X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 49

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N49

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 თებერვალი, 2022

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

  • რუსი დეპუტატები მხარს უჭერენ უკრაინის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას.
  • უკრაინაში ალექსანდრ სუვოროვის ძეგლის დემონტაჟი განახორციელეს.
  • რუსეთში უკრაინელ „ჯაშუშს“ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
  • რუსეთის სასამართლომ ყირიმელ თათრებს პატიმრობა მიუსაჯა.
  • ყაზახეთის პრეზიდენტი რუსეთს ესტუმრა.
  • რუსეთის ვიცე-პრემიერი სომხეთს ესტუმრა.
  • მოლდოვისთვის რუსული გაზი გაიაფდა, თუმცა საფასურის გადახდა კვლავ პრობლემაა.
  • უკრაინამ უნგრეთიდან პირველად მიიღო გაზი ფიზიკური რევერსის გზით.
  • ცხინვალის რეგიონში, „საპრეზიდენტო არჩევნებში“, რუსეთის სახელისუფლო პარტია მხარდაჭერას ანატოლი ბიბილოვს უცხადებს.

 

რუსი დეპუტატები მხარს უჭერენ უკრაინის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 15 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვას უკრაინის სეპარატისტული რეგიონების - ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების - დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის შესახებ.

მოვლენა დეტალურად: სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დამატებით განაცხადა, რომ კიევი არ იცავს მინსკის შეთანხმებებს და ვაშინგტონი და ევროპული ქვეყნები განაგრძობენ უკრაინის შეიარაღებას. ეს კი, მისი შეფასებით, საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებისა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები თანამოქალაქეების სიცოცხლეს.

ევროკავშირის შეფასებით, ასეთი აღიარება მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა იქნება. მინსკის შეთანხმებები სეპარატისტული რეგიონებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, რაც მათ უკრაინის შემადგენლობაში მეტ ავტონომიას მისცემს. მოსკოვი კიევისგან ამ შეთანხმებების შესრულებას ითხოვს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებას განცხადებით, თუ პუტინი სეპარატისტულ რესპუბლიკებს აღიარებს, „რუსეთი დე ფაქტო და დე იურე გამოვა მინსკის შეთანხმებებიდან, ყველა თანმდევი შედეგით“.

სამხედრო-პოლიტიკური კონტექსტი

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის ფონზე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ზოგიერთი სამხედრო ნაწილის მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების შესახებ განაცხადეს, ამის საკმარისი მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიებზე (ბელარუსი, შავი ზღვა) სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. 15 თებერვალს კი უკრაინამ შეიარაღებული ძალებისა და რამდენიმე სამინისტროსა და ბანკის ვებგვერდზე კიბერშეტევის შესახებაც განაცხადა. სამიზნე იყო საგარეო და კულტურის სამინისტროების ვებგვერდებიც, რაშიც მთავარი ეჭვმიტანილი რუსეთია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: იმ ფონზე, როდესაც რუსეთსა და დასავლეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს, კერძოდ, დასავლეთი უარს ამბობს მოსკოვის მთავარ მოთხოვნაზე, უარი თქვას ნატოს „ღია კარის“ პრინციპზე და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ჯერჯერობით არც პირდაპირ სამხედრო აგრესიაზე გადადის, სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარება მოსკოვის ხელში მოწინააღმდეგეებზე ზეწოლის ინსტრუმენტია. მოსკოვი იმედოვნებს, რომ სეპარატისტთა აღიარების მუქარით დასავლეთს/უკრაინას გარკვეულ დათმობაზე დაიყოლიებს.

 

უკრაინაში ალექსანდრ სუვოროვის ძეგლის დემონტაჟი განახორციელეს

მთავარი მოვლენა: უკრაინის ქ. პოლტავაში ალექსანდრ სუვოროვის ძეგლის დემონტაჟი განახორციელეს.

მოვლენა დეტალურად: რუსული მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორის ანტონ დრობოვიჩის ინიციატივით, ქ. პოლტავაში XVIII საუკუნის ცნობილი რუსი მხედართმთავრის, ალექსანდრ სუვოროვის ძეგლის დემონტაჟი განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაცია და სურათებიСтрана.ua“-მ გაავრცელა. ძეგლი ექსპონატის სახით პოლტავის ავიაციის მუზეუმში ინახებოდა, რომელიც ეროვნული სამხედრო-ისტორიული მუზეუმის ფილიალია. მანამდე ძეგლი კიევის სამხედრო ლიცეუმის ეზოს ამშვენებდა.

დრობოვიჩის თქმით, ძეგლი საბჭოთა პროპაგანდისა და აგიტაციის ელემენტი იყო, რომელმაც უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მნიშვნელობა დაკარგა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბოლო წლებში უკრაინაში რუსეთის იმპერიასა თუ საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული მოვლენების მნიშვნელობის გადახედვის პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესის ფარგლებში გახშირდა საბჭოთა პერიოდში აღმართული ძეგლების/ბიუსტების დემონტაჟის შემთხვევებიც, რასაც რუსეთის მწვავე შეფასებები მოსდევს. ამგვარი ქმედებების გამო მოსკოვი კიევს ანტირუსული და ნაციონალისტური განწყობების გაღვივებაში სდებს ბრალს.

 

რუსეთში უკრაინელ „ჯაშუშს“ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მთავარი მოვლენა: რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, უკრაინის მოქალაქეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს აგენტს, კონსტანტინ შირინგს, ჯაშუშობისთვის 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მოვლენა დეტალურად: შირინგი 2020 წლის მარტში ყირიმში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. რუსული სპეცსამსახურების ცნობით, შირინგმა, უკრაინული დაზვერვის დავალებით, რუსი სამხედრო მოსამსახურე ქალი თანამშრომლობაზე დაითანხმა და მისგან უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის საინტერესო ინფორმაციას იღებდა. რუსული მხარის ინფორმაციით, ქალმა უკრაინულ დაზვერვასთან თანამშრომლობის ფაქტი აღიარა. მას 2021 წლის ივლისში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რაც შეეხება შირინგს, მას ყირიმში განლაგებული რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ნაწილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის მის გადაცემაში ადანაშაულებენ.

კონსტანტინ შირინგის სასამართლო პროცესი. წყარო: rg.ru

ბოლო წლებში უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა არაერთი პირი დააკავა:

  • 2020 წლის 22 ივნისს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სახელმწიფო ღალატისა და უკრაინის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით კურსკის ოლქში შს სამინისტროს რაიონული განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი დმიტრი ბორზენკოვი დააკავა.
  • 2020 წლის 7 დეკემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქესა და ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელს - ვასილ ვასილენკოს ჯაშუშობაში ბრალი წაუყენა და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
  • 2021 წლის 21 აპრილს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დააკავა პირი, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა.
  • 2021 წლის 24 ივნისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ერთი პირი დააკავეს.
  • 2021 წლის 23 აგვისტოს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა რუსეთის ქ. ტულაში ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2014 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა ღიად დაიწყო, რუსეთსა და უკრაინას შორის „ჯაშუშური ომიც“ გააქტიურდა. ორივე მხრიდან გახშირდა „ჯაშუშების“ გამოვლენის ფაქტები, რაც მოსკოვსა და კიევს შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მაღალ ხარისხზე მიუთითებს. რუსეთ-უკრაინის მწვავე სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში „ჯაშუშური ომის“ კიდევ უფრო გააქტიურებას უნდა ველოდოთ.

 

რუსეთის სასამართლომ ყირიმელ თათრებს პატიმრობა მიუსაჯა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 11 თებერვალს რუსეთის ქ. როსტოვში სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ ორ ყირიმელ თათარს პატიმრობა მიუსაჯა.

მოვლენა დეტალურად: ყირიმელი თათრები, ზექირია მურატოვი და ვადიმ ბეკტემიროვი, „ჰიზბ-უ-თაჰრირის“ ჯგუფის წევრობაში ცნეს დამნაშავედ და 12 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ჯგუფი ისლამურ რადიკალურ დაჯგუფებებს განეკუთვნება და რუსეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში მისი საქმიანობა აკრძალულია. საყურადღებოა, რომ 9 თებერვალს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა კიდევ ოთხი ყირიმელი თათარი დააკავა „ჰიზბ-უ-თაჰრირის“ სახელით საქმიანობის ბრალდებით.

ყირიმელი თათრების დაკავება 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ანექსიის შემდეგ ჩვეულებრივ ამბად იქცა. ყირიმელი თათრები არასაიმედოთა კატეგორიაში გადიან და რუსული სპეცსამსახურები მათ ნებისმიერ პოლიტიკურ აქტიურობაზე მწვავედ რეაგირებენ. ყირიმის ანექსიის კრიტიკას, განსაკუთრებით, ადგილობრივი მოსახლეობის და, მათ შორის, ყირიმელი თათრების მხრიდან რუსეთი მტრულ ნაბიჯად აღიქვამს და ამიტომ მოსკოვი მათ საწინააღმდეგოდ რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს. ყირიმელი თათრების ლიდერები ან დევნილობაში არიან, ან პატიმრობაში. რადიკალური ისლამური ჯგუფის წევრობის ბრალდება არასაიმედო ყირიმელი თათრების დასაკავებლად აქტიურად გამოიყენება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ლეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანია ყირიმში მცხოვრები ეთნიკური თუ სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერა. ყირიმის ანექსიის კრიტიკას, განსაკუთრებით - ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ყირიმელი თათრების მხრიდან რუსეთი მტრულ ნაბიჯად აღიქვამს და ამიტომ მოსკოვი მათ საწინააღმდეგოდ რეპრესიული პოლიტიკის გატარებას ცდილობს.

 

რუსეთის ვიცე-პრემიერი სომხეთს ესტუმრა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 2 თებერვალს რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი სომხეთს ესტუმრა.

მოვლენა დეტალურად: ოვერჩუკი სომხეთის ვიცე-პრემიერმა მგერ გრიგორიანმა მიიღო. შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის - „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის ხაზების“ (სომხეთის რკინიგზას რუსეთის სახელმწიფო კომპანია მართავს) საქმიანობა. შეხვედრაზე განხილვის თემა იყო სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის პერსპექტივებიც.

ოვერჩუკი იმ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა, რომელიც 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შეიქმნა და რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე მუშაობას. ამ ეტაპზე, ამ მხრივ ხელშესახები პროგრესი არ არის მიღწეული.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სომხეთის ეკონომიკაში რუსეთი განსაკუთრებულ როლს ასრულებს და, შესაბამისად, მსგავსი სახის ვიზიტები რუსეთის ეკონომიკური ინტერესების დაცვას ემსახურება.

 

ყაზახეთის პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 10 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევს უმასპინძლა.

პრეზიდენტების შეხვედრა. წყარო: kremlin.ru

მოვლენა დეტალურად: პუტინმა შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ ყაზახეთი „საერთაშორისო ბანდების მსხვერპლი გახდა, მაგრამ ახლა ქვეყანა ხელისუფლების ძალისხმევით მყარად დგას ფეხზე“. პუტინის შეფასებები გაიზიარა ტოკაევმაც: „დეტალურად იყო მომზადებული საერთაშორისო ტერორისტების, ბანდიტების ოპერაცია, რომლებიც თავს დაესხნენ ყაზახეთს კონსტიტუციური წყობის დარღვევისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით“. პუტინთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ყაზახ კოლეგას სამხედრო სპეციალისტების შემდგომში მომზადების პირობაც მისცა. შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს.

ტოკაევი ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსაც შეხვდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყაზახეთში იანვრის დრამატული მოვლენების შემდეგ, როდესაც საპროტესტო აქცია ქვეყნის მასშტაბით დიდ არეულობაში გადაიზარდა, ეს ყაზახეთის პრეზიდენტის პირველი პირისპირ შეხვედრაა რუსეთის ლიდერთან. ქვეყანაში წესრიგის აღდგენაში ყაზახეთის პრეზიდენტს გადამწყვეტი დახმარება აღმოუჩინა რუსეთმა. მისი ეს ვიზიტი კი ყაზახეთის პოლიტიკურ პროცესებზე რუსეთის გავლენის ზრდის მაჩვენებელია.  

 

მოლდოვისთვის რუსული გაზი გაიაფდა, თუმცა საფასურის გადახდა კვლავ პრობლემაა

მთავარი მოვლენა: თებერვალში მოლდოვისთვის რუსული გაზის ფასი 83 აშშ დოლარით გაიაფდა და 563 აშშ დოლარი შეადგინა.

მოვლენა დეტალურად: „მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელის ვადიმ ჩებანის განცხადებით, ფასის შემცირება კომპანიას ფინანსური გადაცდომების (რაც ამჟამად 111 მლნ აშშ დოლარს შეადგენს) კომპენსირების საშუალებას მისცემს. კომპანიისთვის ათას კუბურ მეტრზე გაზის ფასი იანვარში 647 აშშ დოლარი იყო, დეკემბერში - 550, ნოემბერში - 450. რუსეთსა და მოლდოვას შორის ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გასული წლის ნოემბერში დაიდო. კონტრაქტის მიხედვით, მოლდოვურმა მხარემ ყოველი თვის 20 რიცხვამდე უნდა გადაიხადოს თვის განმავლობაში მიღებული გაზის საფასური და შეიტანოს ავანსი შემდეგი თვის მიწოდებისთვის.

მოლდოვისთვის გაზის საფასურის გადახდა პრობლემური საკითხია. „გაზპრომმა“, რომელიც მოლდოვისთვის გაზის მთავარი მიმწოდებელია, გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო გაზის შეწყვეტით კიდევ ერთხელ დაიმუქრა. 20 იანვარს, რუსული გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო, მოლდოვის პარლამენტმა ენერგოსექტორში 60-დღიან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც კი დაუჭირა მხარი. ასევე, „გაზპრომის“ წინაშე დაგროვილი დავალიანების ფონზე, „მოლდოვაგაზმა“ მომხმარებლებისთვის 40%-ით გაზარდა ტარიფები.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მოლდოვა-რუსეთის ურთიერთობაში გაზის მიწოდების საკითხი საკვანძო თემად რჩება. გაზზე გაზრდილი ფასის გადახდა მოლდოვის ბიუჯეტს სულ უფრო მძიმე ტვირთად აწვება და ყოველთვიური კრიზისების საფუძველი ხდება. თუ მოლდოვა უახლოეს პერსპექტივაში რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ვერ შეამცირებს, რუსეთი მოლდოვაზე გავლენის ბერკეტებს შეინარჩუნებს და მოლდოვის პროდასავლურ მთავრობასაც პოლიტიკური მანევრების არეალი შეეზღუდება, რაც პრორუსულად განწყობილ ოპოზიციას შერყეული პოლიტიკური პოზიციების გამყარების შესაძლებლობას მისცემს.

 

უკრაინამ გაზი უნგრეთიდან მიიღო

მთავარი მოვლენა: უკრაინამ უნგრეთიდან პირველად მიიღო გაზი ფიზიკური რევერსის გზით.

მოვლენა დეტალურად: სლოვაკეთის შემდეგ უნგრეთი მეორე ქვეყანაა, რომელმაც უკრაინას რევერსული გზით ფიზიკურად მიაწოდა გაზი. ადრე გაზსადენის სისტემა მხოლოდ უკრაინიდან უნგრეთის მიმართულებით მუშაობდა. ტექნიკური ჩარევის შედეგად, გაზის ტრანსპორტირება უკვე ორივე მიმართულებით არის შესაძლებელი. ტექნიკური გაუმჯობესება ხორვატიის თხევადი გაზის ტერმინალიდან გაზის მიღების შესაძლებლობასაც იძლევა.

უკრაინა 2015 წლიდან რუსულ გაზს პირდაპირი გზით აღარ ყიდულობს და გაზის ვირტუალურ რევერსს ევროპიდან აწარმოებს. ფორმალური თვალსაზრისით, უკრაინა გაზს ევროპული კომპანიებისგან ყიდულობს, თუმცა ფაქტობრივად იყენებს ტრანზიტულ გაზს, რომელიც რუსეთიდან ევროპაში უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის გავლით მიდის.

დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების მიუხედავად, უნგრეთის ურთიერთობა რუსეთთან ვითარდება. 2021 წლის სექტემბერში უნგრეთმა „გაზპრომთან“ ხელი მოაწერა 15-წლიან კონტრაქტს ყოველწლიურად 4.5 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ. მიწოდება გასული წლის 1 ოქტომბრიდან შავ ზღვაში გამავალი „თურქული ნაკადიდან“ დაიწყო და გვერდს უვლის უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემას. უნგრეთ-რუსეთის ენერგოთანამშრომლობას ნეგატიურად აფასებენ უკრაინაში და უკრაინის გვერდის ავლით გაზის ტრანსპორტირება პოლიტიკურ და ეკონომიკურად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ. თავის მხრივ, რევერსული გზით უნგრეთიდან უკრაინაში გაზის ტრანსპორტირებას აკრიტიკებენ რუსეთში.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის ენერგორესურსებზე  დამოკიდებულების შემცირების მიზნით უკრაინა აქტიურად ეძებს გაზის იმპორტის ახალ მარშრუტებს. ახალი მილსადენების გაყვანა ძვირია და პოლიტიკურ მხარდაჭერას საჭიროებს, არსებული მილსადენების სისტემის ტექნიკური გადაიარაღება კი მოკლევადიან პერიოდში რუსეთისგან ალტერნატიული მარშრუტის განვითარების შესაძლებლობაა.

 

რუსეთის სახელისუფლო პარტია მხარდაჭერას ანატოლი ბიბილოვს უცხადებს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 8 თებერვალს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის სახელისუფლო პარტია „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენლები მიიღო, რომლებიც რეგიონში პარტია „ერთიანი ოსეთის“ (ბიბილოვის პარტია) სხდომაზე დასასწრებად ჩავიდნენ.

მოვლენა დეტალურად: რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი პარტიის გენერალური საბჭოს მდივანი ანდრეი ტურჩაკი იყო. მასთან ერთად დელეგაციის წევრები იყვნენ სახელმწიფო დუმის დეპუტატები: დიმიტრი საბლინი, ალექსანდრ კარელინი და ანდრეი კრასოვი. რეგიონში ასევე იმყოფებოდნენ დელეგაციები თვითგამოცხადებული დონბასისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას „ერთიან რუსეთსა“ და „ერთიან ოსეთს“ შორის. შეთანხმებამ „ხელი უნდა შეუწყოს მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას“. ტურჩაკის თქმით, ეს დამატებითი ბიძგი იქნება დე ფაქტო რესპუბლიკისათვის საინვესტიციო პროგრამის განსავითარებლად და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად.

რუსეთის დელეგაცია ანატოლი ბიბილოვის წარდგენის ღონისძიებაზე. წყარო: „ერთიანი რუსეთის“ ვებგვერდი

რუსულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პარტია „ერთიანი ოსეთის“ რიგით VIII ყრილობაში, რომელზეც მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბაბილოვის კანდიდატურა „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობისთვის წარადგინეს. ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილსაა დაგეგმილი. ტურჩაკმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ოპონენტები გააკრიტიკა და 2008 წელიც გაიხსენა. მისი თქმით, „რესპუბლიკას“ ქართული არმიის თავდასხმის მოგერიებაში რუსეთი დაეხმარა.

6 თებერვალს ბიბილოვს დაბადების დღე სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის მაღალჩინოსნების მიერ ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურის ღია მხარდაჭერა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის გზავნილია, რომ მოსკოვის ფავორიტი ანატოლი ბიბილოვია, რაც მის „საპრეზიდენტო“ შანსებს ზრდის. თუმცა, თუ ცხინვალის რეგიონში (და ასევე აფხაზეთში) წარსულში ჩატარებულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებს გავიხსენებთ, კრემლის მხარდაჭერა ყოველთვის არ არის წარმატების გარანტია.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.