X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 115, 3 – 9 იანვარი 2022

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 3-9 იანვრის კვირაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დონბასის ფრონტზე, 3 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

ომი სირიაში - რუსეთის საჰაერო ძალებმა 3-4 იანვარს იერიშები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ოდკბ-ს სამხედრო ალიანსის ინტერვენციის ფარგლებში, რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციამ რუსული დანაყოფები გადაიყვანა ყაზახეთში, ადგილობრივი რეჟიმის მხარდასაჭერად, მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმართული დაუმორჩილებლობის ფონზე. ყაზახეთში, ოდკბ-ს სხვა წევრი ქვეყნების სამხედროებიც ასევე, რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავებით იქნა გადასროლილი. აღნიშნული ინტერვენცია ოდკბ-ს ისტორიაში პირველი ერთობლივი ოპერაციაა. ყაზახეთში გაგზავნილი რუსი სამხედროები მიეკუთვნებიან -  98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას (შტაბ-ბინა ივანოვოში), 31-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას (ულიანოვსკი), 45-ე სპეციალური ოპერაციების ბრიგადას (კუბინკა, მოსკოვის ოლქი), 76-ე სადესანტო მოიერიშე დივიზიის (შტაბ-ბინა ფსკოვში) სპეციალური ოპერაციების ძალებს, მე-3 სპეციალური ოპერაციების ძალების ბრიგადას (ტოლიატი, სამარის ოლქი) და მე-15 მექანიზებულ ბრიგადას (როშჩინკსი, სამარის ოლქი). რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთისა და ოდკბ-ს სხვა წევრი სახელმწიფოების სამხედროების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებულ იქნა 70-ზე მეტი Il-76 და 5 An-124 ტიპის სტრატეგიული სატრანსპორტო თვითმფრინავები.

რუსეთისა და ბელარუსის Su-30SM ტიპის გამანადგურებლებმა 5 იანვარს ბელარუსის საზღვარზე ერთობლივი პატრულირება განახორციელეს.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბრის თვეში, ლიეტუვაში არსებულმა NATO-ს გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე 5-ჯერ გადაიჭირეს რუსული სამხედრო თვითმფრინავები. ორ ინციდენტს ადგილი ჰქონდა 7 დეკემბერს, ხოლო დანარჩენ შემთხვევებს 14, 21 და 22 დეკემბერს.

 

სტრუქტურული ცვლილებები

გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 1-ლი სატანკო არმიის (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) მე-6 სატანკო ბრიგადა (მულინო, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი) გაფართოვდა და გარდაიქმნა 47-ე სატანკო დივიზიად. წინამდებარე გამოცემის წერის მომენტში აღნიშნული ინფორმაცია სხვა წყაროებში ჯერ არ იყო დადასტურებული.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

კასპიის ფლოტილიის 177-ე საზღვაო ქვეითთა პოლკი (კასპიისკი, დაღესტნის რესპუბლიკა) სრულად გადაიარაღდა AK-74M Obves ტიპის საიერიშო შაშხანებით.

AK-74M Obves

 

სწავლებები*

ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციამ, საჰაერო თავდაცვის ძალებთან ერთად, უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) საწინააღმდეგო სწავლება გამართა.

 

შეიარაღების ექსპორტი

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსს BTR-82A ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების კიდევ ერთი პარტია მიაწოდა.

გავრცელებული ცნობით, ეგვიპტე და ალჟირი შეუერთდნენ ინდონეზიას და ასევე უარს ამბობენ რუსული Su-35 ტიპის გამანადგურებლების შეძენაზე.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.