X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა/რუსეთის აგრესია უკრაინაში: აზერბაიჯანისა და სომხეთის რეაგირება

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 24 თებერვალი - 31 მაისი, 2022

 

ამავე თემაზე იხილეთ 50-ე მიმოხილვა, რომელიც 21 თებერვალი-3 მარტის პერიოდს მოიცავს, ასევე 51-ე მიმოხილვა, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე მოლდოვის რეაგირებას ეხება და 52-ე მიმოხილვა, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ცენტრალური აზიის ქვეყნების რეაგირებას ეხება.

ძირითადი მოსაზრებები

  • ომის დაწყების დღიდან არც სომხეთსა და არც აზერბაიჯანს რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის ღია მხარდაჭერა არ გამოუცხადებია, ამავე დროს ისინი არ უერთდებიან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში რუსეთთან ურთიერთობებს ინარჩუნებენ.
  • აზერბაიჯანმა და სომხეთმა თავი შეიკავეს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების მხარდაჭერისგან, რომლებიც რუსეთის აგრესიას გმობდნენ. ისინი არ ესწრებოდნენ სხდომებს, რითაც თავი აარიდეს რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას. თუმცა, ამგვარი ქმედება პრაქტიკულად შეიძლება შევაფასოთ, როგორც რუსეთის მიმართ არამეგობრული ნაბიჯი, რადგან მათ უარი თქვეს რუსეთის პოზიციის გაზიარებაზე.
  • სომხეთსა და აზერბაიჯანთან რუსეთის ურთიერთობებში ნაკლებად ფიგურირებს უკრაინის საკითხი. ორმხრივ თუ სამმხრივ ფორმატში განხილვის მთავარი თემა რუსეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებების (2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის) შესრულებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებს ეხება.
  • უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის პირობებში მთიან ყარაბაღში  უსაფრთხოების თვალსაზრისით გაიზარდა ახალი ინციდენტების ალბათობა. სოფ. ფარუხთან, რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში, 24 მარტის მსგავსი ინციდენტები სომხური მხარისთვის ზრდის რისკებს, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა ისარგებლოს შექმნილი ვითარებით და მთიან ყარაბაღში ახალი ტერიტორიები დაიკავოს.
  • რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში კიდევ უფრო შესუსტდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში ეუთოს მინსკის ჯგუფის როლი, თუმცა გამოიკვეთა ევროკავშირის დაინტერესების ზრდა, რომელიც ცდილობს პოსტკონფლიქტური ვითარების ნორმალიზებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ამის დასტურია ბრიუსელის მიერ სომხურ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებებში შუამავლის როლის გააქტიურება.
  • რუსეთიდან ემიგრაციის მსურველებისთვის სომხეთი ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად გადაიქცა, სადაც კარგად ლაპარაკობენ რუსულად და ნაკლებად შეინიშნება ანტირუსული განწყობები. ომის გახანგრძლივება და საყოველთაო მობილიზაციის შიში სომხეთში მიგრაციის მსურველთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.
  • რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე დაწესებული სანქციების პირობებში გაიზარდა მოთხოვნა აზერბაიჯანულ ნავთობსა და გაზზე, რაც აზერბაიჯანის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში კიდევ უფრო აამაღლებს. განსაკუთრებით მწვავედ დგას გაზით მომარაგების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლიდან აზერბაიჯანი დასავლეთის მიმართულებით გაზის მილსადენით ტრანსპორტირებას ახორციელებს, მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელი იქნება რუსული გაზი სრულად მხოლოდ აზერბაიჯანულმა გაზმა ჩაანაცვლოს.

ზოგადი ტენდენციები

გაეროს რეზოლუცია - უარი კენჭისყრაში მონაწილეობაზე

28 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე მიიღო რეზოლუცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. რეზოლუციას, სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, მხარი დაუჭირა 141-მა ქვეყანამ (მათ შორის - საქართველომ, მოლდოვამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა), წინააღმდეგი იყო 5 (მათ შორის - ბელარუსი და რუსეთი). ცენტრალური აზიის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მსგავსი შედეგი დაფიქსირდა 24 მარტს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც უკრაინის საკითხზე რიგით მეორე რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 140-მა ქვეყანამ (მათ შორის - საქართველომ, მოლდოვამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა), წინააღმდეგი იყო 5 (მათ შორის - ბელარუსი და რუსეთი). 38 წევრი არ ესწრებოდა სხდომას. ცენტრალური აზიის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს კენჭისყრაში მონაწილეობა კვლავ არ მიუღიათ.

9 მაისის აღნიშვნა რუსეთთან ერთად

5 მაისს ეუთოში რამდენიმე ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა (მათ შორის: რუსეთმა, ბელარუსმა, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანამ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა) განცხადება გაავრცელა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაუშვებელია ისტორიის ფალსიფიკაცია და ომის შედეგების გადახედვის მცდელობა, დაგმობილია მებრძოლ-განმათავისუფლებლების ძეგლების განადგურება და შეურაცხყოფა, ნაცისტი დამნაშავეების ჰეროიზაცია და რეაბილიტაციის სურვილი.

რა ბედი ელის ეუთოს ფორმატს?

14 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ეუთოს მინსკის ჯგუფის შესახებ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. ზახაროვას თქმით, 24 თებერვლიდან ვაშინგტონმა და პარიზმა გაწყვიტეს მოსკოვთან ყველა კონტაქტი ეუთოს მინსკის ჯგუფის (1992 წლიდან ჩართულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში) თანათავმჯდომარეების ფორმატში. „გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება მოლაპარაკებების პროცესში პაუზას ვერ დაუშვებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მხარდაჭერის საკითხებში სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის სახით ჩაერთვება“, განაცხადა ზახაროვამ.

ეუთოს ფორმატთან დაკავშირებით მოსკოვში 8 აპრილს ვიზიტად მყოფმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ  მის ხელთ არსებული ინფორმაციით საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტის მოგვარებას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მანდატის ფარგლებში ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურმა ვითარებამ თანათავმჯდომარეების საქმიანობა გაართულა. მირზოიანის ასეთი განცხადება მიუთითებს, რომ ერევანი კვლავაც დაინტერესებულია მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მიმდინარე პროცესებში მხოლოდ რუსეთის დახმარების იმედად არ დარჩეს.

ევროკავშირის შუამავლობა

ეუთოს მინსკის ჯგუფის როლის შესუსტებისა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში ევროკავშირი გააქტიურდა. შუამავლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ითავა. 6 აპრილს ორი ქვეყნის პრეზიდენტები ბრიუსელში შარლ მიშელის შუამავლობით შეთანხმდნენ ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების პროექტის მომზადებასა და საზღვრების დემარკაციის ერთობლივი  კომისიის ჩამოყალიბებაზე. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევნისთვის მისაღებია ბაქოს მიერ შეთავაზებული ხუთი პრინციპი, მათ შორის ერთი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ითვალისწინებს. სწორედ ეს პრინციპი იწვევს ოპოზიციის უკმაყოფილებას სომხეთში. ფაშინიანის ოპოზიციის შეფასებით, სომხეთი მზად არის მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღიაროს. ორი ქვეყნის ლიდერი 22 მაისს კიდევ ერთხელ შეხვდა ერთმანეთს ბრიუსელში. შეხვედრის ძირითადი თემა სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებას ეთმობოდა.

ფარუხის ინციდენტი

24 მარტს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის სფეროში, სოფ. ფარუხთან და მის სიახლოვეს ინციდენტი მოხდა, კერძოდ, სოფელში აზერბაიჯანელი სამხედროები შევიდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა და მხარეებს თავშეკავებისკენ  და მიღწეული შეთანხმებების დაცვისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში შეიარაღებული ძალების შეყვანაში და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. ეს პირველი შემთხვევა იყო 2022 წლის ნოემბერში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, როდესაც რუსეთმა კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის განცხადება ცალმხრივი იყო და არ ასახავდა სიმართლეს.

სომხური მხარე შიშობს, რომ უკრაინაში ომი აზერბაიჯანმა შესაძლოა ახალი ტერიტორიების დასაკავებლად გამოიყენოს. 8 აპრილს ფარუხის ინციდენტის საკითხი მირზოინმა მოსკოვში კუხოს გენერალურ მდივან სტანისლავ ზასთან შეხვედრაზეც წამოსწია. ამავე დროს, 12 აპრილს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წუხილი გამოთქვა, რომ რუსმა სამშვიდობოებმა სომხეთის პარლამენტის წევრების ჯგუფი მთიან ყარაბაღში არ შეუშვა.

მეტი აზერბაიჯანული გაზი

რუსეთზე დაწესებული სანქციები რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე შეზღუდვებსაც მოიცავს. დასავლეთის ქვეყნები სხვადასხვა ვადაში, ეტაპობრივად უარის თქმას აპირებენ რუსულ გაზსა და ნავთობზე. ომამდე ევროკავშირის რუსულ გაზზე დამოკიდებულება 40% იყო, რომლის ჩანაცვლებაც ალტერნატიული წყაროებით მოკლე დროში რთული ამოცანაა. თუმცა, ომის გახანგრძლივების კვალდაკვალ, დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო რადიკალურ ნაბიჯებს დგამენ და სწრაფადვე ცდილობენ რუსულ რესურსებზე უარის თქმას. თავის მხრივ, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას რუსეთიც უწყვეტს მიწოდებას. ამ პირობებში მნიშვნელობას იძენს ევროპაში აზერბაიჯანული რესურსების იმპორტის შესაძლებლობის გაზრდა, რომელსაც ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლია ევროპის მილსადენის გაზით მომარაგება, მათ შორის  იმ ქვეყნების, რომელთა რუსულ გაზზე დამოკიდებულება მაღალია, მაგ., ბულგარეთის. 2020 წლიდან აზერბაიჯანიდან საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით გაზი პირდაპირ იტალიას მიეწოდება.

 აზერბაიჯან-ევროპის დამაკავშირებელი გაზსადენი. წყარო: bankwatch.org

რუსი მიგრანტები სომხეთში

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ათასობით რუსი ქვეყნიდან ემიგრაციას ცდილობს. ემიგრაციისთვის არჩევანი შეზღუდულია, შესაბამისად, რუსი მიგრანტები თავშესაფარს რუსეთის სამეზობლოში ეძებენ. ამ მხრივ მიმზიდველად გამოიყურება სომხეთი, რომელიც რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა, სადაც კარგად ლაპარაკობენ რუსულად და უვიზოდ შესვლა და ქვეყანაში რუსული პირადობის მოწმობით 180 დღე დარჩენა შეიძლება. სომხეთი განსაკუთრებით მიმზიდველია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის. სომხეთის მთავრობის ცნობით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა თითქმის 50%-ით გაიზარდა. ამავე დროს გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების კომპანიების დარეგისტრირებისა  და საბანკო ანგარიშების გახსნის ფაქტები.

აზერბაიჯანისა და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები

უდავოა, რომ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომში წარმატება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბოლო წლების პოლიტიკის შედეგიც იყო, რაც რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ, სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანი არ არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, რუსეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ხარისხი მაინც საკმაოდ მაღალია. ალიევი ახერხებს ამ კრიტიკულ მომენტში მოსკოვთან ურთიერთობაც შეინარჩუნოს და უკრაინის ლიდერებისგან მადლობაც დაიმსახუროს. კიევის მოსკოვთან მოლაპარაკების ერთ-ერთ ადგილად ბაქოც განიხილებოდა მაშინ, როდესაც ბაქო არც რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს შეერთებია და არც მოსკოვის ქმედებები დაუგმია ღიად.

პრეზიდენტის შეხვედრები და საუბრები

რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებიდან მეორე დღეს, 22 თებერვალს, ალიევი რუსეთს ესტუმრა. ალიევს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უმასპინძლა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა დეკლარაციას სამოკავშირეო ურთიერთქმედების შესახებ. პუტინის შეფასებით, დეკლარაციის ხელმოწერა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანას ნიშნავს. ეს სტრატეგიული დოკუმენტი მიმდინარე მოლაპარაკებების ცენტრალური ელემენტი და მთავარი შედეგი გახდა, - განაცხადა პუტინმა. დეკლარაციის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ განიხილონ ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობაც. მხარეები სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობაზეც თანხმდებიან.  ისინი ასევე თავს შეიკავებენ ისეთი ეკონომიკური საქმიანობისაგან, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მეორე მხარის ინტერესებს ავნებს. შეხვედრის შედეგების შეჯამების დროს პუტინმა და ალიევმა ძირითადი ყურადღება ორმხრივ ურთიერთობებსა და მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს.

დეკლარაციის ხელმოწერის ღონისძიებაზე პუტინი ალიევს დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარებაზეც ესაუბრა. პუტინი ალიევის დარწმუნებას შეეცადა, რომ სპეკულაციები თემაზე, თითქოს რუსეთი იმპერიის აღდგენას იმპერიულ საზღვრებში აპირებს, არ შეესაბამება სიმართლეს. საინტერესოა, რომ ალიევი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერებიდან ერთადერთი იყო, ვინც კრიზისის პერიოდში, 14 იანვარს, კიევს ესტუმრა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.

პუტინსა და ალიევს შორის ომის დაწყებიდან პირველი სატელეფონო საუბარი 26 თებერვალს გაიმართა, რომლის დროსაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრეს. ეს დაადასტურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულმა ინფორმაციამაც. ამავე დღეს ალიევმა   ტვიტერის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული და სამედიცინო აღჭურვილობით დახმარებისთვის. ზელენსკიმ კი ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აზერბაიჯანული ენერგოკომპანია „SOCAR“ უკრაინაში სასწრაფო  და სახანძრო-სამაშველო მანქანებს საწვავით დაეხმარება. ამავე დროს, ზელენსკი მიესალმა აზერბაიჯანისა და თურქეთის შეთავაზებას მოსკოვთან მოლაპარაკების ორგანიზების თაობაზე.

28 მარტს, ზელენსკის ინიციატივით, უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ ალიევს ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. ზელენსკიმ ალიევს მადლობა გადაუხადა გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მათ შორის, სამედიცინო სახის დახმარებისთვის. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჰუმანიტარულ საკითხებს.

31 მარტს პუტინი ტელეფონით ესაუბრა ალიევს და ფაშინიანს. საუბრის მთავარი თემა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის საკითხი იყო.

9 აპრილს, აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით, ალიევი პუტინს ესაუბრა. განხილვის მთავარი თემა იყო 6 აპრილს ბრიუსელში ალიევსა და ფაშინიანს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგები, ასევე რუსეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხი. ამავე დღეს პუტინს ფაშინიანიც ესაუბრა.

26 აპრილს ალიევმა რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსეი ოვერჩუკს უმასპინძლა. შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ილაპარაკეს.

31 მაისს, აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით, ალიევი პუტინს ესაუბრა. განხილვის მთავარი თემა იყო 22 მაისს ბრიუსელში ალიევსა და ფაშინიანს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგები, ასევე რუსეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხი.

პოლიტიკური ლიდერების შეხვედრები და საუბრები

21 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ლაკონიურად წერია, რომ მინისტრებმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს. იგივე წერია აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც.

8 აპრილს ლავროვი ბაირამოვს ტელეფონით ესაუბრა. შეხვედრაზე სამოკავშირეო ურთიერთქმედების შესახებ დეკლარაცია და სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებების რეალიზაციის საკითხი განიხილეს. აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენებია, რომ საუბარი უკრაინის ირგვლივ მიმდინარე ვითარებასაც შეეხო.

15 აპრილს ლავროვის მოადგილე ანდრეი რუდენკომ, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობებს კურირებს, რუსეთში აზერბაიჯანის ელჩ ფოლად ბიულბიულ ოღლის უმასპინძლა. შეხვედრაზე დეკლარაციისა და სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებების რეალიზაციის საკითხი განიხილეს.

25 აპრილს ბაირამოვმა აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იგორ ხოვაევი მიიღო. ამავე დღეს ხოვაევი ალიევსაც შეხვდა. განხილვის მთავარი თემა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაციის საკითხი იყო.

28 აპრილს ბაირამოვმა რუსეთს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ პეტრაკოვი მიიღო, რომელიც რუსეთის მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების დელიმიტაცია/დემარკაციისა და კასპიის ზღვის საკითხებზეა პასუხისმგებელი. მანამდე პეტრაკოვი ბაირამოვის მოადგილე ხალაფ ხალაფოვმა მიიღო, რომელიც საზღვრებისა და კასპიის ზღვის საკითხებზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია.

23 მაისს ლავროვი ტელეფონით ესაუბრა ბაირამოვს. შეხვედრაზე დეკლარაციისა და სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებების რეალიზაციის საკითხი განიხილეს.

სომხეთისა და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები

სომხეთი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია. აღსანიშნავია, რომ სომხეთის ხელისუფლებას ღია განცხადება უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

მართალია, ამ ეტაპზე ჯერ არ  დამდგარა დღის წესრიგში, მაგრამ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიის მხარდაჭერისთვის სომხეთს, როგორც კუხოს წევრ ქვეყანას, სამხედრო სახის დახმარებაც მოსთხოვოს. ეს მოთხოვნა ქვეყნისთვის, რომელიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომში დამარცხდა და ყოველდღიური უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, მძიმე დარტყმა იქნება.

შიდაპოლიტიკური კონტექსტი

13 მარტს სომხეთში რიგით მეხუთე პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის ინაუგურაცია ჩატარდა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი არმენ სარქისიანი ვადამდე ადრე, 23 იანვარს, გადადგა. სარქისიანი მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ განვითარებულ პროცესებში ფაშინიანის გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, რის გამოც მან პრეზიდენტის, რომელსაც უფრო სიმბოლური როლი აქვს, პოსტის დატოვება გადაწყვიტა. სომხეთის ოპოზიციაში ეჭვი აქვთ, რომ ფაშინიანის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის სრულად ჩაბარებას აპირებს, რის გამოც მის წინააღმდეგ აქციები დღემდე არ წყდება.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრები და საუბრები

კრიზისის პერიოდში პუტინსა და ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი 21 თებერვალს გაიმართა, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხნენ.

25 თებერვალს ნურ-სულთანში, ყაზახეთი, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამთავრობათაშორისო საბჭოს სხდომა ჩატარდა. შეხვედრაში ფაშინიანი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი მონაწილეობდნენ.

26 თებერვალს პუტინი ტელეფონით ესაუბრა ფაშინიანს. საუბრის მთავარი თემა იყო მთიანი ყარაბაღის საკითხში  მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის საკითხი.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე პირველი ოფიციალური განცხადება სომხეთის მხრიდან 2 მარტს გაკეთდა, როდესაც ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ღრმად დამწუხრებულია“ უკრაინაში ომით და იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე მოლაპარაკებები „შედეგს მოიტანს“.

16 მარტს პუტინი ტელეფონით ესაუბრა ფაშინიანს. საუბრის მთავარი თემა იყო მთიანი ყარაბაღის საკითხში  მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის საკითხი. სომხური მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ლაკონიურად არის ნახსენები, რომ მხარეებმა „უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე“ აზრები გაცვალეს.

25 მარტს ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის მთავარი თემა იყო მთიანი ყარაბაღის საკითხში  მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის საკითხი. სომხური მხარე რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის სფეროში აზერბაიჯანული დანაყოფების შეჭრის საკითხსაც შეეხო.

31 მარტს პუტინი ტელეფონით ესაუბრა ფაშინიანსა და ალიევს. საუბრის მთავარი თემა იყო მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის საკითხი. ფაშინიანის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი ასევე შეეხო რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის სფეროში აზერბაიჯანული დანაყოფების შეჭრის საკითხს.

1 აპრილს ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარების განხილვა იყო. ეს დადასტურდა ფაშინიანის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც.

9 აპრილს სომხური მხარის ინიციატივით ფაშინიანი პუტინს ესაუბრა. განხილვის მთავარი თემა იყო 6 აპრილს ბრიუსელში ალიევსა და ფაშინიანს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგები, ასევე რუსეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხი. ფაშინიანმა პუტინს რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის სფეროში აზერბაიჯანული დანაყოფების შეჭრის საკითხზეც ესაუბრა. ამავე დღეს პუტინს ალიევიც ესაუბრა.

19 აპრილს მოსკოვში პუტინმა ფაშინიანს უმასპინძლა. ფაშინიანი რუსეთში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში იმყოფებოდა და ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო რუსეთში. კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს და მთიანი ყარაბაღის მეორე ომს შეეხო. შეხვედრის დასასრულს გავრცელდა ფაშინიანისა და პუტინის ერთობლივი განცხადება, რომელიც პირდაპირ არ შეიცავდა უკრაინის საკითხს და დიდი ნაწილი ორმხრივი ურთიერთობების და მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციას ეხებოდა. რამდენიმე საკითხი ირიბად ეხებოდა მიმდინარე საერთაშორისო თემას.

 ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა. წყარო: kremlin.ru

20 აპრილს ფაშინიანი რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსაც შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადად ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს. ფაშინიანი ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს და სახელმწიფო დუმის სპიკერს ვიაჩესლავ ვოლოდინსაც შეხვდა. ეს იყო ფაშინიანის პირველი ვიზიტი სახელმწიფო დუმაში. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი 20 აპრილს ნიჟნი ნოვგოროდსაც ესტუმრა.

12 მაისს რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი სომხეთს ეწვია და ფაშინიანს შეხვდა. საუბრის თემა სამმხრივი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას ეხებოდა, რომელიც რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის პერსპექტივებს განიხილავს. შეხვედრას ანდრეი რუდენკოც ესწრებოდა. 13 მაისს ფაშინიანი რუსეთის სპორტის მინისტრ ოლეგ მატიცინს შეხვდა. 14 მაისს ფაშინიანმა რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე ალექსეი კუდრინი მიიღო. მატიცინი და კუდრინი პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატრიანმაც მიიღო.

16 მაისს მოსკოვში კუხოს საიუბილეო შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაციის წევრები კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ხელმოწერის 30 წელს და ორგანიზაციის დაარსების 20 წელს აღნიშნავდნენ. კუხოს საიუბილეო სესია ფაშინიანს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში მიჰყავდა. სესიაზე მისასალმებელ სიტყვაში ყველაზე პოლიტიზებული სიტყვა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ჰქონდა, რომელმაც დასავლეთისა და ნატოსგან მომავალ საფრთხეებზე და კუხოს როლზე ილაპარაკა. ლუკაშენკომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რუსული ნარატივი გაიმეორა. მისი შეფასებით, მათი ეროვნული უსაფრთხოების მომდინარე საფრთხეების გამო ბელარუსმა სამოკავშირეო შეთანხმების ფარგლებში მხარი რუსეთს დაუჭირა. ლუკაშენკომ ღიად ილაპარაკა დასავლეთში სოლიდარობის ფონზე კუხოს ფარგლებში სოლიდარობის ნაკლებობაზე. პრაქტიკულად, მან კუხოს წევრებს, მათ შორის სომხეთს, პირდაპირ უსაყვედურა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღების დროს რუსეთისადმი მათი მხარდაჭერა არ იგრძნობდა. ასევე, ქვეყნების დასახელების გარეშე, განაცხადა, რომ კუხოს ზოგიერთმა წევრმა სანქციების გამო აკრძალა კუხოს სხვა წევრების ეროვნული ავიაკომპანიების საკუთარ ქვეყნებში ფრენები. საერთაშორისო ორგანიზაციებში კენჭისყრის არასინქრონირების შესახებ ფაშინიანმა ლუკაშენკოს საყვედურზე განაცხადა, რომ ასეთი პრობლემა ნამდვილად არსებობს და ეს დიდი ხანია ასეა. თავის მხრივ, საყვედური არ დაიშურა ფაშინიანმაც, რომელმაც კუხოს ზოგიერთი ქვეყანა (იგულისხმება რუსეთი) სომხეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების (იგულისხმება აზერბაიჯანი) შეიარაღებაში დაადანაშაულა, რომელიც სომხეთისა და სომეხი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული. ფაშინიანმა არც კუხოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის რეაგირება მოიწონა 2020 წლის 44-დღიან ომზე. მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა ფაშინიანის ოფისის ვებგვერდზეც.

 კუხოს სამიტი. წყარო: primeminister.am

16 მაისს მოსკოვში, კუხოს სამიტის დასრულების შემდეგ, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შესახებ კრემლის ოფიციალურ განცხადებაში საუბარი იყო ორმხრივ ურთიერთობებზე, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა ფაშინიანის ოფისმაც.

27 მაისს ფაშინიანმა სომხეთში რუსეთის ელჩ სერგეი კოპირკინს უმასპინძლა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს.

27 მაისს ჩატარდა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს შეხვედრა, რომელშიც ონლაინ ფორმატში წევრი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ. წელს ეს პირველი ასეთი შეხვედრა იყო. შეხვედრა ძირითადად ახალ რეალობაში ადაპტირების საკითხებს ეხებოდა.

პოლიტიკური ლიდერების შეხვედრები და საუბრები

25 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სომეხ კოლეგას, სურენ პაპიკიანს, უმასპინძლა. განხილვის თემა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.

28 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იური ვორობიოვი თავის სომეხ კოლეგას, აკოფ არშაკიანს, ტელეფონით ესაუბრა.

4 მარტს ლავროვს ტელეფონით ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. 21 მარტს მინისტრებმა კიდევ ერთხელ ილაპარაკეს ტელეფონით. საუბარი ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების საკითხებს შეეხო.

8 აპრილს ლავროვმა მირზოიანს მოსკოვში უმასპინძლა. შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, დსთ-ისა და კუხოს ინტეგრაციული მექანიზმების ფარგლებში თანამშრომლობაზე,  მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაფორმებული შეთანხმებების რეალიზაციასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შექმნაზე ილაპარაკეს. ლავროვს თავის გამოსვლაში არ უხსენებია უკრაინის თემა, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში არსებულ ვითარებასაც. ლავროვმა მირზოიანს „უკრაინაში რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე (სამხედრო აგრესიაზე) რუსული ხედვა გააცნო, მათ შორის, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში მოსახლეობის დაცვის, უკრაინის დემილიტარიზაციისა და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების შეზღუდვის შესახებ“. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში განხილვის თემად სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების საკითხი იყო მოხსენიებული, მათ შორის, ფარუხის ინციდენტი.

15 აპრილს ლავროვი ტელეფონით ესაუბრა მირზოიანს. საუბარი შეეხო ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების საკითხებს და ფაშინიანის დაგეგმილ ვიზიტს რუსეთში.

19 აპრილს რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანს  მოსკოვში შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და რეგიონში სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე ილაპარაკეს.

22 აპრილს სომხეთში ჩატარდა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სომხეთის პარლამენტის თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო, საპარლამენტთაშორისო კომისიის 34-ე შეხვედრა.

29 აპრილს ლავროვი ტელეფონით ესაუბრა მირზოიანს. შეხვედრა ფაშინიანის რუსეთში ვიზიტის შეფასებას და ორმხრივ ურთიერთობებს ეხებოდა.

5 მაისს სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანს ტელეფონით ესაუბრა. შეხვედრის ძირითადი თემა კუხოს საპარლამენტო  ასამბლეის დღის წესრიგის განხილვა იყო. ასამბლეა ერევანში უნდა ჩატარდეს.

23 მაისს ლავროვი ტელეფონით ესაუბრა მირზოიანს. საუბარი ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის საკითხების განხილვას ეხებოდა.

სამმხრივი შეხვედრები და მრავალმხრივი ფორმატები

ომის პერიოდში, ორმხრივი შეხვედრების გარდა, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეობით სხვადასხვა ფორმატში სამმხრივი შეხვედრებიც ჩატარდა. მსგავს შეხვედრებზე განხილვის ძირითადი თემა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ვითარების ნორმალიზების საკითხებს ეხებოდა და ნაკლებად მოიცავდა უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს.

10 მარტს ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ლავროვი მირზოიანს შეხვდა. შეხვედრაზე ტრადიციული თემები განიხილეს. ამავე დღეს ლავროვი ბაირამოვს შეხვდა. აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებსა და მისი გადაწყვეტის გზებზე.

12 მაისს დსთ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე, დუშანბეში, გაიმართა სამმხრივი შეხვედრა ლავროვს, ბაირამოვსა და მირზოიანს შორის. განხილვის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის საკითხში  მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის საკითხი იყო. ლავროვმა სამმხრივი შეხვედრის შეფასების დროს აქცენტი შეთანხმებების რეალიზაციაზე გააკეთა. მთიანი ყარაბაღის ომთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა ერევნის განცხადებაც. მინისტრების სამიტი 13 მაისს გაიმართა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, არ იყო ნახსენები უკრაინის საკითხი. დუშანბეში მირზოიანი ლავროვს პირისპირაც შეხვდა. შეხვედრაზე კუხოსა და ევროაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს. ლავროვმა თავის სიტყვაშიც ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება. ამავე დღეს ლავროვი პირისპირ შეხვდა ბაირამოვს, რომელთანაც 22 თებერვალს ხელმოწერილი დეკლარაციის განხორციელების საკითხიც განიხილეს. ლავროვმა თავის სიტყვაში ასეთ თემებზე და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

20 მაისს გაიმართა დსთ-ის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურთა ონლაინშეხვედრა. აზერბაიჯანის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, სომხეთის მხრიდან - ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი მჰერ გრიგორიანი. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა თავის გამოსვლაში უკრაინის კონტექსტში რუსეთსა და ბელარუსზე დაწესებულ სანქციებზფე  და მათ წინააღმდეგ წარმოებულ ეკონომიკურ ომზე ილაპარაკა. მიშუსტინმა გამოსვლაში სანქციების საწინააღმდეგოდ თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებასა და ერთობლივ ბრძოლას გაუსვა ხაზი.

დსთ-ის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურთა სამიტი. წყარო:  government.ru

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.