მიმოხილვის პერიოდი: 1-15 ოქტომბერი, 2021
რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
სერგეი ლავროვი „3+3“ ფორმატზე საუბრობს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 6 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე „3+3“ ფორმატზე ისაუბრა. მოვლენა დეტალურად: ლავრომმა მედიის კითხვებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა. ერთ-ერთ კითხვაზე, რომელიც კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა, ლავროვმა „3+3“ ფორმატზეც ისაუბრა. მისი თქმით, „2020 წელს რუსეთის შუამავლობით ომი (მთიანი ყარაბაღის მეორე ომი) შეჩერდა და სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შედეგად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მშვიდობის უზრუნველყოფისათვის რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ. ერთობლივი შეთანხმება დამატებით შეიცავს პრინციპებს, რომლებიც მშვიდობის დასამყარებლად შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრას ითვალისწინებს, მათ შორის, რეგიონში ყველა სატრანსპორტო ხაზისა და ეკონომიკური კავშირის აღდგენას. ეს სარგებელს მოუტანს არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანს, არამედ საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის კიდევ ერთ ქვეყანას და ირანს, რუსეთსა და თურქეთს, რომლებიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ახლო მეზობლები არიან. ამ კონტექსტში, დღეს ჩვენ განვიხილეთ ინიციატივა, რომელიც „3+3“ ფორმატის შექმნას ითვალისწინებს. ფორმატი მოიცავს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას და სამ „დიდ“ მეზობელს - რუსეთს, ირანსა და თურქეთს. ჩვენი ირანელი მეგობრები მხარს უჭერენ ამ ინიციატივას, ისევე, როგორც აზერბაიჯანი და თურქეთი. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე ჩვენს სომეხ კოლეგებთან. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოც, მისი ამჟამინდელი პრობლემების მიუხედავად, შეძლებს თავისი ფუნდამენტური ინტერესების რეალიზებას კონსულტაციების მსგავსი მექანიზმის შექმნისა და რეგიონში განვითარების დასაჩქარებლად შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების გზით“. რა არის „3+3“ ფორმატი? 2020 წელს, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსი ერის პლატფორმის შექმნის იდეა წამოაყენა. ფორმატი გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და თურქეთის, ირანისა და რუსეთის თანამშრომლობას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. ამ ინიციატივის შესახებ ერდოღანმა 2021 წლის ივნისში აზერბაიჯანში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ ილაპარაკა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: ახალი ინიციატივის მიზანი სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის ისეთი ფორმატის შექმნაა, რომელიც, ერთი მხრივ, სამხრეთ კავკასიაში არარეგიონული ქვეყნების (აშშ, ევროკავშირი) ჩართულობის შემცირებას გამოიწვევს და, მეორე მხრივ, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე რეგიონული ქვეყნების (თურქეთი, ირანი), განსაკუთრებით კი - რუსეთის, გავლენის ხარისხს გაზრდის.
პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა. ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა. წყარო: kremlin.ru მოვლენა დეტალურად: 2021 წელს ეს იყო პუტინისა და ფაშინიანის რიგით მეოთხე შეხვედრა. შეხვედრა გაიმართა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში. ორმხრივი ურთიერთობების საკითხების გარდა, განხილვის მთავარი თემა იყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც ფაშინიანის თქმით, „გადაუწყვეტელი რჩება“. ფაშინიანის შეფასებით, ომი რუსეთისა და პუტინის დამსახურებით დასრულდა, რაშიც მათ გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ომი 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდა, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 1994 წლიდან სომხური მხარის მიერ დაკავებული აზერბაიჯანული რაიონები და მთიანი ყარაბაღის ნაწილი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მთიანი ყარაბაღის მეორე ომში მარცხის შემდეგ, რუსეთის როლი, როგორც სომხეთის უსაფრთხოების გარანტისა, კიდევ უფრო გაიზარდა. ომის შემდგომ პერიოდში აზერბაიჯანთან გახშირებული დაპირისპირების პირობებში, სომხეთისთვის მოსკოვის მხარდაჭერამ კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა.
სომხეთში რუსული ეკლესიის ეპარქია დაფუძნდა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 15 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა სომხეთში ეპარქიის დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო. მოვლენა დეტალურად: სინოდის გადაწყვეტილებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერევან-სომხეთის ეპარქია სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებში დაფუძნდა. ეპარქიის ხელმძღვანელი იქნება კლინსკის არქიეპისკოპოსი ლეონიდი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ვლადიკავკაზიის ეპარქიის მეთაური და ცხინვალის რეგიონში რელიგიურ საკითხებს კურირებდა. იგი ამავე დროს არის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილე. ლეონიდი 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა მოსკოვის პატრიარქის ვიკარად და მიენიჭა კლინსკის არქიეპისკოპოსის ტიტული. სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაურის გარეგინ II-ის შეფასებით, მას იმედი აქვს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სომხეთში უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ გარეგინ II-მ რუსეთის პატრიარქთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც 12 ოქტომბერს გაიმართა. საინტერესოა, რომ მოსკოვში, 13 ოქტომბერს, რუსეთის პატრიარქ კირილის შუამავლობით, გარეგინ II კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მიიღეს სომხეთში რუსეთის ეკლესიის ეპარქიის დაფუძნების გადაწყვეტილება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სომხეთში, სადაც მართლმადიდებელთა რაოდენობა მცირეა, რუსეთის ეკლესიის ეპარქიის დაფუძნება შეიძლება მთიან ყარაბაღში მცხოვრები მართლმადიდებლებისა (მათ შორის არიან რუსი სამხედროებიც) და ეკლესიების დაცვის საკითხს უკავშირდებოდეს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სტრატეგიული სწავლება „Запад-2021“ შეაჯამა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 6 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გენერლებთან ერთად რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სტრატეგიული სწავლება „Запад-2021“ შეაჯამა. მოვლენა დეტალურად: შოიგუ სწავლების ჩატარებით კმაყოფილია. მისი შეფასებით, „სწავლების მიზნები მიღწეულია, სასწავლო საკითხები კი - სრულად დამუშავებული“. მან აღნიშნა, რომ სწავლებამ გამოავლინა ორი ქვეყნის სამხედრო დაჯგუფების უნარი, ეფექტურად შეასრულონ რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანები. წვრთნების დროს, თანამედროვე ლოკალური ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების თავისებურებების გათვალისწინებით, საბრძოლო მოქმედებების წარმოების ახალი ფორმები და მეთოდები დაამუშავეს. სწავლება „Запад-2021“ სწავლების ლოგო. წყარო: wikipedia.org რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სტრატეგიული სწავლება „Запад-2021“ 10-15 სექტემბერს რუსეთის ათ სამხედრო პოლიგონზე, ბალტიის ზღვის აკვატორიასა და ბელარუსის ხუთ სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა. წვრთნებში 200 ათასამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. წვრთნების დროს ასევე გამოიყენეს 760 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 15 ხომალდი. ეს იყო ევროპაში ბოლო ათწლეულებში გამართული უდიდესი სამხედრო წვრთნა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ასეთი მასშტაბის სტრატეგიული წვრთნების ჩატარება რუსეთის მხრიდან გზავნილია ნატოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვი საკუთარ ინტერესებს სამხედრო ძალის გამოყენებითაც დაიცავს.
უკრაინაში პუტინის მეგობარს ახალი ბრალი წაუყენეს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 12 ოქტომბერს უკრაინული პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ლიდერსა და უკრაინის პარლამენტის წევრს ვიქტორ მედვედჩუკს ახალი ბრალი წაუყენეს და შინაპატიმრობა 7 დეკემბრამდე გაუგრძელეს. მოვლენა დეტალურად: ახალი ბრალდებით პრორუს უკრაინელ პოლიტიკოსს - ვიქტორ მედვედჩუკს დონბასის რეგიონში სეპარატისტული ძალების დაფინანსების სქემის შექმნაში ადანაშაულებენ. 8 ოქტომბერს გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ მედვედჩუკს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ქვანახშირის შესყიდვაში დასდო ბრალი, რაც საბოლოო ჯამში სეპარატისტების დაფინანსებას ისახავდა მიზნად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ივან ბაკანოვის 8 ოქტომბრის განცხადებით, „ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო ინტერესების გაყიდვასა და რუსი ტერორისტების დაფინანსებაზე“. მედვედჩუკის საქმე 11 მაისს უკრაინის უშიშროების სამსახურმა მედვედჩუკის პარტიის ოფისში, მის კაბინეტებსა და ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მოგვიანებით კიევის სასამართლომ მედვედჩუკს შინაპატიმრობა მიუსაჯა. მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. არსებული ინფორმაციით, მისი ქალიშვილის, დარიას, ნათლია პუტინია. იგი ხშირად ჩადიოდა რუსეთში და ხვდებოდა როგორც რუსეთის მაღალჩინოსნებს, ასევე პირადად პუტინს. გენპროკურორის თქმით, მედვედჩუკის საქმეში დამატებით არის ასევე სამი ეპიზოდი: პირველი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქერჩთან ახლოს გაზის საბადოს ეხება, რომლის განვითარების საქმეშიც მედვედჩუკთან დაკავშირებული უკრაინული კომპანია „ახალი პროექტები“ რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს გაურიგდა; მეორე, მედვედჩუკმა 2020 წელს რუსეთში მყოფ უკრაინელ დეპუტატ ტარას კოზაკს უკრაინის შეიარაღებული ძალების საიდუმლო დანაყოფის განლაგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა; მესამე, მედვედჩუკს ბრალს სდებენ ანტიუკრაინულ ქმედებებში, კერძოდ, შრომითი მიგრანტების ჩართულობით, რომლებიც უკრაინიდან რუსეთში მიდიან, რუსეთის სასარგებლოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის პრეზიდენტის ახლო მეგობრისა და უკრაინაში ყველაზე პრორუსი პოლიტიკოსის დაკავება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში არსებულ ღრმა კრიზისზე მიუთითებს, როდესაც მხარეები ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში ვერანაირ პროგრესს ვეღარ აღწევენ და ურთიერთობის გარკვევის ფორმად მხოლოდ სამხედრო მანევრები და მსგავსი დაკავებები რჩება.
უეფას რუკაზე ყირიმი უკრაინის ნაწილია - რუსეთი უკმაყოფილოა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 6 ოქტომბერს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერმა სერგეი აქსენოვმა საკუთარ ტელეგრამარხზე ევროპის საფეხბურთო ორგანიზაცია უეფას ბრალი დასდო, რომ ორგანიზაციამ სპორტი პოლიტიკაში აურია და ამით საკუთარი ავტორიტეტი შელახა, როდესაც „ევრო-2024-ის“ ლოგოტიპის საპრეზენტაციო ვიდეოში ყირიმი უკრაინის შემადგენელ ნაწილად წარმოაჩინა. უეფას მიერ დამზადებული ვიდეორგოლის ფრაგმენტი. წყარო: uefa.com მოვლენა დეტალურად: უეფამ 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ბრენდის, ლოგოტიპისა და დევიზის პრეზენტაციისთვის ვიდეო მოამზადა, რომელიც პირველად ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე აჩვენეს. ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება. ვიდეოში ნაჩვენებია ევროპის რუკა, სადაც ყირიმი უკრაინის შემადგენლობაშია გამოსახული. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია, რასაც ამ ეტაპზე არცერთი ორგანიზაცია და ქვეყანა, მათ შორის არც მოსკოვის მოკავშირეები, არ აღიარებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება სპორტზეც აისახა:
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ამგვარი სპორტული „სკანდალები“ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მიერ წახალისებული სეპარატისტული კონფლიქტის დაწყების შემდეგ გახშირდა. მოსკოვი არა მარტო პოლიტიკურ, არამედ სპორტულ სფეროშიც ცდილობს ყირიმის ანექსიის ლეგიტიმაციას, რაც უკრაინის წინააღმდეგ მიმართული მისი გლობალური პოლიტიკის ნაწილია.
მოსკოვში საერთაშორისო ურთიერთობების ახალგაზრდა სპეციალისტების კონკურსი ჩატარდა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 6-9 ოქტომბერს მოსკოვში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საერთაშორისო ურთიერთობების ახალგაზრდა სპეციალისტების კონკურსის ფინალისტების ფორუმი გაიმართა. მოვლენა დეტალურად: კონკურსი, რომელიც ანდრეი გრომიკოს (საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი 1957-1985 წლებში) სახელს ატარებს, 2018 წლიდან ყოველწლიურად იმართება. კონკურსში სულ 11 ქვეყნიდან 1100-ზე მეტმა ახალგაზრდა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. წელს კონკურსში 513-მა ახალგაზრდა მეცნიერმა სამეცნიერო ნაშრომების რეკორდული მაჩვენებელი (472) წარადგინა. საკვლევი თემები შეეხებოდა დიპლომატიას, ევრაზიულ ინტეგრაციას და ისტორიულ მეხსიერებას. სულ 60 ფინალისტი შეირჩა, რომლებმაც საკუთარი ხედვა წარმოადგინეს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის მომავალზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების კურატორია, შეფასებით, კონკურსანტების კვლევებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ფინალისტები რუდენკომ დააჯილდოვა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ასეთი ფორუმები „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია, რომელსაც რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იყენებს და რომლის მიზანიც რუსეთისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკური ელიტის მხარდაჭერა და პოლიტიკურ პროცესებზე რუსული ხედვის პოპულარიზაციაა.
როდის ამოქმედდება „ჩრდილოეთის ნაკადი -2“? მთავარი მოვლენა: 2021 წლის 4 ოქტომბერს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის ოპერატორმა კომპანიამ მილსადენის გაზით შევსების დაწყების შესახებ განაცხადა. მოვლენა დეტალურად: მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, 6 სექტემბერს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის ოპერატორმა კომპანიამ მილსადენის მშენებლობის დასრულების შესახებ განაცხადა. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მილსადენის ამოქმედებას, სანამ ევროპის მარეგულირებელი ორგანიზაციები საჭირო ნებართვებს არ გასცემენ. მარეგულირებლებმა მაქსიმუმ იანვრამდე უნდა გადაწყვიტონ არის თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დამოუკიდებელი სატრანსპორტო ქსელი, როგორც ამას ევროკავშირის რეგულაციები ითხოვს. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ბიუროკრატიული პროცესი შესაძლოა მალე მორჩეს და მილსადენმა პირველი კომერციული გაზის გატარება უკვე ოქტომბერში დაიწყოს. პროცესები შესაძლოა ევროპაში შექმნილმა ვითარებამ დააჩქაროს, სადაც გაზის საცავებში მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია და ათას კუბურ მეტრ გაზზე ფასები იზრდება. გაზსადენის პროექტის წინააღმდეგ ვაშინგტონი წლების განმავლობაში აქტიურად ლობირებდა. პროექტში მონაწილე კომპანიებზე დაწესებული სანქციები პროექტის დასრულებას აფერხებდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, აშშ მოერიდა მოკავშირე გერმანიასთან ურთიერთობის გაფუჭებას, რომელიც პროექტის განხორციელების მთავარი ლობისტი და მისი დასრულების შემდეგ კი მთავარი მომხმარებელი იქნება. უკრაინისთვის მოსალოდნელი ზიანის კომპენსირების მიზნით, ვაშინგტონი და ბერლინი ღონისძიებათა პაკეტზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო განხორციელებასაც ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ პროექტის დასრულების შედეგად უკრაინის ბიუჯეტი ან ეროვნული უსაფრთხოება დაზარალდება. პროექტის შესახებ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენი რუსეთს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ გერმანიას დაუკავშირებდა და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ამოქმედების შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ 55 მლრდ კუბურ მეტრს გაატარებს, რაც 26 მლნ ევროპული ოჯახისთვის იქნება საკმარისი. პროექტის განხორციელების შედეგად უკრაინა, სატრანზიტო გადასახადის სახით, წლიურად 2 მლრდ აშშ დოლარს დაკარგავს. რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ამოქმედება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს, რაც გაზის ევროპულ ბაზარზე „გაზპრომის“/კრემლის გავლენას გაზრდის.
რუსეთი მოკავშირე ქვეყნებში რუსული სკოლების მშენებლობას გეგმავს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 15 ოქტომბერს რუსი თანამემამულეების რიგით მეშვიდე მსოფლიო კონგრესზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრიორიტეტი ყველა მოკავშირე ქვეყანაში რუსული სკოლების გახსნაა. სერგეი ლავროვის გამოსვლა კონგრესზე. წყარო: РИА Новости მოვლენა დეტალურად: ლავროვის განცხადებით, რუსეთი ტაჯიკეთში ხუთ სხვადასხვა ქალაქში უკვე აშენებს ხუთ სკოლას. რუსეთისთვის ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ტაჯიკეთში ბევრი რუსი თანამემამულე ცხოვრობს. მინისტრის თქმით, მას სურს, რომ ტაჯიკეთში განხორციელებულმა პროექტმა ყველა მოკავშირესა და სტრატეგიული პარტნიორისთვის მოდელის როლი შეასრულოს. ლავროვის განცხადებით, ასევე ფართოვდება რუსული უნივერსიტეტების ფილიალების სისტემა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში. მსგავსი პროგრამა ხორციელდება უზბეკეთშიც, სადაც ჰუმანიტარულ პროექტ „კლასის“ ფარგლებში უკვე გაიგზავნა 32 მეთოდისტი, რომლებიც მასწავლებლებსა და სკოლის მოსწავლეებში რუსული ენის ცოდნის დონეს შეამოწმებენ. პროექტი 2030 წლამდე განხორციელდება. ლავროვის თქმით, „რუსული ენის პოზიციების გაძლიერების“ ინიციატივის ფარგლებში უზბეკეთში რუსეთი ხუთი სკოლის აშენებას გეგმავს. უზბეკეთში ამ ეტაპზე 900-მდე სკოლაა, სადაც რუსულ ენაზე ასწავლიან. ლავროვის თქმით, მსგავსი პროექტისადმი ინტერესს სომხეთშიც გამოხატავენ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი რუსულ ენას „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვან ბერკეტად განიხილება. ბოლო პერიოდში რუსეთი რუსულენოვანი სკოლების მშენებლობისა და რუსული ენის პოპულარიზაციის კუთხით განსაკუთრებით გააქტიურდა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც მოკავშირეებად მიიჩნევა და სადაც რუსული ენა ჯერ კიდევ პოპულარულია. |