X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 106, 1 - 7 ნოემბერი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 1-7 ნოემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 3 და დაიჭრა  4 უკრაინელი სამხედრო.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 3 ნოემბრის შეფასებით, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს კვლავაც რჩება 90 000 რუსი სამხედრო. ორგანიზაცია Janes-ის ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთის არმიის გადაადგილებები უკრაინის გარშემო, „რუსეთის სახმელეთო ძალებისთვის არარეგულარული ხასიათისაა“.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის განცხადებით, ახალი, S-350 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მალე გადაეცემა ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) განლაგებულ რუსულ დანაყოფებს.

ომი სირიაში - 6 ნოემბერს, რუსეთის საჰაერო ძალებმა იერიშები განახორციელეს სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს 3 ნოემბრის განცხადებით, დანიისა და პორტუგალიის გამანადგურებლებმა, რომლებიც NATO-ს მისიის ფარგლებში ლიეტუვაში არიან განლაგებულნი, 18 და 29 ოქტომბერს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები გადაიჭირეს ბალტიის ზღვის თავზე.

ჩრდილოეთის ფლოტის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ვიცე-ადმირალ კულაკოვი“, რომელიც 23 სექტემბრიდან ხმელთაშუა ზღვიდან შესვლის შემდგომ, ატლანტის ოკეანეში ოპერირებს, გვინეის ყურეში შეჩერების შემდგომ, 5 ნოემბერს დაბრუნდა კაბო-ვერდეს დედაქალაქ პრაიაში. აღსანიშნავია დამთხვევაც - ასევე 5 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 224-ე საჰაერო დანაყოფის კუთვნილმა An-140-100 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავმა განახორციელა ფრენა კუბადან კაბო-ვერდეში.

რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული ფრენა

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

ბალტიის ფლოტის მე-11 საარმიო კორპუსს (შტაბ-ბინა გუსევში, კალინინგრადის ოლქი) გადაეცა T-72B3M ტიპის ტანკების პარტია.

36-ე არმიის (შტაბ-ბინა ულან-უდეში, ბურიატეთი) სადაზვერვო დანაყოფებს გადაეცათ AK-12 ტიპის საიერიშო შაშხანები.

 

სწავლებები*

ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) განლაგებულმა რუსულმა Bastion-P და Bal ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით აღჭურვილმა დანაყოფებმა სწავლება გამართეს. ყირიმში ასევე ჩატარდა უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) საწინააღმდეგო წვრთნა.

 

შეიარაღების ექსპორტი

გავრცელებული ცნობით, 2021 წელს, რუსეთმა ყაზახეთსა და უზბეკეთს სხვადასხვა ოდენობით მიაწოდა Su-30SM ტიპის გამანადგურებლები, Mi-35M ტიპის შვეულმფრენები, Buk-M2E ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, BTR-80 და BTR-82A ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, Typhoon-K ტიპის ჯავშანმანქანები, Orlan-10E ტიპის უსა-ები და ცეცხლსასროლი შეიაღება.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.