X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

საპარლამენტო არჩევნების შედეგები ისრაელში

  • Author: Zurab Batiashvili, Research Fellow at Rondeli Foundation
  • Publisher: Georgian Foundation for Strategic and International Studies
  • Type: Publication
English, Georgian International relations 2021

2021 წლის 23 მარტს ისრაელში გაიმართა რიგით მეოთხე საპარლამენტო არჩევნები ბოლო 2 წლის განმავლობაში, რითაც იმედოვნებდნენ ქვეყანაში არსებული გრძელვადიანი პოლიტიკური კრიზისის დაძლევას.

მართალია, არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ წინასწარმა მონაცემებმაც გვიჩვენა, რამდენად დაყოფილია ისრაელის პოლიტიკური სპექტრი.  საინტერესოა, რომ ვერც ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ (და მისმა მომხრე მცირე პარტიებმა) და ვერც მისმა ოპონენტებმა ვერ შეძლეს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ისრაელის ახალ 120-კაციან პარლამენტში ნეთანიაჰუს მემარჯვენე ორიენტაციის „ლიკუდის პარტიამ“ 30 მანდატის (მიიღო ხმების 24,2%), ხოლო მისმა მომხრე პარტიებმა, საერთო ჯამში, 52 მანდატის მოპოვება შეძლეს:

No description available.

მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა 61 მანდატი. ისრაელის პოლიტიკური სისტემა კი ისეა მოწყობილი, რომ ცალკე აღებულ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეძლევა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირების საშუალება და ამისთვის საჭირო ხდება კოალიციური შეთანხმების მიღწევა.

ამ არჩევნების ნამდვილი სიურპრიზი იყო ნაციონალისტურად განწყობილი არაბული „რაამის პარტიის“ (United Arab List) მიერ ისრაელში არსებული 3,25%-იანი ბარიერის გადალახვა და ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) მოხვედრა, რამაც თავდაყირა დააყენა პოლიტიკური პარტიების გეგმები. ეს პარტია ცოტა ხნის წინ გამოეყო ასევე არაბებით დაკომპლექტებულ “Joint List”-ს, რომელმაც ამ არჩევნებში 6 მანდატი მიიღო. საერთო ჯამში, არაბები ისრაელის მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ და ახლა უკვე 2 პარტიით არიან წარმოდგენილი ისრაელის პოლიტიკაში.

„რაამის პარტიას“ ჯერჯერობით არ განუცხადებია, თუ რომელ პოლიტიკურ ბანაკს მიემხრობა ქნესეთში. შესაბამისად, ბევრი საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუ იგი ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდება, ამ უკანასკნელთ ექნებათ მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 მანდატი, მაგრამ, როგორც წესი, პოლიტიკური თვალსაზრისით ერთმანეთისგან ძალზე განსხვავებულ პარტიებს (მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები და არაბები) ძალიან უჭირთ ერთმანეთთან თანამშრომლობა.

No description available.

ამრიგად, ნეთანიაჰუს ისევ აქვს შანსი ჩამოაყალიბოს ახალი კოალიციური მთავრობა იმ შემთხვევაში, თუკი შეძლებს პატარა პარტიებთან მოლაპარაკებას. თუმცა, ეს ძალიან მძიმე პროცესი იქნება. როგორც ულტრაორთოდოქსი ებრაელების „რელიგიური სიონიზმის პარტიის“ ლიდერმა ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა, მისი პოლიტიკური ძალა არ აპირებს არაბებთან ერთად კოალიციაში შესვლას. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ არაბული პარტია ისრაელის ისტორიაში არასოდეს ყოფილა არცერთ კოალიციურ მთავრობაში. თან ისინი არც ნეთანიაჰუს მემარჯვენე იდეოლოგიას იზიარებენ.

ნეთანიაჰუსთვის ასევე პრობლემურია შეთანხმება ყოფილ მოკავშირე ნაფტალი ბენეტთან („იამინას პარტიის“ ლიდერი), რომელთანაც რთული ურთიერთობები აქვს. ამ უკანასკნელსაც არ განუცხადებია, თუ ვის დაუჭერს მხარს არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

შექმნილი რთული ვითარება მიგვანიშნებს, რომ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის მოლაპარაკებები შესაძლოა კვირების და თვეების განმავლობაში გაგრძელდეს და თუ ამან შედეგი ვერ გამოიღო, საჭირო გახდება შემდეგი, ახლა უკვე რიგით მეხუთე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

ისრაელის მთავრობის ჩამოყალიბება კი მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. ისრაელი რეგიონში აშშ-ის მთავარი მოკავშირეა და ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია მალე განისაზღვროს, თუ ვისთან მოუწევს მას მუშაობა;

  2. ირანი განაგრძობს მუშაობას ბირთვულ პროგრამაზე, რასაც ისრაელი მთავარ ეგზისტენციურ პრობლემად მიიჩნევს და შემდგომი მოქმედებებისთვის ისრაელს  ძლიერი და სტაბილური მთავრობა ესაჭიროება;

  3. ახალმა მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს ისრაელის პოლიტიკა პალესტინელი არაბების მიმართ. ამ პრობლემის მოგვარების გარეშე შეუძლებელი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის.

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.