X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა / უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია: მოლდოვის რეაგირება და უარი სანქციების დაწესებაზე

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

შენიშვნა: 51-ე გამოცემაში მიმოხილულია ის ნაბიჯები, რომლებიც მოლდოვამ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით გადადგა.

 

შესავალი

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ მოლდოვა სერიოზული ეკონომიკური თუ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დააყენა. ლტოლვილების მზარდ ნაკადთან გამკლავება ქვეყანას დამოუკიდებელი რესურსებით არ შეუძლია. ამავე დროს, მოლდოვის მთავრობა შიშობს, რომ უკრაინის სამხრეთში რუსეთის სამხედრო აგრესიის განვითარების შემთხვევაში, ომმა მის ტერიტორიაზე, დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რესპუბლიკამდეც, შეიძლება მიაღწიოს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოლდოვის მთავარი პრიორიტეტი უკრაინიდან ლტოლვილებისთვის უსაფრთხო გარემოსა და ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაა, ამავე დროს, ქვეყანა, ნეიტრალიტეტის სტატუსისა და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, უარს ამბობს შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

 

პირველი რეაგირება

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე მოლდოვის პროდასავლურმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ღიად დაუჭირეს მხარი და დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია. მოლდოვამ ასევე დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ გაეროს რეზოლუციას.

20 თებერვალს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა მხარი. მისი განცხადებით, სამხედრო ძალის გამოყენება ან სამხედრო ძალის გამოყენების მუქარა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.

22 თებერვალს პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაგმო რუსეთის მიერ 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. 24 თებერვალს სანდუმ ასევე  დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება. მისი განცხადებით, მოლდოვა, როგორც ნეიტრალური ქვეყანა, მზად არის დაეხმაროს მოქალაქეებს ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

24 თებერვალს, ომის დაწყების დღეს, მოლდოვის პარლამენტმა 60 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ პერიოდში აიკრძალა დემონსტრაციები. მთავრობამ მიიღო უფლება „არასასურველი პირები“ ქვეყნიდან გააძევოს, ქვეყანაში შესვლა-გასვლის და საჰაერო სივრცის სპეციალური რეჟიმი დააწესოს, დაგეგმოს ღონისძიებები უკრაინიდან ლტოლვილთა ნაკადის მისაღებად. გარდა ამისა, მთავრობამ საკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებლებისგან მოითხოვა ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი ონლაინწყაროების დაბლოკვაც.

ამავე დღეს პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ საგანგებო პრეს-კონფერენცია ჩაატარა, რომლის ძირითადი გზავნილები იყო: ომის დაგმობა, პრიორიტეტად ადამიანების უსაფრთხოების განსაზღვრა, დასავლელ პარტნიორებთან დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურება, კრიზისების ცენტრის შექმნა საქმიანობის მონიტორინგისა და კოორდინაციისთვის, პროტოკოლების შექმნა ლტოლვილთა მისაღებად.

28 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე მიიღო რეზოლუცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. რეზოლუციას, სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, მხარი დაუჭირა 141-მა ქვეყანამ, მათ შორის - მოლდოვამაც. რეზოლუცია „მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მდებარე ტერიტორიიდან“.

 

ლტოლვილთა მიღება და ჰუმანიტარული დერეფანი

მოლდოვა უკრაინიდან ლტოლვილი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ უსაფრთხო ადგილად და ევროპის სხვა ქვეყნებში გადაადგილებისთვის მთავარ მარშრუტად გადაიქცა. 25 თებერვალს მაია სანდუ უკრაინელ ლტოლვილთა დახმარებისთვის ერთობლივი მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანის ესაუბრა. 1 მარტიდან ქვეყანაში ამოქმედდა კრიზისული სიტუაციების მართვის ერთობლივი ცენტრი, რომელიც მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო პირებისა და მოხალისეების საქმიანობას უწევს კოორდინაციას. ცენტრის მართვაში ჩართული არიან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებიც. მოლდოვას ლტოლვილთა გადაადგილების მენეჯმენტში ეხმარება რუმინეთიც.

ომის პირველ დღეებში (24-28 თებერვალი) მოლდოვაში 71 359 უკრაინის მოქალაქე შევიდა, მათგან 33 173-მა დატოვა ქვეყანა. 18 მარტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან 321 ათასზე მეტმა ლტოლვილმა გადაკვეთა საზღვარი, მათგან 104 ათასი (აქედან 48 942-ზე მეტი ბავშვია) ქვეყნის მასშტაბით თავშესაფარში ან კერძო სახლებშია განთავსებული.

ნატალია გავრილიტამ უკრაინიდან ლტოლვილები მოინახულა. წყარო: gov.md

მოლდოვა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. 5 მარტს ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას დამატებითი რესურსები (ტექნიკური საშუალებები, ფინანსური დახმარება და ლტოლვილების გადაადგილებაში დახმარება) სჭირდება უკრაინიდან ლტოლვილებისთვის ღირსეული თავშესაფრის უზრუნველსაყოფად.

 

საერთაშორისო დახმარება

მოლდოვამ ახალი გამოწვევების პირობებში მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა, დასავლეთმა დააფასა მისი როლი ლტოლვილთა მიღებაში. 5 მარტს მოლდოვას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია, რომელმაც მაია სანდუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვას. თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს (უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განცხადების დაჩქარებული წესით წარდგენის შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ამავე დღეს წარადგინა განაცხადი საქართველომაც). ბლინკენმა მოლდოვას შემდგომ წლებში 18 მლნ აშშ დოლარს დაჰპირდა ენერგოსექტორის დივერსიფიკაციისთვის, რომელიც ამჟამად რუსულ გაზზეა დამოკიდებული. მანამდე, 3 მარტს, მოლდოვას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ესტუმრა, რომელმაც „შექმნილი კრიზისის დასაძლევად“ პირველ ეტაპზე 15 მლნ ევროს დახმარება აღუთქვა. ამავე დროს, მოლდოვა ლტოლვილთა კრიზისის დასაძლევად მიმდინარე რეჟიმში იღებს სხვადასხვა სახის (ფინანსური/მატერიალური) დახმარებებს დასავლეთის ქვეყნებისგან.

მაია სანდუს შეხვედრა ენტონი ბლინკენთან. წყარო: rferl.org

 

ნეიტრალიტეტი და რუსეთთან ეკონომიკური კავშირები

მოლდოვა იმ ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც არ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ქვეყნის პროდასავლური მთავრობა ამ ნაბიჯს ქვეყნის ნეიტრალიტეტის სტატუსით და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ხასიათით ხსნის. მსგავსი განცხადებები ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ გააკეთა საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ.

მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა, რომლის მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსი კონსტიტუციაშია გაწერილი. კონსტიტუციის  მიხედვით, ასევე დაუშვებელია სხვა ქვეყნის სამხედრო ძალების განთავსება მოლდოვის ტერიტორიაზე. მთავრობა მთავარ აქცენტს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე აკეთებს.

28 თებერვალს ნიკუ პოპესკუმ უკრაინაში შექმნილ ვითარებაში ნეიტრალიტეტის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, „მოლდოვა ნეიტრალური სახელმწიფოა. ჩვენ კონფლიქტში არ დავიჭერთ რომელიმე ქვეყნის მხარეს. მოლდოვა არ შეუერთდება არცერთ სანქციას“. ჟურნალისტის შეკითხვას სანქციებზე არშეერთების შესახებ მინისტრმა უპასუხა, რომ „მოლდოვის ეკონომიკა ზედმეტად ინტეგრირებული და დამოკიდებულია რუსეთზე. რუსეთზე სანქციების დაწესება არ არის მარტივი გადაწყვეტილება, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, რომელიც შეიძლება მიიღოს მოლდოვაზე ძლიერმა და უფრო განვითარებულმა ქვეყნებმა. ეს გადაწყდა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, რომ მოლდოვა არ შეუერთდებოდა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კურსს. გადაწყვეტილება მივიღეთ ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, რადგან მოლდოვის ეკონომიკა დამოკიდებულია რუსეთთან ურთიერთობაზე“.

5 მარტს პოპესკუმ განაცხადა, რომ ქვეყანა არ გეგმავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ გლობალურ სანქციებთან შეერთებას ან ნატოსთან დაახლოებას, რაც გამოწვეულია უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკების შემცველი გარემოებით და ქვეყნის ნეიტრალური სამხედრო სტატუსით, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში.

10 მარტს პოპესკუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლდოვის მთავრობა „ამ ეტაპზე ვერ ხედავს ნიშნებს, რომ დნესტრისპირეთი, მისი უსაფრთხოების ძალები ან რეგიონში განლაგებული რუსი სამხედროები უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის ემზადებოდნენ“. პოპესკუმ მოლდოვა დაახასიათა, როგორც „უკრაინის „ყველაზე მოწყვლადი მეზობელი“, რომელსაც მეზობელ უკრაინაში რუსულმა აგრესიამ შეიძლება შეუქმნას ეგზისტენციალური საფრთხე. მოლდოვა, 1994 წლის კონსტიტუციით, ნეიტრალური ქვეყანაა და რუსეთის უკრაინაში აგრესია ვერ შეცვლის ამ პოლიტიკას“. მისი თქმით, „კონსტიტუციის მიხედვით, მოლდოვას არ შეუძლია სამხედრო კონფლიქტში ვინმეს მხარე დაიჭიროს. ნეიტრალიტეტი საკმაოდ პოპულარულია საზოგადოებასა და ამომრჩეველში. მოლდოვის ხედვაა შეუერთდეს ევროკავშირს და ამავე დროს დარჩეს ნეიტრალური, როგორც არის ფინეთი, შვედეთი, ავსტრია, კვიპროსი და ირლანდია. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი საფუძველი და კონსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ქმედებებს. მოლდოვის სუვერენული უფლებაა, თავად გადაწყვიტოს როგორი სახის უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა გაატაროს ქვეყანამ, ეს იქნება ნეიტრალიტეტი თუ სხვა რამე“.

 

სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსი სამხედროების გაყვანას ითხოვს

უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ მაია სანდუმ დნესტრისპირეთიდან რუსი სამხედროების გაყვანა მოითხოვა. ეს მოთხოვნა მან 17 მარტს რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრაზე გააჟღერა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მანამდე, 15 მარტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პირველად მიიღო დოკუმენტი, სადაც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონად არის მოხსენიებული. დოკუმენტში ტერმინ „ოკუპაციის“ ჩაწერის ერთ-ერთი ინიციატორი საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის წევრებიც იყვნენ.

დნესტრისპირეთში, დაახლოებით, 2000 რუსი სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ნაწილი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაშია და ნაწილი რუსეთის ჯარების ოპერატიულ ჯგუფში, რომელიც დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დატოვებულ იარაღის საწყობებს იცავს.

ეს არ არის სანდუს პირველი მსგავსი განცხადება. დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანა სანდუმ ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში მოითხოვა, როდესაც მან ახლად არჩეული პრეზიდენტის რანგში პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა. სანდუმ რუსული სამშვიდობო ძალების ეუთოს სამოქალაქო დამკვირვებლებით შეცვლა მოითხოვა. მსგავსი მოთხოვნა გაისმა 2021 წლის 22 სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზეც.

რუსეთი სანდუს მოთხოვნებს „სერიოზული დესტაბილიზაციის“ გამომწვევად აფასებს.

 

რატომ არ შეუერთდა სანქციებს?

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ მოლდოვა არ შეუერთდება რუსეთზე დაწესებულ სანქციებს, რაც რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული:

  • რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარს მოლდოვის პროდასავლური პოლიტიკური ლიდერები ქვეყნის ნეიტრალიტეტის სტატუსით ხსნიან. მოლდოვის შეფასებით, ნეიტრალიტეტის დარღვევა რუსეთის მხრიდან მომავალ საგარეო რისკებს გაზრდის. თუმცა, ამავე დროს, მოლდოვა გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და უკრაინელი ლტოლვილების ჰუმანიტარული დახმარების სფეროში მოწინავე ხაზზეა.
  • მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, განთავსებულია რუსული სამხედრო შენაერთი. უკრაინის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით რუსული სამხედრო ძალების შეჭრის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა, რომ უსაფრთხოების რისკები მოლდოვისთვისაც გაიზრდება. ეს საფრთხე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც ბელარუსის პრეზიდენტის მიერ შემთხვევით ნაჩვენებ რუკაზე მითითებული იყო რუსეთის სამხედრო გადაადგილებების მიმართულება მოლდოვისკენ. თავად ეს ფაქტორიც მოლდოვაში ბევრ ადგილობრივს, მოახლოებული საფრთხის შიშით, აიძულებს ემიგრაციაზეც იფიქროს.
  • მოლდოვა, ფაქტობრივად, სრულად რუსულ გაზზეა დამოკიდებული, რომელსაც უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს რუმინეთ-მოლდოვის დამაკავშირებელი გაზსადენი აშენდა, მისი გამტარიანობა არ არის საკმარისი მოლდოვის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მოლდოვას ამ ეტაპზე არ შეუძლია რუსული გაზის ალტერნატიული წყარო უზრუნველყოს. სანქციებთან შეერთებამ მოლდოვა შეიძლება რუსული გაზის გარეშე დატოვოს, სანაცვლოდ კი, მოკლევადიან პერიოდში, დასავლეთმა ღირებული ალტერნატივა ვერ შესთავაზოს.
  • მოლდოვისთვის უკრაინაში მიმდინარე ომი დიდი ეკონომიკური გამოწვევაა, რადგან მოლდოვაში შეიზღუდა იმპორტი, რომელიც ოდესის პორტიდან ხორციელდებოდა. გარდა ამისა, მოლდოვის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის მასშტაბებიდან გამომდინარე, სანქციებთან შეერთება მოლდოვის ეკონომიკას დამატებით დააზარალებს. ამავე დროს, რუსეთში მოლდოვის არაერთი მოქალაქე ცხოვრობს, რომელიც ფინანსურად ეხმარება სამშობლოში დარჩენილ ახლობლებს. მათი მდგომარეობის გართულება მოლდოვის მოქალაქეების ჯიბეებზეც აისახება.
დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.