რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 120, 7 - 13 თებერვალი, 2022

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

რუსული სამხედრო დანაყოფებისა და აღჭურვილობის გადაადგილება უკრაინის მიმართულებით გაგრძელდა 7-13 თებერვლის კვირაშიც. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე დანაყოფების საზღვრის სიახლოვეს კიდევ უფრო მიწევა. უკრაინის გარშემო გასულ კვირაში, გავრცელებული ინფორმაციით, გამოჩნდნენ 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის (შტაბ-ბინა ტულაში) 51-საჰაერო-სადესანტო პოლკი (ტულა), მე-2 არმიის (შტაბ-ბინა სამარაში) 21-მძიმე მექანიზებული და 385-საარტილერიო ბრიგადები (ორივეს ბაზა მდებარეობს ტოცკოეში, ორენბურგის ოლქი), ჩრდილოეთის ფლოტის მე-200 მექანიზებული ბრიგადა (ლუოსტარი, პეჩენგა და კორზუნოვო, მურმანსკის ოლქი), 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის (შტაბ-ბინა ფსკოვში) 104-სადესანტო-მოიერიშე პოლკი (ფსკოვი) და მე-6 არმიის (შტაბ-ბინა აგალატოვოში, ლენინგრადის ოლქი) მე-9 საარტილერიო ბრიგადა (ლუგა, ლენინგრადის ოლქი). მე-6 არმიის სხვა დანაყოფები და 1-ლი სატანკო არმიის (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) მრავალი დანაყოფი იქნა დაფიქსირებული უკრაინის მიმართულებით ტრანსპორტირების პროცესში. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსებმა უკრაინის გარშემო განალაგეს საკუთარ შეიარაღებულ ძალებში არსებული 168 ტაქტიკური ჯგუფიდან 100-მდე. ამასობაში, ნორვეგიული დაზვერვის შეფასებით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა 150 000-მდე სამხედროს მოუყარა თავი.

ამერიკის სამხედრო და სადაზვერვო წყაროების გავრცელებული შეფასება რუსეთის უკრაინაზე მოსალოდნელი თავდასხმის შემთხვევაში მისი ძირითადი მიმართულებების შესახებ. წყარო: Jiachuan Wu / NBC News

ომი უკრაინაში - რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, 7-13 თებერვლის კვირაში, დონბასის ფრონტზე, დაიჭრა 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

10 თებერვალს, ბელარუსში განთავსებულმა რუსულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს ერთობლივი სწავლება ბელარუსის სამხედრო ძალებთან ერთად. ოფიციალური გეგმის თანახმად, სწავლება 20 თებერვლამდე გაგრძელდება.

10 თებერვალს, ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში შემოსვლის შემდგომ, ექვსი რუსული სადესანტო გემისგან შემდგარმა დაჯგუფებამ, მიაღწია სევასტოპოლს ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა). დაჯგუფება მოიცავს ბალტიის ფლოტის როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემებს „კალინინგრადს“, „კოროლევს“ და „მინსკს“, ასევე ჩრდილოეთის ფლოტის როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემებს „გიორგი პობედონოსეცსა“ და „ოლენეგორსკი გორნიაკს“ და ივან გრენის“ კლასის (პროექტი 11711) სადესანტო გემს „პიოტრ მორგუნოვს“.

შავი ზღვის ფლოტის მცურავმა საშუალებებმა, სახმელეთო ძალებმა და საზღვაო ავიაციამ დაიწყეს სწავლება შავ ზღვასა და ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა).

რუსეთის საზღვაო ძალები აპირებენ ხმელთაშუა ზღვაში თავი მოუყარონ სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სამ სარაკეტო კრეისერს - ჩრდილოეთის ფლოტის „მარშალ უსტინოვს“, წყნარი ოკეანის ფლოტის „ვარიაგს“ და შავი ზღვის ფლოტის „მოსკვას“. „მარშალი უსტინოვი“ და „ვარიაგი“ 7-13 თებერვლის კვირისთვის უკვე იყვნენ ხმელთაშუა ზღვაში. ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც სამივე კრეისერი ერთი არეალში იმოქმედებს. მათ თან ახლავთ ჩრდილოეთის ფლოტის უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ვიცე-ადმირალ კულაკოვი“, ადმირალ გორშკოვის“ კლასის (პროექტი 22350) ფრეგატი „ადმირალ კასატონოვი“ და ლადას“ კლასის (პროექტი 677) დიზელის წყალქვეშა ნავისანკტ-პეტერბურგი“, ასევე წყნარი ოკეანის ფლოტის უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) „ადმირალ ტრიბუცი“.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საზღვაო ძალები გეგმავს კასპიის ფლოტილიის გემების განლაგებას შავ და ხმელთაშუა ზღვებში.

7 თებერვალს რუსეთისა და ბელარუსის Su-30SM ტიპის გამანადგურებლებმა ბელარუსის საზღვრებთან ერთობლივი პატრულირება განახორციელეს. 8 თებერვალს ორმა რუსულმა Tu-22M3 ტიპის შორი მოქმედების სტრატეგიულმა ბომბდამშენმა პატრულირება ბელარუსის საჰაერო სივრცეში განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში, ისრაელის საჰაერო ძალების მიერ დამასკოს გარშემო განხორციელებული თავდასხმისას, მოქმედებაში მოიყვანეს ელექტრონული ბრძოლის სისტემები.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

Mi-28NM ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო მოიერიშე შვეულმფრენების პარტია გადაეცა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.

Mi-28NM ტიპის შვეულმფრენი

 

სწავლებები*

სამხრეთის სამხედრო ოლქმა გახანგრძლივებული სწავლებების სერია დაიწყო 15 ლოკაციაზე, რუსეთის სამხრეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.