X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 108, 15 - 21 ნოემბერი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

რუსეთი კვლავ ინარჩუნებს საკუთარი ჯარების ფართო კონცენტრაციას უკრაინის საზღვრის სიახლოვეს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის თანახმად, მოსკოვი შესაძლოა ემზადება უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დასაწყებად 2022 წლის იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისისთვის. აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოები ასევე აღნიშნავენ „რუსეთის სამხედროებისა და საარტილერიო დანაყოფების თავმოყრას, უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებიდან სწრაფი, ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის მოსამზადებლად, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდასხმას გადაწყვეტს.“ აშშ-ს დაზვერვის თანახმადაც, ოპერაციის დაწყების სავარაუდო დრო 2022 წლის დასაწყისია და ამისთვის რუსი სამხედროების მიერ ბელარუსის ტერიტორიაც იქნება გამოყენებული. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, მათ ჯერ არ იციან, რუსები დანამდვილებით შეუტევენ უკრაინას თუ არა.

Military Times-დან: „უკრაინელი სამხედროების შეფასება, როგორ განვითარდება რუსეთის პოტენციური თავდასხმა, ასახავს რუსული ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფებით  ანუ ბტჯ-ებით ალყაშემორტყმულ ქვეყანას“

ომი უკრაინაში - 15-21 ნოემბრის კვირაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დონბასის ფრონტზე, დაიღუპა 1 და დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო.

ომი სირიაში - 15 და 17 ნოემბერს, რუსეთის საჰაერო ძალებმა, იერიშები მიიტანა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. აღმოსავლეთ სირიაში, გავრცელებული ცნობით, რუსულმა ძალებმა გააფართოეს გეოგრაფიული არეალი, სადაც პატრულს ახორციელებენ, რითაც მიუახლოვდნენ აშშ-ს ძალებს ქვეყნის ხსენებულ რეგიონში.

რუსული მედიის ცნობით, სირიაში რუსეთის საჰაერო ძალები ამზადებენ ასადის რეჟიმის MiG-29 ტიპის გამანადგურებლების პილოტებს საჰაერო ორთაბრძოლებისთვის.

19 ნოემბერს, სამხრეთ კორეამ განგაშის საფუძველზე ჰაერში აწია საკუთარი თვითმფრინავები, 7 რუსული და 2 ჩინური სამხედრო თვითმფრინავის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაპირთან, საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შესვლის საპასუხოდ. რუსული თვითმფრინავებიდან 2 იყო Tu-95MS  ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი, ასევე სტრატეგიული ბომბდამშენის ტიპის თვითმფრინავი იყო ორივე ჩინური საფრენი აპარატი. ინციდენტს ადგილი ჰქონდა ერთობლივი რუსულ-ჩინური საჰაერო პატრულირებისას რომელსაც ხსენებული ქვეყნები ახორციელებდნენ იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების თავზე.

ჩრდილოეთის ფლოტის უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანმა „ვიცე-ადმირალ კულაკოვ-მა“, რომელიც 23 სექტემბრიდან ატლანტის ოკეანეში იმყოფებოდა, დასავლეთ აფრიკის ნაპირებთან ოპერირების შემდგომ,  ლა-მანშის სრუტის გავლით, 19 ნოემბერს ჩრდილოეთის ზღვას მიაღწია.

კულაკოვი და მისი მხარდამჭერი გემები

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

Strela-10M3 ტიპის ახლო მოქმედების მიწა-ჰაერი კლასის სარაკეტო სისტემებისთვის ახალი 9M333 ტიპის რაკეტების პირველი პარტია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა.

 

კოსმოსი

15 ნოემბერს, რუსეთმა Nudol-ის ტიპის თანამგზავრების საწინააღმდეგო (ანტი-სატელიტური) სარაკეტო სისტემის სატესტო სროლა განახორციელა, რომლითაც ორბიტაზე არსებული მოძველებეული და უმოქმედო რუსული თანამგზავრი გაანადგურა. რაკეტა გაისროლეს პლესეცკის კოსმოდრომიდან, რომელიც არხანგელსკის ოლქში მდებარეობს.
 

სწავლებები*

სპეციალური ოპერაციების ძალების ოდკბ-ს ერთობლივი სწავლება ჩატარდა ტაჯიკეთში. მასში მონაწილეობა მიიღეს სპეციალური ოპერაციების ძალებმა და სადაზვერვო დანაყოფებმა რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქიდან, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სამხედროებთან ერთად.

რუსეთისა და ალჟირის საზღვაო ძალებმა ერთობლივი სწავლება ჩაატარეს სამხრეთ-დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. რუსეთის საზღვაო ძალები წარმოდგენილი იყო შავი ზღვის ფლოტის ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის (პროექტი 11356P/M) სარაკეტო ფრეგატ „ადმირალ გრიგოროვიჩითა“ და „პროექტი 22160“ კლასის  საპატრულო გემით „დმიტრი როგაჩევი“.

 

შეიარაღების ექსპორტი

გავრცელებული ცნობით, რუსეთმა ვიეტნამს მიაწოდა Yak-130 ტიპის საწვრთნელი და მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავების პარტია 6 ერთეულის ოდენობით.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.