X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 44

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 16-30 ნოემბერი, 2021

 

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

  • რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს სოჭში უმასპინძლა. რაზე შეთანხმდნენ მხარეები?
  • ოკუპირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიად ბელარუსის პრეზიდენტმაც აღიარა.
  • რუსეთის პრეზიდენტმა დონბასისთვის ჰუმანიტარული დახმარების განკარგულება გასცა.
  • რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დაძაბულობა იზრდება.
  • რუსეთის პრეზიდენტმა უზბეკეთის ლიდერს მოსკოვში უმასპინძლა.
  • რუსეთი და ტაჯიკეთი ახალი რუსულენოვანი სკოლების მშენებლობაზე შეთანხმდნენ.
  • რუსეთმა ყაზახეთში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დააჯილდოვა.
  • მოლდოვამ რუსეთის მუქარის შემდეგ გაზის საფასური გადაიხადა.
  • „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს სოჭში უმასპინძლა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 26 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს უმასპინძლა. მხარეებმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს.

მოვლენა დეტალურად: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შუამავლობით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა სამი საათი გაგრძელდა. წელს ეს უკვე მეორე ასეთი შეხვედრა იყო. პირველი მოსკოვში იანვარში გაიმართა.

შეხვედრა სოჭში. წყარო: kremlin.ru

რაზე შეთანხმდნენ?

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს. განხილვის ძირითადი თემა იყო მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა სახის სამხედრო მოქმედების შეწყვეტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადებისა და რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის აღდგენის 2021 წლის 11 იანვრის განცხადების შესრულების საკითხი.

მხარეები შეთანხმდნენ ორი ქვეყნის საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდას შეუწყონ ხელი და იმუშაონ საზღვრების დელიმიტაციასა და დემარკაციაზე, რაშიც მათ რუსეთიც დაეხმარება. მხარეები ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების, საავტომობილო და სარკინიგზო ხაზების აღდგენისთვის ერთობლივი მუშაობის გაძლიერებაზეც შეთანხმდნენ და განსაკუთრებით  გაუსვეს ხაზი კონკრეტული პროექტების სწრაფად ამოქმედებას რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების მიზნით.

მხარეებმა საგანგებო მადლობა გადაუხადეს რუს სამშვიდობოებს, რომლებიც რეგიონში 2020 წლის 10 ნოემბრიდან  არიან. რუსეთმა, თავის მხრივ, ყველა საჭირო დახმარების გაწევის პირობა დადო დიდი ხნის მტრებს შორის ნორმალური ურთიერთობებისა და ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებისთვის. ლიდერთა შეხვედრას მალევე უნდა მოჰყვეს ქვეყნის ვიცე-პრემიერების შეხვედრა.

პუტინი სოჭში ალიევსა და ფაშინიანს ორმხრივ ფორმატშიც შეხვდა.

პოლიტიკური კონტექსტი

სოჭში შეხვედრამდე ვითარება დაიძაბა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, რასაც 44-დღიანი ომის დასრულების შემდეგ ორივე მხრიდან ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანი ცდილობს საბჭოთა დროინდელი საზღვრების დადგენას, რაც ხშირად სამხედრო დაპირისპირების სახეს იღებს და რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს. ამავე დროს, აზერბაიჯანი ცდილობს 11 იანვრის შეთანხმების რეალიზაციის დაჩქარებას, რაც აზერბაიჯანის ნახიჩევანთან და თურქეთთან სახმელეთო კავშირების აღდგენას ითვალისწინებს. სომხეთი, თავის მხრივ, უფრო თავდაცვით პოზიციაშია და აზერბაიჯანელების მცდელობას სომხური სუვერენიტეტის დარღვევის მცდელობად მიიჩნევს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების წელს უკვე მეორე მსგავსი შეხვედრა პოსტკონფლიქტურ გარემოში რუსეთის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მიუხედავად იმისა, რომ სასაზღვრო ინციდენტები პერიოდულად ხდება და ჯერ არც ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები აღდგა, ჩანს რომ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

 

ყირიმს რუსეთის ტერიტორიად ბელარუსის პრეზიდენტიც აღიარებს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 30 ნოემბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსული საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს გენდირექტორ დიმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2014 წლის რეფერენდუმის შემდეგ ყირიმი გახდა რუსული, როგორც დე ფაქტო, ისე დე იურე.

მოვლენა დეტალურად: ლუკაშენკომ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტს შეუთანხმდა და ორივე ერთად ესტუმრებიან ყირიმს. მისი თქმით, ყირიმში მისი ვიზიტი ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას ნიშნავს. ამ საკითხზე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარების ტოლფასი განცხადება არასდროს გაუკეთებია, თუმცა ამბობდა, რომ ნახევარკუნძულზე, ფაქტობრივად, რუსები არიან.

ლუკაშენკომდე მსგავსი განცხადება 19 ნოემბერს გააკეთა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ. მან თქვა, რომ „ბელარუსის პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით ისეთივე რჩება, როგორიც იყო. ჩვენ გვესმის, რომ ყირიმი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაა. მოდი, გამოვიდეთ აქედან“.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2014 წლის მარტში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ბელარუსის პოზიცია ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დე იურე აღიარების შესახებ არ იყო ცალსახა და ყოველთვის ორაზროვან გზავნილებს შეიცავდა. რუსეთის მხრიდან ლუკაშენკოზე გაზრდილი წნეხის პირობებში, როგორც ჩანს, მინსკს ყირიმის ანექსიის ფორმალურად აღიარებაც მოუწევს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის: ყირიმის ანექსიის აღიარების შემთხვევაში, მაღალია ალბათობა, რომ მინსკი რუსულ ზეწოლას ვეღარ გაუძლებს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობასაც აღიარებს.

 

რუსეთი სეპარატისტულ დონბასს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 6 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას „უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თაობაზე“.

მოვლენა დეტალურად: პუტინის ბრძანებით,  დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებში წარმოებული პროდუქციის შესყიდვა, რუსეთში წარმოებული პროდუქციის მსგავსად, დასაშვები იქნება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დროს. გარდა ამისა, სეპარატისტულ რესპუბლიკებთან ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებზე არსებული შეზღუდვები მოიხსნება. გადაწყვეტილების მიღების მიზანი „ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა“.

რუსეთის მთავრობამ ერთი თვის ვადაში უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის აღიარება უნდა უზრუნველყოს. მთავრობამ სეპარატისტული რეგიონების წარმოებული საქონლის რუსეთში გადაადგილებისთვის საზღვარზე (იგულისხმება რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარი, რომელსაც უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს) სპეციალური გამშვები პუნქტების სია უნდა განსაზღვროს. საქონლის ექსპორტ-იმპორტზე შეზღუდვები არ იქნება დაწესებული.

პუტინის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ჰუმანიტარული დახმარების მხრივ, განსაკუთრებით კოვიდის გამო შექმნილ ვითარებაში, რუსეთი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია“.

ფინანსური სამკუთხედი

2004 წლის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებულ სეპარატისტულ მოძრაობას რუსეთმა დაუჭირა მხარი. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი სეპარატისტების დახმარებას უარყოფს, მისი ამ კონფლიქტში მონაწილეობა უკრაინასა და დასავლეთში სადავოდ არ მიაჩნიათ. რუსეთი, დამატებითი სანქციების თავიდან აცილების მიზნით, ფორმალურად მაინც თავს არიდებდა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონებთან ეკონომიკურ კავშირებს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთსა და დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონებთან ეკონომიკურ ურთიერთობაში შუამავლის როლს ცხინვალის რეგიონიც ასრულებს, სადაც სპეციალურად დარეგისტრირდა „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“, ასევე რეგისტრაცია გაიარა არაერთმა კომპანიამ, რომლებიც მხოლოდ დონეცკსა და ლუგანსკთან ვაჭრობაში არიან ჩართული. ცხინვალის რეგიონი ამ დანაშაულებრივ ფინანსურ სქემაში ფულის გამტარის როლს ასრულებს და ამით გადასახადების სახით შემოსავალსაც იღებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დასავლეთსა და უკრაინასთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ღია მხარდაჭერა კრემლის მხრიდან გზავნილია, რომ იგი სეპარატისტული რეგიონების მთავარ მხარდამჭერად რჩება და მათი დაცვა რუსეთის პოლიტიკის პრიორიტეტია.

 

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დაძაბულობა იზრდება

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 26 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას შედეგი მოჰყვებოდა.

მოვლენა დეტალურად: რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიძაბა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საზღვართან 90 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის კონცენტრაცია შეინიშნებოდა. დასავლეთში რუსეთის სამხედროების გადაადგილება უკრაინაზე შესაძლო აგრესიის წინაპირობად შეაფასეს. წელს ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა უკრაინის სიახლოვეს დიდი რაოდენობით სამხედროები განათავსა.

26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ემზადება რუსეთის მხრიდან ნებისმიერი ესკალაციისთვის. მან ასევე თქვა, რომ  რუსი და უკრაინელი დაუდგენელი პირები 1 დეკემბრისთვის მისი მთავრობის დამხობას გეგმავდნენ.

დასავლეთის გაფრთხილების ფონზე, 29 ნოემბერს ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდება. მინისტრს არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, თუმცა ახსენა, რომ ეს არის მათი მხრიდან მოსაზღვრე ქვეყნებში სამხედრო ძალების კონცენტრაციაზე პასუხი. რუსეთ-ბელარუსის სამხედრო აქტიურობის პასუხად, ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების მუდმივი ყოფნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რუსი სამხედროების გააქტიურებას დასავლეთში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების წინაპირობად აფასებენ. ამიტომაც, დასავლეთი მსგავსი განცხადებებისა და მოკავშირე ქვეყნების სამხედრო და პოლიტიკური დახმარების გზით, ახალი რუსული აგრესიის შეკავებას ცდილობს.

 

რუსეთის პრეზიდენტმა უზბეკეთის ლიდერს უმასპინძლა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 19 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიევს მოსკოვში უმასპინძლა.

პრეზიდენტების შეხვედრა. წყარო: kremlin.ru

მოვლენა დეტალურად: მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს, მათ შორის სავაჭრო-საინვესტიციო და ჰუმანიტარულ სფეროებში. ასევე განიხილეს საერთაშორისო გამოწვევები, მათ შორის უზბეკეთის მეზობელ ავღანეთში არსებული ვითარება. შეხვედრის ფორმატში ხელი მოეწერა ორმხრივი დოკუმენტების პაკეტს. ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე მიიღო ერთობლივი განცხადება საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

საპრეზიდენტო არჩევნებში (ჩატარდა 2021 წლის 24 ოქტომბერს) მეორე ვადით არჩევის შემდეგ ეს მირზიევის პირველი ვიზიტია მოსკოვში. უზბეკეთის პრეზიდენტი, მისი წინამორბედი ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, რუსეთისგან დისტანცირებას არ ცდილობს. მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში მოსკოვთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. უზბეკეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლის სტატუსი მიიღო, თუმცა მირზიევი პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანებს ჯერ არ ჩქარებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი მოსკოვში ტაშკენტის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე მიუთითებს, რაც რუსეთთან პარტნიორობის განვითარებას ისახავს მიზნად. რუსეთი, თავის მხრივ, უზბეკეთს ღირებულ პარტნიორად მიიჩნევს, რომელიც ცენტრალური აზიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების გარემოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

 

რუსეთი და ტაჯიკეთი ახალი სკოლების მშენებლობაზე შეთანხმდნენ

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 30 ნოემბერს რუსეთმა და ტაჯიკეთმა ტაჯიკეთის ხუთ დიდ ქალაქში ახალი ხუთი რუსულენოვანი სკოლის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მოვლენა დეტალურად: შეთანხმება ახალი ხუთი სკოლის შექმნასა და ფუნქციონირების პირობებს განსაზღვრავს. სკოლები გაიხსნება დუშანბეში, კულობში, ხოჯენდში, ბოხტარსა და ტურსუნზადეში. მოსწავლეები განათლებას რუსულ ენაზე რუსული სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად მიიღებენ. მასწავლებლები რუსეთიდანაც იქნებიან. პედაგოგების ანაზღაურებას და კვალიფიკაციის ამაღლებას რუსეთი დააფინანსებს.

რუსული სკოლების მშენებლობის შესახებ შეთანხმებას 2019 წლის აპრილში მოსკოვში ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერეს ხელი. ადრე სკოლები ტაჯიკეთში, ძირითადად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შენდებოდა, თუმცა 2019 წელს საერთაშორისო დახმარება შეწყდა. რუსეთი სხვადასხვა ფორმით ათ წელზე მეტია ეხმარება ტაჯიკეთს საგანმანათლებლო სფეროში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტაჯიკეთში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა (1979 წელს - 395 000, 2010 წელს - 35 000), თუმცა რუსულენოვან სასწავლებლებზე მოთხოვნა იზრდება როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში.

ტაჯიკეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა, სადაც უმუშევრობის მაღალი დონე და დაბალი ხელფასებია. რუსეთში ასეულ ათასობით ტაჯიკი მიგრანტი ცხოვრობს. მათი ფულადი გზავნილები 2.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ტაჯიკეთის სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. ტაჯიკები რუსულენოვან სკოლებში უკეთესი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას ხედავენ, რაც მათ რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლისა და ღირსეული დასაქმების პერსპექტივას აძლევს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ტაჯიკეთისთვის: ტაჯიკეთის მიერ რუსულენოვანი განათლების მხარდაჭერა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებით არის განპირობებული, რადგან მოსკოვი ტაჯიკეთის სოციალურ-ეკონომიკური-პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტორია. 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: რუსეთი რუსულ ენას „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვან ბერკეტად განიხილება. იმ ფონზე, როდესაც ბოლო ათწლეულებში ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში რუსული ენა ნელ-ნელა კარგავს პოზიციებს, რუსეთისთვის ეს პოზიტიური სიგნალია, რომ ცენტრალურ აზიაში რუსული ენა და კულტურა კვლავ მიმზიდველია.

 

რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დააჯილდოვა

მთავარი მოვლენა: ყაზახეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მატერიალურად დაეხმარნენ.

მოვლენა დეტალურად: შემოდგომაზე ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ხელისუფლების მხარდაჭერით, რუსეთის საელჩოს აქციის ფარგლებში ომის ვეტერანებს ფულით, მედიკამენტებით, ორგტექნიკისა და კვების პროდუქტებით დაეხმარნენ. დახმარების ადრესატებიდან 200-ზე მეტი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო. მატერიალური დახმარება მიიღეს ვეტერანთა ორგანიზაციებმაც. აქცია ჩატარდა დედაქალაქ ნურ-სულთანსა და სხვა დიდ ქალაქებშიც.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსულ პროპაგანდაში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. პუტინის მმართველობის პერიოდში ომში გამარჯვების აღნიშვნა კრემლის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად გადაიქცა, რომელსაც მოსკოვი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იყენებს. ვეტერანების დახმარებაც ამ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც საზოგადოებრივი განწყობების რუსეთის სასარგებლოდ შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

 

მოლდოვა-რუსეთის გაზის დაპირისპირება გრძელდება

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 22 ნოემბერს რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ მოლდოვას 48 საათში გაზის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.

მოვლენა დეტალურად: შემოდგომაზე მოლდოვაში ენერგოკრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გაზის ახალ ფასზე ვერშეთანხმებისა და არსებული დავალიანების გამო მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ, 29 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგში მოლაპარაკების შედეგად მოლდოვის ხელისუფლება და „გაზპრომი“ გაზის მიწოდების კონტრაქტის ხუთი წლის ვადით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. არსებული ინფორმაციით, მოსკოვი ხელსაყრელი ფასის სანაცვლოდ მოლდოვას ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას და ენერგოსფეროში დადებული შეთანხმებების შეჩერებას სთხოვდა. ფორსმაჟორულ ვითარებაში მოლდოვამ გაზი პოლონური, შვეიცარიული და ნიდერლანდური კომპანიებისგანაც კი შეისყიდა.

ახალი კონტრაქტის პირობებში „გაზპრომმა“ მოლდოვისგან მიმდინარე დავალიანების (73.5 მლნ აშშ დოლარი) სასწრაფოდ გადახდა მოითხოვა. საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, მოლდოვის პარლამენტს ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცება მოუწია, რის შედეგადაც სახელმწიფო ენერგოკომპანიამ „გაზპრომის“ ვალი დაფარა. რუსული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, „მოლდოვამ მიმდინარე გადასახდელი გადაიხადა. „გაზპრომმა“ კეთილი ნება გამოიჩინა და ვალის გადახდის თარიღი გადაავადა, მიუხედავად იმისა, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის ყველა საფუძველი ჰქონდა“.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მოლდოვა-რუსეთის ურთიერთობაში გაზის მიწოდების საკითხი საკვანძო თემად რჩება. მოლდოვა უახლოეს პერსპექტივაში რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ვერ შეამცირებს, შესაბამისად, რუსეთი მოლდოვაზე გავლენის ბერკეტებს შეინარჩუნებს.

 

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 22 ნოემბერს აშშ-მ „ჩრდილოეთ ნაკადი-2-თან“ დაკავშირებულ კომპანიებს ახალი სანქციები დაუწესა.

მოვლენა დეტალურად: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ახალი სანქციები შეესაბამება „2019 წლის ევროპის ენერგოუსაფრთხოების დაცვის აქტს“, რომელიც რუსული გაზსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ახალი სანქციები რვა ადამიანსა და მათთან დაკავშირებულ 17 ხომალდს შეეხება.

ამავე დროს 16 ნოემბერს გერმანიამ შვეიცარიაში დაფუძნებულ კომპანიას „Nord Stream 2 AG“-ს, რომელიც „გაზპრომის“ შვილობილია, სერტიფიცირების პროცესი შეუჩერა. გერმანული მარეგულირებლის განცხადებით, მილსადენის ოპერატორის სერტიფიცირება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, თუ ოპერატორის სამართლებრივი ფორმა შეესაბამება გერმანულ კანონმდებლობას.

დასრულდა თუ არა მშენებლობა?

მილსადენის ოპერატორმა კომპანიამ 6 სექტემბერს განაცხადა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის მშენებლობის დასრულების შესახებ, 4 ოქტომბერს კი - მილსადენის გაზით შევსების დაწყების შესახებ.

პროექტის შესახებ

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენი რუსეთს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ გერმანიას დაუკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ამოქმედების შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ 55 მლრდ კუბურ მეტრს გაატარებს, რაც 26 მლნ ევროპული ოჯახისთვის იქნება საკმარისი. პროექტის განხორციელების შედეგად უკრაინა, სატრანზიტო გადასახადის სახით, წლიურად 2 მლრდ აშშ დოლარს დაკარგავს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ახალი სანქციებისა და სერტიფიცირების პროცესის შეჩერების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკვე დასრულებული მილსადენის ამოქმედება დიდი ხნით გაჭიანურდეს. აშშ-სა და გერმანიის გადაწყვეტილებები უფრო რუსეთის ანტიუკრაინულ პოლიტიკაზე რეაქციის მანიშნებელია, რომელსაც მოკლევადიანი ეფექტი ექნება.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.