რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 84, 31 მაისი - 6 ივნისი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 ივნისს განაცხადა, რომ „მოსკოვმა უკრაინის საზღვრიდან იმ ჯარების მხოლოდ მცირე ნაწილი გაიყვანა, რომელსაც თავი აპრილში მოუყარა,“  ხოლო უკრაინის საზღვრებთან კვლავ რჩება მასიური სამხედრო დაჯგუფება. როგორც წინა გამოცემაში ვწერდით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ანალოგიური განაცხადა 25 მაისს.

ჩრდილოეთ სირიაში არსებულ ალ-ტაბქას საჰაერო ბაზაზე შენიშნეს რუსული Ka-52 ტიპის სადაზვერვო-მოიერიშე და Mi-8AMTSh ტიპის სატრანსპორტო-მოიერიშე შვეულმფრენები. 

რუსეთი აფრიკაში - ბენღაზიში (ლიბია), მეამბოხეთა ლიდერ ხალიფა ჰაფთარის ძალების საკუთრებაში შენიშნულ იქნა რუსული Tigr ტიპის ყველგანმავალი ჯავშანმანქანის ერთ-ერთი მოდიფიკაცია (VPK-233136).

Tigr ტიპის VPK-233136 მოდიფიკაციის ჯავშანმანქანები

რუსეთი აფრიკაში - გავრცელებული ცნობით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის (ცარ) სამხედროებმა, რუსულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთად, განახორციელეს თავდასხმა ჩადის სუროუს სასაზღვრო პოსტზე, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაიჭრა 5 ჩადელი სამხედრო.

რუსეთი აფრიკაში - საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის (ცარ) პრეზიდენტს, ტუადერას, „ვაგნერის ჯგუფის მძევალი“ უწოდა. რასაც დაამატა, რომ ვაგნერი ცარ-ში „მოიპოვებს მაღაროებს და მაშასადამე პოლიტიკურ სისტემას“.

რუსეთი აფრიკაში - სუდანის მიერ, პორტ სუდანში რუსეთის საზღვაო ძალების განთავსების შესახებ რუსეთ-სუდანის შეთანხმების გადახედვასთან დაკავშირებით გზავნილების გავრცელების შედეგად, ადგილზე რუსეთის საზღვაო ძალების ყოფნის მომავალი გაურკვეველი რჩება.

4 ივნისს რუსულმა MiG-31 ტიპის გამანადგურებელმა, ბარენცის ზღვის თავზე, გზა გადაუჭრა აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავს. 31 მაისს Su-27 ტიპის გამანადგურებელმა ამერიკული ბომბდამშენი ბალტიის ზღვის თავზე გადაიჭირა.

წყნარი ოკეანის ფლოტის უდალოი I”  კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ადმირალ ტრიბუცი“ 3-4 ივნისს მოქმედებდა მალაკის სრუტეში, სადაც ესკორტირებას უწევდა რუსულ წყალქვეშა ნავს, რომელიც წარსულში იქირავა ინდოეთმა და უბრუნდებოდა რუსეთს. 5 ივნისს, „ადმირალ ტრიბუცი“ სინგაპურში ჩავიდა.

ადმირალ ტრიბუცი და წყალქვეშა ნავი მალაკის სრუტეში

 

სამხედრო სტრატეგია

31 მაისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლომდე მოსკოვი აპირებს ჩამოაყალიბოს 20 ახალი დანაყოფი დასავლეთის სამხედრო ოლქში. შოიგუს განცხადებით, აღნიშნული გაფართოების მიზანს „NATO-სთვის ადეკვატური წინააღმდეგობა“ წარმოადგენს.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს სამხრეთის სამხედრო ოლქში ახლად ჩამოყალიბებული მე-19 და მე-20 მექანიზებული დივიზიების სატანკო დანაყოფები T-90M ტიპის ტანკებით აღჭურვოს.

1 ივნისს ახალი, პროექტ 02510 BK-16 კლასის ჩქაროსნული სადესანტო ხომალდი D-321 შეუერთდა ჩრდილოეთის ფლოტს.

D-321

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო 2S19M2 Msta-S ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების პარტია.

მე-6 არმიის (შტაბ-ბინა აგალატოვოში, ლენინგრადის ოლქი) 138-მექანიზებულმა ბრიგადამ (კამენკა, ლენინგრადის ოლქი) მიიღო 600 ერთეული AK-12 ტიპის საიერიშო შაშხანა. 35-ე არმიის (შტაბ-ბინა ბელოგორსკში, ამურის ოლქი) 38-მექანიზებულმა ბრიგადამ  (ბელოგორსკი) ასევე მიიღო AK-12-ების პარტია.

 

შეიარაღების ექსპორტი

ინდონეზიის საზღვაო ძალებმა მიიღო ორი რუსული A-220M ტიპის საზღვაო ქვემეხი საკუთარი მოიერიშე ხომალდებისთვის.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.