X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

Имам Шамиль и Национально-Освободительная Борьба Горцев Северо-Восточного Кавказа в Сообщениях Французских Консулов из Тифлиса

  • Author: Giorgi Mamulia
  • Publisher: Georgian Foundation for Strategic and International Studies
  • Type: Publication
  • Pages: 152
Russian Other 2021

მოკლე შესავალი

ევროპელთა ცნობები კავკასიის შესახებ ყოველთვის იპყრობდა მკვლევართა ყურადღებას. განსაკუთრებით ეს შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას და მის ყველაზე ნაკლებად ცნობილ და ძნელად მისაღწევ ნაწილს - მთიან ჩეჩნეთსა და დაღესტანს, სადაც მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან განვითარებას იწყებს ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის თვისებრივად ახალი ეტაპი, მისი ყველაზე უკომპრომისო-რადიკალური ფორმით - მიურიდიზმის სახით. მომდევნო თითქმის 40 წლის განმავლობაში სწორედ შამილის მთიელთა წინააღმდეგ იყო მიმართული კავკასიაში გაბატონებული რუსეთის იმპერიის უმძლავრესი სამხედრო მანქანა, რომელმაც არაერთი მძიმე და დამამცირებელი მარცხი იწვნია თავისუფლებისმოყვარე ჩრდილოკავკასიელებთან ბრძოლაში. ამ მიზეზით, პეტერბურგი ცდილობდა მაქსიმალურად შეეზღუდა არხები, რომლებითაც გარე სამყაროში და, განსაკუთრებით, ევროპის ქვეყნებში აღწევდა ობიექტური ინფორმაცია ხსენებული მოვლენების შესახებ. ამ მიზანს რუსეთის იმპერიამ მნიშვნელოვანწილად მიაღწია კიდეც. სადღეისოდ თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში მიმდინარე კავკასიის ომის შესახებ არსებულ მასალათა უდიდეს ნაწილს რუსული დოკუმენტები წარმოადგენენ, რომლებიც ხშირად ობიექტურ ცნობებს კი არ შეიცავენ მთიელთა გმირული და უთანასწორო ანტიიმპერიულ-ანტიკოლონიალური ბრძოლის შესახებ, არამედ - რუს გენერალთა გამარჯვების რელაციებს. ეს უკანასკნელნი კი, ცხადია, დაინტერესებული იყვნენ დიდწილად გაეზვიადებინათ საკუთარი სამხედრო მიღწევები და, შესაბამისად, მიეჩქმალათ დანაკარგები. ამ ვითარებაში საბედნიერო გამონაკლისია მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან თბილისში აკრედიტებულ საფრანგეთის კონსულთა პოლიტიკური ანგარიშები, რომლებიც, სამხრეთ კავკასიაში არსებული უმძიმესი ცენზურისა და რუს აგენტთა გაძლიერებული თვალთვალის პირობებში, ცდილობდნენ, შეძლებისდაგვარად, პარიზში ობიექტური ცნობები მიეწოდებინათ ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისა და მთიელთა ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-19 საუკუნის 60-იან წლებამდე, ანუ, ფაქტობრივად, კავკასიის ომის დასასრულამდე, საფრანგეთი ერთადერთი ევროპული სახელმწიფო იყო, რომელსაც უფლება ჰქონდა კონსული ჰყოლოდა კავკასიის სანაცვლოს დედაქალაქში. ეს კი უდავოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათ ანგარიშებს ჩვენი რეგიონის პოლიტიკური ისტორიის ობიექტურად შესწავლის საქმეში. 

სწორედ ამ აქამდე თითქმის სრულიად უცნობ საარქივო მასალას ვთავაზობთ ქართველ და კავკასიელ მკითხველს, რომელიც, იმედია, დიდი ინტერესით გაეცნობა როგორც ევროპელთა თვალით დანახულ კავკასიელ მთიელთა ანტიიმპერიულ ბრძოლას, ისე რუსული კოლონიალურ უღელქვეშ მყოფ კავკასიელ ხალხთა უმძიმეს სურათს. 

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.