მიმოხილვის პერიოდი: 1-15 სექტემბერი, 2021
რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
ბელარუსისა და რუსეთის ლიდერები ინტეგრაციაზე შეთანხმდნენ მთავარი მოვლენა: 2021 წლის 9 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო წელს უკვე რიგით მეხუთე ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა რუსეთს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ერთ წელზე მეტია არ ყოფილა ბელარუსში. მოვლენა დეტალურად: ორი ქვეყნის პრეზიდენტების სამსაათიანი შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა. მხარეებმა ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაციის ე.წ. „საგზაო რუკის“ ყველა, 28, საკითხი შეათანხმეს მაშინ, როდესაც მცირე ხნით ადრე მხარეებისთვის ბევრი საკითხი მიუღებელი იყო. საკითხების შეთანხმებაზე განსაკუთრებული ინტენსიური მოლაპარაკებები ბოლო სამი წელი მიმდინარეობდა. პრეზიდენტების შეხვედრიდან მეორე დღესვე მინსკში 28 პროგრამის („საგზაო რუკის“ 28 საკითხს ასეც მოიხსენიებენ) განხორციელებას სამოკავშირეო სახელმწიფოს მინისტრთა საბჭომაც დაუჭირა მხარი. ბელარუსისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა. წყარო: kremlin.ru შეხვედრის დასრულების შემდეგ პუტინმა განაცხადა: „დღეს კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ შეთანხმებულია ყველა პროგრამა. საუბარია 28 ე.წ. სამოკავშირეო პროგრამაზე, რომლებიც მიმართულია რუსეთისა და ბელარუსის კანონმდებლობის უნიფიკაციაზე ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, ორი ქვეყნის სამეურნეო სუბიექტების საქმიანობის პირობების გათანაბრებაზე, ერთიანი საფინანსო და ენერგეტიკული ბაზრების, ასევე სატრანსპორტო სივრცის მოწყობაზე, ერთიანი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ფორმირებასა და რეალიზებაზე“. შეთანხმება მოიცავს ბელარუსისთვის მნიშვნელოვან ენერგოსაკითხებსაც. შეთანხმების მიხედვით, 2022 წელს გაზსა და ნავთობზე ფასი მიმდინარე წლის დონეზე შენარჩუნდება, 2023 წელს კი, მოკავშირე სახელმწიფოს ფარგლებში გაზის ერთიანი ბაზრის ფორმირების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ელექტროენერგიის ერთიანი ბაზრის შექმნაზეც. რა მოხდა შეხვედრამდე მოსკოვში შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საზღვრის პატრულირების მიზნით, ბელარუსში რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ჩავიდნენ. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბელარუსისა და რუსეთის საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების ერთობლივი ტრენინგცენტრის ფორმირების მიზნით, რუსული თვითმფრინავები ბარანოვიჩის საჰაერო ბაზაზე ჩაფრინდნენ. 9 სექტემბერს ნიჟეგოროდის ოლქში, „მულინოს“ სამხედრო პოლიგონზე, ერთობლივი სტრატეგიული სწავლება „Запад-2021“ ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც ევროპაში ბოლო ათწლეულებში უდიდესი სამხედრო წვრთნაა. წვრთნები ჩატარდება 10-16 სექტემბერს რუსეთის ათ სამხედრო პოლიგონზე, ბალტიის ზღვის აკვატორიასა და ბელარუსის ხუთ სამხედრო პოლიგონზე, რომლებიც ძირითადად პოლონეთსა და ლიეტუვის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობენ. წვრთნებში 200 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის სხვა მოკავშირე ქვეყნებიდანაც. წვრთნების პასუხად, 13 სექტემბერს რიგაში ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ, რომლებმაც ევროკავშირსა და ნატოს წვრთნების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდეს. პოლიტიკური კონტექსტი რუსეთ-ბელარუსის ხელახალი დაახლოების პროცესი ბელარუსში 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. თუ არჩევნებამდე მხარეებს შორის ურთიერთობაში დაძაბულობა შეინიშნებოდა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ლუკაშენკოს წინააღმდეგ უპრეცედენტო გამოსვლებისა და დასავლური ზეწოლის გაძლიერების ფონზე, ლუკაშენკოსთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა მოსკოვთან შერიგება და რუსეთთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება გახდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დასავლეთის მხრიდან მზარდი იზოლაციის პირობებში ლუკაშენკო იძულებული გახდა, ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პირობებს დასთანხმებოდა. 28 ე.წ. სამოკავშირეო პროგრამაზე შეთანხმება ბელარუსის სუვერენიტეტს შეარყევს და მინსკზე მოსკოვის გავლენას გაზრდის, თუმცა, სანაცვლოდ, ლუკაშენკო მოკლევადიან პერსპექტივაში ძალაუფლების შენარჩუნებას და შემდგომში პრეზიდენტის სავარძლის „ღირსეულად“ დატოვების შესაძლებლობას მიიღებს.
რუსეთ-უკრაინის ბრძოლა ისტორიული წარსულის გამო მთავარი მოვლენა: 2021 წლის 8 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკრაინას მოუწოდა შეწყვიტოს საბჭოთა მებრძოლების საფლავებთან დაკავშირებული მკრეხელური ქმედებები. მოვლენა დეტალურად: ზახაროვას ცნობით, მათთვის ცნობილია, რომ ლვოვის ოლქში ქ. დროგობიჩის ხელისუფლება „საბჭოთა ჯარისკაცთა, რომლებიც დასავლეთ უკრაინის განთავისუფლებას შეეწირნენ, საძმო სასაფლაოზე „მარადიული ცეცხლის“ მემორიალის განადგურებას აპირებს“. ლვოვში რუსეთის საკონსულომ გამოთქმულ პრეტენზიებზე ადგილობრივი ხელისუფლებიდან პასუხად მიიღო, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევა, მეორე მსოფლიო ომში უკრაინას დანაკარგი ჰქონდა როგორც ფაშისტურ-ნაცისტური, ისე საბჭოთა-კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმების ქმედებების გამო“. ძეგლის დემონტაჟი ამავე დროს, კიევში მოსკოვთან მეგობრობის პატივსაცემად 2001 წელს აღმართული ძეგლის დემონტაჟი განახორციელეს. 2015 წელს ძეგლი დააზიანეს, 2021 წლის ზაფხულში კი მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს. ამჟამად ძეგლი კიევის ერთ-ერთი რაიონის ადმინისტრაციაში ინახება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში საერთო საბჭოთა წარსულის წინააღმდეგ ბრძოლას რუსეთი ისტორიის გადაწერისა და პროდასავლური და ნაციონალისტური ძალების ანტირუსული ისტერიის გამოხატულებად მიიჩნევს, რაც, საბოლოო ჯამში, რუსულ-უკრაინული ერთობის დარღვევას ისახავს მიზნად. ამიტომ რეაგირებენ მოსკოვში მწვავედ უკრაინის ნებისმიერ ნაბიჯზე, რომელიც ისტორიული ფაქტების რუსეთისგან განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს.
რუსეთის სპეცსამსახურები ყირიმში ყირიმელი თათრების დაკავებას აგრძელებენ მთავარი მოვლენა: 2021 წლის 7 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქ. მოლოდიჟნეში, კიდევ ერთი ყირიმელი თათარი - ელდარ მენსეიტოვი დააკავეს. მოვლენა დეტალურად: მენსეიტოვი ყირიმელი თათრების თვითმმართველი ორგანოს - მეჯლისის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა. მეჯლისის საქმიანობა აკრძალულია რუსეთში, რადგან მას რუსეთის ინტერესებისთვის საზიანოდ მიიჩნევენ. იგი ყირიმელი თათრების ლიდერისა და უკრაინის პარლამენტის წევრის, მუსტაფა ჯემილევის საქმეში მოწმის სტატუსით გადის. ჯემილევი, რომელიც ყირიმელი თათრების ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, 2014 წლის მარტიდან ვერ ახერხებს ყირიმში ჩასვლას. თავდაპირველად ჯემილევს ხუთი წლით აეკრძალა შესვლა, 2019 წელს კი აკრძალვა 2034 წლამდე გაუხანგრძლივდა. იმავე დღეს რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა ხუთ ყირიმელ თათარს გაზსადენის წინააღმდეგ საბოტაჟში დასდო ბრალი. რუსული სპეცსამსახურების განცხადებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ დაკავებულები ასაფეთქებელი მოწყობილობით მოამარაგა და გასამრჯელოს დაჰპირდა. გაზსადენი, რომელიც ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლთან ახლოს გადის, აგვისტოში დააზიანეს. დაკავებულებს შორის არის მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე ნარიმან ჯელიალოვი. დაკავების გასაპროტესტებლად შეკრებილი 50-ზე მეტი ყირიმელი თათარიც დააკავეს. ყირიმელი თათრების დაკავება 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ანექსიის შემდეგ ჩვეულებრივ ამბად იქცა. ყირიმელი თათრები არასაიმედოთა კატეგორიაში გადიან და რუსული სპეცსამსახურები მათ ნებისმიერ პოლიტიკურ აქტიურობაზე მწვავედ რეაგირებენ. ყირიმის ანექსიის კრიტიკას, განსაკუთრებით, ადგილობრივი მოსახლეობის და, მათ შორის, ყირიმელი თათრების მხრიდან რუსეთი მტრულ ნაბიჯად აღიქვამს და ამიტომ მოსკოვი მათ საწინააღმდეგოდ რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს. ყირიმელი თათრების ლიდერები ან დევნილობაში არიან, ან პატიმრობაში. უკრაინის შეფასება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, მსგავსი დაკავებები რუსეთის მხრიდან პასუხია ყირიმის პლატფორმის დაფუძნებაზე. 2021 წლის 23 აგვისტოს კიევში გაიმართა ყირიმის პლატფორმის სამიტი, რომლის ფარგლებშიც სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. პლატფორმის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაცია და მასზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის სპეცსამსახურების აქტიურობა, რაც ბოლო პერიოდში ყირიმელი თათრებისა და უკრაინის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუშების დაკავებაშიც გამოიხატება, მოსკოვის პასუხია კიევის მხრიდან სულ უფრო აქტიური ანტირუსული პოლიტიკის წარმოებაზე.
კუხოს წევრმა ქვეყნებმა მორიგი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 7-9 სექტემბერს ყირგიზეთში, სამხედრო პოლიგონ „ედელვაისზე“, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და რუსეთის მონაწილეობით ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „Рубеж-2021“ ჩატარდა. მოვლენა დეტალურად: წვრთნებში ყირგიზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობაც მონაწილეობდა, სულ - 500 სამხედრო და 129 სამხედრო ტექნიკა. კუხოს წვრთნები ყირგიზეთში. წყარო: odkb-csto.org წვრთნების მიზანი იყო საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებისა და ჯარების მართვაში თანამდებობის პირების უნარ-ჩვევების დახვეწა და ცენტრალური აზიის რეგიონში სწრაფი განლაგების კოლექტიური ძალების დანაყოფების შეთანხმებული მოქმედებების გაუმჯობესება. ლეგენდის მიხედვით, სამხედროებმა პირობით მოწინააღმდეგეს ჯერ ბლოკირება გაუკეთეს და შემდეგ გაანადგურეს, რომელიც უკანონოდ შეიჭრა კუხოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე. კიდევ სამი სამხედრო წვრთნა ჩატარდება ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვართან ოქტომბერში, ერთი კი - ნოემბერში. [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი.] რატომ გააქტიურდა კუხო ბოლო პერიოდში კუხოს გააქტიურება ავღანეთში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ ავღანეთში ძალაუფლება თალიბანის მებრძოლებმა აიღეს, რომლებიც აკონტროლებენ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სასაზღვრო ზოლსაც, რამაც ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში უსაფრთხოების რისკები გაზარდა. 2021 წლის 23 აგვისტოს კუხოს საგანგებო ონლაინშეხვედრა ჩატარდა. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს სამხედრო წვრთნები. 5-10 აგვისტოს ტაჯიკეთში ხატლონის ოლქში, ხარბ-მაიდონის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო წვრთნები ჩატარდა. პარალელურად, რუსეთმა უზბეკეთთან ერთად გამართა ერთობლივი სამხედრო წვრთნები უზბეკეთის თერმეზის სამხედრო პოლიგონზე, რომელიც ავღანეთის საზღვართან მდებარეობს. წვრთნები 30 ივლისს დაიწყო და 10 აგვისტოს დასრულდა. 15 სექტემბერს დუშანბეში კუხოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების საბჭოებისა და უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის შეხვედრებიც გაიმართა. რუსეთის მხრიდან შეხვედრებში უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობდნენ. განხილვის მთავარი თემა ავღანეთში შექმნილი ვითარება იყო. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის მოძრაობა ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს, რეგიონის ქვეყნები შიშობენ, რომ ავღანეთში შექმნილი არასტაბილურობა შესაძლოა მათ ქვეყნებშიც გავრცელდეს. ამიტომაც რუსეთი, თავის რეგიონულ მოკავშირეებთან ერთად, პრევენციული ხასიათის ღონისძიებების (სამხედრო წვრთნები, პოლიტიკური მოლაპარაკებები და ა.შ.) გატარებასა და შესაძლო საფრთხეების შეკავებას ცდილობს.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენების მშენებლობა დასრულდა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 6 სექტემბერს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის ოპერატორმა კომპანიამ მილსადენის მშენებლობის დასრულების შესახებ განაცხადა. მოვლენა დეტალურად: მილსადენის მშენებელმა სპეციალურმა ხომალდმა „ფორტუნამ“ გაზსადენის ბოლო მილების შედუღაბება დაასრულა, რის შემდეგადაც მილი N 200858 ბალტიის ზღვის ფსკერზე, გერმანიის წყლებში განათავსეს. შემდეგი ნაბიჯი გაზსადენის ერთი სექციის - გერმანიის სანაპიროდან მომავალი - მეორე სექციასთან - დანიის წყლებიდან მომავალი - დაკავშირებას ითვალისწინებს. ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ მილსადენი სერტიფიცირებას გაივლის და მზად იქნება ასამოქმედებლად. მილსადენის ამოქმედება წლის ბოლოსთვის იგეგმება. გაზსადენის პროექტის წინააღმდეგ ვაშინგტონი წლების განმავლობაში აქტიურად ლობირებდა. პროექტში მონაწილე კომპანიებზე დაწესებული სანქციები პროექტის დასრულებას აფერხებდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, აშშ მოერიდა მოკავშირე გერმანიასთან ურთიერთობის გაფუჭებას, რომელიც პროექტის განხორციელების მთავარი ლობისტი და მისი დასრულების შემდეგ კი მთავარი მომხმარებელი იქნება. უკრაინისთვის მოსალოდნელი ზიანის (უკრაინა წელიწადში 2 მლრდ აშშ დოლარს იღებს რუსული გაზის ტრანზიტისთვის) კომპენსირების მიზნით, ვაშინგტონი და ბერლინი ღონისძიებათა პაკეტზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო განხორციელებასაც ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ პროექტის დასრულების შედეგად უკრაინის ბიუჯეტი ან ეროვნული უსაფრთხოება დაზარალდება. პროექტის შესახებ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენი რუსეთს, ბალტიის ზღვის გავლით, პირდაპირ გერმანიას დაუკავშირებდა და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ამოქმედების შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. წყარო: გაზპრომის ვებგვერდი რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ამოქმედება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტის განხორციელების შედეგად, უკრაინის სატრანზიტო ფუნქცია შესუსტდება და იგი რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მიმართ მოწყვლადი გახდება.
რუსი კურატორები აფხაზეთს ესტუმრნენ მთავარი მოვლენა: 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში აფხაზეთში რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესამოწმებლად რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ორჯერ ჩავიდა. მოვლენა დეტალურად: 2 სექტემბერს აფხაზეთს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი ესტუმრნენ. რუსეთის დელეგაციის წევრები იყვნენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთი კურატორი ვიტალი გუდინი და მისი მოადგილე ანტონ მელნიკი. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დელეგაციამ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აღდგენილი სოციალური და ინფრასტრუქტურული ობიექტები შეამოწმა, მათ შორის, გაგრის ოლდენბურგის პრინცის პარკი, გაგრის ორი ქვესადგური - „გაგრა-1“ (გამტარუნარიანობა - 110 კვ) და „ბზიფი“ (გამტარუნარიანობა - 220 კვ). 13 სექტემბერს აფხაზეთს კიდევ ერთხელ ესტუმრა გუდინი და მელნიკი. მათ დელეგაციაში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არაერთი თანამშრომელი შედიოდა. ვიზიტის მიზანი, საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობის უფრო დეტალური შესწავლა იყო. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აფხაზეთში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას კურირებს. პროგრამის ფარგლებში აფხაზეთში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებისათვის წელიწადში 1.5 მლრდ რუბლია გამოყოფილი. მსგავსი პროგრამა ხორციელდება ცხინვალის რეგიონშიც. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. მსგავსი ვიზიტებიც ფულის ხარჯვის ადგილზე შემოწმებას ისახავს მიზნად. |