X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა: N62

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N62

მიმოხილვის პერიოდი: 16-30 ნოემბერი, 2022

2022 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პრიზმაში უნდა განვიხილოთ. ამ ქვეყნების გადაწყვეტილებებიც რუსეთის სამხედრო აგრესიით არის ნაკარნახევი. 62-ე გამოცემაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მომხდარ ისეთ მნიშვნელოვან და/ან საინტერესო მოვლენებს მიმოვიხილავთ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე ასევე იხილეთ 50-ე მიმოხილვა, რომელიც 21 თებერვალი-3 მარტის პერიოდს მოიცავს, 51-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე მოლდოვის რეაგირების შესახებ, 52-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ცენტრალური აზიის ქვეყნების რეაგირების შესახებ, 53-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის რეაგირების შესახებ, 54-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი გზავნილების შესახებ, 55-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ბელარუსის რეაგირების შესახებ.

  • სომხეთი კუხოს სამიტის საბოლოო დოკუმენტის შინაარს არ დაეთანხმა
  • ყაზახეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა
  • ოდესაში ეკეტარინე II-ის ძეგლის აღების გადაწყვეტილება მიიღეს
  • მოლდოვის პარლამენტმა „ჰოლოდომორი“ აღიარა
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებში სპეცოპერაცია ჩაატარა
  • რუსეთი შავიზღვისპირეთის ისტორიის შესახებ საკუთარ ნარატივებს ქმნის
  • მოსკოვში X კონფერენცია - „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“ ჩატარდა

 

კუხოს სამიტი ერევანში: კიდევ ერთი ფიასკო

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 23 ნოემბერს ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი ჩატარდა. ამავე დღეს დასრულდა ორგანიზაციაში სომხეთის თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი.

[კუხო რუსეთისა და მისი მოკავშირეების: ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი - სამხედრო ალიანსია].

მოვლენა დეტალურად: სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კუხოს გადაწყვეტილებების თაობაზე ღიად გამოხატა უკმაყოფილება, რადგან ორგანიზაციამ ვერ შეძლო მოკავშირე ქვეყნის დაცვა აზერბაიჯანთან სამხედრო დაპირისპირებაში. ფაშინიანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კუხოს ეფექტურობის საკითხი.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომში სომხეთი დამარცხდა და მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დრო ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა. სომხეთის შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხეთმა მინიმუმ სამჯერ განიცადა აზერბაიჯანის მხრიდან აგრესია. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ კუხოს წევრებმა ვერ შეაკავეს აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები და დღემდე ვერ ხერხდება ამ აგრესიაზე კუხოს საერთო გადაწყვეტილების მიღება. განსაკუთრებით მძიმე იყო სასაზღვრო დაპირისპირება სექტემბერში, რომელმაც 200-მდე სამხედროს სიცოცხლე შეიწირა. სომხეთმა სექტემბრის დაპირისპირების დროს კუხოს მხარდაჭერა სთხოვა, მაგრამ მხოლოდ დამკვირვებლების გაგზავნის დაპირება მიიღო მაშინ, როცა იანვარში ყაზახეთში სამხედრო დანაყოფის გაგზავნაზე კუხომ სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო.

პუტინმა თავის გამოსვლაში აღიარა გარკვეული პრობლემები, რომლებიც აწუხებს კუხოს და განაცხადა, რომ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დასამყარებლად. თუმცა, პუტინს კონკრეტულად არ დაუსახელებია, თუ რა პრობლემებზეა საუბარი.

კუხოს სამიტი ერევანში. წყარო: odkb-csto.org

 

სამიტის შედეგი

17 გადაწყვეტილებიდან 15-ზე მიაღწიეს კომპრომისს, მაგრამ სამიტის საბოლოო დოკუმენტზე ვერ მოხერხდა შეთანხმება - მისი შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა სომხეთისთვის, რადგან კუხოს დოკუმენტი სომხეთისთვის დახმარების გაწევაზე არ შეიცავდა სომხური მხარის წინადადებებს. სომხეთის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ საბოლოო დოკუმენტში შესულიყო პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანს პოლიტიკური და დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენების გზით აიძულებდა, 2021 წლის 11 მაისის მდგომარეობის შესაბამისად, სომხეთის ტერიტორიიდან გაეყვანა ჯარები.

კუხოს სამიტის დასრულების შემდეგ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს ორმხრივ ფორმატშიც შეხვდა.

ანტირუსული განწყობები

22 ნოემბერს ერევანში სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და სომხეთისგან კუხოს დატოვება მოითხოვეს. დემონსტრაციას ანტირუსული ხასიათი ჰქონდა. აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში რუსეთისა და კუხოს უმოქმედობამ სომხეთში ანტირუსული განწყობები გააძლიერა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: კუხოს ერევნის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში სამხედრო ალიანსი უძლურია დაიცვას სომხეთის ინტერესები და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც აზერბაიჯანის ინტერესებს ეწინააღმდეგება. გავრცელებული მოსაზრება, რომ კუხოს წევრები აზერბაიჯანის მოკავშირეებად უფრო აღიქვამენ თავს, ყოველი კრიზისისა თუ კუხოს სამიტის დროს ვლინდება, რაც, საბოლოო ჯამში, კუხოს, როგორც სამხედრო ალიანსის რეპუტაციას, აზიანებს როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე გლობალური მასშტაბით.

 

ყაზახეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვიზიტი მოსკოვში

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 28 ნოემბერს ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი მოსკოვს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

პრეზიდენტების შეხვედრა. წყარო: akorda.kz

 

მოვლენა დეტალურად: ეს ტოკაევის პირველი ოფიციალური ვიზიტია ქვეყნის გარეთ 20 ნოემბერს, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ტოკაევი ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსაც შეხვდა. ტოკაევმა პუტინთან ერთად ვიდეოკონფერენციით რუსეთსა და ყაზახეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XVIII ფორუმშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ორენბურგში ჩატარდა.

ტოკაევის განცხადებით, ყაზახეთი რუსეთის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. როგორც თქვა, მისი არჩევანი, პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩასულიყო, სიმბოლურია და ორ ქვეყანას შორის კავშირები ისეთი ძლიერი რჩება, როგორც არასდროს. პუტინის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას „სპეციალური ხასიათი“ აქვს და მათ უნდა გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობა კრიზისშია.

პუტინმა ყაზახეთთან და უზბეკეთთან „გაზის კავშირის“ დაფუძნების იდეაც წამოაყენა, რომელიც სამ ქვეყანას შორის და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან, გაზის ტრანსპორტირების მექანიზმს შექმნიდა. ტოკაევის წარმომადგენელმა რუსლან ჟელდიბაიმ დაადასტურა, რომ მხარეებს მიაჩნიათ, რომ ექსპერტებს შორის დეტალური მოლაპარაკებები აუცილებელია აღნიშნული პრობლემისთვის რაციონალური გადაწყვეტის მოსაძებნად.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პუტინმა და ტოკაევმა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი.

ოფიციალური ინფორმაციით უკრაინის თემა პრეზიდენტებს შორის საუბრის თემა არ ყოფილა. ტოკაევს საინაუგურაციო არც სიტყვაში უხსენებია უკრაინის საკითხი, რომელიც 26 ნოემბერს, მოსკოვში ვიზიტამდე, გაიმართა. ცნობილია, რომ ამ საკითხზე ყაზახეთის პრეზიდენტი თავს არიდებს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას. უფრო პირიქით, ყაზახეთის ლიდერების განცხადებებში ყოველთვის ხაზგასმულია ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

საინტერესოა, რომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ტოკაევი, 29-30 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხში ტოკაევი პუტინის ხედვებს არ იზიარებს, მოსკოვთან ურთიერთობა ყაზახეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნებს მსოფლიოში უდიდესი სახმელეთო საზღვარი აქვთ და ყაზახეთისთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.  პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტოკაევის პირველი ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში ყაზახეთის მხრიდან საგარეო პოლიტიკის დაბალანსების მცდელობაზე მიუთითებს, რომელიც არც უკრაინაში სამხედრო აგრესიას უჭერს მხარს და მოსკოვთან თანამშრომლობის გარკვეული ხარისხის შენარჩუნებასაც ცდილობს.

 

ოდესაში ეკეტერინე II-ის ძეგლის აღების გადაწყვეტილება მიიღეს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 24 ნოემბერს უკრაინის ქ. ოდესის აღმასრულებელმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ძეგლის - „ოდესის დამაარსებლების“ - დემონტაჟსა და გადატანას. ძეგლის ცენტრალური ფიგურა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის ქანდაკებაა.

მოვლენა დეტალურად: ოდესის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ძეგლის დემონტაჟისა და სხვა ტერიტორიაზე გადატანის გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი. მხარი ასევე დაუჭირეს ქალაქის ერთ-ერთ რაიონში რუსი მხედართმთავრის - ალექსანდრ სუვოროვის ძეგლის დემონტაჟს.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ ოქტომბერში ჩატარებული ონლაინ გამოკითხვა ძეგლის დემონტაჟის შესახებ. 6 ნოემბერს ქალაქის მთავრობამ ძეგლის ირგვლივ ბარიერი მოაწყო.

 ეკატერინე II-ის ძეგლის დემონტაჟი. წყარო: unian.net

 

2007 წელს ოდესში ეკატერინეს სახელობის მოედანს რესტავრაცია გაუკეთეს. რესტავრაციის დროს მოედანზე დადგეს ძეგლი - „ოდესის დამაარსებლები“, რომელიც 1925 წელს ბოლშევიკების მიერ აღებული ძეგლის ასლია.

ამას გარდა, 2022 წლის 9 ნოემბერს უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსი პოეტის, ალექსანდრ პუშკინის, ბიუსტის დემონტაჟი განახორციელეს. ინფორმაცია ამის შესახებ ხარკოვის საქალაქო საბჭომ გაავრცელა. აპრილში ხარკოვში საბჭოთა მარშლის, გეორგი ჟუკოვის ძეგლი აიღეს. მხოლოდ აგვისტოსა და ოქტომბერში კიევში რუსეთთან ან საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული სახელი გადაარქვეს 130-ზე მეტ ქუჩას და მოედანს. ასეთი ტენდენცია შეინიშნება უკრაინის სხვა ქალაქებშიც.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამდე ოდესა და ხარკოვი ერთ-ერთი ყველაზე პრორუსულად განწყობილი ქალაქები იყო, სადაც უკრაინელები ძირითადად რუსულენოვანები იყვნენ. მოსკოვის სამხედრო აგრესიამ დამოკიდებულებები შეცვალა ომამდე პრორუსულად განწყობილ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებშიც, რაც უკრაინაში რუსული სამყაროს შექმნის პოლიტიკის დამარცხების მანიშნებელია.

 

მოლდოვის პარლამენტმა „ჰოლოდომორი“ აღიარა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 24 ნოემბერს მოლდოვის პარლამენტმა 1932-1933 წლებში უკრაინაში „ჰოლოდომორის“ შესახებ დეკლარაცია მიიღო.

მოვლენა დეტალურად: დეკლარაციის მიხედვით, უკრაინაში დიდი შიმშილი წინასწარ დაგეგმილი ღონისძიების შედეგი იყო, რომლის მიზანი კომუნისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეების ფიზიკური განადგურება იყო. დეკლარაციას მხარი დაუჭირა პროდასავლური პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ 54 დეპუტატმა. კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკის დეპუტატებმა სხდომა დატოვეს.

მოლდოვასთან ერთად „ჰოლოდომორთან“ დაკავშირებით დეკლარაცია მიიღო ირლანდიის სენატმაც, რომლის მიხედვითაც, 1932-1933 წლების „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული. 30 ნოემბერს „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად გერმანიის ბუნდესტაგმაც აღიარა.

1932-1933 წლების მოვლენები უკრაინაში ოფიციალურად არის აღიარებული გენოციდად. უკრაინის ისტორიის ინსტიტუტის მონაცემებით, „ჰოლოდომორის“ შედეგად, მხოლოდ საბჭოთა უკრაინაში 4 მლნ ადამიანი დაიღუპა. „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში ნოემბერში აღინიშნება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: „ჰოლოდომორის“ გენოციდად და უკრაინელების წინააღმდეგ გამიზნულ ქმედებად აღიარება რუსეთში აღიქმება, როგორც ანტირუსული გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც, რუსეთის ხედვით, ისტორიის გადაწერა და საბჭოთა/რუსული სახელმწიფოს დადანაშაულებაა.

 

უკრაინის სპეცსამსახურებმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებში სპეცოპერაცია ჩაატარეს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 22 ნოემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მონასტერში, მათ შორის კიევ-პეჩერის ლავრაში, „კონტრსადაზვერვო ღონისძიებები“ ჩაატარა.

მოვლენა დეტალურად: უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „კონტრსადაზვერვო ღონისძიებების“ მიზანი რუსეთის სპეცსამსახურების „ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოვლენაა. გაზრდილია თავდასხმის, საბოტაჟისა და მძევლების აყვანის რისკი ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანთა დიდი ჯგუფები იკრიბება“. კიევ-პეჩერის ლავრაში ღონისძიების ჩატარების მიზანი რუსი ჯაშუშების მიერ მონასტრის ტერიტორიის საბოტაჟისა და დაზვერვისთვის, ასევე იარაღის შენახვისთვის გამოყენების შეჩერებაა.

„კონტრსადაზვერვო ღონისძიებები“ კიევ-პეჩერის ლავრაში. წყარო: სურათი ტელეგრამ არხიდან

 

პრორუსული საქმიანობის სხვა ფაქტები

15 ნოემბერს კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო 12 ნოემბერს კიევ-პეჩერის ლავრაში რელიგიური რიტუალის დროს, მრევლის მიერ პრორუსული სიმღერის შესრულების ფაქტზე.

18 ნოემბერს უკრაინულმა სპეცსამსახურებმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიაში, ვინიცას რეგიონში, ძირგამომთხრელი საქმიანობის ახალი ფაქტები გამოავლინა. გამოძიების მიხედვით, ეპარქიის ხელმძღვანელი პროპაგანდისტულ მასალებს ამზადებდა, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიას და უკრაინის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების ოკუპაციას ამართლებდა. პროპაგანდისტულ მასალებში სასულიერო პირი ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და უკრაინის საზღვრების ცვლილებისკენ მოუწოდებდა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, ვლადიმირ ლეგოიდამ მონასტრებში ჩატარებულ ღონისძიებებს დაშინების აქცია უწოდა და მოუწოდა ყველას მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ მორწმუნეების დევნის შესაჩერებლად.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის ეკლესია და მისი მეთაური, პატრიარქი კირილი ღიად უჭერენ მხარს კრემლის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. უკრაინაში მოქმედი რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საგარეო-პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან მსგავსი ღონისძიებები ომის პირობებში რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი სასულიერო პირების მტრული ქმედებების პრევენციაა.

 

რუსეთი შავიზღვისპირეთის ისტორიის შესახებ საკუთარ ნარატივებს ქმნის

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 15 ნოემბერს რუსეთის ისტორიული საზოგადოების სახლში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „რუსეთის შავიზღვისპირეთის ისტორია: ერთიანი ისტორიული სივრცის განვითარების პროცესში რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტებისა და მეგობარი ქვეყნების ჩართვა“.

მოვლენა დეტალურად: ღონისძიების ორგანიზატორი რუსეთის ისტორიული საზოგადოების ახალგაზრდული კლუბი იყო. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს კლუბის წევრებმა და წარმომადგენლებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან, ზაპოროჟიეს ოლქიდან და აფხაზეთიდან.

რუსეთის ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარის კონსტანტინ მოგილევსკის განცხადებით, საზოგადოებას წარმომადგენლობები აქვს გახსნილი ოკუპირებულ ლუჰანსკში, დონეცკში, ზაპოროჟიეში, მელიტოპოლში, მარიოპულში. მისი თქმით, საზოგადოების ამოცანაა ოკუპირებული რეგიონებიდან მათმა კოლეგებმა რუსეთის სამეცნიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირება მალე შეძლონ.

 კონფერენცია. წყარო: rublev-museum.ru

 

მოგილევსკიმ ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოების წარმომადგენლობის გახსნის გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე გაიმართა კონსულტაციები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მრჩეველი მილანა ბჟანია, რომელიც ამავე დროს არის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარული კვლევების აფხაზური ინსტიტუტის თანამშრომელი, აფხაზეთის „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პედაგოგი.

ღონისძიებაზე წაიკითხეს რამდენიმე მოხსენება: „შავიზღვისპირეთისა და აზოვისპირეთის რუსეთის ისტორიულ-კულტურულ სივრცეში ჩართვის გენეზისი“, „დონბასი, როგორც რუსული სამყაროს ნაწილი: ისტორია და თანამედროვეობა“. აფხაზური დელეგაციის წარმომადგენლებმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ისტორიული მეცნიერების განვითარების გზებსა და ისტორიული ცნობიერების ფორმირებაში ახალგაზრდების როლზე ისაუბრეს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი საკუთარი ისტორიული ნარატივების ჩამოყალიბებასა და განვითარებას ცდილობს. ამ მხრივ ერთ-ერთი პრიორიტეტია შავი ზღვისპირეთის შესახებ ისეთი ისტორიული ნარატივის ჩამოყალიბება, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ისტორიის რუსული ხედვის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ ეტაპზე, რუსეთს უკრაინისა და საქართველოს შავი ზღვისპირეთის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს და ოკუპაცია/ანექსიის ლეგიტიმაციისთვის შესაბამისი ისტორიული ნარატივების არსებობა მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია.

 

მოსკოვში X კონფერენცია - „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“ ჩატარდა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 16-17 ნოემბერს მოსკოვში ჩატარდა კონფერენცია: „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“.

მოვლენა დეტალურად: კონფერენცია ანდრეი რუბლევის სახელობის ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში ჩატარდა. რიგით X ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია  დავით არსენიშვილის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც მუზეუმის ორგანიზატორი და პირველი დირექტორი იყო. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც.

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული იყო მოხსენებები, რომლებიც ეხებოდა რუსეთის, საქართველოს, სირიისა და ეთიოპიის ქრისტიანული კულტურის საკითხების შესწავლას. კონფერენციაზე ასევე იმსჯელეს ქართული ეკლესიის გამოჩენილი მოღვაწეების რუსეთში საქმიანობის შესახებ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთისთვის რელიგია საგარეო-პოლიტიკის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი მართლმადიდებელ ქვეყნებზე გავლენის გაძლიერებისთვის და მართლმადიდებელ ქვეყნებს შორის რელიგიური ერთობის დემონსტრირებისთვის იყენებს.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.