X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 102, 4 - 10 ოქტომბერი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - დონბასის ფრონტზე რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, 4-10 ოქტომბრის კვირაში, დაიჭრა 3 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაში - რუსეთის საჰაერო ძალებმა, 7 ოქტომბერს იერიში მიიტანა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. ასევე 7 ოქტომბერს, საჰაერო ძალებმა განახორციელა დაბომბვა ჩრდილოეთ სირიაში თურქული გავლენის ზონაში, ქალაქ მარეას აღმოსავლეთით.

რუსეთი აფრიკაში - რუსული წყაროს მტკიცებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი „სამხედრო ინსტრუქტორების“ რაოდენობა 1 135-ს უტოლდება.

ჩრდილოეთის ფლოტის „უდალოი I“ კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანმა „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“, რომელიც 23 სექტემბერს ხმელთაშუა ზღვიდან შესვლის შემდგომ ატლანტის ოკეანეში მოქმედებს, 7 ოქტომბერს გვინეის ყურეს მიაღწია.

 

სტრუქტურული ცვლილებები

გარკვეული წყაროების ცნობით, რუსები განიხილავენ ახალი, არქტიკის ფლოტის შექმნის შესაძლებლობას, ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტების სხვადასხვა დანაყოფის ბაზაზე. ფლოტის ჩამოყალიბების შემთხვევაში, მისი საპასუხისმგებლო ზონა იქნება არქტიკის სანაპირო, რომელიც ამჟამად გაყოფილია ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტებს შორის. სხვა წყაროები ამ ინფორმაციას უარყოფენ. ასევე, არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია შეიქმნას არქტიკის ფლოტილია, ჩრდილოეთის ფლოტის სარდლობის დაქვემდებარებაში.

არქტიკაში მოქმედი ჩრდილოეთის ფლოტის გემები

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

4 ოქტომბერს, რუსებმა პირველად განახორციელეს Tsirkon-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტის წყალქვეშა ნავიდან სატესტო გაშვება. გავრცელებული რუსული ოფიციალური ინფორმაციით, ტესტი წარმატებული გამოდგა, იგი ჩატარდა ბარენცის ზღვაში და რაკეტა გაშვებულ იქნა „იასენ“ კლასის (პროექტი 885) ატომური წყალქვეშა ნავიდან „სევეროდვინსკ“.

კალინინგრადის ოლქში განლაგებულმა ბალტიის ფლოტის მე-11 საარმიო კორპუსმა 23 ერთეულისგან შემდგარი T-72B3M ტიპის ტანკების პარტია მიიღო.

 

სწავლებები*

წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე (ვლადივოსტოკი, პრიმორიეს მხარე) და მე-40 (პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი, კამჩატკის მხარე) საზღვაო ქვეითთა ბრიგადების 5 000-ზე მეტმა საზღვაო ქვეითმა მონაწილეობა მიიღო სწავლებაში, რომლის ლეგენდაც ითვალისწინებდა ამ ბრიგადების დაპირისპირებას.

რუსეთმა სწავლებები გამართა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში. საჰაერო თავდაცვის ძალების უსა(უპილოტო საფრენი აპარატი)-საწინააღმდეგო წვრთნა გაიმართა აფხაზეთში (საქართველო). სწავლება ჩაატარა ასევე ცხინვალის რეგიონში (საქართველო) არსებულმა რუსეთის სადაზვერვო ნაწილებმა. შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითებმა ყირიმში (უკრაინა) ნაპირზე დესანტირებაში ივარჯიშეს.

რუსი სამხედროები სწავლებაზე, ცხინვალის რეგიონში, საქართველო

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.