X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 113, 20 - 26 დეკემბერი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

სხვადასხვა წყაროს მიერ გრძელდება ინფორმაციის გავრცელება უკრაინის სიახლოვეს რუსული სამხედრო ტექნიკის მიმდინარე თავმოყრის შესახებ. რუსეთის განცხადებები ხსენებული არეალიდან 10 000 სამხედროს გაყვანის თაობაზე უკავშირდება სამხრეთის სამხედრო ოლქის წვრთნების დასრულებას და არ ეხება უკრაინის გარშემო განლაგებულ ფართომასშტაბიან კონტიგენტს, რომლის გაზრდაც გრძელდება. გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, რუსეთმა დამატებით დაიწყო დაქირავებული მებრძოლების გადასროლა დონბასის ოკუპირებულ ნაწილში. ერთ-ერთი დაქირავებული მებრძოლის განცხადებით, „ისინი აგროვებენ ყველას, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს.“

ომი უკრაინაში - 20-26 დეკემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, 4 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა.

ომი სირიაში - 25-26 დეკემბერს, რუსეთის საჰაერო ძალებმა იერიშები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

რუსეთი სუბსაჰარულ აფრიკაში - დასავლეთის ქვეყნების ჯგუფის განცხადებით, დაქირავებული რუსი მებრძოლები გაგზავნეს მალიში. სავარაუდოდ აღნიშნულ შემთხვევას უკავშირდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 223-ე საჰაერო დანაყოფის (ჩკალოვსკის საჰაერო ბაზა, მოსკოვის ოლქი) კუთვნილი Tu-154 ტიპის თვითმფრინავის ფრენა, სირიისა და ლიბიის გავლით მალისკენ, რომლის შესახებაც ინფორმაცია 20 დეკემბერს გავრცელდა.

ხსენებული ფრენა მოსკოვიდან ბამაკოსკენ (მალი)

 

სტრუქტურული ცვლილებები

ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის განცხადებით, Pantsir-S ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით აღჭურვილი, ახალი საჰაერო თავდაცვის პოლკი ჩამოყალიბდება 2022 წელს ხაკასეთის რესპუბლიკაში.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

1-ელი საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის არმიის (შტაბ-ბინა ბალაშიხაში, მოსკოვის ოლქი) მე-4 საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა დოლგოპრუდნიში, მოსკოვის ოლქი) 210-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკს (დუბროვკი, მოსკოვის ოლქი) S-400 ტიპის მიწა-ჰაერი კლასის სარაკეტო სისტემების პარტია გადაეცა, იმ სისტემების ჩასანაცვლებლად, რომელიც პოლკის შეიარაღებაზე ირიცხებოდა და ცოტა ხნის წინ დატოვებულ იქნა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ბაზაზე გროდნოში (ბელარუსი).

„იასენ-მ“ კლასის (პროექტი 885M) ატომური წყალქვეშა ნავი „ნოვოსიბირსკი“ და „ბორეი-ა“ კლასის (პროექტი 955A) ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი „კნიაზ ოლეგიშეუერთდა რუსეთის საზღვაო ძალებს. გეგმის თანახმად, ისინი დაექვემდებარება წყნარი ოკეანის ფლოტს.

36-ე არმიის (შტაბ-ბინა ულან-უდეში, ბურიატეთი) 37-ე მექანიზებული ბრიგადის (კიახტა, ბურიატეთი) ორ საჰაერო თავდაცვის ბატალიონს 9K333 Verba ტიპის ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები (მანპადი) გადაეცა.

29-ე არმია (შტაბ-ბინა ჩიტაში, იმიერბაიკალეთის მხარე) გადაიარაღდა Pecheneg-ის ტიპის ტყვიამფრქვევით. 29-ე არმიის 36-ე მექანიზებული ბრიგადამ (ბორზია, იმიერბაიკალეთის მხარე) დაასრულა გადაიარაღება AK-12 ტიპის საიერიშო შაშხანებით.

Pecheneg

 

სწავლებები*

რუსეთის სადესანტო-მოიერიშე ძალებმა სწავლება ჩაატარეს ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა). ასევე გაიმართა სწავლება, რომელიც მოიცავდა კრასნოდარის მხარეში (მე-3 გამანადგურებელთა პოლკი, კრიმსკის საჰაერო ბაზა) განლაგებული რუსული Su-27SM3 და Su-30M2 ტიპის გამანადგურებლების ყირიმში გადასროლას.

 

შეიარაღების ექსპორტი

ინდონეზიამ უარი თქვა გეგმებზე, რომლის მიხედვითაც 11 ერთეული რუსული Su-35 ტიპის გამანადგურებელი უნდა შეეძინა.

რუსეთმა სერბეთს მიაწოდა Kornet-ის ტიპის ხელით გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების პარტია.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.