X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 48

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 16-31 იანვარი, 2022

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

  • სერგეი ლავროვი: ომი არ იქნება.
  • რუსეთში უკრაინაში „ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ“ გამოფენა გაიმართა.
  • რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე უკრაინა რუსეთს კიბერშეტევაში ადანაშაულებს.
  • ბელარუსში რუსეთის სამხედრო ძალების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთში დსთ-ის წევრი ქვეყნების ელჩებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა.
  • რუსეთი თბილისში რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ჩატარებულ პროუკრაინულ აქციას აპროტესტებს.
  • რუსული გაზის საკითხზე შექმნილი მორიგი კრიზისის გამო მოლდოვაში კვლავ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
  • კუხოს სამშვიდობო ძალებმა ყაზახეთში მისია დაასრულეს.

 

სერგეი ლავროვი უკრაინასთან „ომს გამორიცხავს“

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 28 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასაშუალებებს (SPUTNIK“, „Эхо Москвы“, „Говорит Москва“ და „Комсомольская правда“) ინტერვიუ მისცა, სადაც უკრაინასთან ომის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

მოვლენა დეტალურად: ლავროვმა განაცხადა:

  • თუ ეს (ომის დაწყება) ჩვენზეა დამოკიდებული, ომი არ იქნება. ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ ჩვენს ინტერესებზე უხეშად თავდასხმისა და მათი იგნორირების უფლებას არავის მივცემთ. ვერ ვიტყვი, რომ მოლაპარაკებები (ამერიკელებთან და ნატოსთან) დასრულდა.   
  • არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას სურდეს საომარი მოქმედებების პროვოცირება. დასავლეთის ცნობით, (დონბასში) შეხების ხაზზე 100 ათასამდე (უკრაინელი) სამხედრო მოსამსახურეა თავმოყრილი. კიევის რეჟიმი ამ შეიარაღებული ადამიანების უმრავლესობას ვერ აკონტროლებს. იქ მყოფი დანაყოფების მნიშვნელოვანი ნაწილი - ყოფილი მოხალისეთა ბატალიონები, ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფები და სახალხო წინააღმდეგობის რაზმები არიან. მათ უკვე ურიგებენ გადასატან სარაკეტო სისტემებს. მათ მოუწოდებენ წამოიღონ სანადირო თოფები, რადგან ყველას არ ეყოფა ეს სისტემები. ეს არის მილიტარისტული ფსიქოზი. ვერ გამოვრიცხავ, ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს, როგორც იმ მებრძოლს, რომელმაც ხუთი თანამოსამსახურე მოკლა (27 იანვარს უკრაინის ქ. დნეპრში, იარაღის გაცემის დროს, სამხედრო მოსამსახურემ არტემ რიაბჩუკმა ავტომატური იარაღიდან ეროვნული გვარდიის დაცვის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა).

27 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმაც ომის დაუშვებლობაზე ილაპარაკა: „მოსკოვმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა არავისზე თავდასხმას არ აპირებს და ჩვენ ხალხებს შორის ომზე ფიქრიც კი მიუღებლად მიგვაჩნია“.

რუსული ულტიმატუმი

2021 წლის 7 დეკემბერს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე ნატოს გაფართოება დაუშვებლად მიიჩნია. სამინისტროს განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების ძირეული ინტერესებისთვის აუცილებელია დეზავუირება 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“, რადგან ეს ეუთოს ყველა წევრი-სახელმწიფოს ლიდერის მიერ აღებულ ვალდებულებას („არ გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“) ეწინააღმდეგება.

დასავლეთისგან რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებასთან დაკავშირებული წინადადებები (რაზე დათანხმებაც ნატოს გაფართოებაზე უარის თქმას ნიშნავს) 15 დეკემბერს მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდს წარუდგინეს. რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. 10 იანვარს მოლაპარაკების პირველი რაუნდი ჟენევაში რუსეთ-აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში ჩატარდა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა, მესამე რაუნდი კი - 13 იანვარს ვენაში, ეუთოს ფარგლებში. 21 იანვარს ჟენევაში სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსაც შეხვდა.

მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინის საზღვართან კვლავ დიდია რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია. ბოლო პერიოდში უკრაინის თავდაცვის უწყება ხშირად იღებს თავდაცვით სამხედრო შეიარაღებას დასავლეთის ქვეყნებისგან, განსაკუთრებით - აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისგან. დასავლეთში ვარაუდობენ, რომ რუსეთი ომისთვის ემზადება, თუმცა, ომის შემთხვევაში, საკუთარი სამხედრო ნაწილების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნას არ გეგმავენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: კრემლის მხრიდან გაზრდილი სამხედრო რიტორიკისა და უკრაინის საზღვართან ჯარების  უპრეცედენტო რაოდენობის თავმოყრის შემდეგ ლავროვის განცხადებები უფრო რუსეთის პროპაგანდის ნაწილია, რაც პრობლემის მთავარ მიზეზად უკრაინის ხელისუფლების ქმედებების წარმოჩენას ცდილობს.

 

რუსეთში გაიმართა გამოფენა უკრაინაში „ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ“

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 18 იანვარს რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა  „უკრაინაში არსებული სახელმწიფო ტერორი ჰიტლერის პერიოდის ოკუპაციას“ შეადარა.

მოვლენა დეტალურად: სერგეი ნარიშკინი, რომელიც საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორია, ამავე დროს რუსეთის ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარეა. ნარიშკინმა მონაწილეობა მიიღო გამოფენაში „ადამიანის უფლებების დარღვევები უკრაინაში (2017-2020)“, რომელიც რუსეთის ისტორიული საზოგადოების სახლში ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდი“. პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა „სამშობლოს ისტორიის“ ფონდმა.

სერგეი ნარიშკინი სტუმრად გამოფენაზე. წყარო: historyrussia.org

პროექტისთვის გამოიყენეს მაქსიმ გრიგორიევისა და დმიტრი საბლინის წიგნში „ჩვეულებრივი ფაშიზმი: უკრაინის სამხედრო დანაშაულები და უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევები“ არსებული ინფორმაცია და ფაქტები. გრიგორიევის განცხადებით, „აღნიშნული პროექტის გაგრძელება იქნება უკრაინის ობიექტური ისტორიის შესახებ სახელმძღვანელო“, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან ერთად მზადდება.

ნარიშკინის თქმით, „2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უკრაინის უმაღლესმა ეშელონებმა და ნაციონალისტებმა სამოქალაქო ომი გააჩაღეს. ამავე დროს ისინი შთაგონებული არიან უკრაინის, როგორც ანტირუსეთის მაგალითით. ამ ანტირუსეთის სახე ჭეშმარიტად საშინელია, ანტიჰუმანური, კორუფციულ-ოლიგარქიული და თავისი არსით ღრმად ანტიუკრაინული. ნამდვილი დიქტატურა“.

მანამდე ნარიშკინმა თქვა, რომ რუსეთი მაქსიმალურად არის დაინტერესებული უკრაინასთან კეთილმეზობლობით. მან ასევე ილაპარაკა აშშ-ის მცდელობის შესახებ ახალი ძალით გააღვივოს კონფლიქტი დონბასში.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბარი რუსეთის საინფორმაციო ომის ნაწილია, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. უკრაინასთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირების ფონზე, მსგავსი გამოფენები კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. საინფორმაციო სივრცეში უკრაინის საწინააღმდეგო მასალების გავრცელება რუსეთს ანტიუკრაინული ნაბიჯების, მათ შორის, პოლიტიკური თუ სამხედრო ქმედებების გადადგმის ლეგიტიმაციისთვისაც სჭირდება.

 

უკრაინა რუსეთს კიბერშეტევაში ადანაშაულებს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 16 იანვარს უკრაინამ რუსეთი სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევაში დაადანაშაულა.

მოვლენა დეტალურად: კიბერშეტევა 14 იანვარს განხორციელდა, როდესაც სამთავრობო ვებგვერდები მწყობრიდან გამოვიდა, მათ შორის, საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროები. უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტროს შეფასებით, ყველა მტკიცებულებით კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. უკრაინულ ვებგვერდებზე გამოჩნდა წარწერა - „გეშინოდეთ და ელოდეთ უარესს“. კრემლმა, თავის მხრივ, ბრალდებები უარყო.

16 იანვარს უკრაინის პოზიცია გაიზიარა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ჯეიკ სალივანმა, რომლის თქმითაც, ისინი აფრთხილებდნენ, რომ კიბერშეტევები შესაძლოა უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთის ფართომასშტაბიანი ქმედებების ნაწილი ყოფილიყო.

უკრაინულმა მხარემ კიბერშეტევაში შესაძლო ეჭვმიტანილად ბელარუსის დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფიც დაასახელა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის პირობებში, კიბერშეტევა იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც რუსეთი ბოლო წლებში მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ აქტიურად იყენებს. ამ შემთხვევაშიც, კიბერშეტევა უკრაინის ხელისუფლების დემორალიზებას და სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში უკრაინის სამთავრობო უწყებების დასუსტებას ისახავს მიზნად.

 

ბელარუსში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

მთავარი მოვლენა: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელარუსში რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სამხედრო დანაყოფებმა, რომლებიც რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს რეაგირების ძალების შემოწმებაში მონაწილეობენ, საველე პუნქტების გაშლა და ჯარების მართვის ერთობლივი სისტემის ორგანიზება დაიწყეს.

მოვლენა დეტალურად: ბელარუსში სამოკავშირეო სახელმწიფოს სამხედრო ძალების ერთობლივი წვრთნები უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის პირობებში მიმდინარეობს. სამოკავშირეო სახელმწიფოს რეაგირების ძალების შემოწმება ორ ეტაპად არის დაგეგმილი. 9 თებერვლამდე ბელარუსის ტერიტორიაზე მოხდება ძალების გადაყვანა და სამხედრო დაჯგუფებების შექმნა, მეორე ეტაპზე, 10-20 თებერვლის პერიოდში, ერთობლივი წვრთნები „სამოკავშირეო სიმტკიცე - 2022“ ჩატარდება.

ბელარუსში რუსეთმა უკვე შეიყვანა საზენიტო სარაკეტო-გამშვები კომპლექსები „პანცირ-ს“, სულ 12 საბრძოლო მანქანა. თითოეულს 12 საზენიტო რაკეტის გადატანა შეუძლია. ბელარუსში ხაბაროვსკის მხარიდან ასევე ჩაფრინდნენ რუსული გამანადგურებლები - „Су-35С“, რომლებიც წვრთნების მეორე ეტაპზე ჩაერთვებიან.

შემოწმება პოლონეთ-ლიეტუვისა და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მიმდინარეობს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრ ფომინის განცხადებით, სწავლების მიზანია თავდაცვითი ოპერაციის დროს საგარეო აგრესიის შეკავებისა და მოგერიების ამოცანების დამუშავება, ტერორიზმთან ბრძოლა და სამოკავშირეო სახელმწიფოს ინტერესების დაცვა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციის პირობებში, ბელარუსში რუსეთის სამხედრო დანაყოფების მონაწილეობით წვრთნები მოსკოვის მიერ ძალის დემონსტრირების შესაძლებლობა და შესაძლო სამხედრო აგრესიისთვის მზადების ნაწილია.
 

სერგეი ლავროვი რუსეთში დსთ-ის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 19 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი-ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

სერგეი ლავროვის შეხვედრა ელჩებთან. წყარო: mid.ru

მოვლენა დეტალურად: ტრადიციული ფორმატის შეხვედრა მოსკოვში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო დსთ-ის აღმასრულებელმა მდივანმა - აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი ლებედევმაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე დსთ-ის ფარგლებში 2021 წელს მრავალმხრივი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს და საგარეო-პოლიტიკურ სფეროში კოორდინაციის გაძლიერებაზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს მიმდინარე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონული საკითხები.

მსგავსი შეხვედრა გასული წლის იანვარშიც გაიმართა.

მანამდე, 2021 წლის 28 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერების ტრადიციული არაფორმალური შეხვედრა ჩატარდა. სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის ლიდერების წინასაახალწლო არაფორმალური შეხვედრები პანდემიამდე იმართებოდა და ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დსთ ბოლო წლებში უფრო მეტად იქცა ფორმალურ ორგანიზაციად, რომელიც წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის კიდევ ერთი შეხვედრისა და ერთობლივი სურათის გადაღების შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სულ უფრო მეტ ინტერესს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განვითარებისადმი იჩენს, მსგავსი ტრადიციული ფორმის შეხვედრები რუსეთისთვის საკუთარი პოლიტიკური ხედვების გაზიარების დამატებითი პლატფორმაა.

 

რუსეთი თბილისში რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ჩატარებულ აქციას აპროტესტებს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 26 იანვარს თბილისში რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან ჩატარებული აქციის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა.

მოვლენა დეტალურად: უკრაინის მხარდამჭერი აქცია ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან ჩატარდა. აქციის დროს საელჩოს შენობაზე პროექტორით გაუშვეს უკრაინის მხარდამჭერი კლიპი. „ანტირუსული“ ღონისძიება არ გამოეპარათ რუსეთში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმა ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.

აქცია რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან. წყარო: netgazeti.ge

„მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებული ვარ. 26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ ჩაატარა ანტირუსული პოლიტიკური აქცია საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან ახლოს. დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სექციაში გაითიშა მთავარი და სარეზერვო ელექტროკვების წყაროები“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ ნოტაში საქართველოს შეახსენა 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ზედმიწევნით შესრულების აუცილებლობა. „ამჟამად სექციის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად“, — განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში. 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: თბილისში ჩატარებული აქცია მცირემასშტაბიანი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინის საკითხის სიმწვავის ფონზე, რუსეთი ასეთ ღონისძიებებს საინფორმაციო ომის ნაწილად აღიქვამს და ამიტომაც ცდილობს ნებისმიერი ანტირუსული და ამავე დროს პროუკრაინული მოვლენები რეაგირების გარეშე არ დატოვოს.

 

მოლდოვაში კვლავ გაზის კრიზისია

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 20 იანვარს, რუსული გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო, მოლდოვის პარლამენტმა ენერგოსექტორში 60-დღიან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი წავიდა მხოლოდ პრორუსი დეპუტატების ბლოკი - „კომუნისტები და სოციალისტები“.

მოვლენა დეტალურად: 13 იანვარს „მოლდოვაგაზმა“ რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომისთვის“ 2021 წლის დეკემბრის დავალიანების გადახდის შესახებ განაცხადა, თუმცა იანვრის საფასურის გადახდის გადავადება ითხოვა. „გაზპრომის“ უარის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ საგანგებო რეჟიმის შემოღება მოითხოვა. 20 იანვარს, დღის ბოლოსთვის, „მოლდოვაგაზმა“ იანვრის საფასური წინსწრებით გადაუხადა „გაზპრომს“. საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გაზი საჭიროებისამებრ გაანაწილოს ქვეყანაში და გაზის საფასურის გადახდისთვის საბიუჯეტო სახსრები გამოიყენოს.

რა მოხდა მანამდე

რუსული გაზის საფასურის გადახდა სულ უფრო პრობლემური ხდება მოლდოვისთვის. „გაზპრომთან“ ახალი შეთანხმებით, იანვრის საფასური ათას კუბურ მეტრზე უკვე 647 აშშ დოლარია და არა - 550 აშშ დოლარი, როგორც ეს დეკემბერში იყო. შეთანხმების მიხედვით, მოლდოვამ საფასურის ნაწილი წინასწარ უნდა გადაიხადოს, რაც მძიმე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნისთვის არ არის მარტივი საქმე.

გაზის ახალ ფასზე ვერშეთანხმებისა და არსებული დავალიანების გამო მოლდოვაში ენერგოკრიზისი გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საბოლოოდ, 29 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგში მოლაპარაკების შედეგად, მოლდოვის ხელისუფლება და „გაზპრომი“ გაზის მიწოდების კონტრაქტის ხუთი წლის ვადით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მოლდოვა-რუსეთის ურთიერთობაში გაზის მიწოდების საკითხი საკვანძო თემად რჩება. გაზზე გაზრდილი ფასის გადახდა მოლდოვის ბიუჯეტს სულ უფრო მძიმე ტვირთად აწვება და ყოველთვიური კრიზისების საფუძველი ხდება. თუ მოლდოვა უახლოეს პერსპექტივაში რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ვერ შეამცირებს, რუსეთი მოლდოვაზე გავლენის ბერკეტებს შეინარჩუნებს და მოლდოვის პროდასავლურ მთავრობასაც პოლიტიკური მანევრების არეალი შეეზღუდება, რაც პრორუსულად განწყობილ ოპოზიციას შერყეული პოლიტიკური პოზიციების გამყარების შესაძლებლობას მისცემს.

 

კუხოს ძალებმა ყაზახეთი დატოვეს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 19 იანვარს  ყაზახეთში კუხოს სამშვიდობო ძალების მეთაურმა გენერალმა ანდრეი სერდიუკოვმა და ყაზახეთში რუსეთის ელჩმა ალექსეი ბოროდავკინმა კუხოს სამშვიდობო მისიის დასრულების შესახებ განაცხადეს.

მოვლენა დეტალურად: „სამშვიდობო ოპერაცია“ 19 იანვარს დასრულდა და კუხოს სამშვიდობო ძალებმა ქვეყნის ტერიტორია სრულად დატოვეს. კუხომ ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება 6 იანვარს მიიღო, მას შემდეგ, რაც ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისადმი მუქარისა და საგარეო ჩარევის გამო კუხოს დახმარების თხოვნით მიმართა. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2 იანვარს დასავლეთ ყაზახეთში, მანგისტაუს ოლქში, საწვავის ფასების გაზრდის გამო დაწყებული მშვიდობიანი პროტესტი ყაზახეთის მასშტაბით უპრეცედენტო არეულობაში გადაიზარდა.

სხვა პრეცედენტები

კუხოს წევრ-ქვეყნებს ურთიერთდახმარების ვალდებულება საგარეო ჩარევის შემთხვევაში აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის ლიდერი და რუსეთის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ყაზახეთში შექმნილი ვითარება გარე ძალების ხელშეწყობით მიმდინარეობდა, რეალურად, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. ასეთი განცხადებები, დიდი ალბათობით, კუხოს, ანუ რუსეთის სამხედროების მოწვევის ლეგიტიმაციისთვის გაკეთდა. სხვა მსგავს შემთხვევებში ჩაურევლობა კუხომ კონფლიქტის შიდაპოლიტიკური ხასიათით ახსნა, მაგ., ყირგიზეთში (2005, 2010 და 2020 წლის რევოლუციების დროს). კუხო ასევე არ ჩაერია 2020 წელს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, რომელიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და არც 2021 წელს - ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტში. სულ ბოლო შემთხვევა იყო გასულ კვირაში, როდესაც კუხომ კიდევ ერთხელ თქვა უარი ტაჯიკეთ-ყირგიზეთის განახლებულ სასაზღვრო კონფლიქტში ჩარევაზე. კუხოს გენმდივანმა სტანისლავ ზასმა 27 იანვარს მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: შიდაპოლიტიკურ არეულობაში კუხოს ძალების მონაწილეობა საინტერესო პრეცედენტია, რომელიც შესაძლოა მომავალში პოსტსაბჭოთა ქვეყნების/კუხოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა  შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის/ძალაუფლების შენარჩუნებისათვისაც გამოიყენონ.  

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.