X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 118, 24 – 30 იანვარი 2022

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

24-30 იანვრის კვირაში, რუსეთმა გააგრძელა საკუთარი შეიარაღებული ძალების თავმოყრა უკრაინის გარშემო. არაერთი წყარო მიუთითებდა რუსული დანაყოფების გადაადგილებაზე რუსეთის სხვადასხვა ნაწილში, ბელარუსსა და ოკუპირებულ ყირიმში. ამ გადაადგილების ფარგლებში, რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სამხედროები აგრძელებდნენ ბელარუსში შესვლას. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის 28 იანვრის განცხადებით, „უკრაინის საზღვრის გასწვრივ, რუსული ძალების თავმოყრამ მიაღწია იმ წერტილს, როდესაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გააჩნია სამხედრო-საოპერაციო ვარიანტების სრული სპექტრი.“ პენტაგონის ინფორმაციით, 29-30 იანვარს რუსეთმა დამატებით გაზარდა საკუთარი სამხედროების რიცხვი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს.

არაოფიციალური რუსული წყაროს შეფასების თანახმად, ბელარუსში უკვე განლაგდნენ ან გზაში არიან ძალები: 36-არმიის (ულან-უდე, ბურიატეთი) 37-მექანიზებული, მე-5 სატანკო და 103-სარაკეტო ბრიგადებიდან; 29-არმიის (შტაბ-ბინა ჩიტაში, იმიერბაიკალეთის მხარე) 36-მექანიზებული და მე-200 საარტილერიო ბრიგადებიდან; 35-არმიის (შტაბ-ბინა ბოლოგორსკში, ამურის ოლქი) 38-და 64-მექანიზებული, 69-მხარდამჭერი, 165-საარტილერიო და 107-სარაკეტო ბრიგადებიდან; მე-5 არმიის (შტაბ-ბინა უსურიისკში, პრიმორიეს მხარე) 57-მექანიზებული ბრიგადიდან და 114-და 394-მექანიზებული პოლკებიდან; წყნარი ოკეანის ფლოტის 155-საზღვაო ქვეითთა ბრიგადიდან (ვლადივოსტოკი); 76-სადესანტო-მოიერიშე დივიზიის (შტაბ-ბინა ფსკოვში) 234-სადესანტო-მოიერიშე პოლკიდან და ცალკეული სატანკო ბატალიონიდან; 98-საჰაერო-სადესანტო დივიზიის (შტაბ-ბინა ივანოვოში) 217-საჰაერო-სადესანტო პოლკიდან; მე-11 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადიდან (სოსნოვი-ბორი, ბურიატეთი). ბელარუსში განლაგდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის შტაბ-ბინაც. სხვა წყაროს ცნობით, რუსეთმა ბელარუსში გადაისროლა 45-სპეციალური ოპერაციების ბრიგადაც (კუბინკა, მოსკოვის ოლქი).

რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური ბრესტში, ბელარუსი

ომი უკრაინაში - რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, 24-30 იანვრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, დაიჭრა 3 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

რუსეთმა დააანონსა თებერვლის დასაწყისისთვის, ხმელთაშუა ზღვაში ჩასატარებელი სწავლებისთვის საზღვაო ძალების თავმოყრა, რომელშიც გემები ჩართული იქნებიან რუსეთის საზღვაო ძალების ოთხივე ფლოტიდან. ჩრდილოეთის ფლოტიდან ხმელთაშუა ზღვისკენ, სხვა გემებთან ერთად, დაიძრა სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერი „მარშალი უსტინოვი“, უდალოი I“ კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“ და ადმირალ გორშკოვის“ კლასის (პროექტი 22350) ფრეგატი „ადმირალი კასატონოვი“. არაბეთის ზღვაში მოქმედი, წყნარი ოკეანის ფლოტის გემები სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და უდალოი I“ კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ადმირალი დრიბუცი“, ასევე დაიძრნენ ხმელთაშუა ზღვისკენ.

ხმელთაშუა ზღვაში თავი მოიყარა რუსეთის 6 სადესანტო გემისგან შემდგარმა დაჯგუფებამ. ეს უკანასკნელი მოიცავს ბალტიის ფლოტის როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემებს „კალინინგრადს“, „კოროლიოვსა“ და „მინსკს“, ასევე ჩრდილოეთის ფლოტის როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემებს „გიორგი პობედონოსეცსა“ და „ოლენეგორსკი გორნიაკს“ და ივან გრენის“ კლასის (პროექტი 11711) სადესანტო გემს „პიოტრ მორგუნოვს“. გავრცელებული ცნობით, ხმელთაშუა ზღვაში ასევე ოპერირებს ბალტიის ფლოტის ვიშნია/მერიდიანის“ კლასის (პროექტი 864) სადაზვერვო გემი „ვასილი ტატიშჩევი“.

რუსული გემების მიახლოებითი ლოკაცია ხმელთაშუა ზღვაში 30 იანვრისთვის.

24 იანვარს, ბალტიის ფლოტის სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტებმა „სოობრაზიტელნიმ“ და „სტოიკიმდატოვეს საკუთარი ბაზა ბალტიისკში და ხანგრძლივ ექსპედიციაში დაიძრნენ.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

ბალტიის ფლოტის საზღვაო ავიაციის 34-ე შერეული საავიაციო დივიზიის მე-4 საზღვაო მოიერიშე საავიაციო პოლკს (ჩკალოვსკის საჰაერო ბაზა, კალინინგრადის ოლქი) 4 ერთეული ახალი Su-30SM2 ტიპის გამანადგურებელი გადაეცა.

 

სწავლებები*

რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალებმა ერთობლივი სწავლება ჩაატარეს დასავლეთ არაბეთის ზღვაში. რუსეთის მხრიდან სწავლებაში მონაწილეობდა წყნარი ოკეანის ფლოტის სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ადმირალი ტრიბუცი“.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.