PUBLICATIONS

Title Languages Field Year

აიკრძალება თუ არა პროქურთული პარტია თურქეთში?

  • Author: Zurab Batiashvili, Research Fellow at Rondeli Foundation
  • Publisher: Georgian Foundation for Strategic and International Studies
  • Type: Publication
Georgian International relations 2021

2021 წლის 21 ივნისს თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო პროკურატურის მიერ წარდგენილი საბრალდებო დასკვნა, რომელშიც მოთხოვნილია სიდიდით მეორე ოპოზიციური ძალის - პროქურთული „ხალხთა დემოკრატიული პარტიის“ (HDP) - საქმიანობის აკრძალვა.

„ხალხთა დემოკრატიულმა პარტიამ“ ბოლო, 2018 წლის, საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 11,7% მიიღო. საერთო ჯამში, მას 5,9 მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. მას ხმა მისცეს როგორც მემარცხენე ორიენტაციის ქურთული წარმოშობის მოქალაქეებმა, ისე, ძირითადად, ულტრამემარცხენედ განწყობილმა თურქებმა.

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ ბრალდებაში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული პოლიტიკური პარტია თანამშრომლობს თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ (PKK) და მას სურს თურქეთის სახელმწიფოს ერთიანობის მოშლა.

პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოსგან ასევე ითხოვს „ხალხთა დემოკრატიული პარტიის“ 451 წევრს 5-5 წლით აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი სელაჰათინ დემირთაში, ისევე, როგორც პარტიის წევრი არაერთი სხვა დეპუტატი და ქალაქის მერი უკვე არაერთი წელია სასჯელს იხდიან ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით (ნაწილის წინააღმდეგ კი ამ მომენტისთვისაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, მსგავსი ბრალდებებით).

HDP-ს მხარდამჭერი აქცია

თავად პარტია უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც ჩრდილს აყენებს ქვეყნის პრესტიჟს.

ზოგიერთი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე წინასწარ არის ცნობილი. ისინი ამბობენ, რომ დიდია აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენა სასამართლოზე და იშველიებენ იმ ფაქტსაც, რომ თურქეთს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვის დიდი ტრადიცია აქვს.

მიმომხილველთა მეორე ნაწილი ვარაუდობს, რომ ანკარამ ეს საკითხი დასავლეთთან გარკვეულ თემებზე სავაჭროდ შეიძლება გამოიყენოს.

ცალკე საკითხია, აკრძალვის შემთხვევაში, საით შეიძლება წავიდეს „ხალხთა დემოკრატიული პარტიის“ ამომრჩეველთა ხმები. დიდი ალბათობით, ეს იქნება ოპოზიციურად განწყობილი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის „სახალხო-რესპუბლიკური პარტია“ (CHP), რადგან „ხალხთა დემოკრატიულ პარტიასაც“ მსგავსი ორიენტაცია გააჩნია. ამ მიზნის მისაღწევად CHP-ს შეუძლია საკუთარ სიებში შეიყვანოს ქურთული წარმოშობის პოლიტიკოსები. მაგრამ მაშინ მის ალიანსს შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეექმნას ასევე ხელისუფლებასთან ოპოზიციაში მყოფ მემარჯვენე-ცენტრისტულ „კარგ პარტიასთან“, სადაც ძლიერია ნაციონალისტური განწყობები.

ბევრი იმასაც ვარაუდობს, რომ პროქურთული პარტიის აკრძალვამ შესაძლოა ქურთული საკითხის გამწვავება და მისი რადიკალიზაცია გამოიწვიოს.

ამრიგად, მოსალოდნელია, რომ პროქურთული პარტიის აკრძალვასთან  დაკავშირებით თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლო  რამდენიმე თვეში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. პარტიის საქმიანობის ასაკრძალად საჭიროა 15 მოსამართლიდან 10-მა ხმა მისცეს მის (HDP-ის) წინააღმდეგ, რაც ამ მომენტისთვის სრულიად შესაძლებელია.

Back to full list
© 2022 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.