X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა/რუსეთის აგრესია უკრაინაში: პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეაგირება

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 21 თებერვალი - 3 მარტი, 2022

შენიშვნა: 50-ე გამოცემაში მიმოხილულია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხთან დაკავშირებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების (გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოსი) პოზიციები. რუსეთის სამთავრობო საიტებზე განხორციელებული კიბერშეტევების გამო მიმოხილვაში მითითებული ზოგიერთი რუსული წყაროს ბმული შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი.

 

მთავარი მოვლენების ქრონოლოგია (21-25 თებერვალი):

  • 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინასა და დასავლეთთან რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ, უკრაინის სეპარატისტული რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. ამავე დღეს პუტინმა სეპარატისტული რეგიონების ლიდერებთან ხელი მოაწერა მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებებს.
  • 22 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ მიიღეს კანონი „რუსეთის ფედერაციასა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე“. ასეთივე კანონი მიიღეს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკასთან დაკავშირებითაც. ამავე დღეს პუტინმა ფედერაციის საბჭოს რუსეთის ტერიტორიის გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენების თანხმობა მოსთხოვა.
  • 24 თებერვალს პუტინმა მიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინის წინააღმდეგ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მიმდინარეობის შესახებ იხ. რონდელის ფონდის რუსეთის სამხედრო ძალების სპეციალური მიმოხილვები (25 თებერვალი, 28 თებერვალი, 1 მარტი, 3 მარტი).
  • 25 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების რატიფიკაციის სიგელები გაცვალეს რუსეთმა და დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულმა რეგიონებმა.
  • 25 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები რუსეთის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამაც აღიარა. „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ აღიარების განკარგულებას 25 თებერვალს მოაწერა ხელი. ამ თემაზე საუბრისას ბჟანიამ 1992-1993 წლების ომში ქართველების მხარეს უკრაინული „უნა-უნსოს“ ბრძოლაც გაიხსენა. ცხინვალის რეგიონმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონები რამდენიმე წლის წინ აღიარა.


ვინ რას ამბობს და ვინ რას აკეთებს

ბელარუსი

ამ ეტაპზე ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელიც, ფაქტობრივად, რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილეა. მიუხედავად იმისა, რომ წინასაომარ პერიოდში ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსის მხრიდან შეტევას გამორიცხავდა, 24 თებერვალს უკრაინაზე რუსული სამხედრო თავდასხმა ბელარუსის ტერიტორიიდანაც განხორციელდა. წარსულში ლუკაშენკო რუსეთის სამხედრო ოპერაციებში (იქნებოდა ეს ჩეჩნეთში თუ რუსეთის ფარგლებს გარეთ) მონაწილეობას ყოველთვის თავს არიდებდა. ამჯერად ლუკაშენკოს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა მისმა საერთაშორისო იზოლაციამ და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური კრიზისის შედეგად ბელარუსის ლიდერზე რუსეთის გავლენის ზრდამ.

ბელარუსი რუსეთის სამხედრო აგრესიის მომზადების პროცესშიც იყო ჩართული. 18 თებერვალს პუტინმა ლუკაშენკოს კრემლში უმასპინძლა. 2022 წელს ეს მათი პირველი შეხვედრა იყო. მხარეებმა უკრაინულ კრიზისზეც იმსჯელეს და მათ წინააღმდეგ დასავლეთის შესაძლო სანქციები განიხილეს, რომელიც, მათი თქმით, გარდაუვალი იყო.

19 თებერვალს ბელარუსის ტერიტორიაზე სტრატეგიული შეკავების ძალების წვრთნებს პუტინი და ლუკაშენკო მოსკოვიდან ადევნებდნენ თვალს. წვრთნების დროს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს. წვრთნებში მონაწილეობდნენ საჰაერო-კოსმოსური, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო და ჩრდილოეთისა და შავი ზღვის ფლოტების ძალები და საშუალებები. ერთობლივი წვრთნების - „სამოკავშირეო სიმტკიცე - 2022“ აქტიური ფაზა 20 თებერვალს დასრულდა. პრეზიდენტების შეფასებით, სწავლებას თავდაცვითი ხასიათი ჰქონდა და არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული.

რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, 24 თებერვალს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხი დღის წესრიგში დგას და მინსკი უახლოეს პერიოდში ისე მოიქცევა, როგორც „საჭიროა ჩვენთვის და რუსეთისთვის“. ამავე დროს, იგი მინსკში რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივითაც გამოვიდა. ლუკაშენკოს თქმით, დონბასში არ არიან ბელარუსი სამხედროები, მაგრამ, აუცილებლობის შემთხვევაში, მინსკი იქ გააგზავნის სამხედრო ძალებს. მისი შეფასებით, „ბელარუსი და რუსეთი არ ემზადებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. სპეცოპერაციის დაწყება მოსკოვს კიევის ქმედებებმა აიძულა“. მან განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი ცალსახაა - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობის გენოციდის შეჩერება.

კონფლიქტში ბელარუსის მონაწილეობის მიუხედავად, რუსული და უკრაინული მხარეების მოლაპარაკების პირველი და მეორე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე დაიგეგმა. მხარეები პირველად 28 თებერვალს გომელის რაიონში შეხვდნენ, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. მეორე შეხვედრა 3 მარტს ბელოვეჟში გაიმართა.

შეხვედრა ბელოვეჟში. წყარო: BBC

1 მარტს უკრაინულმა მხარემ უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსის სამხედრო ძალების შემოსვლის შესახებაც განაცხადა, თუმცა მსგავსი რამ ამ ეტაპზე არ დასტურდება. ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ხელშეწყობისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ უკვე დაუწესეს სანქციები.

მოლდოვა

უკრაინაში დაწყებულმა რუსეთის სამხედრო აგრესიამ  პირველივე დღეს მოახდინა გავლენა მოლდოვაზე. 24 თებერვალს მოლდოვის პარლამენტმა 60 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ხნის განმავლობაში აიკრძალა დემონსტრაციები და მთავრობამ მიიღო უფლება „არასასურველი პირები“ ქვეყნიდან გააძევოს. გარდა ამისა, მთავრობა საკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებლებისგან ითხოვს ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი ონლაინწყაროების დაბლოკვასაც.

მოლდოვა უკრაინიდან ლტოლვილი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ უსაფრთხო ადგილად და ევროპის სხვა ქვეყნებში გადაადგილებისთვის მთავარ მარშრუტად გადაიქცა. 25 თებერვალს პროდასავლური პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინელ ლტოლვილთა დახმარებისთვის ერთობლივი მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისსაც ესაუბრა. 1 მარტიდან ქვეყანაში ამოქმედდა კრიზისული სიტუაციების მართვის ერთობლივი ცენტრი, რომელიც მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო პირებისა და მოხალისეების საქმიანობას უწევს კოორდინაციას. ცენტრის მართვაში ჩართული იქნებიან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებიც. მოლდოვას ლტოლვილთა გადადგილების მენეჯმენტში ეხმარება რუმინეთიც.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა. წყარო: gov.md

ომის პირველ დღეებში (24-28 თებერვალი) მოლდოვაში 71 359 უკრაინის მოქალაქე შევიდა, მათ შორის 33 173-მა დატოვა ქვეყანა.

უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განცხადების დაჩქარებული წესით წარდგენის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი მოლდოვამაც წარადგინა. ამავე დღეს წარადგინა განაცხადი საქართველომაც.

მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, „სამშვიდობოების“ სახით განთავსებულია რუსული სამხედრო შენაერთი. უკრაინის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით რუსული სამხედრო ძალების შეჭრის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა, რომ უსაფრთხოების რისკები მოლდოვისთვისაც გაიზრდება.

აზერბაიჯანი

რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებიდან მეორე დღეს, 22 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსეთს ესტუმრა. ალიევს პუტინმა უმასპინძლა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა მოკავშირეობისა და თანამშრომლობის დეკლარაციას. პუტინის შეფასებით, დეკლარაციის ხელმოწერა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანას ნიშნავს. ეს სტრატეგიული დოკუმენტი მიმდინარე მოლაპარაკებების ცენტრალური ელემენტი და მთავარი შედეგი გახდა, - განაცხადა პუტინმა. დეკლარაციის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ განიხილონ ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობაც. მხარეები სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობაზეც თანხმდებიან.  ისინი ასევე თავს შეიკავებენ ისეთი ეკონომიკური საქმიანობისაგან, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მეორე მხარის ინტერესებს ავნებს.

დეკლარაციის ხელმოწერის ღონისძიებაზე პუტინი ალიევს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებაზეც ესაუბრა. პუტინი ალიევის დარწმუნებას შეეცადა, რომ სპეკულაციები თემაზე, თითქოს რუსეთი იმპერიის აღდგენას იმპერიულ საზღვრებში აპირებს, არ შეესაბამება სიმართლეს. საინტერესოა, რომ ალიევი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერებიდან ერთადერთი იყო, ვინც კრიზისის პერიოდში, 14 იანვარს, კიევს ესტუმრა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.

26 თებერვალს პუტინსა და ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ილაპარაკეს. ამავე დღეს ალიევმა ტვიტერის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული და სამედიცინო აღჭურვილობით დახმარებისთვის. ზელენსკიმ კი ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აზერბაიჯანული ენერგოკომპანია „SOCAR“ უკრაინაში სასწრაფო  და სახანძრო-სამაშველო მანქანებს საწვავით დაეხმარება.

უდავოა, რომ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომში წარმატება ალიევის ბოლო წლების პოლიტიკის შედეგიც იყო, რაც რუსეთთან ურთიერთობის განვითარებას ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანი არ არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, რუსეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ხარისხი მაინც საკმაოდ მაღალია. ალიევი ახერხებს ამ კრიტიკულ მომენტში მოსკოვთან ურთიერთობაც შეინარჩუნოს და უკრაინის ლიდერებისგან მადლობაც დაიმსახუროს. კიევის მოსკოვთან მოლაპარაკების ერთ-ერთ ადგილად ბაქოც განიხილებოდა მაშინ, როდესაც ბაქო არც რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს შეერთებია და არც მოსკოვის ქმედებები დაუგმია ღიად.

სომხეთი

სომხეთი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია. აღსანიშნავია, რომ სომხეთის ხელისუფლებას ღია განცხადება უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. კრიზისის პერიოდში პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი 21 თებერვალს გაიმართა, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხნენ.

25 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს უმასპინძლა. განხილვის თემა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები იყო. პუტინისა და ფაშინიანის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი 26 თებერვალს გაიმართა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბრის თემებს შორის არ იყო ნახსენები უკრაინის საკითხი. სომხეთმა მხოლოდ 26 თებერვალს და 1 მარტს, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც „უკრაინაში მიმდინარე მოვლენების/სამხედრო მოქმედებების“ გამო სომხეთში დაბრუნება სურდათ, საინფორმაციო ტიპის განცხადებები გაავრცელა.

მართალია, ამ ეტაპზე ჯერ არ  დამდგარა დღის წესრიგში, მაგრამ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიის მხარდაჭერისთვის სომხეთს, როგორც კუხოს წევრ ქვეყანას, სამხედრო სახის დახმარებაც მოსთხოვოს. ეს მოთხოვნა ქვეყნისთვის, რომელიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომში დამარცხდა და ყოველდღიური უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, მძიმე დარტყმა იქნება.

უზბეკეთი

უზბეკეთი არ არის გაწევრიანებული ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. თუმცა, შავქათ მირზიევის გაპრეზიდენტების შემდეგ (2016 წლიდან) რუსეთთან ურთიერთობა ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე ეს წინა პრეზიდენტის - ისლამ კარიმოვის დროს იყო.

25 თებერვალს სატელეფონო საუბარი გაიმართა პუტინსა და მირზიევს შორის. კრემლის ცნობით, მხარეებმა, „დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებული ვითარების განვითარებაზე და უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციის განხორციელებაზე“ ისაუბრეს. კრემლის ცნობით, მირზიევმა გამოხატა, რომ ესმის რუსული მხარის ქმედებები და მხარი დაუჭირა რუსეთის სამხედრო ქმედებებს. აღსანიშნავია, რომ ამის არანაირი დასტური არ არსებობს უზბეკეთის მხრიდან. ტაშკენტი რუსულ მხარესთან ასეთ საუბრებს აფასებს, როგორც აზრების გაცვლას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.

პუტინისა და მირზიევის საუბრის შესახებ დამატებითი განცხადება გააკეთა უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც: „ორი ქვეყნის ლიდერებმა, ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების გარდა, აზრები გაცვალეს უკრაინაში არსებული ვითარების ირგვლივ. რუსეთის პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის ლიდერს ინფორმაცია მიაწოდა სპეციალური ოპერაციის გადაწყვეტილების მიღების მიზეზებსა და გარემოებებზე. თავის მხრივ, უზბეკეთს ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები სწრაფად გამონახავენ ვითარების დარეგულირებისა და მისი შემდგომი ესკალაციის პრევენციის ურთიერთმისაღებ გზებს. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო, რომ უზბეკეთი ამ საკითხზე იკავებს გაწონასწორებულ, ნეიტრალურ პოზიციას. ჩვენს ქვეყანას ტრადიციულად მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები აქვს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან. ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენს ფართო რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფით, სტაბილურობითა და მდგრადი განვითარებით. ყველა წამოჭრილი დავა და უთანხმოება უნდა გადაწყდეს მხოლოდ საერთაშორისო ნორმების საფუძველზე“.

ომის დაწყების შემდეგ უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებების უმრავლესობა უკრაინიდან უზბეკეთის მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება (24 თებერვალი, 24 თებერვალი, 25 თებერვალი, 26 თებერვალი, 26 თებერვალი, 26 თებერვალი, 27 თებერვალი, 27 თებერვალი, 28 თებერვალი, 1 მარტი, 1 მარტი, 1 მარტი, 2 მარტი).

ყირგიზეთი

ყირგიზეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე პრორუსული ქვეყანა და რუსეთის მოკავშირეა. იგი გაწევრიანებულია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაშიც. ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკის სტაბილურობას დიდწილად რუსეთთან ურთიერთობა განსაზღვრავს.

26 თებერვალს სატელეფონო საუბარი გაიმართა პუტინსა და ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შორის. კრემლის ცნობით, საუბრის დროს ჟაპაროვმა მინსკის შეთანხმებების ჩაშლაში კიევის პასუხისმგებლობა აღნიშნა და დონბასის მოსახლეობის დაცვაში რუსული მხარის გადამწყვეტ მოქმედებებს მხარი დაუჭირა. პუტინმა ჟაპაროვს „პრინციპული სოლიდარული პოზიციისთვის“ მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ყირგიზეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე პუტინთან საუბრის შესახებ ნეიტრალური ხასიათის ინფორმაცია გავრცელდა, სადაც მხოლოდ ის იყო ნახსენები, რომ მხარეებმა უკრაინაში არსებული ვითარებაც განიხილეს.

ომის დაწყების შემდეგ ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებების უმრავლესობას უკრაინიდან ყირგიზეთის მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება (24 თებერვალი, 25 თებერვალი, 25 თებერვალი, 25 თებერვალი, 26 თებერვალი, 27 თებერვალი, 28 თებერვალი, 2 მარტი, 3 მარტი). სამინისტრომ 25 თებერვალს გაავრცელა ნეიტრალური შინაარსის განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. განცხადებაში იმედი გამოთქვეს, რომ რუსეთთან და უკრაინასთან ისტორიულად მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის მშვიდობა მალე მიიღწევა. მშვიდობისკენ კიდევ ერთი მოწოდება სამინისტროს ვებგვერდზე 3 მარტს გავრცელდა.

როგორც ჩანს, ომის პირველ დღეებში ჟაპაროვის განცხადებები უკრაინაში არამეგობრულად ჩათვალეს და ყირგიზეთის მიერ რუსეთის აგრესიის გამართლების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 მარტს, სატელევიზიო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ კონსულტაციების მიზნით ელჩს გაიწვევდა ყირგიზეთიდან. ზელენსკიმ საქართველოს მთავრობის პოზიციის - „მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებზე ამორალური პოზიციის გამო“ ელჩი საქართველოდანაც გაიწვია.

ყაზახეთი

ყაზახეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი და რუსეთის მოკავშირეა. 2022 წლის იანვარში, ყაზახეთში შიდა პოლიტიკური კრიზისის დროს, ვითარების დარეგულირებისთვის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა კუხოს მიმართა, სადაც წამყვან როლს რუსეთი ასრულებს. კუხოს და, განსაკუთრებით, რუსეთის მხარდაჭერით, ტოკაევმა შეძლო კრიზისის დაძლევა. თუმცა, ამის მიუხედავად, ყაზახეთი უარს ამბობს რუსეთის სამხედრო ოპერაციაში ჩართვაზე და არც უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას აპირებს.

22 თებერვალს პუტინი ტოკაევს ტელეფონით ესაუბრა და აუხსნა რუსეთის მხარის პოზიცია უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამავე დღეს ტოკაევმა უშიშროების საბჭოს სხდომაც მოიწვია, სადაც უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ყაზახეთის შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს. ანალოგიურ საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომა 26 თებერვალსაც ჩატარდა.

25 თებერვალს რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი შეხვდა ტოკაევს. მიშუსტინი ნურ-სულთანში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამთავრობათაშორისო საბჭოს სხდომაზე იმყოფებოდა. შეხვედრაზე უკრაინაში ვითარების ესკალაციისა და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირობებში საქონელბრუნვის შემცირებისთვის პრევენციული ერთობლივი ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს.

ტოკაევისა და მიშუსტინის შეხვედრა. წყარო: akorda.kz

1 მარტს სახელისუფლებო პარტია „ნურ ოტანის“ ყრილობაზე ტოკაევმა განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას ხელი შეუწყო მინსკის შეთანხმებების არშესრულებამ, მინსკის შეთანხმებები ქაღალდზე დარჩა და გეოპოლიტიკური სიტუაცია უპრეცედენტოდ გამწვავდა. „სხვა გზა არ არის. ცუდი მშვიდობა უკეთესია კარგ ომზე. მშვიდობის გარეშე ვერ იქნება განვითარება“, - განაცხადა ტოკაევმა.

2 მარტს ტოკაევი ტელეფონით ესაუბრა პუტინსა და ზელენსკის. პუტინთან საუბარში მან ხაზი გაუსვა მოლაპარაკების დროს კომპრომისული შეთანხმების მიღწევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ყაზახური მხარის ცნობით, საუბარი ზელენსკის ინიციატივით გაიმართა და იგი უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებას შეეხებოდა. ტოკაევმა ზელენსკისთან საუბარშიც აღნიშნა ცეცხლის შეწყვეტის მიზნით შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა. ისინი ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

3 მარტს მედიაში გავრცელდა ყაზახეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის სულტან კამალეტდინოვის განცხადება, რომელიც მან სენატის პლენარული სხდომის დროს ჟურნალისტებს გააცნო. მან თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ყაზახეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს არც ერთ და არც მეორე მხარეს. საფრთხის შემთხვევაში, ყაზახეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან ქვეყნის დასაცავად - განაცხადა კამალეტდინოვმა.

ტაჯიკეთი

ტაჯიკეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის  წევრია. ტაჯიკეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს რუსეთის შეიარაღებული ძალები და მისი ეკონომიკა მეტწილად რუსეთთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაწყებული სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი ღია განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

25 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო ტაჯიკეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი უკრაინაში არსებული ვითარების განხილვაც იყო. მატვიენკო დუშანბეში გამართულ საპარლამენტთაშორისო ფორუმზე - „რუსეთი-ტაჯიკეთი: რეგიონთაშორისი თანამშრომლობის პოტენციალი“ - სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, რუსეთმა გამოაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანიც არის მშვიდობის იძულება, უკრაინაში მილიტარიზაციის შეჩერება. „ჩვენ არ დაგვიტოვეს სხვა არჩევანი. ეს არ იყო მარტივი არჩევანი, მაგრამ იყო ერთადერთი შესაძლებლობა გავაჩეროთ ძმათამკვლელი ომი, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ადამიანების სიცოცხლე“, - განაცხადა მატვიენკომ.

მატვიენკოს შეხვდა ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონიც, თუმცა ამ შეხვედრის შესახებ ტაჯიკური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის ნახსენები უკრაინის თემა. უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე მინიშნებაა გაკეთებული: „შეხვედრის დროს მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აზრები მსოფლიოში სწრაფად ცვალებად პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე ზოგიერთ რეგიონში კონფლიქტის ესკალაციაზე“.

ომის დაწყების შემდეგ ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებების უმრავლესობა უკრაინიდან ტაჯიკეთის მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება (24 თებერვალი, 28 თებერვალი).

თურქმენეთი

თურქმენეთის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უცნობია. 22 თებერვალს სერგეი ლავროვმა თურქმენეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი მიიღო. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, შეხვედრაზე უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები არ განხილულა.

2 მარტს პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც განიხილეს 2022 წლის იანვარ-თებერვალში სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის შედეგები და ასევე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭოს სხდომაზე განხილულ თემებს შორის არ არის ნახსენები უკრაინის საკითხი. ბერდიმუხამედოვმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი თურქმენეთის ნეიტრალურ სტატუსს.

 

უკრაინის საკითხი საერთაშორისო და რეგიონულ ფორუმებზე

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრა

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამთავრობათაშორისო შეხვედრა ნურ-სულთანში 25 თებერვალს ჩატარდა. შეხვედრაში, პრემიერ-მინისტრების დონეზე, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სომხეთის დელეგაციები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანქციები მათი ქვეყნების ეკონომიკასა და ფინანსებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს, რის გამოც ყაზახეთი ანტიკრიზისული ხასიათის ღონისძიებებს ატარებს.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.