X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 100, 20 - 26 სექტემბერი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 5 დაიჭრა დონბასის ფრონტზე, 20-26 სექტემბრის კვირაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად.

ომი სირიაში - რუსეთის საჰაერო ძალებმა საჰაერო იერიშები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში 21-22 და 24-26 სექტემბერს. იერიშების ინტენსივობით გამოირჩეოდა 25 და 26 სექტემბერი, რა დროსაც საჰაერო დარტყმები განხორციელდა როგორც იდლიბის რეგიონის სხვადასხვა წერტილში, ასევე აფრინის რეგიონის სამხრეთშიც. ჩრდილოეთ სირიაში, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 26 სექტემბერს, სირიელმა მეამბოხეებმა თურქეთის მიერ მხარდაჭერილი „სირიის ეროვნული არმიიდან“, ცეცხლი გაუხსნეს რუსულ შვეულმფრენს, რომელიც დაფრინავდა ტელ ტამერის/ტალ ტამრის სიახლოვეს მათი პოზიციების თავზე და აიძულეს ტერიტორიის დატოვება. ამის შემდეგ, რუსებმა პირველად განახორციელეს საჰაერო თავდასხმა სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ ხსენებულ არეალში.

რუსეთი აფრიკაში - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 25 სექტემბრის განცხადებით, მალის ოფიციალურმა პირებმა რუსულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ სთხოვეს დახმარება ჯიჰადისტ მეამბოხეებთან დაპირისპირებაში.

ჩრდილოეთის ფლოტის „უდალოი I”  კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“ ხმელთაშუა ზღვიდან 23 სექტემბერს შევიდა ატლანტის ოკეანეში. 25 სექტემბრის მდგომარეობით, იგი ოპერირებდა აფრიკის ნაპირთან და გადაადგილდებოდა სამხრეთის მიმართულებით.

„ვიცე-ადმირალი კულაკოვი“

არქტიკა - ჩრდილოეთის ფლოტის გემების ჯგუფმა, რომელშიც შედიან „უდალოი I“  კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „სევერომორსკი“ და „როპუჩა“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემი „გიორგი პობედონოსეცი“, და რომელიც 10 აგვისტოდან არქტიკაში შორეულ ექსპედიციაში იმყოფება, 21 სექტემბერს ახალი ციმბირის კუნძულებს მიაღწია.

არქტიკა - „გაუმჯობესებული იუგ“ კლასის (პროექტი 862.2) სადაზვერვო გემი „გორიზონტი“, რომელიც არქტიკულ ექსპედიციაში იყო 14 აგვისტოდან, 20 სექტემბერს დაბრუნდა საკუთარ ბაზაზე მიშუკოვოში (მურმანსკის მახლობლად). რუსების ოფიციალური ინფორმაციით, „გორიზონტი“ მოქმედებდა ბარენცისა და კარის ზღვებში, ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგის სიახლოვეს.

ესტონეთის ოფიციალური პირების 23 სექტემბრის განცხადებით, რუსულმა A-50 ტიპის საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის თვითმფრინავმა დაარღვია მათი ქვეყნის საჰაერო სივრცე.

დანიის, ფინეთის, იტალიისა და შვედეთის გამანადგურებლებმა 21 სექტემბერს გზა გადაუჭრეს ბალტიის ზღვის თავზე მფრენ 2 რუსულ Tu-160 ტიპის მძიმე სტრატეგიულ ბომბდამშენს, რომლებსაც აცილებდნენ 2-2 Su-35S და Su-27 ტიპის გამანადგურებლები. კანადურმა გამანადგურებლებმა 25 სექტემბერს, შავი ზღვის თავზე, რუმინეთის საჰაერო სივრცის სიახლოვეს გადაიჭირეს 2 რუსული Su-24 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი.

3-მა რუსულმა Su-35S ტიპის გამანადგურებელმა 26 სექტემბერს, წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით, გზა გადაუჭრა აშშ-ს ბომბდამშენს.

რუსეთის შავ ზღვაში არსებული საზღვაო და საჰაერო ძალები (Su-24MR და Il-20 ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი) შევიდნენ არეალში, სადაც უკრაინის სამხედრო ძალები სწავლებებს მართავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებებს.

რუსებმა სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (საქართველო) არსებულ მარიონეტულ რეჟიმს.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსული წყაროების ცნობით, 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის (შტაბ-ბინა ფსკოვში) 237-ე საჰაერო-მოიერიშე პოლკმა (ფსკოვი), რომელიც ჩამოყალიბდა 2018 წლის 1 დეკემბერს, 1 სექტემბერს ფორმირება დაასრულა.

 

სწავლებები*

სამხრეთის სამხედრო ოლქის 10 000-მა სამხედრომ ერთდროული სწავლებები გამართა როსტოვის ოლქში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში  (საქართველო) და ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა).

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ეგიდით რუსეთში, კერძოდ ორენბურგის ოლქში, ერთობლივი სწავლება გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ბელარუსის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სამხედროები. რუსეთის მხრიდან წვრთნაში მონაწილეობდნენ სამხედროები ცენტრალური სამხედრო ოლქიდან. ჯამში, ორგანიზაციის 8 წევრი სახელმწიფოდან და ბელარუსის (SCO-ს არაწევრი ქვეყანა) მხრიდან სწავლებაში ჩართულ იქნა 5 500 სამხედრო.

სურათი სწავლების შესახებ რუსული წყაროდან

ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) განლაგებულმა Bastion-P ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებმა წვრთნა ჩაატარეს, რომელშიც გამოყენებულ იქნა სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები (უსა).

 

შეიარაღების ექსპორტი

26 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გეგმავს რუსული S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების მეორე პარტიის შეძენას.

გავრცელებული ცნობით, ალჟირმა მიიღო მისი პირველი რუსული S-400 ტიპის სისტემები.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ოფიციალურმა ბაქომ მოსკოვს გაუგზავნა მოთხოვნა ახალი შეიარაღების შესაძენად.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.