესტონეთში რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციულ მდგომარეობას, საინფორმაციო სივრციდან  და განათლების სფეროდან რუსული ენის გაძევების გეგმებს, რუსულენოვანი მედიისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და ისტორიის ფალსიფიკაციის მცდელობას.

ესტონეთის მოსახლეობა 1 მლნ 300 ათასამდეა და მათ შორის მოსახლეობის მეოთხედი ეთნიკურად რუსია. იმის გამო, რომ ესტონეთის მოქალაქეობის მისაღებად ესტონური ენის ცოდნა სავალდებულოა, ბევრი ეთნიკურად რუსი მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი. ესტონეთი რუსეთს საფრთხის წყაროდ აღიქვამს და რუსეთთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უსაფრთხოების პრიზმაში განიხილება, რაც ესტონეთში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებზე ნეგატიურად აისახება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ესტონეთში ეთნიკური რუსების საკითხი რუსეთის საგარეო-პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილია, რომელსაც მოსკოვი ესტონეთის დისკრედიტაციისა და მათზე პოლიტიკური ზეწოლის გასაძლიერებლად იყენებს.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 7 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა.

No description available.

სომხეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა მოსკოვში. წყარო: რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: რუსეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა პირველია მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრაზე ფაშინიანმა პუტინს მთიანი ყარაბაღის მეორე ომში დატყვევებული სამხედროებისა და სხვა დაკავებულების განთავისუფლებაში დახმარება სთხოვა. სხვადასხვა მონაცემებით, სულ 150-მდე სომეხი დაკავებული ჰყავთ აზერბაიჯანელებს, რომლებსაც ბაქო სამხედრო დამნაშავეებად მიიჩნევს და სომხეთს არ უბრუნებს.

ფაშინიანის მეორე თხოვნა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“-ის შესყიდვაში მხარდაჭერას ეხებოდა. ფაშინიანი 1 მლნ დოზაზე მეტ ვაქცინას ითხოვს იმ 15 ათასი დოზის გარდა, რომელიც 8 აპრილს მიიღო სომხეთმა.

შიდა პოლიტიკური კონტექსტი

ფაშინიანის მოსკოვში ვიზიტი სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაიმართა. კრიზისის დაძლევის მიზნით ფაშინიანმა ივნისისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნებისთვის ემზადება სომხეთის რიგით მეორე პრეზიდენტი (1998-2008 წწ.) რობერტ კოჩარიანიც, რომელმაც 5 აპრილს მოსკოვში ვიზიტის დროს ინტერვიუ მისცა რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს. ინტერვიუში კოჩარიანმა თავის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა, მათ შორის, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. თავად არ უთქვამს, მაგრამ პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ კოჩარიანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ცნობილია, რომ კოჩარიანი და პუტინი მეგობრობენ და ფაშინიანის პრემიერობის პერიოდში კოჩარიანის დაკავება მოსკოვმა ანტირუსულ ნაბიჯადაც შეაფასა. საყურადღებოა, რომ 6 აპრილს სომხეთის სასამართლომ კოჩარიანს მოუხსნა ბრალდება, რომელიც 2008 წელს საკონსტიტუციო წყობის დამხობას ეხებოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სომხეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ნიკოლ ფაშინიანის პუტინთან შეხვედრას უფრო შიდა პოლიტიკური კონტექსტი აქვს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას ისახავს მიზნად. ამ ეტაპზე კი, რუსეთის მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატოს ტყვეების დაბრუნებაში დახმარება და ვაქცინის დროულად მიწოდებაში, რაც არსებულ ვითარებაში ფაშინიანისთვის სერიოზული გამოწვევაა. გარდა ამისა, ფაშინიანის მიზანია პუტინი დაარწმუნოს, რომ ისიც „რუსეთის კაცია“ და იგი მის პოლიტიკურ ოპონენტებზე უკეთ შეძლებს რუსული ინტერესების დაცვას.

 

სომხეთში რუსული ვაქცინის მიღება დაიწყო

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 8 აპრილს ერევანში ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში რუსული სატვირთო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის - „სპუტნიკ V“-ის პირველი 15 ათასი დოზა ჩაიტანა.

მოვლენა დეტალურად: ტვირთს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს, სომხეთში რუსეთის საელჩოსა და დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს (როსსოტრუდნიჩესტვო) წარმომადგენლები დახვდნენ. გარდა ამისა, სომხეთი რუსეთისგან დამატებით 1 მლნ დოზა ვაქცინას ითხოვს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 7 აპრილს მოსკოვში შეხვედრის დროს სთხოვა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ანაიტ ავანესიანის განცხადებით, რუსული ვაქცინით 18-დან 55 წლამდე მოქალაქეები აიცრებიან, 55 წელს გადაცილებულებს კი „ასტრა ზენეკას“ ვაქცინას შესთავაზებენ.

მსოფლიოში ვაქცინების განაწილებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრციდან, რუსული ვაქცინის მიღებას ცდილობს.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რუსული ვაქცინა უკვე დარეგისტრირებული აქვს ბელარუსს, თურქმენეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას. ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსულ ვაქცინაზე უარს ამბობს უკრაინა. უკრაინის პარლამენტმა რუსული ვაქცინის რეგისტრაცია აკრძალა. რუსული ვაქცინის გამოყენება არც საქართველოში იგეგმება.

რუსული ვაქცინა

კორონავირუსის წინააღმდეგ „მსოფლიოში პირველი ვაქცინის“ რეგისტრაციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2020 წლის 11 აგვისტოს განაცხადა. რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის შექმნა პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა დააფინანსა, წარმოება კი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ნაციონალურმა კვლევითმა ცენტრმა და უმსხვილესმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბინოფარმმა“ უზრუნველყვეს. ვაქცინის წარმოება 15 აგვისტოს დაიწყო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსული ვაქცინის ფართო გამოყენება და ვაქცინის ეფექტურობა რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე მოწინავე სამეცნიერო ქვეყნად წარმოაჩენს და საგარეო პოლიტიკაში ვაქცინის, როგორც „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. ამ მხრივ რუსეთისთვის განსაკუთრებული სამიზნე პოსტსაბჭოთა ქვეყნებია, რომლებიც სულ უფრო მეტად აკეთებენ არჩევანს რუსულ ვაქცინაზე. საყურადღებოა, რომ სომხეთში რუსული ვაქცინის მიღების პროცესს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენელიც დახვდა, რომელიც რუსული „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია.

 

სომხეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას ითხოვს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 14 აპრილს პარლამენტში გამოსვლის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან სამხედრო კავშირი სომხეთის უსაფრთხოების საფუძველია.

მოვლენა დეტალურად: ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის საგარეო უსაფრთხოების საფუძველი რუსეთთან სამხედრო კავშირია, რაც რამდენიმე ათეულ შეთანხმებაშია დაფიქსირებული. მისი თქმით, სომხეთ-რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფისა და ანტისაჰაერო ერთიანი სისტემის კონტექსტში „სომხეთზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმას ნიშნავს“.

ფაშინიანის ცნობით, სომხეთი და რუსეთი განიხილავენ ქ. გიუმრიში განლაგებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გაფართოებისა და სიუნიქის ოლქში სამხედრო ბაზის ფილიალის გახსნის შესაძლებლობას. სიუნიქი სომხეთის სამხრეთში მდებარეობს და მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონი უსაფრთხოების ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის პირველ ომში დაკარგული რაიონები დაიბრუნა, სიუნიქის დასახლებული პუნქტების სიახლოვეს აზერბაიჯანული სამხედრო პოსტები განთავსდა. სიუნუქის ოლქში რუსი მესაზღვრეები უკვე იცავენ სახელმწიფო საზღვარს.

სამხედრო თანამშრომლობა

სომხეთი და რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან, სადაც რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოები არიან გაერთიანებული. სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე განთავსებულია სამხედრო ბაზა (უკანონო რუსული სამხედრო ბაზებია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მთიან ყარაბაღში კი 2020 წლის 9 ნოემბრიდან 2000-მდე სამშვიდობო ძალებია განთავსებული). 1995 წლის შეთანხმების საფუძველზე, ქ. გიუმრიში განთავსებულია 102-ე სამხედრო ბაზა, სადაც 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა. 2010 წელს ბაზის მოქმედების ვადა 25 წლიდან 49 წლამდე (2044 წლამდე) გახანგრძლივდა. 2016 წლის 30 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მთიანი ყარაბაღის მეორე ომში მარცხის შემდეგ სომხეთის უსაფრთხოების გარემო გაუარესდა. რუსეთი სომხეთის უსაფრთხოების გარანტი იყო ომამდეც, თუმცა 44-დღიან ომში სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო კრიტიკული მნიშვნელობის გახდა. სომხური კრიზისი რუსეთისთვის შესაძლებლობაა სამხრეთ კავკასიაში თავისი სამხედრო ყოფნის მასშტაბები კიდევ უფრო გაზარდოს.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.