მიმოხილვის პერიოდი: 1-15 სექტემბერი, 2022
2022 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის პრიზმაში უნდა განვიხილოთ. ამ ქვეყნების გადაწყვეტილებებიც რუსეთის სამხედრო აგრესიით არის ნაკარნახევი. 57-ე გამოცემაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მომხდარ ისეთ მნიშვნელოვან და/ან საინტერესო მოვლენებს მიმოვიხილავთ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე ასევე იხილეთ 50-ე მიმოხილვა, რომელიც 21 თებერვალი-3 მარტის პერიოდს მოიცავს, 51-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე მოლდოვის რეაგირების შესახებ, 52-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ცენტრალური აზიის ქვეყნების რეაგირების შესახებ, 53-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის რეაგირების შესახებ, 54-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი გზავნილების შესახებ, 55-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ბელარუსის რეაგირების შესახებ.
რუსეთმა ახალი ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია მიიღო მთავარი მოვლენა: 2022 წლის 5 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება (N611) უცხოეთში რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფციის შესახებ. მოვლენა დეტალურად: კონცეფცია ექვსი თავისგან შედგება და 117 მუხლს მოიცავს. კონცეფციის მიხედვით, უცხოეთში ჰუმანიტარულ სფეროში რუსეთის ეროვნული ინტერესებია: ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების დაცვა, მსოფლიო საზოგადოების ინფორმირება რუსეთის მრავალეროვანი ხალხის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარება სამართლიან, ღია და არადისკრიმინაციულ საფუძველზე. კონცეფციის ამოცანებია: რუსული სამყაროსთვის დამახასიათებელი ტრადიციებისა და იდეალების დაცვა, შენარჩუნება და გავრცელება, თანამედროვე მსოფლიოში რუსული ენის როლის, მნიშვნელობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. კონცეფციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია რუსული ენის, როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის ენის, მხარდაჭერისა და განვრცობის საკითხს. კონცეფციაში ცალკე მიმართულებად არის გამოყოფილი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხი. რას ამბობს დოკუმენტი ჩვენ შესახებ დოკუმენტის 26-ე გვერდზე ნახსენებია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც. კონცეფციის მიხედვით, პრიორიტეტულ ამოცანად რჩება აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან, დსთ-ის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ტურიზმის სფეროში (94-ე მუხლი). ამასთან, დოკუმენტი ბალტიისპირეთის ქვეყნების, მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და საჭიროებასაც ეხება (95-ე მუხლი). რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, რუსეთის საერთაშორისო რეპუტაცია კიდევ უფრო შეილახა. ახალი კონცეფციის მიზანია რუსეთის „რბილი ძალის“ არსებული ინსტრუმენტების გამოყენება, რუსეთის რეპუტაციის გაუმჯობესება და განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებში რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერა.
სომხეთმა დახმარებისთვის კუხოს მიმართა, კუხომ სომხეთში კი წარმომადგენელი გაგზავნა მთავარი მოვლენა: 2022 წლის 13 სექტემბერს, სომხეთის ინიციატივით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) საგანგებო შეხვედრაზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირების საკითხი განიხილეს. მოვლენა დეტალურად: 13 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებული ბრძოლების გამო სომხეთმა რუსეთს დახმარებისთვის მიმართა. მსგავსი გადაწყვეტილება სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარების შემდეგ მიიღეს. სომხური მხარის განცხადებით, აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებულ პუნქტებში: ჯერმუკში, ვარდენისში, სოტკში, არტანიშში, იშხანასარში, გორისსა და კაპანში სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სამხედრო შეტევას ახორციელებდა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდთან. თავის მხრივ აზერბაიჯანულმა მხარემ მომხდარში სომხეთი დაადანაშაულა. ბაქოს შეფასებით, სომხეთმა „ფართომასშტაბიანი პროვოკაცია“ მოაწყო, აზერბაიჯანული არმია კი „საცეცხლე წერტილების ნეიტრალიზებას“ ახდენდა. სამხედრო დაპირისპირების პირველივე დღეს რუსეთის შუამავლობა უშედეგო გამოდგა, მაგრამ 15 სექტემბრისთვის დაძაბულობა მნიშვნელოვნად შენელდა. დაპირისპირების შედეგად დაიღუპა ასზე მეტი ეთნიკურად სომეხი და 70-ზე მეტი აზერბაიჯანელი. სომხური მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა აზერბაიჯანთან მოსაზღვრე სოფლები დაეტოვებინა. ამავე დროს ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის საწინააღმდეგო გამოსვლები განახლდა. კუხოს შეხვედრა ონლაინ შეხვედრაში კუხოს წევრი ქვეყნის ლიდერები, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა. ბელარუსის მხრიდან შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრ ვოლფოვიჩი დაესწრო. შეხვედრის დღის წესრიგი იყო: „სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის ცალკეულ რაიონებში ვითარების გაუარესება და ვითარების დარეგულირებაში მხარდაჭერის აღმოჩენა“. შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ფაშინიანმა, რომლის თქმითაც, 13 სექტემბერს საბრძოლო შეტაკებები მოხდა მძიმე შეიარაღებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები. კუხოს საგანგებო შეხვედრა. წყარო: odkb-csto.org
სომხეთის მოკავშირეებმა რეგიონში ვითარების გამწვავების გამო შეშფოთება გამოთქვეს და მისი მოგვარების მხოლოდ პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით გადაწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის საშუამავლო მისიას. ვითარების ადგილზე შესწავლისა და დეესკალაციისთვის წინადადებების შემუშავების მიზნით კი, სომხეთში კუხოს გენერალური მდივნის, სტანისლავ ზასის, გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს. კუხო სამხედრო ალიანსია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მოკავშირე ქვეყნებს აერთიანებს, კერძოდ, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს. ლიდერების შეხვედრა სამხედრო დაპირისპირების განახლებიდან რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 7 სექტემბერს, ფაშინიანი პუტინს შეხვდა. ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი რუსეთში 6-9 სექტემბერს გაიმართა. სომხეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის - „მრავალპოლუსიანი მსოფლიოს გზაზე“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხებთან ერთად მთიანი ყარაბაღის საკითხიც განიხილეს. შეხვედრაზე პუტინმა კუხოს ფარგლებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხზეც ისაუბრა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სომხეთს დასაბუთებული ეჭვი აქვს, რომ კუხოს წევრები სომხეთს არ უჭერენ მხარს და უფრო მეტი სიმპათიები აზერბაიჯანის მიმართ აქვთ. კუხოს არცერთ წევრს არ გამოუხატავს სომხეთის მხარდაჭერა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს და არც ახლა არ ისმის აზერბაიჯანის საწინააღმდეგო განცხადებები. კუხოს წევრები არ გეგმავენ სამხედრო დახმარების შესახებ კუხოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას და მხოლოდ ნეიტრალური განცხადებების გაკეთებით შემოიფარგლებიან. მსგავსი შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია სომხეთისთვის, რომ რუსეთი და კუხო რეალურად ვერ უზრუნველყოფენ სომხეთის უსაფრთხოებას და კუხოს წევრობა და რუსეთთან მოკავშირეობა ვეღარ ახდენს სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებების პრევენციას.
ლატვია რუსულ ეკლესიასთან კავშირების გაწყვეტას გეგმავს მთავარი მოვლენა: 2022 წლის 5 სექტემბერს ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა ლატვიის პარლამენტს კანონში „ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის“ შესახებ ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმართა, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ლატვიის კავშირები რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეწყდება. მოვლენა დეტალურად: პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ლატვიის სახელმწიფო ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებას, რითაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა ლატვიის ეკლესიაზე შეწყდება. პრეზიდენტის შეფასებით, მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირების გაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მცხოვრები მართლმადიდებლებისთვის, ლატვიის მთელი საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. პრეზიდენტი სეიმს (პარლამენტს) მოუწოდებს, საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს და კანონპროექტი რაც შეიძლება მალე მიიღოს. პრეზიდენტის ინიციატივამ უკვე მიიღო მთავარი საპარლამენტო ფრაქციების მხარდაჭერა. საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ასევე ინფორმირებულია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიაც. ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია ავტონომიურია, თუმცა ფორმალურად რუსეთის პატრიარქ კირილს ექვემდებარება, რომელიც ცნობილია თავისი ახლო კავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერით. ლატვიაში ცხოვრობს დაახლოებით 350 ათასამდე მართლმადიდებელი, ძირითადად რუსულენოვანი. ეკლესიის მეთაური რიგისა და სრულიად ლატვიის მიტროპოლიტი ალექსანდრეა, რომელიც ამ პოზიციას 1990 წლიდან იკავებს. რას ამბობენ რუსეთში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გენადი ასკალდოვიჩის განცხადებით, ლატვიის ხელისუფლების მცდელობებს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის იზოლაცია მოახდინოს, თავის შედეგები მოჰყვება. მისი თქმით, ლატვიის ყველა სახელმწიფო მოხელე არ იცნობს ქვეყნის კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან. ასკალდოვიჩის შეფასებით, კანონპროექტი მორიგი პოპულისტური ნაბიჯია ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ და ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსოფობიას პარლამენტში მეტი ადგილის მისაღებად იყენებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ლატვიისთვის: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კრემლის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად აღიქმება და მისი საქმიანობა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში მხოლოდ რელიგიურ ჭრილში არ განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ სამყაროში ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება რთული და ხანგრძლივი პროცესია, ლატვიის პრეზიდენტის ინიციატივა რუსეთის ეკლესიის და ამ ნაბიჯით რუსეთის პოლიტიკური გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ლატვიის ინიციატივამ: ლატვიის ინიციატივამ ანალოგიურ პროცესებს შესაძლოა მისცეს ბიძგი სხვა პოსტსაბჭოთა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც, სადაც მცირერიცხოვანი მართლმადიდებელი მრევლი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია.
ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების შესვლა შეიზღუდება მთავარი მოვლენა: 2022 წლის 7 სექტემბერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი - მათ ქვეყნებში რუსეთიდან და ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის მოქალაქეების სახმელეთო საზღვრით შესვლას შეზღუდავდა. მოვლენა დეტალურად: შეზღუდვა შეეხებათ შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს. გამონაკლისით ისარგებლებენ სატვირთო მანქანის მძღოლები, დიპლომატები და ოჯახური და ჰუმანიტარული მიზეზებით ევროპაში შემსვლელები. 31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი შეაჩერებს რუსეთთან 2007 წელს დადებულ შეთანხმებას ვიზების გამარტივებული გაცემის შესახებ. ვიზების გაცემის სრულ აკრძალვაზე ჯერ არ არის ორგანიზაციაში შეთანხმება. თუმცა, 12 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეებს გაუძვირდათ ვიზის მიღების საფასური, ვიზის მიღების პროცედურა კი უფრო ბიუროკრატიული და ხანგრძლივი გახდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გახანგრძლივების პირობებში, დასავლეთის ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ კრემლზე ზეწოლისთვის მნიშვნელოვანია სანქციების ეფექტი უფრო მწვავედ რუსეთის მოქალაქეებმაც იგრძნონ.
რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს მთავარი მოვლენა: 2022 წლის 9 სექტემბერს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა რუსეთის მოქალაქე მიხაილ ბარანოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავა. მოვლენა დეტალურად: 13 სექტემბერს რუსულმა სპეცსამსახურმა განაცხადა, რომ დაკავებულია საავიაციო ქარხნის დირექტორი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელსაც გრიფით „სრულიად საიდუმლო“ ედო, იღებდა მობილურ ტელეფონზე და უკრაინის მოქალაქეს, „ოდესის საავიაციო ქარხნის“ თანამშრომელს, ელექტრონულად უგზავნიდა. მხოლოდ 2022 წლის ზაფხულში რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 6 საქმე წამოიწყეს, მათ შორის მეცნიერების წინააღმდეგ. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებამდე რუსეთ-უკრაინას შორის „ჯაშუშური ომი“ მიმდინარეობდა, რომელმაც ომის პერიოდში მეტი სიმწვავე შეიძინა. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის არაერთი სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ აღძრეს საქმე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინა-რუსეთის ომის პირობებში მაღალია ალბათობა, რომ „ჯაშუშური ომი“ კიდევ უფრო გამწვავდება. ომის გახანგრძლივების შემთხვევაში, კიდევ არაერთ მსგავს საქმეს უნდა ველოდოთ.
სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ჩატარდება მთავარი მოვლენა: 2022 წლის 16 სექტემბერს უზბეკეთის ქ. სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მიიღებს. მოვლენა დეტალურად: სამიტის ფარგლებში, 15 სექტემბერს, პუტინი ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებსაც შეხვდა. მათ შორს, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუხამედოვს, რომელიც სამიტს, როგორც საპატიო სტუმარი, ისე დაესწრება. პუტინი შეხვდა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს და უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიევს. ხეების დარგვის ღონისძიება. წყარო: kremlin.ru ორგანიზაცია 2011 წელს დაარსდა და მისი წევრები არიან ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, რუსეთი, პაკისტანი და ინდოეთი. ირანი ორგანიზაციის წევრი მალე გახდება. ბელარუსსა და მონღოლეთს კი ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი აქვთ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო დასავლეთის მხრიდან რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია იზრდება, ასეთი შეხვედრები კი დასავლური იზოლაციისა და სანქციების გარღვევის შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წევრები რუსეთის სამხედრო აგრესიას ღიად არ უჭერენ მხარს, რუსეთის ლიდერისთვის მსგავსი სამიტი და ორმხრივი შეხვედრები ანტიდასავლურ ფრონტზე მოკავშირეების და/ან მხარდამჭერების შეძენის შესაძლებლობას ქმნის.
ყაზახეთის ქალაქში უარი თქვეს „გამარჯვების დიქტანტის“ ჩატარებაზე მთავარი მოვლენა: ყაზახეთის აღმოსავლეთში მდებარე ქ. სემეის (2007 წლამდე სემიპალატინსკი) ადმინისტრაციამ უარი თქვა რუსულ პროპაგანდისტულ კონკურსში მონაწილეობაზე. მოვლენა დეტალურად: ქ. სემეის ადმინისტრაციამ უარი თქვა „გამარჯვების დიქტანტში“ მონაწილეობაზე სოციალურ მედიაში გამოხატული მწვავე რეაქციის გამო. მეორე მსოფლიო ომის თემაზე საერთაშორისო ისტორიული დიქტანტი 2019 წლიდან იმართება რუსეთში და მის მოკავშირე სახელმწიფოებში, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ღონისძიების ორგანიზატორია „რუსული სახლი“, რომლის წარმომადგენლობებიც აქტიურად მუშაობენ ცხინვალსა და სოხუმში. მსგავსი ღონისძიებები რუსეთის „რბილი ძალის“ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა არმიის როლის განდიდებას ისახავს მიზნად. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება რუსეთის ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული ნარატივია, რომელსაც კრემლი დღესაც იყენებს. მოსკოვის ხედვით, უკრაინაში ომი ფაშიზმის წინააღმდეგ ახლაც გრძელდება. უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე ყაზახეთში გაჩნდა შიში, რომ რუსეთმა თავისი აგრესია შესაძლოა ყაზახეთის წინააღმდეგაც მიმართოს, რომელსაც კრემლი ხელოვნურად შექმნილ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ბოლო თვეებში რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობაში არასასიამოვნო ფაქტებიც დაფიქსირდა, როდესაც ყაზახეთმა არ აღიარა დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სეპარატისტული რესპუბლიკები და ღიად არ დაუჭირა მხარი რუსეთის სამხედრო აგრესიას, ასევე რუსეთმა ყაზახეთის ნავთობის დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტირება შეაფერხა. ყაზახეთში რუსული კულტურის გავლენა კვლავაც დიდია, პოპულარულია რუსული ენა და ტელევიზია, თუმცა საჯარო სივრცეში გაიზარდა ანტირუსული განცხადებების რაოდენობაც. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ამგვარი ცალკეული შემთხვევები მაგალითია, თუ როგორ შეიძლება რუსეთის მოკავშირე ქვეყანაში ნელ-ნელა შეიცვალოს განწყობები იმ ქვეყნის (რუსეთის) მიმართ, რომლის ძლიერი ისტორიული და კულტურული გავლენის ქვეშ იმყოფები.
უზბეკეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის საკრედიტო ბარათების „ტურიზმი“ შეფერხდება მთავარი მოვლენა: 2022 წლის 12 სექტემბერს უზბეკეთის მინიმუმ ორმა ბანკმა არარეზიდენტ პირებზე საბანკო ბარათების გაცემა შეზღუდა. მოვლენა დეტალურად: „კაპიტალბანკის“ განცხადებით, საბანკო ოპერაციების გამჭვირვალობის მიზნით, საბანკო ბარათების გაცემაზე კონტროლი გამკაცრდება. მსგავსი განცხადება გაავრცელეს ბანკ „იპაკ იულიშიც“. უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში უზბეკეთში საკრედიტო ბარათების „ტურიზმი“ განვითარდა, კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებმა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, ტაშკენტში უზბეკურ ბანკებში „Mastercard“ და „VISA“ ბარათების მისაღებად ჩასვლა დაიწყეს. რუსეთში გაცემული ასეთი ბარათების გამოყენება 6 მარტიდან შეუძლებელი გახდა. 23 მარტიდან რუსულმა ტურისტულმა კომპანიებმა კლიენტებს სპეციალური პაკეტი შესთავაზეს, რაც უზბეკეთში ჩასვლას და ბარათების მიღებას გულისხმობდა. „ტურიზმი“ მხოლოდ წინასწარ დაჯავშნილ დროს ბანკში მისვლას და ბარათის აღებას ითვალისწინებდა. მსგავსი სერვისები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც არის, მაგრამ უზბეკეთში ყველაზე ნაკლები ბიუროკრატია და უფრო მისაღებია ფასები იყო. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: საკრედიტო ბარათების „ტურიზმის“ შედეგად, უზბეკეთში რუსი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, რამაც გარკვეული პოზიტიური ეკონომიკური ეფექტი შექმნა, თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეებზე საკრედიტო ბარათების შეუზღუდავმა გაცემამ გარკვეული პოლიტიკური რისკებიც გააჩინა. შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილება ერთგვარი პრევენციული ნაბიჯი შეიძლება იყოს, რომლის მიზანიც სანქციების რეჟიმის შესაძლო დარღვევის თავიდან აცილებაა.
კურატორის ინტერვიუ: ძირითადი გზავნილები მთავარი მოვლენა: 2022 წლის 14 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა ინტერვიუ მისცა რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს „РИА Новости“. გონჩარი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობას კურირებს. იგი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორიც არის. დენის გონჩარი. წყარო: РИА Новости ინტერვიუს ძირითადი გზავნილები:
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის დირექტორი დენის გონჩარი სამხრეთ კავკასიის, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, კურატორია. შესაბამისად, მისი შეფასებები რუსეთის ხელისუფლების პოზიციის გამოხატულებაა.
|