X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

წავლენ თუ არა სირიელები საბრძოლველად უკრაინაში?

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

მას შემდეგ, რაც რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით სერიოზულად გაუჭირდა უკრაინაში, პუტინმა ახლო აღმოსავლეთიდან საომარი მოქმედებების ზონაში ე.წ. „მოხალისეების“ გადასროლის ბრძანება გასცა.  „მოხალისეების“ გადასროლის ბრძანება გასცა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დაასახელა ამ მებრძოლების საერთო რაოდენობაც - 16 000.

თუმცა, რეალური სიტუაცია ადგილზე სრულიად განსხვავდება კრემლის პროპაგანდისტული ნარატივისგან.

ასადის რეჟიმის მიერ ორგანიზებული რუსეთის მხარდამჭერი აქცია სირიაში

საქმე ისაა, რომ:

  1. ასადის რეჟიმის სამხედრო ნაწილების ბრძოლისუნარიანობა ძალზე დაბალია. შესაბამისად, თუ მაინც ვინმე წაიყვანეს იქ, ეს არ იქნება სერიოზული საფრთხე უკრაინელებისთვის. ასადელები უბრალოდ საზარბაზნე ხორცად იქნებიან გამოყენებული.
  2. ასადის რეჟიმს თავად სჭირდება მებრძოლები, რადგან სირიაში გრძელდება სამოქალაქო ომი და თუ დიდი რაოდენობით მებრძოლები სხვაგან გაგზავნეს, შეიქმნება ფრონტის ჩამოშლისა და თავად ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორების საფრთხე.
  3. სირიელების დიდმა უმრავლესობამ არ იცის უცხო ენა, არაა შეგუებული მკაცრ კლიმატურ პირობებში ბრძოლას, რის გამოც გაუჭირდებათ  უკრაინაში ორიენტირება.
  4. სირიაში, პრორუსული პროპაგანდისტული არხების გარდა, არსებობს ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყაროებიც. შესაბამისად, იციან რუსული მხარის წარუმატებლობებისა და დანაკარგების შესახებ. ამიტომ დიდად არავის ეხალისება უკრაინაში საომრად წასვლა.

ასეთ სიტუაციაში „ვაგნერმა“ მაინც დაიწყო მებრძოლების რეკრუტირება სირიის 14 სხვადასხვა პუნქტში. მათთან ხელშეკრულებები იდება 6 თვის ვადით. ხელფასები კი 200-300 აშშ დოლარიდან იწყება და იზრდება საბრძოლო გამოცდილების მიხედვით. რამდენიმე სირიელმა ხელმოწერილი ხელშეკრულებების ამსახველი დოკუმენტები სოციალურ ქსელებშიც განათავსა.

რამდენჯერმე დაფიქსირდა ავიამიმოსვლა რუსეთსა და სირიას შორის, რითაც სავარაუდოდ, სირიელი მებრძოლები რუსეთში გადაიყვანეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა შეძლო დაახლოებით 1 000 მებრძოლის მობილიზება (ნაცვლად პირველად გამოცხადებული 16 000-ისა) ახლო აღმოსავლეთში. არის ინფორმაცია, რომ ამ 1 000 კაცში, სირიელების გარდა, არიან მცირე რაოდენობით ლიბანელებიც.

ჯერჯერობით ეს ჯგუფი უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაურთავთ. მაგრამ როგორც კი უკრაინაში გადაისვრიან, ადვილი მისახვედრია, რომ მათ შორის დიდი მსხვერპლი იქნება. ეს ამბავი კი მალევე გახდება ცნობილი სირიაში და კიდევ უფრო შეამცირებს უკრაინაში საბრძოლველად წამსვლელთა რაოდენობას. 

უკრაინის მხარდამჭერი გრაფიტი ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთ სირიაში

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სირიის ჩრდილოეთში გამაგრებული ოპოზიცია უკრაინას უჭერს მხარს. მათ 2015 წლიდან მუდმივად ბომბავს რუსული ავიაცია. შესაბამისად, ისინი კრემლის წინააღმდეგ არიან განწყობილი და გამოთქვამენ უკრაინის მხარდასაჭერად ომში ჩართვის სურვილს. თუმცა, ისინი ამ იდეის განხორციელებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. 

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.