X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 46

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 16-31 დეკემბერი, 2021

 

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

  • რუსეთში 2021 წლის ძირითადი საგარეო-პოლიტიკური აქტივობები, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში, შეაჯამეს.
  • სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაარსების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო „Sputnik“-თან ისაუბრა.
  • რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის სახელმწიფოებრიობას კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ.
  • მოლდოვაში რუსეთის ელჩი დნესტრისპირეთის არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.
  • ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლად მიიწვია.
  • რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთ-ტაჯიკეთის ერთობლივი ანტისაჰაერო სისტემის შექმნას დაუჭირა მხარი.
  • 2021 წელს რუსეთმა თურქმენეთისგან გაზის იმპორტი გააორმაგა.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა.

 

რუსეთში 2021 წლის ძირითადი საგარეო-პოლიტიკური აქტივობები შეაჯამეს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 28 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის ძირითადი საგარეო-პოლიტიკური აქტივობები შეაჯამა, მათ შორის - პოსტსაბჭოთა სივრცეში:

  • აშშ-სა და ნატოს დეკემბერში გადაეცა შეთანხმების პროექტი, რომელიც დასავლეთის მიმართულებით სამართლებრივად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიების ფორმირების მიზნით გამორიცხავს აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს შემდგომ გაფართოებას და რუსეთის საზღვრების სიახლოვეს თავდასხმითი შეიარაღების სისტემების განთავსებას.
  • კიევის მიერ დაწესებული ბლოკადის პირობებში დონბასელების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნოემბერში ხელმოწერილი ბრძანება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ.
  • რუსეთი ენერგიულად უწყობდა ხელს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას. 10 დეკემბერს მოსკოვში საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმა „3+3“-ის პირველი შეხვედრა ჩატარდა, ჯერჯერობით საქართველოს მონაწილეობის გარეშე.
  • რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩებოდა დიდი ევრაზიის სივრცეში ინტეგრაციული პროექტებისა და თანამშრომლობის განვითარება.
  • 4 ნოემბერს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ხელი მოეწერა დეკრეტს „2021-2023 წლებში სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შეთანხმების დებულებების განხორციელების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. დეკრეტი 28 ინტეგრაციულ პროგრამას მოიცავს. ასევე ხელი მოეწერა სამოკავშირეო სახელმწიფოს სამხედრო დოქტრინას და მიგრაციული პოლიტიკის კონცეფციას.
  • დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში ხელი მოეწერა შვიდ სამთავრობათაშორისო შეთანხმებას.
  • კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მოკავშირეებთან ერთად კუხოს სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით შეთანხმდა პრიორიტეტული ერთობლივი ღონისძიებების  ნუსხა.

 

სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 28 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერების ტრადიციული არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

დსთ-ის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა. kremlin.ru

მოვლენა დეტალურად: არაფორმალურ შეხვედრაში ყველა წევრი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს გარდა, რომელიც პროდასავლური პოლიტიკოსია და ევროპული საგარეო-პოლიტიკური კურსი აქვს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და თურქმენეთის პრეზიდენტი. თურქმენეთი დსთ-ის ასოცირებული წევრია.

შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ საქართველო, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა დსთ და უკრაინა, რომელიც ორგანიზაციის დამფუძნებელი ქვეყანაა, თუმცა ფორმალურად ორგანიზაციის წევრი არასოდეს ყოფილა.

შეხვედრის მონაწილეებმა 2021 წელი შეაჯამეს და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში საგანგებოდ იყო მიწვეული რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი ანა პოპოვა, რომელმაც ეპიდვითარებაზე  და მედიცინის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა.

სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის ლიდერების წინასაახალწლო არაფორმალური შეხვედრები პანდემიამდე იმართებოდა და ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დსთ ბოლო წლებში უფრო მეტად იქცა ფორმალურ ორგანიზაციად, რომელიც წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის კიდევ ერთი შეხვედრისა და ერთობლივი სურათის გადაღების შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სულ უფრო მეტ ინტერესს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განვითარებისადმი იჩენს, დსთ მაინც რჩება რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად.

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნების კურატორის ანდრეი რუდენკოს ინტერვიუ

მთავარი მოვლენა: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაარსების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთის პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტო „Sputnik“-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მოვლენა დეტალურად: ანდრეი რუდენკო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი სეპარატისტული რეგიონების, კურატორია. რუდენკოს ძირითადი გზავნილებია:

  • ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა და პროცესი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება, სხვადასხვა დოზით ეხება რუსეთის ინტერესებსაც, რადგან საუბარია ჩვენს უახლოეს მეზობლებზე. ჩვენ პირველხარისხოვან მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და მდგრად განვითარებას. სამწუხაროდ, ამგვარი ვითარება ყველას არ აწყობს. ზოგიერთი ქვეყნის ქმედება მიმართულია დსთ-ის სივრცეში დეზინტეგრაციული პროცესების გაღვივებაზე, რუსეთსა და მის ტრადიციულ მოკავშირეებს შორის კავშირების შესუსტების მიზნით.
  • ბოლო წლების განმავლობაში თვალს ვადევნებთ დასავლეთის უწყვეტ მცდელობებს ჩაერიოს დსთ-ის წევრი ქვეყნების შიდა საქმეებში.
  • რეგიონული საკონსულტაციო ფორმატი „3+3“  შეიქმნა და უკვე ფუნქციონირებს, როგორც პრაგმატული, არაპოლიტიზებული ფორმატი, რომელიც მიმართულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და მისი მეზობლების დაახლოებისკენ (პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს ჩატარდა, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველო). ვწუხვართ, რომ პლატფორმის საქმიანობაში მონაწილეობისგან აშკარა სარგებლის მიღების მიუხედავად, თბილისმა პირველ შეხვედრაზე თავისი წარმომადგენელი არ გამოუშვა. ამავე დროს ყველა მონაწილემ გამოთქვა დაინტერესება საქართველოს მონაწილეობის მიმართ და შევთანხმდით, რომ „კარები“ ამ ქვეყნისთვის ღია რჩება.
  • მოლდოვაში საარჩევნო პროცესების დასრულების შემდეგ მოლდოვასთან პოლიტიკური დიალოგი ნელ-ნელა კვლავ აღდგა. ორმხრივი ურთიერთობები რეგულარულ და მყარ ხასიათს იძენს. მივესალმებით მოლდოვის ხელისუფლების განწყობას რუსეთთან კონსტრუქციული და პრაგმატული თანამშრომლობის განვითარების კუთხით. დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე სამშვიდობო ოპერაციის მანდატს ჯერ არ ამოუწურავს თავი და დაკავშირებულია კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან.

 

პუტინი უკრაინის სახელმწიფოებრიობას კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 23 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც უკრაინის სახელმწიფოებრიობის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ.

მოვლენა დეტალურად: რუსეთის პრეზიდენტის დიდი პრეს-კონფერენცია არაერთ საკითხს ეხებოდა, მათ შორის, დიდი დრო დაუთმო უკრაინას. პუტინმა ჟურნალისტებს შეახსენა, თუ როგორ შეიქმნა უკრაინა: „ვინ შექმნა უკრაინა? - ლენინმა, როდესაც შექმნა საბჭოთა კავშირი: 1922 წლის სამოკავშირეო შეთანხმება და 1924 წლის კონსტიტუცია. მართალია, ეს მისი სიკვდილის შემდეგ იყო, მაგრამ მისი პრინციპების შესაბამისად მოხდა“.

2021 წელი უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე შეტევის თვალსაზრისით გამორჩეული იყო. 12 ივლისს პუტინმა კრემლის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია: „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთობის შესახებ“. სტატიაში რამდენიმე საინტერესო ფრაზა იყო: „სინამდვილეში, რუსები და უკრაინელები ერთი და იგივე ხალხია, უახლოეს ისტორიულ პერიოდში ხელოვნურად დანაწევრებული“; „იყვნენ ველიკოროსები, ბელოროსები და მალოროსები. შემდეგში, საგარეო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, რაშიც შემდეგ ბოლშევიკებმაც შეიტანეს თავისი წვლილი, დაიწყო ერთიანი რუსი ხალხის დანაწევრება“.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის დღევანდელი მმართველი ელიტა უკრაინის სახელმწიფოს არსებობის ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ აყენებს და უკრაინის შექმნის ბრალდებებს ბოლშევიკებს უყენებს, რომლებმაც, მათი აზრით, ხელოვნურად შექმნეს უკრაინის სახელმწიფო. უკრაინის ისტორიის პუტინისეული ინტერპრეტაციები უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია.

 

რუსეთის ელჩი დნესტრისპირეთის არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო - მოლდოვა უკმაყოფილოა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 17 დეკემბერს მოლდოვაში რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეცოვი დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ ვადიმ კრასნასელკის ინაუგურაციას დაესწრო.

მოვლენა დეტალურად: 12 დეკემბერს სეპარატისტულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც გამარჯვება კვლავ ვადიმ კრასნასელკიმ მოიპოვა. მის ინაუგურაციას მოლდოვაში რუსეთის ელჩიც დაესწრო. დნესტრისპირეთში ვიზიტისთვის ელჩი მოლდოვის ხელისუფლებამ გააკრიტიკა. მოლდოვის საგარეო უწყების 18 დეკემბრის განცხადებით, „დნესტრისპირეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია და ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“. ელჩის ვიზიტი სამინისტრომ „არამეგობრულ ქმედებად“ შეაფასა.

არჩევნებზე დასაკვირვებლად რუსეთის წარმომადგენლები (პოლიტოლოგი ნატალია ნაროჩნიცკაია, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ვლადიმირ ჟურავლიოვი და სხვ.) აპირებდნენ ჩასვლას, თუმცა მათ რეგიონში შესვლაზე უარი უთხრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, ასეთი ქმედებები რუსეთის მხრიდან რეაქციის გარეშე არ დარჩება.

დნესტრისპირეთი სეპარატისტული რესპუბლიკაა, სადაც 1992 წლის შემდეგ მოლდოვის ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება. რეგიონში რუსი სამხედროები არიან განთავსებული, რომლის საერთაშორისო სამშვიდობო ძალებით ჩანაცვლებას ითხოვს მოლდოვის პროდასავლური ხელისუფლება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის მთავარი მხარდამჭერი რუსეთია. არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩის ვიზიტი მოსკოვის მხრიდან სეპარატისტების მხარდაჭერის დემონსტრირებაა იმ ფონზე, როდესაც მოლდოვის ხელისუფლება რეგიონიდან რუსი სამხედროების გაყვანას ითხოვს.

 

ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მიიწვია

მთავარი მოვლენა: ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს საპატიო თავმჯდომარეა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში აზერბაიჯანის დამკვირვებლის სტატუსით მოწვევის იდეა წამოაყენა.

მოვლენა დეტალურად: 10 დეკემბერს საბჭოს სხდომა ონლაიფორმატში გაიმართა. ნაზარბაევმა, რომელიც ევრაზიული ინტეგრაციის ერთ-ერთ იდეოლოგად მიიჩნევა, წარმატებულ მაგალითად უზბეკეთი მოიყვანა, რომელმაც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლის სტატუსი მიიღო და, მისი აზრით, ამისგან სარგებელი ნახა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. მისი შეფასებით, აზერბაიჯანსა და ორგანიზაციას შორის დიალოგის ნებისმიერ ფორმატში განვითარება ხელს შეუწყობდა ორმხრივი ვაჭრობის გააქტიურებას, რეგიონში სატრანსპორტო არტერიის გახსნას, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი პრორუსული ქვეყნების გაერთიანებაა რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სომხეთის მონაწილეობით.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან დამკვირვებლის სტატუსი აქვთ მოლდოვას (სტატუსი მოლდოვამ პრორუსი პრეზიდენტის იგორ დოდონის დროს მიიღო) და უზბეკეთს. აზერბაიჯანისთვის დამკვირვებლის სტატუსის მისანიჭებლად ყველა წევრი-ქვეყნის თანხმობაა საჭირო, მათ შორის - სომხეთის.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ნაზარბაევის იდეა რუსეთის ინტერესებს ემთხვევა, რადგან რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სახით ევროკავშირთან თანამშრომლობის ალტერნატიულ ეკონომიკურ მოდელს სთავაზობს. ნაზარბაევისგან აზერბაიჯანის მიწვევა კრემლის პოლიტიკის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ, მოსკოვის მხრიდან კი ეს ერთგვარი მინიშნებაა, რომ ორგანიზაციასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის სხვა ეტაპზე გადასვლას მოსკოვში მიესალმებიან.

 

რუსმა დეპუტატებმა რუსეთ-ტაჯიკეთის ერთობლივ ანტისაჰაერო სისტემის შექმნას დაუჭირეს მხარი

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 16 დეკემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმამ პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი შეთანხმების - რუსეთისა და ტაჯიკეთის ატნისაჰაერო თავდაცვითი გაერთიანებული რეგიონული სისტემის შექმნის შესახებ - რატიფიკაცია მოახდინა. 30 დეკემბერს შეთანხმების რატიფიკაციის კანონს რუსეთის პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი.

მოვლენა დეტალურად: შეთანხმებას ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა მიმდინარე წლის 27 აპრილს დუშანბეში მოაწერეს ხელი, ნოემბერში შეთანხმება რუსეთის მთავრობამაც მოიწონა.

შეთანხმების მიხედვით, ერთობლივი რეგიონული სისტემა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) გაერთიანებული ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემის ნაწილია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ, ერთი მხრივ, ერთობლივი ძალისხმევით საკუთარი ტერიტორიის დაცვა საჰაერო დარტყმებისგან და, მეორე მხრივ, დსთ-ის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება სამხრეთის სტრატეგიული მიმართულებით. შეთანხმება ხუთწლიანია, მისი ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით. რამდენადაც ტაჯიკეთის სამხედრო ძალები სუსტია, შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ძირითადად, რუსი სამხედროების, მათ შორის, ტაჯიკეთში რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზაზე განლაგებული საზენიტო-სარაკეტო სისტემების პასუხისმგებლობა იქნება. მსგავსი ანტისაჰაერო რეგიონული სისტემები რუსეთს უკვე შექმნილი აქვს ბელარუსთან და ყაზახეთთან.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ტაჯიკეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სახელმწიფოა, რომელსაც საკუთარი უსაფრთხოების დაცვა სათანადოდ არ შეუძლია. ბოლო პერიოდში რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლას უკავშირდება. ტაჯიკეთში შიშობენ, რომ ავღანურმა საფრთხემ შესაძლოა მათ ტერიტორიაზეც შეაღწიოს, რუსეთთან თანამშრომლობა კი ამის კარგი პრევენცია იქნება.

 

რუსეთმა თურქმენეთისგან გაზის იმპორტი გააორმაგა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 24 დეკემბერს თურქმენეთში რუსეთის ელჩის ალექსანდრ ბლოხინის განცხადებით, 2021 წელს რუსეთმა თურქმენეთიდან გაზის იმპორტი გააორმაგა.

მოვლენა დეტალურად: ელჩის თქმით, რუსეთმა 2021 წლის განმავლობაში 10 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიიღო, რაც 2020 წელში იმპორტირებულზე ორჯერ მეტია. მსგავსი მასშტაბის იმპორტი 2016 წლამდე ფიქსირდებოდა, როდესაც რუსეთმა გაზის ფასის გამო წარმოქმნილი დავის გამო თურქმენეთიდან იმპორტი შეწყვიტა. იმპორტი, ხუთწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წელს განახლდა.

თურქმენეთი გაზით მდიდარი ქვეყანაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეზღუდულ საექსპორტო ინფრასტრუქტურას ფლობდა. გაზის ექსპორტი მხოლოდ რუსეთის ტერიტორიის გავლით იყო შესაძლებელი, რითაც მოსკოვი სარგებლობდა და თურქმენულ გაზს იაფად ყიდულობდა, შემდეგ კი ევროპაში ძვირად ყიდდა. 2016 წელს რუსეთს მიერ იმპორტის შეწყვეტამ თურქმენული ეკონომიკა დააზარალა.

თურქმენეთმა პოსტსაბჭოთა პერიოდში ნელ-ნელა უზრუნველყო ალტერნატიული მარშრუტები ირანისა და ჩინეთის მიმართულებით. თუ ირანი არ არის საიმედო პარტნიორი და კარგი გადამხდელი, ჩინეთი ყოველწლიურად 40 მლრდ კუბური მეტრის გაზს ყიდულობს. პროექტის სახით არსებობს თურქმენეთ-ავღანეთ-პაკისტან-ინდოეთის მილსადენიც (TAPI), რომლის თურქმენული მონაკვეთიც უკვე აშენებულია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თურქმენეთისთვის: თურქმენეთი აღარ არის მხოლოდ რუსეთის მარშრუტზე დამოკიდებული, თუმცა რუსეთის გავლით გაზის დამატებითი მოცულობის ექსპორტი დამატებითი შემოსავლის წყაროა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის:  რუსეთისთვის თურქმენული გაზის იმპორტი შედარებით იაფია, რაც მას ევროპის ქვეყნების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაშიც დაეხმარება.

 

სერგეი ლავროვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებს უპასუხა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 20 დეკემბერს ქალაქ სოჭში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებს - დიმიტრი მედოევსა და ინალ არძინბას შეხვდა.

მოვლენა დეტალურად: მხარეებმა თანამშრომლობის მთავარ ასპექტებზე, საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებებსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. ერთობლივ შეხვედრას უსწრებდა ლავროვის პირადი შეხვედრები ჯერ მედოევთან, შემდეგ კი - არძინბასთან. არძინბასთვის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ რანგში ეს პირველი შეხვედრა იყო ლავროვთან.

რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს შორის საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები პერიოდულად ხვდებიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ამგვარი შეხვედრები რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს შორის საქმიანობის კოორდინაციას ისახავს მიზნად და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებისთვის შესაძლებლობაა რუსეთთან ურთიერთობაში არსებული პრობლემური საკითხების შესახებ პირადად ლავროვისგან მოისმინონ.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.