PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ვინ არის ირანის ახალი პრეზიდენტი?

  • Author: Zurab Batiashvili, Research Fellow at Rondeli Foundation
  • Publisher: Georgian Foundation for Strategic and International Studies
  • Type: Publication
Georgian International relations 2021

2021 წლის 18 ივნისს  საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, სადაც ხმების 72,4% (ანუ 18 მილიონი ხმა) მიიღო კონსერვატიული განწყობილებებით ცნობილმა ებრაჰიმ რაისიმ.

ირანის პოლიტიკური სისტემა იმგვარადაა მოწყობილი, რომ პრეზიდენტი თავისი მნიშვნელობით მეორე პირია ქვეყანაში (პირველი პირი სულიერი ლიდერია).

ირანის ახალი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი

ამავე მოწყობის მიხედვით, სისტემა არ იძლევა სისტემის გარეთ მყოფი პირების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას. გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ ირანში აკრძალულია პოლიტიკური პარტიებიც.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე რეკორდულად მცირე რაოდენობის ამომრჩეველი მივიდა (48,8%), მოსალოდნელიც იყო, რომ გაიმარჯვებდა ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემიდან გამოსული მკაცრი ხაზის მიმდევარი ებრაჰიმ რაისი.

რაისი 1960 წელს ქ.მეშჰედში დაიბადა. 15 წლის ასაკში სწავლა განაგრძო რელიგიურ სასწავლებელში, ქ. ყუმში. იგი ახალგაზრდობისას აქტიურად მონაწილეობდა პროდასავლურად განწყობილი შაჰის წინააღმდეგ მოწყობილ გამოსვლებში, რაც 1979 წელს შაჰის დამხობითა და ისლამური რესპუბლიკის გამოცხადებით დასრულდა. ამ პერიოდში რაისი დაუახლოვდა ირანის პირველ სულიერ ლიდერს აიათოლა ხომეინის. 

ებრაჰიმ რაისი 1980-იან წლებში

რაისი ადრეულ ასაკში (25 წლის) გახდა ჯერ თეირანის პროკურორის მოადგილე, მოგვიანებით კი - მოსამართლე. უფლებადამცველები მისი ცხოვრების ამ პერიოდს მკაცრად აკრიტიკებენ, ადანაშაულებენ რა სასიკვდილო განაჩენების გამოტანაში. რაისი ამ ბრალდებებს უარყოფს.

ებრაჰიმ რაისი 2017 წლიდან აქტიურად ჩაერთო საჯარო პოლიტიკაში, როდესაც საკუთარი კანდიდატურა დააყენა საპრეზიდენტო არჩევნებში. მაშინ რაისმა ხმების 38%, მისმა კონკურენმა რუჰანიმ კი 57% მიიღო.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ რაისი კვლავ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. სულ ბოლოს, 2019 წელს, ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის გადაწყვეტილებით, იგი  ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დაინიშნა.

2019 წლის ნოემბერში რაისი მოხვდა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ირანისთვის გამოცხადებული სანქცირებული პირების სიაში. საინტერესოა, რომ იგი მოხვდა ევროკავშირის სანქციებშიც.

რაისის წინასაარჩევნო დაპირებებია ბრძოლა სიღარიბის, კორუფციისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მოელიან, რომ რაისი გააგრძელებს ირანის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას: იგი მაქსიმალურად დაიცავს თეირანის პოზიციას ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით, განაგრძობს ირანის მოკავშირეების დახმარებას ახლო აღმოსავლეთში და შეეცდება ჩინეთთან დაწყებული დაახლოების პროცესის გაღრმავებას. 

Back to full list
© 2022 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.