X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 47

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 იანვარი, 2022

 

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

  • ყაზახეთის პრეზიდენტმა შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის დასარეგულირებლად კუხოს სამშვიდობოები მიიწვია.
  • ყაზახეთის მოვლენებზე განცხადება რუსულმა ეკლესიამაც გააკეთა.
  • რუსეთის მაღალჩინოსანი ყაზახეთის მინისტრთან, მისი რუსოფობიური განცხადებების გამო, თანამშრომლობაზე უარს ამბობს.
  • რუსეთი და დასავლეთი „რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაზე“ ვერ შეთანხმდნენ.
  • კიევში უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის დაბადების დღე აღნიშნეს, საპასუხოდ, რუსეთი უკრაინისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.
  • მოლდოვა რუსეთისგან გაზის საფასურის გადახდის გადავადებას ითხოვს.

 

კუხოს სამშვიდობოები ყაზახეთში მიიწვიეს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 6 იანვარს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

მოვლენა დეტალურად: გადაწყვეტილების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომელიც ამჟამად კუხოს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა 5 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის მიმართვა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისადმი მუქარისა და საგარეო ჩარევის გამო დახმარებას ითხოვდა. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების მე-4 მუხლი, რომლის თანახმადაც, ყაზახეთში ვითარების სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით შეზღუდული დროით გაიგზავნა კოლექტიური სამშვიდობო ძალები. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2 იანვარს დასავლეთ ყაზახეთში, მანგისტაუს ოლქში, საწვავის ფასების გაზრდის გამო დაწყებული მშვიდობიანი პროტესტი ყაზახეთის მასშტაბით უპრეცედენტო არეულობაში გადაიზარდა. მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელმაც მთავრობა დაითხოვა, შიდა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად („ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“) კუხოს, პირველ რიგში კი რუსი, სამხედროები მიიწვია.

საგარეო ჩარევის შესახებ ისაუბრა კუხოს გენმდივანმა სტანისლავ ზასმაც, რომლის განცხადებითაც, ყაზახეთში არეულობაში, ტერორისტული ჯგუფების შემადგენლობაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ, თუმცა ისინი არ ყოფილან არეულობაში მთავარი მოქმედი პირები.

კუხოს ონლაინშეხვედრა 10 იანვარს. წყარო: odkb-csto.org

კუხოს სამშვიდობოები

ყაზახეთში კუხოს ყველა წევრმა ქვეყანამ (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი) გაგზავნა თავისი წარმომადგენლები, თუმცა, ძირითად ბირთვს რუსი სამხედროები (მათ შორის, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური საჰაერო-სადესანტო ჯარების სპეციალური  დანიშნულების 45-ე ბრიგადა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა) შეადგენდნენ. პირველი რუსი სამხედროები 6 იანვარს უკვე ყაზახეთში იყვნენ. ვითარების დასტაბილურების შედეგად, კუხოს ძალებმა ყაზახეთის ტერიტორიის დატოვება 13 იანვარს დაიწყეს.

სხვა პრეცედენტები

კუხოს წევრ-ქვეყნებს ურთიერთდახმარების ვალდებულება საგარეო ჩარევის შემთხვევაში აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის ლიდერი და რუსეთის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ყაზახეთში შექმნილი ვითარება გარე ძალების ხელშეწყობით მიმდინარეობდა, რეალურად, პრობლემა შიდაპოლიტიკური ხასიათისაა. ასეთი განცხადებები, დიდი ალბათობით, კუხოს, ანუ რუსეთის სამხედროების მოწვევის ლეგიტიმაციისთვის გაკეთდა. სხვა მსგავს შემთხვევებში ჩაურევლობა კუხომ კონფლიქტის შიდაპოლიტიკური ხასიათით ახსნა, მაგ., ყირგიზეთში (2005, 2010 და 2020 წლის რევოლუციების დროს). კუხო ასევე არ ჩაერია 2020 წელს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, რომელიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და არც 2021 წელს - ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტში.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: შიდაპოლიტიკურ არეულობაში კუხოს ძალების მონაწილეობა საინტერესო პრეცედენტია, რომელიც შესაძლოა მომავალში პოსტსაბჭოთა ქვეყნების/კუხოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა  შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის/ძალაუფლების შენარჩუნებისათვისაც გამოიყენონ.  

 

რუსული ეკლესია ყაზახეთის ამბებზე განცხადებას ავრცელებს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 7 იანვარს რუსეთის პატრიარქმა კირილმა, ღამის ლიტურგიის შემდეგ, თავის სიტყვაში ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.

მოვლენა დეტალურად: პატრიარქის თქმით, „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ტერიტორიაზე, რომელიც ერთ დროს ჩვენი ერთიანი უზარმაზარი ქვეყანა იყო, დღეს უმძიმესი მოვლენები მიმდინარეობს. ადამიანები უმძიმეს სამოქალაქო კონფლიქტში არიან, რეალურად იღვრება სისხლი. და ეს აქვე ხდება, ისტორიული რუსის ტერიტორიაზე, და ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ ამ სისხლისღვრის, შეტაკებების, ადამიანური უწესრიგობის მიმართ“.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: თანამედროვე ყაზახეთის ჩრდილოეთ რეგიონებს რუსეთის პოლიტიკურ წრეებში რუსეთის იმპერიის ისტორიულ ნაწილად აღიქვამენ, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ყაზახეთს „საჩუქრად“ გადაეცა. ბოლო წლებში არაერთი მინიშნება იყო, რომ ეს ტერიტორია რუსეთს ეკუთვნის. რუსეთის პატრიარქის ეს განცხადებაც იმის მანიშნებელია, რომ რუსული ეკლესიაც არ არის გულგრილი ყაზახეთში მიმდინარე პროცესებისადმი, მისი მიწების რუსეთთან ისტორიული კავშირების გამო.
 

ევგენი პრიმაკოვი ყაზახეთის მინისტრთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს

მთავარი მოვლენა: დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს უფროსმა ევგენი პრიმაკოვმა ყაზახეთის მთავრობის ახალ მინისტრთან მუშაობაზე უარი თქვა.

მოვლენა დეტალურად: პრიმაკოვის განცხადებით, სააგენტო ყაზახეთის ინფორმაციისა და საზოგადოებრივი განვითარების სამინისტროსთან და მის ახალ ხელმძღვანელთან, ასკარ უმაროვთან, რუსებსა და რუსეთის ისტორიაზე მისი კრიტიკული გამონათქვამების გამო, არ ითანამშრომლებს. პრიმაკოვმა უმაროვს „რუსოფობი ხარახურა“ უწოდა. პრიმაკოვმა დასტურად რამდენიმე ციტატა გამოაქვეყნა, რომლებიც უმაროვს მიეწერება:

  • „მაშინ, როდესაც ყველა არყის სმასა და გაურკვეველი გამარჯვების დღის აღნიშვნაში იქნება, თქვენ ლოცვაში მოიხსენიეთ ჩვენი უბედური ბაბუები, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ სხვისი ომიდან. ვისზე გავიმარჯვეთ, რა გამარჯვება მოვიპოვეთ?“
  • „არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ აქ ჩამოსული დიასპორა ხართ და არა - ავტოქთონი ერი და თქვით მადლობა, რომ თქვენი უფლებები დაცულია და თქვენ, როგორც კოლონიზატორებს, სხვა ქვეყნებში არავინ გაგდებთ“;
  • „მუდმივად ვრწმუნდები, რომ თუკი ასტანაში ბიზნესის მეპატრონე რუსია, სერვისი ისეთი საზიზღარია, თითქოს საბჭოთა პერიოდში მოხვდი!..“

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გამონათქვამები 2012 წელს ატვირთეს პორტალ „რუსები ყაზახეთში“. პუბლიკაციის ავტორი ამტკიცებდა, რომ უმაროვი, რომელიც მაშინ თურქული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ამ გამონათქვამებს ფეისბუქის ჯგუფში აქვეყნებდა, ფსევდონიმით - „TurkMedia“.

უმაროვის პასუხი

უმაროვმა, რომელიც 2022 წლის 11 იანვრიდან ყაზახეთის ახალ მთავრობაში ინფორმაციისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებს, „თავისი პიროვნების დემონიზაციასთან დაკავშირებული პუბლიკაციების გამო“ განაცხადა, რომ „იგი არ არის ისეთი პიროვნება, როგორის წარმოჩენასაც მისგან ცდილობენ, ყველა ადრინდელ თანამდებობაზე ყოფნისას ვცდილობდი ნაყოფიერი სამუშაო მეწარმოებინა რუს და სხვა პარტნიორებთან“.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მეზობელი ქვეყნის მინისტრზე რუსეთის მაღალჩინოსნის ასეთი განცხადება მიუთითებს, თუ რამდენად მწვავედ აღიქვამს რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ანტირუსული განწყობების არსებობას და „რუსოფობი“ პოლიტიკოსების პოლიტიკურ აღმასვლას.

 

რუსეთი და დასავლეთი „უსაფრთხოების გარანტიებზე“ ვერ შეთანხმდნენ

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 12 იანვარს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა იმ ფონზე, როდესაც უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია იზრდება, რაც, დასავლეთის ხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო შეჭრის წინაპირობას ქმნის.

მოვლენა დეტალურად: ნატოს თავმჯდომარის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო არ მიიღებს მოსკოვის მოთხოვნებს ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ, თუმცა სურს დიპლომატიური მოლაპარაკებების გაგრძელება. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი უსაფრთხოების საკითხები და რუსეთს არ აქვს ნატოში ახალი წევრების მიღებაზე ვეტოს დადების უფლება.

მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ კვლავ გაიმეორა, რომ ნატოს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას და ნატოს „ღია კარის პოლიტიკის“ დასრულება მოითხოვა.

10 იანვარს ასეთი მოლაპარაკების პირველი რაუნდი ჟენევაში რუსეთ-აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გაიმართა, მესამე რაუნდი კი - 13 იანვარს ვენაში, ეუთოს ფარგლებში. სამივე რაუნდი უშედეგო გამოდგა.

მოლაპარაკებათა წარუმატებელი სერიის შემდეგ, 14 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრომა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ კრემლი არ დაელოდება დასავლეთის პასუხს განუსაზღვრელი ვადით. „ჩვენი მოთმინება იწურება“, განაცხადა ლავრომა და კვირის განმავლობაში დასავლეთისგან წერილობითი გარანტიები მოითხოვა რუსეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საყურადღებოა, რომ ლავროვის განცხადებებს წინ უსწრებდა უკრაინის სამთავრობო საიტებზე მასირებული კიბერშეტევა.

რუსული ულტიმატუმი

2021 წლის 7 დეკემბერს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე ნატოს გაფართოება დაუშვებლად მიიჩნია. სამინისტროს განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების ძირეული ინტერესებისთვის აუცილებელია დეზავუირება 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“, რადგან ეს ეუთოს ყველა წევრი-სახელმწიფოს ლიდერის მიერ აღებულ ვალდებულებას („არ გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“) ეწინააღმდეგება.

რუსეთი ითხოვს იურიდიულად გამყარდეს შეთანხმება, რომ აშშ და ნატოს სხვა წევრები უარს ამბობენ თავდასხმითი შეიარაღების სისტემების (რაც რუსეთს საფრთხეს უქმნის) განთავსებაზე მის სამეზობლოში, ნატოს წევრი თუ არაწევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.

დასავლეთისგან რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებასთან დაკავშირებული წინადადებები (რაზე დათანხმებაც ნატოს გაფართოებაზე უარის თქმას ნიშნავს) 15 დეკემბერს მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდსაც წარუდგინეს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი ნატოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხარჯზე გაფართოებას და/ან პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან დასავლური სამხედრო ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაფართოებას საფრთხედ მიიჩნევს. უკრაინა/საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანება კი რუსეთისთვის ის „წითელი ხაზია“, რომლის გადაკვეთასაც მოსკოვში ომის გამოცხადებად მიიჩნევენ. ამიტომაც ცდილობს კრემლი, რომ გლობალური პანდემია და არასტაბილურობა დაკარგული პოზიციების აღსადგენად გამოიყენოს. უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის მუქარა და ახალი ევროპული ომის საშიშროებით დასავლეთის შანტაჟი კი, კრემლის აზრით, საუკეთესო საშუალებაა დასავლეთის მოსკოვის მოთხოვნებზე დასათანხმებლად.

 

კიევში უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის დაბადების დღე აღნიშნეს  

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 1 იანვარს კიევში უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის სტეპან ბანდერას დაბადების დღე მსვლელობით აღნიშნეს. მცირემასშტაბიანი მსვლელობები სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

მოვლენა დეტალურად: ღონისძიებაში 3.5 ათასამდე ადამიანმა ჩირაღდნებითა და დროშებით მიიღო მონაწილეობა. მსვლელობა უკრაინის პრეზიდენტის სასახლესთან დასრულდა. მსვლელობის მონაწილეებმა ბანდერასთვის „გმირის“ წოდების მინიჭება მოითხოვეს.

მსვლელობა სტეპან ბანდერას პატივსაცემად. წყარო: The Associated Press

ბანდერა იყო დასავლეთ უკრაინაში მოქმედი ნაციონალისტური ორგანიზაციის ლიდერი  და მისი ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომამდე და ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგაც იბრძოდა. ორგანიზაცია ექსტრემისტულად ითვლება და აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე. ბანდერა არაერთგვაროვანი ისტორიული ფიგურაა, რომელსაც ბოლო პერიოდში ნაციონალისტურ წრეებში განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. თუმცა, რუსეთის გარდა, ბანდერას ჰეროიზაცია მიუღებლად მიაჩნიათ პოლონეთსა და ისრაელში, სადაც ბანდერას ნაცისტებთან  თანამშრომლობასა და დასავლეთ უკრაინაში პოლონელებისა და ებრაელების მკვლელობაში ადანაშაულებენ.

კიევში ისრაელის საელჩომ მსვლელობასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა და მსგავსი აქციები ჰოლოკოსტის  გამართლების ტოლფას ქმედებად შეაფასა.

რუსეთის შეფასება

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა უკრაინაში ნაციონალიზმის ხელშეწყობისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ნაციონალისტური იდეოლოგია მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ არის მიმართული. უკრაინა ტრაგიკული წარსულისკენ მიექანება, რომლის წინააღმდეგადაც იბრძოდა არა მარტი საბჭოთა კავშირი, არამედ აშშ და ინგლისი“. ამასთან დაკავშირებით ვოლოდინმა საზარელი უწოდა თავად ფაქტს, რომ ამგვარ ვითარებაში ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას იარაღს აწვდიან. ვოლოდინმა ბანდერას განდიდებისთვის დასავლეთს უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც მოსთხოვა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბოლო ათწლეულებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ზოგიერთი ისტორიული ფიგურის განდიდებას რუსეთი ისტორიის გადაწერის მცდელობად და ანტირუსული პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს. რუსეთის მიზანია არ დაუშვას ანტისაბჭოთა/ანტირუსული ისტორიული მოვლენებისა და ფიგურების ჰეროიზაცია და ძირითად ისტორიულ მოვლენებზე რუსული ხედვის დამკვიდრებას შეუწყოს ხელი.
 

მოლდოვა რუსეთისგან გაზის საფასურის გადახდის გადავადებას ითხოვს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 13 იანვარს „მოლდოვაგაზმა“ „გაზპრომისთვის“ 2021 წლის დეკემბრის დავალიანების გადახდის შესახებ განაცხადა, თუმცა იანვრის საფასურის გადახდის გადავადებას ითხოვს.

მოვლენა დეტალურად: რუსული გაზის საფასურის გადახდა სულ უფრო პრობლემური ხდება მოლდოვისთვის. „გაზპრომთან“ ახალი შეთანხმებით, იანვრის საფასური ათას კუბურ მეტრზე უკვე 647 აშშ დოლარი იქნება და არა - 550 აშშ დოლარი, როგორც ეს დეკემბერში იყო. შეთანხმების მიხედვით, მოლდოვამ საფასურის ნაწილი წინასწარ უნდა გადაიხადოს, რაც მძიმე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნისთვის არ არის მარტივი საქმე. შესაბამისად, მოლდოვის მთავრობამ „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ავანსის გადახდის თარიღის გადაწევა სთხოვა.

გაზის ახალ ფასზე ვერშეთანხმებისა და არსებული დავალიანების გამო მოლდოვაში ენერგოკრიზისი გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საბოლოოდ, 29 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგში მოლაპარაკების შედეგად, მოლდოვის ხელისუფლება და „გაზპრომი“ გაზის მიწოდების კონტრაქტის ხუთი წლის ვადით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მოლდოვა-რუსეთის ურთიერთობაში გაზის მიწოდების საკითხი საკვანძო თემად რჩება. გაზზე გაზრდილი ფასის გადახდა მოლდოვის ბიუჯეტს სულ უფრო მძიმე ტვირთად აწვება. თუ მოლდოვა უახლოეს პერსპექტივაში რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ვერ შეამცირებს, რუსეთი მოლდოვაზე გავლენის ბერკეტებს შეინარჩუნებს და მოლდოვის პროდასავლურ მთავრობასაც პოლიტიკური მანევრებისთვის არეალი შეეზღუდება.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.