X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 33

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 16-31 მაისი, 2021

 

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

  • რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრის დემარკაციის პროცესში შუამავლობას სთავაზობს.
  • ბელარუსი, სულ უფრო მზარდი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რუსეთისგან 500 მლნ აშშ დოლარს ივნისის ბოლოს მიიღებს.
  • დონბასში პასპორტიზაციას უკრაინის პრეზიდენტი ანექსიის მცდელობად აფასებს.
  • უკრაინაში ყირიმელი თათრების დეპორტაციის 77 წლისთავი აღნიშნეს.
  • რუსეთი აზოვისა და შავი ზღვის რეგიონში უკრაინის სამხედრო გაძლიერებას საფრთხის წყაროდ მიიჩნევს.
  • თურქმენეთის ავტორიტარი პრეზიდენტის შვილი რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.
  • რუსეთის პრეზიდენტმა ყირგიზეთის ახალ პრეზიდენტს სოჭში უმასპინძლა.
  • ყირგიზეთის ზოგ სკოლაში რუსული საგანმანათლებლო სტანდარტი დამკვიდრდება.

 

რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრის დემარკაციაში დახმარებას სთავაზობს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 19 მაისს დუშანბეში (ტაჯიკეთი), კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესში შუამავლის როლი შეასრულოს.

მოვლენა დეტალურად: სომხეთის განცხადებით, 12 მაისს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის სიუნიქისა და გეღარქუნიქის რაიონებში არანაკლებ სამი მიმართულებით შეიჭრნენ და, ფაქტობრივად, რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში გამაგრდნენ. დასახმარებლად სომხეთმა მიმართა თავის მოკავშირეებს კუხოში (კუხო პრორუსული სამხედრო ალიანსია, რომელიც, რუსეთის გარდა, სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს აერთიანებს) და ასევე უშუალოდ რუსეთს. აზერბაიჯანმა სომხეთის ბრალდებებზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ თავისი პოზიციები დაიკავა მას შემდეგ რაც, მთაგორიან რეგიონში თოვლი დადნა. შემდგომ დღეებში სასაზღვრო ზოლში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა. მაგ., 25 მაისს საზღვარზე სროლის შედეგად, სომეხი სამხედრო დაიღუპა. 27 მაისს აზერბაიჯანულმა მხარემ ქელბაჯარის რაიონში ექვსი სომეხი სამხედრო დააკავა. ბაქოს განცხადებით, ისინი აზერბაიჯანული არმიის მომარაგების მარშრუტების დასანაღმვად საზღვრის გადალახვას ცდილობდნენ. სასაზღვრო დაპირისპირების ფონზე, 27 მაისს, სომხეთში საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა.

ლავროვის განცხადებით, რუსეთმა მხარეებს შესთავაზე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყება და სომხურ-აზერბაიჯანული კომისიის შექმნა, სადაც რუსეთი მრჩევლისა და შუამავლის სახით მიიღებს მონაწილეობას. ლავროვის თქმით, რუსეთმა კუხოში პარტნიორებს ინფორმაცია მიაწოდა ინციდენტის დარეგულირებაში გაწეული ძალისხმევის შესახებ, რომელიც საზღვრის საერთაშორისო-სამართლებრივი გაფორმების არარსებობის შედეგად წარმოიქმნა. ლავროვის განცხადების შემდეგ სასაზღვრო ინციდენტის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის შეფასებები

ლავროვის პასუხად სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ მსგავსი დისკუსია მხოლოდ სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანის არმიის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა კი, თავის მხრივ, მხარი დაუჭირა რუსეთის წინადადებას აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამმხრივი კომისიის შექმნის შესახებ.

ასადოვის შემდეგ განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც: „სომხეთისთვის მისაღებია სტრატეგიული პარტნიორის - რუსეთისა და ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის წინადადება“. ფაშინიანის თქმით, სომხური მხარე და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ორივე მხარეს საწყის პოზიციებზე დაბრუნებას სთავაზობენ, რის შემდეგაც, საერთაშორისო ჩართულობით, დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დაიწყება.

მთიანი ყარაბაღის მეორე ომი

2020 წელს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ნაწილზე, მათ შორის, ისტორიული მნიშვნელობის ქ. შუშაზე და მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შედეგად ოკუპირებულ შვიდ აზერბაიჯანულ რაიონზე კონტროლი დაიბრუნა. 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, მთიან ყარაბაღში 2000-მდე რუსი სამშვიდობო განთავსდა. ომის მსვლელობის დროს რუსეთი პრაქტიკულად ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა და მხოლოდ მაშინ ჩაერთო შუამავლის სახით, როდესაც მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე აზერბაიჯანული კონტროლის დამყარების შესაძლებლობა შეიქმნა. ამ ეტაპზე მთიან ყარაბაღში სომხური გავლენის შენარჩუნების ერთადერთი გარანტი რუსეთია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სომხურ-აზერბაიჯანულ მიმდინარე დაპირისპირებაში რუსეთისა და კუხოს პრაქტიკულად ნეიტრალური პოზიცია მიუთითებს, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან პოლიტიკურ და დიპლომატიურ ომსაც აგებს.

 

ბელარუსი რუსეთისგან 500 მლნ აშშ დოლარს მიიღებს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 28 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სოჭში უმასპინძლა.

მოვლენა დეტალურად: პუტინ-ლუკაშენკოს შეხვედრა ორი დღე გაგრძელდა. 28 მაისს პრეზიდენტების შეხვედრის ოფიციალური ნაწილი შედგა, რომელიც ხუთი საათი გაგრძელდა. მეორე დღეს პრეზიდენტებმა არაფორმალურ გარემოში საზღვაო გასეირნება მოაწყვეს. ლუკაშენკო წელს უკვე მესამეჯერ შეხვდა პუტინს.

No description available.

პრეზიდენტების შეხვედრა საზღვაო გასეირნების დროს. სადილს ლუკაშენკოს უმცროსი ვაჟი კოლიაც ესწრება. წყარო: rg.ru

შეხვედრის შედეგად, დაპირებული 1.5 მლრდ აშშ დოლარის რუსული კრედიტიდან ბელარუსი მეორე ტრანშს, 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ივნისის ბოლოსთვის მიიღებს. პუტინის პრეს-მდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ეს გადაწყვეტილი იყო „თვითმფრინავთან დაკავშირებულ ისტორიამდე“, როდესაც ლუკაშენკოს რეჟიმმა (23 მაისს) ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინიარის“ თვითმფრინავი აიძულა მინსკის აეროპორტში დამჯდარიყო, რის შემდეგაც მასში მჯდომი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი დააკავეს.

რუსული კრედიტი

1.5 მლრდ აშშ დოლარის კრედიტს კრემლი ლუკაშენკოს 2020 წლის სექტემბერში დაჰპირდა. პირველი 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ტრანში მინსკმა 2020 წლის დეკემბერში მიიღო. კრედიტი ბელარუსის სახელმწიფო ვალის დაფარვას და მომსახურებას უნდა მოხმარდეს.

პოლიტიკური კონტექსტი

რუსეთ-ბელარუსის ხელახალი დაახლოების პროცესი 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. თუ არჩევნებამდე მხარეებს შორის ურთიერთობაში დაძაბულობა შეინიშნებოდა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ლუკაშენკოს წინააღმდეგ უპრეცედენტო გამოსვლებისა და დასავლური ზეწოლის გაძლიერების ფონზე, ლუკაშენკოსთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა მოსკოვთან შერიგება და რუსეთთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება გახდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: „თვითმფრინავის ინციდენტის“ შემდეგ ლუკაშენკოს დასავლეთთან დაახლოების გზები დიდი ხნით მოეჭრა, რაც გააძლიერებს ლუკაშენკოს რეჟიმის იზოლაციას და რუსეთის გავლენას ბელარუსის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ასეთ გარემოში რუსეთის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა ლუკაშენკოს რეჟიმის გადარჩენის ერთადერთ გზად რჩება, რაც რუსეთთან მეტი ინტეგრაციის ხარჯზე ლუკაშენკოს ხელისუფლებაში ყოფნის ვადას გაუხანგრძლივებს.  

 

დონბასში პასპორტიზაციას უკრაინის პრეზიდენტი ანექსიის მცდელობად აფასებს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 24 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი პრეზიდენტობის ორი წლის საქმიანობის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში - დონეცსკსა და ლუგანსკში ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების დარიგება „დიდი პრობლემაა“ და პირველი ნაბიჯია ტერიტორიის ანექსიისკენ.

მოვლენა დეტალურად: ზელენსკის განცხადებით, მისი პრიორიტეტებია რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის დონბასში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარება, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დეოკუპაცია და ოლიგარქებთან ბრძოლის გაგრძელება. „ნათელია, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რადგან მსგავსი რამ ერთხელ უკვე მოხდა ყირიმში, როდესაც ყირიმის მაცხოვრებლებმა რუსული პასპორტები მიიღეს“, განაცხადა ზელენსკიმ.

რუსული პასპორტები

2021 წლის 2 მაისს რუსეთის შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებმა 527 ათასზე მეტმა ადამიანმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. 2019 წლის 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მინიჭების შესაძლებლობის შესახებ. პირველი პასპორტები 2019 წლის 14 ივლისს გაიცა. რუსეთის პასპორტების მიღება როსტოვის ოლქში შეიძლება, რომელიც უკრაინის სასაზღვრო რეგიონია. რუსეთში ვარაუდობენ, რომ 2021 წლის ბოლომდე დონბასში რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღების მსურველთა რაოდენობა შესაძლოა ერთ მილიონამდე გაიზარდოს.

რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება კრემლის ნაცადი მეთოდია, რომელიც თავის დროზე რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენა. 2008 წლის ომამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მაცხოვრებლების პასპორტიზაცია დაიწყო. დღეს ამ რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. საქართველოს წინააღმდეგ ომის ლეგიტიმაციისთვის რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თანამოქალაქეების დაცვის არგუმენტიც გამოიყენა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის სუვერენიტეტს ხელყოფს და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილში რუსეთის ანექსიის წინაპირობას ქმნის.

 

უკრაინაში ყირიმელი თათრების დეპორტაციის 77 წლისთავი აღნიშნეს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 18 მაისს უკრაინაში ყირიმელი თათრების დეპორტაციის 77-ე წლისთავი აღნიშნეს.

მოვლენა დეტალურად: ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღე უკრაინაში ოფიციალურად 2015 წლიდან აღინიშნება. ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობის ბრალდებით ათასობით ყირიმელი თათარის ცენტრალურ აზიაში გადასახლება 1944 წლის 18 მაისს დაიწყო. 250 ათასი გადასახლებულიდან ათეულ ათასობით ადამიანი გადასახლების დროს ან გადასახლებაში დაიღუპა. მათი სამშობლოში დაბრუნება საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში დაიწყო.

ყირიმელი თათრების მდგომარეობა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ კვლავ გართულდა. რუსეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგენი დისკრიმინაციისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არიან. ყირიმელი თათრების ლიდერს მუსტაფა ჯემილევს კი ყირიმში შესვლაზე დაწესებული აკრძალვა რუსეთმა 2034 წლამდე გაუხანგრძლივა. რუსეთი მსგავს რეპრესიებს ისლამისტებთან და პროუკრაინელ „ტერორისტებთან“ ბრძოლით ხსნის.

ზელენსკიმ დეპორტაციის მსხვერპლთა მოსაგონებელ ღონისძიებაზე განაცხადა: „ჩვენ არ ვაპატიებთ, რომ თქვენ 70 წლის შემდეგ, რუსული ანექსიის შედეგად, კვლავ გაიძულეს სახლების დატოვება“.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინის მიერ ყირიმელი თათრების ისტორიული დღის აღნიშვნა ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციის პოლიტიკის ნაწილია, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებას და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ რუსეთის დისკრიმინაციული პოლიტიკის ჩვენებას ისახავს მიზნად.

 

რუსეთი უკრაინის სამხედრო გაძლიერებას საფრთხის წყაროდ მიიჩნევს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 27 მაისს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა ვლადიმირ კულიშოვმა „РИА Новости“-თან ინტერვიუში უკრაინის შესახებ ისაუბრა. 

მოვლენა დეტალურად: კულიშოვის თქმით:

  • უკრაინას თავისი სამხედრო და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის რეფორმირებისათვის აშშ-ისა და ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარება სჭირდება, რისთვისაც კიევი ანტირუსულ ქმედებებს ააქტიურებს და რეგიონში დაძაბულობის პროვოცირებას ცდილობს. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინამ აშშ-ისგან კატერები მიიღო, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან კი ახალი კატერების მშენებლობაზე კონტრაქტებია გაფორმებული. მისი თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის სანაპირო დაცვის დანაყოფები საკმარისია აზოვი-შავი ზღვის რეგიონში ამოცანების შესასრულებლად. ახალი საფრთხეების წარმოქმნის შემთხვევაში კი, გემებისა და კატერების რაოდენობა მოკლე დროში გაიზრდება.
  • უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ფრენების რაოდენობა რუსეთ-უკრაინის სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზეც გაიზარდა. უკრაინის სასაზღვრო სამსახური დასავლელი პარტნიორების დახმარებით ზრდის უპილოტო საფრენი აპარატების ავიაციას. მისი აზრით, უკრაინამ დრონები შეიძლება დონბასშიც გამოიყენოს. კულიშოვი ეჭვის თვალით უყურებს  თურქეთისა და ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატების მიმართ გამოვლენილ კიევის ინტერესსაც.


​რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: აზოვისა და შავი ზღვის რეგიონში უკრაინის მიერ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები რუსეთის მიერ საფრთხის წყაროდ აღიქმება. ამიტომაც, რუსეთისთვის საკუთარი გავლენის შენარჩუნებისა და შემდგომი გაზრდისთვის მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების პრევენცია.

 

თურქმენეთის პრეზიდენტის შვილი რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 21 მაისს თურქმენეთის ვიცე-პრემიერმა, უმაღლესი კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სერდარ ბერდიმუხამედოვმა 2021-2023 წლებში თურქმენეთ-რუსეთის სამთავრობათშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის პროექტის მომზადების შესახებ მთავრობის სხდომაზე მოხსენება გააკეთა.

მოვლენა დეტალურად: ქვეყნის პრეზიდენტმა, სერდარის მამამ, გურბანგული ბერდიმუხამედოვმა მოიწონა შვილის შემუშავებული პროექტი და მას დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი დაავალა. პრეზიდენტის შეფასებით, პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გამყარებას. მისი თქმით, რუსეთი თურქმენეთის ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა კი ორი ქვეყნის ხალხის კეთილდღეობის ინტერესებს პასუხობს.

პროგრამა „საგზაო რუკაა“, რომელიც პრიორიტეტულ მიმართულებად სახავს  მრეწველობის, ენერგეტიკის, აგროსამრეწველო კომპლექსის, მაღალი ტექნოლოგიების, მომსახურებისა და ფინანსების სფეროში ვაჭრობას.

სერდარი აპრილში თურქმენეთის დელეგაციის შემადგენლობაში ორჯერ იმყოფებოდა რუსეთში: ერთხელ - მოსკოვში, დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, მეორეჯერ - ყაზანში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფორუმზე.

No description available.
სერდარ ბერდიმუხამედოვი მამამისის ფოტოს ფონზე. წყარო: rbc.ru

რუსეთ-თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვამ 2020 წელს 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სერდარ ბერდიმუხამედოვი თურქმენეთის ავტორიტარი მმართველის შვილი და მთავრობის მაღალჩინოსანია. სერდარის „წარმატებული“ პოლიტიკური კარიერა მიუთითებს, რომ გურბანგული ბერდიმუხამედოვი მემკვიდრედ სწორედ თავის შვილს ამზადებს. რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოების ხელშეწყობა და რუსეთის მიმართულებით მუშაობა კი, სავარაუდოდ, ძალაუფლების გადაცემის ოპერაციის ნაწილია, რაც სერდარის პოლიტიკური ავტორიტეტის გაზრდას ისახავს მიზნად.

 

პუტინმა ყირგიზეთის ახალ პრეზიდენტს სოჭში უმასპინძლა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 24 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს სოჭში უმასპინძლა.

No description available.

პრეზიდენტების შეხვედრა. წყარო: ყირგიზეთის პრეზიდენტის ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: ჟაპაროვის განცხადებით, რუსეთი ყირგიზეთის მთავარი მოკავშირე და სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. პრეზიდენტების განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, კერძოდ, 28-30 აპრილს განვითარებული ყირგიზეთ-ტაჯიკეთის სასაზღვრო კონფლიქტი და კონფლიქტის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხი. კონფლიქტის შედეგად  დაიღუპა 36 და დაზიანება მიიღო 154 ყირგიზმა, ასევე დაიღუპა 19 და დაშავდა 87 ტაჯიკი.

წელს ეს პრეზიდენტების მეორე შეხვედრა იყო. პირველად ჟაპაროვი პუტინს თებერვალში შეხვდა, მას შემდეგ, რაც იანვარში იგი პრეზიდენტად აირჩიეს. ჟაპაროვის არჩევის შემდეგ, 17 მარტის ონლაინცერემონიის დროს, პრეზიდენტებმა ჯერუის ოქროს გადამამუშავებელი საწარმო გახსნეს. ჯერუის საბადო ყირგიზეთის სიდიდით მეორე ოქროს საბადოა, რომელსაც რუსული „ალიანს ჯგუფი“ მართავს. ამ ფონზე, საინტერესოა, რომ ჟაპაროვმა 14 მაისს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას საშუალებას აძლევს ყირგიზეთში ოქროს უდიდეს მომპოვებელ კანადურ კომპანიას - „Centerra Gold“ კუმტორის ოქროს საბადოზე მუშაობის უფლება დროებით შეუჩეროს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ყირგიზეთისთვის: 2020 წლის ოქტომბრის შიდაპოლიტიკური კრიზისის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი ცდილობს რუსეთის ლიდერთან ახლო ურთიერთობები დაამყაროს და მისი ნდობა მოიპოვოს. ჟაპაროვისთვის მნიშვნელოვანია, რომ კრემლმა იგი საიმედო პარტნიორად და ერთგულ მოკავშირედ აღიაროს, რაც მას ქვეყნის შიგნით ძალაუფლების გამყარებაში და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
 

ყირგიზეთში რუსეთიდან ჩასული მასწავლებლების რაოდენობა გაიზრდება

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 26 მაისს რუსეთისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებმა სერგეი კრავცოვმა და ბოლოტბეკ კუპეშევმა პროექტის „რუსეთის მასწავლებელი საზღვარგარეთ“ გაფართოებაზე იმსჯელეს.

მოვლენა დეტალურად: პროექტის გაფართოების ფარგლებში ყირგიზეთის სხვადასხვა რეგიონში სამი ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება: ქ. ოშში, ქ. კარაკოლში და ჩუისკის ოლქის სოფ. ნოვოპავლოვკაში. სკოლები რუსული საგანმანათლებლო სტანდარტით იმუშავებენ, სადაც რუსეთიდან მივლინებული მასწავლებლები ასწავლიან.

ამავე დროს, რუსეთი მზად არის ანექსირებულ ყირიმში მდებარე საერთაშორისო საბავშვო ცენტრ „არტეკში“ ყირგიზეთიდან 150 ბავშვი მიიღოს.

ყირგიზეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პრორუსული ქვეყანაა, სადაც რუსულ ენას აქტიურად იყენებენ. გარდა ამისა, ყირგიზეთში ჯერ კიდევ კირილიცას იყენებენ მაშინ, როდესაც ცენტრალური აზიის ქვეყნებმა (ტაჯიკეთის გარდა) კირილიცის მაგივრად ლათინური ანბანის გამოყენება დაიწყეს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი რუსულ ენას „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვან ბერკეტად განიხილება. იმ ფონზე, როდესაც ბოლო ათწლეულებში ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში რუსული ენა ნელ-ნელა კარგავს პოზიციებს, რუსეთისთვის ეს პოზიტიური სიგნალია, რომ ცენტრალურ აზიაში რუსული ენა და კულტურა კვლავ მიმზიდველია. ამავე დროს, ყირგიზეთში ახალი სკოლების რუსული დაფინანსებით აშენება, რაც ყირგიზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსეთის გავლენის მასშტაბებსაც უსვამს ხაზს.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.