X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 114, 27 დეკემბერი - 2 იანვარი 2022

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

რუსეთი ინარჩუნებს უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ყირიმში მობილიზებულ სამხედრო ძალებსა და ტექნიკას. შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ძალებისა და აღჭურვილობის თავმოყრის პროცესი, ასევე უკრაინის საზღვართან მუდმივად ბაზირებული რუსული სამანევრო დანაყოფების დისლოკაციის ადგილები ინტერაქტიულ რუკაზე.

სტატიკური სურათი ინტერაქტიული რუკიდან, რომელზეც ასახულია უკრაინის სიახლოვესა და ყირიმში თავმოყრილი რუსული ძალები

29 დეკემბრის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მიაღწია შეთანხმებას 2022 წლის თებერვალსა ან მარტში ერთობლივი სამხედრო სწავლების ჩატარების შესახებ. აღნიშნული პროცესი შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს რუსული სამხედრო ძალებისა და ტექნიკის უკრაინის სიახლოვეს მიმდინარე თავმოყრის კონტექსტში.

ომი უკრაინაში - 2021 წლის 27 დეკემბრის-2022 წლის 2 იანვრის კვირაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დონბასის ფრონტზე, დაიღუპა 1 და დაიჭრა 3 უკრაინელი სამხედრო.

ომი სირიაში - რუსეთის საჰაერო ძალებმა 2021 წლის 27 და 30 დეკემბერსა და 2022 წლის 1-2 იანვარს, საჰაერო იერიშები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

29 დეკემბერს რუსეთისა და ბელარუსის გამანადგურებლებმა ბელარუსის საზღვარზე ერთობლივი პატრულირება განახორციელეს.

წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანმა, „სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერმა „ვარიაგმა“ და „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანმა „ადმირალ ტრიბუცმა“, დატოვეს ვლადივოსტოკი 2021 წლის 29 დეკემბერს შორეული ექსპედიციისთვის. ორი საბრძოლო გემის დანიშნულების ადგილებს შორის სეიშელის კუნძულებიცაა.

 

სტრუქტურული ცვლილებები

29 დეკემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა ოფიციალურად დაადასტურა 56-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის  (ფეოდოსია, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) ჩამოყალიბება. პოლკი შეიქმნა 56-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ბაზაზე და გადასროლილ იქნა ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კამიშინიდან ყირიმში. პოლკი დაექვემდებარა მე-7 სადესანტო-მოიერიშე (სამთო) დივიზიას (შტაბ-ბინა ნოვოროსიისკში, კრასნოდარის მხარე).

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.