X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 88, 28 ივნისი - 4 ივლისი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 28 ივნისი - 4 ივლისის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მიერ მოკლულ იქნა 1 და დაიჭრა 3 უკრაინელი სამხედრო.

რუსეთი აფრიკაში - გაეროს ანგარიშის თანახმად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (ცარ) მოქმედებს 800-დან 2100-მდე „სამხედრო ინსტრუქტორი“ რუსეთიდან, სირიიდან, ლიბიიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელთა უმეტესობაც რუსეთიდანაა ჩასული. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული ინდივიდები უშუალოდ მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში და სჩადიან სამხედრო დანაშაულებს.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის 29 ივნისის განცხადებით, 24 ივნისს, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა, ნიდერლანდების ფრეგატ „ევერტსენის“ წინააღმდეგ განახორციელეს იმიტირებული თავდასხმა და დააბრკოლეს ფრეგატის კომუნიკაციები. მინისტრის განცხადებით ინციდენტს ადგილი ჰქონდა შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში, ხოლო რუსების ინფორმაციით, მასში მონაწილეობა მიიღეს Su-30 ტიპის გამანადგურებლებმა და Su-24 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსული წყაროები მიუთითებენ, რომ მე-19 მექანიზებული დივიზიის (შტაბ-ბინა სპუტნიკში, ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკა - ალანია) შემადგენლობაში 2020 წელს შეიქმნა 503-მექანიზებული პოლკი. გავრცელებული ინფორმაციით, პოლკი განლაგებულია ინგუშეთის რესპუბლიკაში, კერძოდ ნესტეროვსკაიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა გადაწყვიტეს, Su-35S ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლები როტაციული პრინციპით განალაგონ ელიზოვოს საჰაერო ბაზაზე (კამჩატკის მხარე). როტაციისთვის გამანადგურებელთა დანაყოფები შერჩეული იქნება შორეულ აღმოსავლეთში განლაგებული რუსეთის საჰაერო ძალების საავიაციო პოლკებიდან.

Su-35

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

მე-19 მექანიზებული დივიზიის (შტაბ-ბინა სპუტნიკში, ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკა - ალანია) 503-მექანიზებულ პოლკს (ნესტეროვსკაია, ინგუშეთის რესპუბლიკა) გადაეცა BTR-82A ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის პარტია, 10-ზე მეტი ერთეულით.

20 ერთეული 9K333 Verba ტიპის ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი (მანპადი) გადაეცა 201-სამხედრო ბაზას (მექანიზებული დივიზია შტაბით დუშანბეში, ტაჯიკეთი).

 

სწავლებები*

ცენტრალური სამხედრო ოლქის მე-3 სპეციალური ოპერაციების ბრიგადის (ტოლიატი, სამარის ოლქი) სამხედროებმა სწავლება გამართეს უზბეკეთში.

ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) არსებულმა S-400 და Pantsir-S1 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, ერთობლივი სწავლება ჩაატარეს ნახევარკუნძულზე განლაგებულ რუსულ სამხედრო ავიაციასთან ერთად.

ოკუპირებულ ცხინვალში (საქართველო), რუსულმა ძალებმა გამართეს საჰაერო თავდაცვის წვრთნა, რომელშიც ჩართული იყო Tor-M1 ტიპის ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები.

 

შეიარაღების ექსპორტი

ყაზახეთი გეგმავს რუსული Tor-M2K ტიპის ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების შესყიდვას.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.