X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 42

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 16-31 ოქტომბერი, 2021

 

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

  • ავღანური საფრთხის ფონზე ტაჯიკეთში კუხოს ძალების მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარდა.
  • რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო პოტენციალის განვითარებას საფრთხედ აფასებს.
  • ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში თავისი მეგობრისა და პრორუსი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ახალ ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა.
  • რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო ახალ ერთობლივ სამხედრო დოქტრინას ამზადებს.
  • მოსკოვში სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე იმსჯელეს.
  • ყაზახეთის პრეზიდენტი სკოლის მოსწავლეებს რუსული ენის შესწავლისკენ მოუწოდებს.
  • „რუსული ენის კვირეულის“ პროექტი ონლაინ ჩატარდა.
  • რუსეთი მოლდოვაში რუმინეთის არმიის ჯარისკაცების ძეგლის გახსნას აპროტესტებს.
  • მოლდოვა და „გაზპრომი“ კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

 

ტაჯიკეთში კუხოს ძალების მასშტაბური წვრთნები ჩატარდა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 18-23 ოქტომბერს ტაჯიკეთის სამხედრო პოლიგონზე „ხარბმაიდონი“ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების სწავლება ჩატარდა.

მოვლენა დეტალურად: ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვრიდან 20 კილომეტრში მდებარე სამხედრო პოლიგონზე სწავლებების - „ურთიერთქმედება-2021“, „ძებნა-2021“ და „ეშელონ-2021“ - დასკვნითი ეტაპი ჩატარდა. კუხოს კოლექტიურმა ძალებმა საზღვრისპირა კონფლიქტის ლოკალიზაციაში ივარჯიშეს, რომელიც კუხოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლების შემოჭრას უკავშირდებოდა. წვრთნებში 4000 სამხედრო მოსამსახურე და 500-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა.

სწავლება ავღანეთში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრის - შერალი მირზოს შეფასებით, სხვადასხვა ფაქტორმა ავღანეთი ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა, რაც ხელს უწყობს ქვეყნის საერთაშორისო ტერორიზმის გამავრცელებლად ჩამოყალიბებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონის უშიშროებას და სტაბილურობას. კუხოს გენერალური მდივნის სტანისლავ ზასის შეფასებით, წვრთნებმა აჩვენა, რომ ტაჯიკეთი საიმედოდ არის დაცული ტერორისტების შემოჭრისგან.

სურათი წვრთნების გახსნა, წყარო. odkb-csto.org

კუხო

კუხოს წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით კუხოს ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები ჩამოყალიბდა, რომელიც 18 000 ადამიანს აერთიანებს. მისი მიზანია კუხოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევებზე ოპერატიული რეაგირება.

რატომ გააქტიურდა კუხო

ბოლო პერიოდში კუხოს გააქტიურება ავღანეთში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ ავღანეთში ძალაუფლება თალიბანის მებრძოლებმა აიღეს, რომლებიც აკონტროლებენ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სასაზღვრო ზოლსაც, რამაც ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში უსაფრთხოების რისკები გაზარდა. ბოლო რამდენიმე თვეში კუხოს წევრ ქვეყნებში არაერთი მასშტაბური წვრთნა ჩატარდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის მოძრაობა ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს, რეგიონის ქვეყნები შიშობენ, რომ ავღანეთში შექმნილი არასტაბილურობა შესაძლოა მათ ქვეყნებშიც გავრცელდეს. ამ მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადია ტაჯიკეთი, რომელსაც კუხოს წევრებიდან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ავღანეთთან. რისკი იმისა, რომ ავღანეთში შექმნილმა ახალმა გარემოებამ ნეგატიური გავლენა მოახდინოს ტაჯიკეთზე, მაღალია, შესაბამისად, კუხოს გააქტიურებაც ავღანური საფრთხის შეკავებას ისახავს მიზნად.

 

პუტინი დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო პოტენციალის განვითარებას საფრთხედ აფასებს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 21 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინის სამხედრო პოტენციალის განვითარება მოსკოვისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

მოვლენა დეტალურად: ამის შესახებ პუტინმა „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის XVIII სხდომის პლენარულ სესიაზე ისაუბრა. „უკრაინა შესაძლოა ფორმალურად არ გაწევრიანდეს ნატოში, მაგრამ უკრაინაში სამხედრო პოტენციალის განვითარება უკვე მიმდინარეობს. ეს ნამდვილად უქმნის საფრთხეს რუსეთს. ჩვენ კარგად ვიცით ამის შესახებ. აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის კიევში ვიზიტი გზას უხსნის უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, განაცხადა პუტინმა. კრემლის პოზიციით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის „წითელი ხაზია“.

ოსტინმა უკრაინაში ვიზიტის დროს მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე რუსეთს ვეტოს დადების უფლება არ აქვს. ოსტინი, უკრაინის გარდა, საქართველოს და რუმინეთსაც ესტუმრა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 21 ოქტომბერს პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას ოსტინს აგრესიული რუსოფობიური ტონი დაუწუნა, რომელიც, მისი აზრით, კიევში „ომის პარტიის“ რევანშისტულ განწყობებს აქეზებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის დასავლეთთან, განსაკუთრებით, სამხედრო მიმართულებით, ინტეგრაცია „წითელი ხაზია“ და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მთავარ მუქარად არის შეფასებული. პუტინის მსგავსი განცხადებები უკრაინისა და დასავლეთის მიმართ ღია გზავნილებია, რომ უკრაინის ნატოსთან დაახლოებას და სამხედრო ალიანსში ინტეგრაციას მოსკოვი არ დაუშვებს.

 

პუტინი თავის უკრაინელ მეგობარს გამოექომაგა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 21 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში პრორუსი პოლიტიკოსის სამართლებრივი დევნა ბრალდებულის პოლიტიკურ პოზიციას დაუკავშირა.

მოვლენა დეტალურად: პუტინის განცხადებით, უკრაინის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი იდევნება მისი ღიად გამოხატული პოლიტიკური პოზიციისა და მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის მოწესრიგების მცდელობების გამო. ამის შესახებ მან „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის XVIII სხდომის პლენარულ სესიაზე ისაუბრა.

მედვედჩუკის შესახებ დასმულ კითხვას მან ასე უპასუხა: „რაც შეეხება მედვედჩუკს. ცდილობენ იგი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გაასამართლონ. რისთვის? მან საიდუმლო ინფორმაცია მოიპარა? საიდუმლოდ გადასცა იგი? არა.“

მედვედჩუკის საქმე

მედვედჩუკი პუტინთან დაახლოებული პირია. არსებული ინფორმაციით, მისი ქალიშვილის, დარიას, ნათლია პუტინია. იგი ხშირად ჩადიოდა რუსეთში და ხვდებოდა როგორც რუსეთის მაღალჩინოსნებს, ასევე პირადად პუტინს. 11 მაისს უკრაინის უშიშროების სამსახურმა მედვედჩუკის პარტიის ოფისსა და საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. მოგვიანებით კიევის სასამართლომ მედვედჩუკს შინაპატიმრობა მიუსაჯა. 12 ოქტომბერს მედვედჩუკს ახალი ბრალი წაუყენეს და შინაპატიმრობა 7 დეკემბრამდე გაუგრძელეს. მას რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული. მათ შორის ერთი დონბასის რეგიონში სეპარატისტული ძალების დაფინანსების სქემის შექმნას ეხება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მეგობარი და უკრაინაში ყველაზე პრორუსი პოლიტიკოსია, რომელსაც გარკვეული მხარდამჭერები ჰყავს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა დიდია. მედვედჩუკის დაკავებაზე რუსეთის პრეზიდენტის კომენტარი ამ საქმის მიმართ პუტინის მაღალ ინტერესზე მიუთითებს და უკრაინის ხელისუფლებისთვის გზავნილია, რომ ეს საქმე კრემლისთვის მეორეხარისხოვანი არ არის.

 

ახალი სამხედრო დოქტრინა სამოკავშირეო სახელმწიფოსთვის

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 20 ოქტომბერს რუსეთ-ბელარუსის მაღალი რანგის სამხედროებმა ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პრობლემები, სამოკავშირეო სახელმწიფოს წინაშე არსებული ახალი საფრთხეები და მათზე ერთობლივი რეაგირების საკითხები განიხილეს.

მოვლენა დეტალურად: სამხედროების შეხვედრა მოსკოვში ჩატარდა. შეხვედრას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც ესწრებოდა. შოიგუს განცხადებით, იზრდება ნატოს სამხედრო ბლოკის საქმიანობა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს საზღვრების სიახლოვეს, ვითარდება მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა, იქმნება შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და მატერიალური საშუალებების მარაგები, მუშავდება ჯარების გადასხმის ღონისძიებები.

შოიგუს თქმით, ნატოს სადაზვერვო და ტაქტიკური ავიაციის ფრენების რაოდენობა რუსეთის საზღვრისპირა რაიონებთან სამჯერ გაიზარდა. სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებთან ასევე ყოველწლიურად ტარდება 30-ზე მეტი სამხედრო წვრთნა, რომლის სცენარიც რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების ელემენტებს შეიცავს. მსგავს წვრთნებში სულ უფრო ხშირად მონაწილეობენ ქვეყნები, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან: საქართველო, უკრაინა, შვედეთი და ფინეთი.

შოიგუს განცხადებით, არსებულ ვითარებაში მოსკოვი და მინსკი იძულებული არიან საპასუხო ნაბიჯები გადადგან, მათ შორის, შეიმუშაონ სამოკავშირეო სახელმწიფოს ახალი სამხედრო დოქტრინა, რომელიც უკვე მზად არის. დოკუმენტის დამტკიცება სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლეს სახელმწიფო საბჭოს უახლოეს სხდომაზე იგეგმება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შიდა და საგარეო გამოწვევები რუსეთთან მეტი ინტეგრაციისკენ უბიძგებს, მათ შორის სამხედრო სფეროშიც. რუსეთისთვის ხელსაყრელი დროა, დასავლეთთან მწვავე დაპირისპირების პირობებში ლუკაშენკოს პოლიტიკური პრობლემები ბელარუსზე გავლენის გასაზრდელად და სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთის საზღვრის გასაძლიერებლად გამოიყენოს.

 

მოსკოვში სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე იმსჯელეს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 20 ოქტომბერს სამმხრივი თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა, სომხეთის ვიცე-პრემიერმა მგერ გრიგორიანმა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შახინ მუსტაფაევმა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის პერსპექტივები განიხილეს.

მოვლენა დეტალურად: 2021 წლის 11 იანვარს, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები მოსკოვში შეთანხმდნენ, რომ სამმხრივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა, რომელიც რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების აღდგენაზე იმუშავებდა. 20 ოქტომბერს სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მერვე სხდომა ჩატარდა. მალევე დაიგეგმა შემდგომი შეხვედრის ჩატარებაც.

შეხვედრის დეტალების შესახებ მწირი ინფორმაცია ვრცელდება. სომხეთში ეჭვობენ, რომ აზერბაიჯანის შეთავაზება სომხეთისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე მეტად სომხეთისთვის ახალ გეოპოლიტიკურ რისკებს შეიცავს. არსებული ინფორმაციით, მხარეები სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის მნიშვნელოვან ასპექტებზე ვერ თანხმდებიან. სომხურ მხარეს სატრანსპორტო კავშირების აღდგენის შედეგად წარმოქმნილი სამართლებრივი საკითხები ადარდებს. ვიცე-პრემიერ მგერ გრიგორიანის განცხადებით, კომუნიკაციების აღდგენა დსთ-ის ქვეყნების სამართლებრივი ბაზის ჩარჩოებში უნდა მოხდეს.

სომხეთში შიშობენ, რომ ბაქოს მიერ შეთავაზებული ვარიანტი აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო თუ საავტომობილო ხაზების აღდგენის შესახებ სომხეთისთვის საზიანოა და სომხეთის სატრანსპორტო იზოლაციას გამოიწვევს.

ტყვეების დაბრუნება

სამმხრივი შეხვედრის წინა დღეს, 19 ოქტომბერს, რუსული შუამავლობით აზერბაიჯანიდან სომხეთში 5 ტყვე დაბრუნდა. 2020 წლის დეკემბრიდან რუსეთის შუამავლობით სომხეთში სულ 105 ადამიანი დაბრუნდა, აზერბაიჯანში - 17.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 1990-იანი წლების შემდეგ შეწყვეტილი სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების აღდგენა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. რუსეთის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები შეთანხმების ამ პუნქტის დროულ შესრულებას ისახავს მიზნად, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე შეთანხმების ამ ნაწილის განხორციელებას სომხეთი აფერხებს, რომელიც კავშირების აღდგენის არსებულ გეგმაში თავისთვის ახალ გეოპოლიტიკურ რისკებს ხედავს.

 

ყაზახეთის პრეზიდენტი რუსული ენის შესწავლისკენ მოუწოდებს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 21 ოქტომბერს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ყაზახეთის ხალხთა ასამბლეის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე გამოსვლისას საზოგადოებას მოუწოდა შეისწავლონ სხვადასხვა ენა, მათ შორის - რუსულიც.

მოვლენა დეტალურად: ტოკაევის განცხადებით, ყაზახური სკოლის მოსწავლეები ინტეგრირებული უნდა იყვნენ ყაზახურ საზოგადოებაში, უნდა იყვნენ კონკურენტუნარიანები. ამისთვის კი მათ უნდა იცოდნენ სახელმწიფო ენა, თავისი მშობლიური ენა და სასურველია - რუსული ენაც.

ყაზახეთში სახელმწიფო ენის რეფორმა მიმდინარეობს. 2017 წლის გადაწყვეტილებით, 2025 წლისთვის ყაზახური ენა კირილიციდან ლათინურ ანბანზე უნდა გადავიდეს. ამ პერიოდისთვის ყველა გამოცემა, დოკუმენტი თუ ქუჩის ნიშნები ლათინურზე უნდა იყოს გადასული. თუმცა, ყაზახური ენის პოპულარიზაციისა და საკანონმდებლო სტიმულის მიუხედავად, რუსული ენის გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე კვლავ მაღალია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყაზახეთში ყაზახური ენის გამოყენების მხარდაჭერა მიზნად ისახავს ეროვნული იდენტობის განმტკიცებას და რუსული და საბჭოთა იმპერიული წარსულისგან დისტანცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ცხოვრებაში რუსული ენის გავლენის შემცირებას ცდილობენ, რუსეთთან ინტეგრაციის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ რუსული ენის გამოყენება უახლოეს წლებში კვლავ აქტუალური იქნება.

 

„რუსული ენის კვირეული“

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 25 ოქტომბერს „რუსული ენის კვირეულის“ პროექტი დისტანციურად გაიხსნა.

მოვლენა დეტალურად: პროექტის შესახებ 28 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ  ილაპარაკა. პროექტში, მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნის გარდა, მონაწილეობდა: ტაჯიკეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და მოლდოვა. პროექტი 29 ოქტომბერს დასრულდა.

პროექტის პროგრამა ითვალისწინებდა ლექციების, სემინარების, მრგვალი მაგიდების ჩატარებას უცხოეთში რუსული ენის შესწავლისა და რუსული კულტურის პოპულარიზაციის საკითხებზე. პროექტის მიზანია უცხოეთში რუსული ენის მხარდაჭერა და ენის გავრცელების საქმეში ხელშეწყობა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსული ენის პოპულარიზაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის „რბილის ძალის“ ინსტრუმენტია, რომელსაც მოსკოვი ბოლო პერიოდში უფრო ინტენსიურად იყენებს. პროექტისთვის შერჩეულ ქვეყნებში რუსული ენის გამოყენების ხარისხი მაღალია და მსგავსი ღონისძიებებიც ამ ქვეყნებში რუსეთის კულტურული გავლენის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

 

რუსეთი მოლდოვაში რუმინეთის არმიის ჯარისკაცების ძეგლის გახსნას აპროტესტებს

მთავარი მოვლენა: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26 ოქტომბერს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში რუმინეთის არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც ნაცისტური გერმანიის მხარდამხარ იბრძოდნენ, ძეგლი გაუხსნეს.

მოვლენა დეტალურად: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კიშინიოვის ცენტრში სამხედრო დიდებით გახსნეს მონუმენტი, რომელიც ნაცისტების მხარეს მებრძოლი რუმინეთის არმიის ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავყოფას ემსახურება. ღონისძიებას მოლდოვის მთავრობის მაღალჩინოსნებიც დაესწრნენ. საინფორმაციო დაფაზე ვკითხულობთ: „ეძღვნება რუმინეთის არმიის მიერ ბესარაბიისა (მოლდოვის სახელმწიფოს ისტორიული სახელი) და ჩრდილოეთ ბუკოვინის განთავისუფლების 80 წლის იუბილეს“. რუსეთის შეფასებით, საუბარია „1941 წელს რუმინელი და ფაშისტი ოკუპანტების მიერ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შემოჭრაზე“.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა გამარჯვების რაიმე ფორმით დაკნინებას  რუსეთი ისტორიის ფალსიფიკაციის მცდელობად აღიქვამს. კრემლში მიაჩნიათ, რომ ანტირუსული ძალები მსგავსი ქმედებებით ისტორიის გადაწერას და საერთო საბჭოთა წარსულზე უარის თქმას ცდილობენ.

 

მოლდოვა და „გაზპრომი“ კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 29 ოქტომბერს მოლდოვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სანქტ-პეტერბურგში მოლაპარაკების დროს მოლდოვის ხელისუფლება და რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ გაზის მიწოდების კონტრაქტის ხუთი წლის ვადით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

მოვლენა დეტალურად: მხარეები შეთანხმდნენ ფასის დაანგარიშების ფორმულაზე, „მოლდოვგაზის“ დავალიანების აუდიტსა და გადახდის გრაფიკის დასადგენად მოლაპარაკების გაგრძელებაზე. ახალი შეთანხმების ძალით ფასის დადგენა კვარტალურად მოხდება, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ნავთობსა და გაზზე არსებული ფასის გათვალისწინებით. ახალი კონტრაქტის ფარგლებში მოლდოვა გაზს 1 ნოემბრისთვის მიიღებს. „გაზპრომის“ განცხადებით, შეთანხმება „ორმხრივად სასარგებლო პირობებით“ მოხდა.

რა მოხდა მანამდე

ოქტომბრის დასაწყისში „მოლდოვგაზმა“ განაცხადა, რომ უფრო მეტ გაზს მოიხმარდნენ, ვიდრე რუსეთისგან იღებდნენ. შესაბამისად, მოსახლეობას ეკონომიურობისკენ მოუწოდეს. მალევე ქვეყნის პარლამენტმა ენერგოკრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 1 ოქტომბერს „გაზპრომმა“ კონტრაქტი ერთი თვით გაახანგრძლივა, რომლის საფუძველზეც მოლდოვისთვის გაზის ფასი 1000 კუბური მეტრისთვის 550 აშშ დოლარიდან 790 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, მოსკოვი ხელსაყრელი ფასის სანაცვლოდ მოლდოვას ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას და ენერგოსფეროში დადებული შეთანხმებების შეჩერებას სთხოვდა. ფორსმაჟორულ ვითარებაში მოლდოვამ გაზი პოლონური, შვეიცარიული და ნიდერლანდური კომპანიებისგანაც შეისყიდა.

მოლდოვაში ენერგოკრიზისი ევროპაში გაზის კრიზისის პარალელურად მიმდინარეობდა, სადაც გაზზე ფასი უპრეცედენტოდ გაიზარდა. ევროპაში კრიზისის ხელოვნურად შექმნაში რუსეთს ადანაშაულებდნენ, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ დროული ამოქმედების მიზნით ევროპაზე ზეწოლას ახორციელებდა.

მთავარი მოვლენა: მოლდოვაში გაზის კრიზისმა აჩვენა, რომ ენერგორესურსები რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ ინსტრუმენტად კვლავ რჩება, რომელსაც მოსკოვი რუსული გაზის იმპორტიორი ქვეყნების, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მთავრობებზე ზეწოლისა და მათი საგარეო პოლიტიკის შეცვლის მიზნით პერიოდულად იყენებს.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.