X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა გამოცემა: N58

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 16-30 სექტემბერი, 2022

 

 

2022 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის პრიზმაში უნდა განვიხილოთ. ამ ქვეყნების გადაწყვეტილებებიც რუსეთის სამხედრო აგრესიით არის ნაკარნახევი. 58-ე გამოცემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მომხდარ ისეთ მნიშვნელოვან და/ან საინტერესო მოვლენებს მიმოიხილავს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე ასევე იხილეთ 50-ე მიმოხილვა, რომელიც 21 თებერვალი-3 მარტის პერიოდს მოიცავს, 51-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე მოლდოვის რეაგირების შესახებ, 52-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ცენტრალური აზიის ქვეყნების რეაგირების შესახებ, 53-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის რეაგირების შესახებ, 54-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი გზავნილების შესახებ, 55-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ბელარუსის რეაგირების შესახებ.

  • კრემლში რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უკრაინის ოკუპირებული რეგიონების შესვლის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ბიოიარაღის გამოყენების „მტკიცებულებები“ წარადგინა.
  • ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში ეუთოს თანამშრომელი გაასამართლეს.
  • ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების შესვლა შეიზღუდა.
  • ყაზახეთში უცხოელებზე (რუსეთის მოქალაქეებზე) ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურა გართულდება.
  • მოლდოვაში რუსეთის მხარეს მებრძოლ მოლდოვის მოქალაქეებს დასჯიან.
  • ყაზახეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში რუსულ საბანკო ბარათებზე უარს ამბობენ.
  • სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ჩატარდა.
  • რუსეთი ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს  სასაზღვრო კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.
  • სომხეთის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანთან საზღვარზე საერთაშორისო მისიის განთავსებას ითხოვს.
  • ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს უმასპინძლა.
  • ბელარუსის პრეზიდენტი პირველი „არაოფიციალური“ ვიზიტით აფხაზეთს ესტუმრა.
  • ბიშკეკში რუსეთის ორგანიზებით ქალი თანამემამულეების რეგიონული ფორუმი ჩატარდა.

 

რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების შეერთების გადაწყვეტილება მიიღო

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 30 სექტემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უკრაინის ოკუპირებული რეგიონების შესვლის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

მოვლენა დეტალურად: ბოლო პერიოდში უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წარუმატებლობის ფონზე მოსკოვში უკრაინაში ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღეს, ისევე, როგორც ეს 2014 წლის ყირიმის შემთხვევაში იყო.

უკრაინის რეგიონების ანექსიის ლეგიტიმაციისთვის 23-27 სექტემბერს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკანონო რეფერენდუმები ჩატარდა. რუსეთის ცნობით, „რეფერენდუმის“ შედეგების მიხედვით, ადგილობრივების უმრავლესობამ მხარი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა:

  • დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში „რეფერენდუმზე“ მივიდა 97,5%, რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირა - 99,23%
  • ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკა - (92,6%/98,42%)
  • ხერსონის ოლქი - (76,9%/87,05%)
  • ზაპოროჟიეს ოლქი - (85,4%/93,11%)

უკანონო „რეფერენდუმები“ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ნაწილში საომარ ვითარებაში და რუსეთის სამხედრო ყოფნის პირობებში ჩატარდა, შესაბამისად, მის ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს.

შეთანხმებას რუსეთის მხრიდან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ოთხივე რეგიონი რუსეთს შეუერთდა და ასევე რუსეთის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა ოთხი ახალი სუბიექტი. ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა დენის პუშილინმა, ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ლეონიდ პასეჩნიკმა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის მეთაურმა ვლადიმირ სალდომ და ზაპოროჟიეს ოლქის მეთაურმა ევგენი ბალიცკიმ.

ხელმოწერის ცერემონია კრემლში. წყარო: kremlin.ru

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: „რეფერენდუმების“ ჩატარება რუსეთისთვის ფორმალობა იყო, რომელიც მოსკოვს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის ლეგიტიმაციისთვის სჭირდებოდა. ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება უკრაინაში ფრონტის ხაზზე ბოლო პერიოდში განცდილი წარუმატებლობით და საყოველთაო სამხედრო მობილიზაციის ლეგიტიმაციით შეიძლება აიხსნას.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ბიოიარაღის გამოყენების „მტკიცებულებები“ წარადგინა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 19 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურის იგორ კირილოვის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ნივთიერი მტკიცებულებები წარადგინა.

მოვლენა დეტალურად: კირილოვის განცხადებით, რუსულმა მხარემ 5-9 სექტემბერს ჟენევაში ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილე წევრი-ქვეყნების შეხვედრაზე აშშ-ისა და უკრაინის მიერ კონვენციის დარღვევის დამადასტურებელი „მტკიცებულებები“ წარადგინა. მისი თქმით, „არცერთ დელეგაციას ეჭვი არ გასჩენია წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაში“.

კირილოვმა ვაშინგტონი და კიევი უკრაინაში სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის შესახებ დოკუმენტების სასწრაფო განადგურებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, კირილოვმა აშშ-ს ბრალი დასდო, რომ ვაშინგტონის ზეწოლის შედეგად შეხვედრაში კონვენციის მონაწილე 184 ქვეყნიდან მხოლოდ 89 მონაწილეობდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი დიდი ხანია ადანაშაულებს აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ბიოიარაღის გამოყენებაში, რისთვისაც, მოსკოვის განცხადებით, ვაშინგტონი, მათ შორის, უკრაინასა და საქართველოში არსებულ ბიოლაბორატორიებს იყენებს. ბიოლაბორატორიების საკითხს მოსკოვის ანტიუკრაინულ/ანტიდასავლურ პროპაგანდაში დიდი ადგილი უკავია, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აქტიურად იყენებს, მათ შორის, ამ საკითხზე დეზინფორმაციის წარმოების გზით.

 

ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში ეუთოს თანამშრომელი გაასამართლეს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 19 სექტემბერს ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში თარჯიმანი, რომელიც ეუთოს ადგილობრივ ოფისში მუშაობდა, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და 13 წელი მიუსაჯეს.

მოვლენა დეტალურად: დმიტრი შაბანოვი აპრილში დააკავეს. მას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემას ედავებიან და აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლოდ მუშაობაში სდებენ ბრალს. შაბანოვი ადგილობრივია, რომელიც ეუთოს მისიის სხვა 5 თანამშრომელთან ერთად უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ დააკავეს. ომის დაწყების შემდეგ ეუთოს მისიის 500-მდე თანამშრომელმა დატოვა რეგიონი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დასავლეთის „ჯაშუშების“ გამოვლენა რუსეთის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ გზავნილია, რომ მოსკოვი არ დაუშვებს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მისადმი არალოიალურად განწყობილი ადამიანების ყოფნას.

 

ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების შესვლა შეიზღუდა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 19 სექტემბრიდან პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებს ტურისტული ვიზებით, მათ შორის, მესამე ქვეყნების მიერ გაცემული შენგენის ვიზებით, შესვლა შეეზღუდათ.

მოვლენა დეტალურად: შეზღუდვების დაწესების შესახებ 7 სექტემბერს განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა. მისი თქმით, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი საკუთარ ქვეყნებში რუსეთიდან და ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის მოქალაქეების სახმელეთო საზღვრით შესვლას შეზღუდავდა.

შეზღუდვა შეეხებათ ტურისტული და ბიზნესვიზების მფლობელებს, ასევე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გაცემული ვიზების მფლობელებს. გამონაკლისით ისარგებლებენ სატვირთო მანქანის მძღოლები, დიპლომატები და ოჯახური და ჰუმანიტარული მიზეზებით ევროპაში შემსვლელები, მათ შორის – დისიდენტები.

31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი შეაჩერებს რუსეთთან 2007 წელს დადებულ შეთანხმებას ვიზების გამარტივებული გაცემის შესახებ. ვიზების გაცემის სრულ აკრძალვაზე ჯერ არ არის ორგანიზაციაში შეთანხმება. თუმცა, 12 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეებს გაუძვირდათ ვიზის მიღების საფასური, ვიზის მიღების პროცედურა კი უფრო ბიუროკრატიული და ხანგრძლივი გახდა. 19 სექტემბრიდან ვიზების გამარტივებული პროცედურა შვეიცარიამაც შეაჩერა. 30 სექტემრიდან კი რუსეთის მოქალაქეები ტურისტული ვიზებით შესვლას ფინეთშიც ვეღარ შეძლებენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გახანგრძლივების პირობებში, დასავლეთის ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ კრემლზე ზეწოლისთვის მნიშვნელოვანია სანქციების ეფექტი უფრო მწვავედ რუსეთის მოქალაქეებმაც იგრძნონ, რომლებმაც შექმნილი დისკომფორტი კრემლის საომარი პოლიტიკის შესაცვლელად უნდა გამოიყენონ.

 

ყაზახეთში უცხოელებზე (რუსეთის მოქალაქეებზე) ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურა გართულდება

მთავარი მოვლენა: ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 26 სექტემბრის ინიციატივით, უცხოელებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე ქვეყანაში დროებით და მუდმივ ბინადრობაზე ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შევა.

მოვლენა დეტალურად: ყაზახეთში დროებით ან მუდმივ ბინადრობაზე ნებართვის მისაღებად საჭიროა ეროვნული პასპორტის ასლისა და ორიგინალის წარდგენა. ახალი ცვლილებებით საჭირო გახდება საზღვარგარეთის პასპორტის წარდგენაც. კიდევ ერთი ცვლილებით, განმცხადებელმა ნასამართლობის ცნობის ორიგინალი უნდა წარადგინოს და არა – ციფრული ვერსია, რომელიც დამოწმებული იქნება კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

ყაზახური მხარის განცხადებით, ისინი არ მისცემენ რუსეთის მოქალაქეებს მუდმივი ბინადრობის ნებართვას მოსკოვის თანხმობის გარეშე. არსებული მონაცემებით, მხოლოდ აპრილ-მაისში ყაზახეთში რუსეთის 570 ათასი  მოქალაქე შევიდა. რუსეთის მოქალაქეების ემიგრაცია იმ ქვეყნებში, სადაც მათ ვიზა არ სჭირდებათ, მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2022 წლის 21 სექტემბერს რუსეთი პრეზიდენტმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო რუსეთის ბევრი მოქალაქე ტოვებს რუსეთის ტერიტორიას და მეზობელ ქვეყნებში მიემგზავრება. რუსეთის მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რაოდენობა საფრთხის წყაროდ განიხილება, რაც ყაზახეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მეტ რეგულაციას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

 

მოლდოვაში რუსეთის მხარეს მებრძოლ მოლდოვის მოქალაქეებს დასჯიან

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 26 სექტემბერს მოლდოვის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოლდოვის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც რუსეთის პასპორტიც აქვთ და რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მიიღებენ მონაწილეობას, მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილეს.

მოვლენა დეტალურად: მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, რუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შემდეგ არის რისკი, რომ საბრძოლველად დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის მაცხოვრებლებიც გაიწვიონ. სანდუს თქმით, მოლდოვამ არ უნდა დაუშვას, რომ მისმა მოქალაქეებმა „აგრესორის მხარეს“ იბრძოლონ. ამავე დროს განიხილება მოლდოვის იმ მოქალაქეების დასჯაც, რომლებსაც არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოლებენ. სანდუმ მოლდოვის მოქალაქეებს რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებისკენაც მოუწოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს, მათ შორის მათ, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში იწვევენ. ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ასევე ფლობს რუსეთის მოქალაქეობას, შესაბამისად მაღალია ალბათობა, რომ გაწვევა მათაც შეეხებათ. მოლდოვა ამ ნაბიჯით საკუთარი მოქალაქეების უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის პრევენციას ცდილობს.

 

ყაზახეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში რუსულ საბანკო ბარათებზე უარს ამბობენ

მთავარი მოვლენა: რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ ცენტრალური აზიის ბანკებმა რუსულ საგადახდო სისტემა „Мир“-ის ბარათების გამოყენებაზე უარი თქვეს.

მოვლენა დეტალურად: ყაზახეთში რუსული საბანკო ბარათების გამოყენებაზე პირველად უარი უმსხვილესმა „Halyk Bank“-მა თქვა. ყაზახეთის ეროვნული ბანკის განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობა არ კრძალავს რუსული საბანკო ბარათების გამოყენებას, მაგრამ თითოეულ ბანკს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლადაც შეუძლია.

იგივე ვითარებაა უზბეკეთშიც, სადაც 23 სექტემბრიდან „Мир“-ის ბარათებით სარგებლობა შეუძლებელია. 27 სექტემბერს „ტექნიკური პრობლემების“ გამო სისტემის მომსახურებაზე უარი თქვა ტაჯიკურმა „Душанбе Сити Банк“-მა. მსგავსი ვითარება შეიქმნა რამდენიმე ბანკში თურქეთსა და ვიეტნამშიც.

დასავლური სანქციების პირობებში რუსეთმა თავისი დამოუკიდებელი საგადახდო სისტემა „Мир“-ის განვითარება რამდენიმე წელია, რაც  დაიწყო. აღნიშნული ბარათები გამოიყენება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში, ბელარუსში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. ბარათებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც იყენებენ.

ბანკების უარს წინ უძღოდა აშშ-ის ხაზინის გაფრთხილება შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ. სანქციების რისკის დაემუქრებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის გარეთ რუსულ საგადახდო სისტემა „Мир“-ის ფუნქციონირებას შეუწყობენ ხელს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ცენტრალური აზიის ქვეყნების საბანკო სექტორის მიერ რუსულ საგადახდო სისტემის გამოყენებაზე უარი შეზღუდავს „Мир“-ის ბარათების რუსეთის გარეთ გამოყენების შესაძლებლობას, რაც ზიანს მიაყენებს რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებიც ამ ქვეყნებში საქმიანობენ. ამავე დროს, მსგავსი ნაბიჯით ამ ქვეყნების საბანკო სისტემები შესაძლო დასავლურ სანქციებს თავს აარიდებენ.

 

სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ჩატარდა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 16 სექტემბერს უზბეკეთის ქ. სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც მიიღო. სამიტზე სამარყანდის დეკლარაცია მიიღეს.

მოვლენა დეტალურად: სამიტის ფარგლებში, 15 სექტემბერს, პუტინი ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებსაც შეხვდა. მათ შორს თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუხამედოვს, რომელიც სამიტს, როგორც საპატიო სტუმარი, ისე ესწრებოდა. პუტინი შეხვდა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს და უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიევს. პუტინი ორმხრივი შეხვედრის ფორმატში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც შეხვდა.

სამიტის დასასრულს პუტინმა შემაჯამებელი პრეს-კონფერენციაც ჩაატარა. ოფიციალურ განცხადებაში პუტინმა განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკურ განვითარებაზე და დასავლეთის ანტირუსულ პოლიტიკაზე გააკეთა.

სამარყადის სამიტი. წყარო: kremlin.ru

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2011 წელს დაარსდა და მისი წევრები არიან ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, რუსეთი, პაკისტანი და ინდოეთი. ირანი ორგანიზაციის წევრი მალე გახდება. ბელარუსსა და მონღოლეთს კი ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი აქვთ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო დასავლეთის მხრიდან რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია იზრდება, მსგავსი შეხვედრები კი დასავლური იზოლაციისა და სანქციების გარღვევის შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წევრები რუსეთის სამხედრო აგრესიას ღიად არ უჭერენ მხარს, რუსეთის ლიდერისთვის მსგავსი სამიტი და ორმხრივი შეხვედრები ანტიდასავლურ ფრონტზე მოკავშირეების შეძენის შესაძლებლობას ქმნის.

 

რუსეთი ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს სასაზღვრო კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს

მთავარი  მოვლენა: 2022 წლის 18 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ესაუბრა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს და ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს.

მოვლენა დეტალურად: პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის მთავარი თემა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე არსებული ვითარების განხილვა იყო. ცენტრალური აზიის ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის სასაზღვრო კონფლიქტი 16 სექტემბერს განახლდა. ბოლო წლებში გახშირდა ორ ქვეყანას შორის საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო დაპირისპირება, რასაც ხშირად მშვიდობიანი მოქალაქეებიც ეწირებიან.

პუტინმა მხარეებს მოუწოდა არ დაუშვან შემდგომი ესკალაცია და ვითარების დარეგულირებისთვის მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებები გამოიყენონ. პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა, სტაბილურობის უზრუნველყოფაში დახმარება აღმოუჩინოს მხარეებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ორივე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან. კუხო სამხედრო ალიანსია და პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოებს აერთიანებს. კუხოს წევრებს შორის დაპირისპირება მიუთითებს ალიანსის შიგნით არსებულ პრობლემებსა და რუსეთის შეზღუდულ რესურსზე, რომ ორგანიზაციის წევრებს შორის კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია მოახდინოს.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანთან საზღვარზე საერთაშორისო მისიის განთავსებას ითხოვს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის  სასაზღვრო რაიონში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განთავსება რეგიონული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

მოვლენა დეტალურად: საერთაშორისო მისიის განთავსების საკითხზე ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე 29 სექტემბერსაც ისაუბრა. მისი აზრით, საერთაშორისო მისია შეიძლება განახორციელოს გაეროს უშიშროების საბჭომ, ეუთომ ან სხვა ნებისმიერმა საერთაშორისო ორგანიზაციამ.

საერთაშორისო მისიის მოწვევის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 13 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა. იმავე დღეს, სომხეთის ინიციატივით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) საგანგებო შეხვედრაზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირების საკითხი განიხილეს. თუმცა სომხეთმა მოკავშირეებისგან პრაქტიკულად ვერ მიიღო მხარდაჭერა. სომხეთის მოკავშირეებმა რეგიონში ვითარების გამწვავების გამო მხოლოდ შეშფოთება გამოთქვეს და მისი მოგვარების მხოლოდ პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით გადაწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის საშუამავლო მისიას. ვითარების ადგილზე შესწავლისა და დეესკალაციისთვის წინადადებების შემუშავების მიზნით კი სომხეთში კუხოს გენერალური მდივნის, სტანისლავ ზასის, გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ერევანს 23 სექტემბერს ეწვია. ზასი ერევანში 29 სექტემბერსაც ჩავიდა.

კუხო სამხედრო ალიანსია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მოკავშირე ქვეყნებს აერთიანებს, კერძოდ, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სომხეთის მიერ საერთაშორისო მისიის მოწვევის იდეის გაჟღერება ცალსახად მიუთითებს, რომ სომხეთში რუსეთის სამშვიდობო როლს ეჭვის თვალით უყურებენ და მიაჩნიათ, რომ კუხოს წევრობა და რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობა აღარ არის უსაფრთხოების გარანტი, რომელიც სომხეთს აზერბაიჯანთან სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების დროს დაიცავს.

 

ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს უმასპინძლა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 26 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სოჭში უმასპინძლა.

პრეზიდეტეის შეხვედრა. წყარო: kremlin.ru

მოვლენა დეტალურად: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ ლუკაშენკო ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში ყველაზე ხშირად ხვდება პუტინს, მათ შორის, სოჭში რუსეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში. ბელარუსი პირდაპირ არ მონაწილეობს რუსეთის სამხედრო აგრესიაში, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია რუსეთმა მისი ტერიტორიიდანაც განახორციელა. რუსეთის მხარდაჭერის გამო პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები ბელარუსზეც არის დაწესებული. მაგ., ბელარუსი ვერ ახერხებს სასუქების ექსპორტს, რაც მისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო. ამიტომაც ეს საკითხი შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ლუკაშენკო, რომელიც დასავლეთის მხრიდან მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მოექცა, იძულებულია მხარდაჭერა რუსეთისგან მიიღოს, რაც მისი ხედვით, ამ ეტაპზე, არსებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისა და ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზაა.

 

ბელარუსის პრეზიდენტი პირველიარაოფიციალურივიზიტით აფხაზეთ ესტუმრა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მოულოდნელად ეწვია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას. დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ლუკაშენკოს ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკზე“ უმასპინძლა. ლუკაშენკომ აფხაზეთი საღამოსვე დატოვა.

მოვლენა დეტალურად: ლუკაშენკო აფხაზეთში სოჭიდან ჩავიდა, სადაც იგი წინა დღით რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტებს შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარების საკითხზე არ უსაუბრიათ.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ იგი ბოლოს აფხაზეთში დიდი ხნის წინ იმყოფებოდა, როდესაც პარლამენტის რიგითი წევრი იყო. მისი თქმით, მან წინა დღით სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, აფხაზეთის საკითხიც განიხილა და შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება და მას უნდა დაეხმარონ.

ლუკაშენკოს თქმით, მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდება.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა, სადაც აფხაზეთი არ არის მოხსენიებული, როგორც ქვეყანა, ასევე ასლან ბჟანია მხოლოდ სახელით არის მოხსენიებული და არა „პრეზიდენტის“ სტატუსით.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ეს ლუკაშენკოს პირველი „არაოფიციალური“ ვიზიტი იყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, ლუკაშენკო ამ დრომდე არ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. თუმცა, მასზე განხორციელებული საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის პირობებში, როდესაც მისი ერთადერთი მხარდამჭერი რუსეთია, ლუკაშენკო შესაძლოა იძულებული გახდეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აღიაროს. ეს ვიზიტიც შესაძლო აღიარების მოსამზადებელ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ.

 

ბიშკეკში რუსეთის ორგანიზებით ქალი თანამემამულეების რეგიონული ფორუმი ჩატარდა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 27-28 სექტემბერს ბიშკეკში, ყირგიზეთი, დსთ-ის ქვეყნების, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის რუსულენოვანი თემების ქალი წარმომადგენლების რეგიონული ფორუმი ჩატარდა.

მოვლენა დეტალურად: ღონისძიების ორგანიზატორი იყო რუსეთის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების სამთავრობო კომისია. ღონისძიებაში 26 ქვეყნიდან 50-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა, რომლებიც დიასპორაში აქტიურ საზოგადოებრივ-სოციალურ ცხოვრებას ეწევიან. გამომსვლელებს შორის იყვნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის წევრებიც, სამინისტროებისა და იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც უცხოეთში რუსულენოვან მოსახლეობასთან ურთიერთობაზე არიან პასუხისმგებელი. ღონისძიების მონაწილეებს წაუკითხეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს მისასალმებელი სიტყვაც. რუდენკო პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ასევე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

რუსეთის ახალი ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია

2022 წლის 5 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება (N611) უცხოეთში რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფციის შესახებ. კონცეფციის ამოცანებია: რუსული სამყაროსთვის დამახასიათებელი ტრადიციებისა და იდეალების დაცვა, შენარჩუნება და გავრცელება, თანამედროვე მსოფლიოში რუსული ენის როლის, მნიშვნელობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. კონცეფციაში ცალკე მიმართულებად არის გამოყოფილი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხი. დოკუმენტის 26-ე გვერდზე ნახსენებია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, რუსეთის საერთაშორისო რეპუტაცია კიდევ უფრო შეილახა. მსგავსი ღონისძიებების მიზანია იზოლაციის დაძლევა და „რბილი ძალის“ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით უცხოეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის მობილიზება.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.