X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 10, იანვარი 1-15, 2022)

  • Author: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

მიშუსტინმა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების განვითარების განკარგულება გასცა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი. ფოტო: kommersant.ru

რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხეილ მიშუსტინის 8 იანვრის განკარგულების მიხედვით, დაღესტნის, ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის ენერგეტიკისა და საბინაო-კომუნალური მომსახურების განვითარებისთვის 3 წლის განმავლობაში 7.5 მილიარდი რუბლი გამოიყოფა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მაღალჩინოსნებს ასევე დაავალა ჩრდილოეთ კავკასიის სამთო კურორტებისთვის ყურადღების მიქცევა.

საბინაო-კომუნალური და ენერგეტიკული პრობლემები განსაკუთრებით დაღესტნის მოსახლეობას აწუხებს. „რია დაღესტნის“ ჟურნალისტმა მაგომედ მაგომედოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე დაღესტანში ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდების არსებულ პრობლემებზე დაუსვა კითხვა, რაზეც პუტინმა დაღესტნელ ხალხს დახმარება აღუთქვა.

 

ჩრდილოეთ კავკასიის ოლქი ერთადერთია სადაც 2021 წელს ხელფასები შემცირდა

„კავკაზ რეალიის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქი ერთადერთი ოლქია რუსეთის მასშტაბით, სადაც 2021 წელს ხელფასის ზრდის უარყოფითი დინამიკა დაფიქსირდა.

ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში საშუალო ხელფასი 42 639 რუბლიდან 42 189 რუბლამდე შემცირდა. ოლქში ასევე ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასია რუსეთის სხვა ყველა ოლქთან შედარებით.

 

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ყველაზე ძვირი მობილური კავშირია

გასული წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში (ჩეჩნეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ინგუშეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და დაღესტანი) მთელი რუსეთის მასშტაბით ყველაზე ძვირი მობილური კავშირია.

მონაცემები შედგენილია მობილური ოპერატორების ღია მონაცემების მიხედვით. კვლევის ავტორებმა ტარიფების ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტები რესპუბლიკაში არსებულ საშუალო შემოსავლებს შეადარეს და მასში ქვეყნის მასშტაბით ოთხი ყველაზე მსხვილი მობილური ოპერატორის მონაცემები შეიყვანეს.

 

გასულ წელს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა

რუსეთის მასშტაბით სიკვდილიანობა ყველაზე მეტად კრასნოდარის მხარესა და ადიღეს რესპუბლიკაში გაიზარდა, სადაც, გასულ წელთან შედარებით, 25.4%-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

სიკვდილიანობის ზრდა დაფიქსირდა ასევე ინგუშეთში (17.5%), ყარაჩაი-ჩერქეზეთსა (16.6%) და ჩრდილოეთ ოსეთში (15.8%). ჩეჩნეთი მთელ რუსეთში ერთადერთი სუბიექტია, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, სიკვდილიანობა შემცირდა.

 

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში განქორწინების წლიური მაჩვენებელი გაიზარდა

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკაში 2021 წლის იანვარ-ნოემბერში, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, განქორწინების რაოდენობა გაიზარდა.

ამ მონაცემებით, განსაკუთრებით გაუარესებულია მაჩვენებელი ინგუშეთსა და ჩეჩნეთში, სადაც, წინა წლებთან შედარებით, ანტირეკორდი დამყარდა. ინგუშეთში 2021 წელს განქორწინების მაჩვენებელი 318%-ით, ჩეჩნეთში კი 263%-ით გაიზარდა.

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

საინფორმაციო გვერდის „ოსნოვას“ პოლიტიკური რედაქტორი მასზე თავდასხმას ანატოლი ბიბილოვის დაკვეთად მიიჩნევს

ოსი ჟურნალისტი რუსლან ტოტროვი. ფოტო: kavkazr.com

29 დეკემბერს ვლადიკავკაზის სასამართლოში დაიწყო მოსმენა „ოსნოვას“ პოლიტიკური რედაქტორის რუსლან ტოტროვის ცემის საქმეზე, რომლის შესაძლო დამკვეთადაც თავად ტოტროვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტს“ - ანატოლი ბიბილოვს ასახელებს.

გამოძიების ცნობით, ტოტროვზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა 2021 წლის 21 იანვარს მოხდა, როდესაც ის თავის ოფისში ორ ბლოგერთან ერთად იმყოფებოდა. ტოტროვს თავს ორი მამაკაცი დაესხა, რომელთაგან ერთ-ერთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „თავდაცვის მინისტრის მოადგილე“ სერგეი კაბისოვი იყო.

კაბისოვმა ტოტროვს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოკვლით დაემუქრა და ანატოლი ბიბილოვზე სტატიების წერის შეწყვეტა მოსთხოვა. ტოტროვი ფიქრობს, რომ მასზე თავდასხმა შესაძლოა უშუალოდ ბიბილოვის დაკვეთილი ყოფილიყო და ეს ცხინვალის ციხეში წამებით მოკლული ინალ ჯაბიევის საქმეზე სტატიას უკავშირდება. როგორც ტოტროვი ამბობს, თუ ის კრიტიკული სტატიების წერას არ შეწყვეტს, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

საქმეზე ვერდიქტი გამოტანილი ჯერ არ არის და სასამართლო მხარეების მოსმენას შემდეგ სესიებზე განაგრძობს.

 

ჩრდილოეთ კავკასიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, წვრთნებში ჩართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც

რუსეთის „სამხრეთის სამხედრო ოლქმა“ ფედერაციის სამხრეთით მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელშიც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული პოლიგონებიც არის ჩართული.

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან წვრთნები დაღესტანში, ინგუშეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩეჩნეთში იმართება. რუსეთის მიღმა წვრთნებისთვის გამოიყენება ასევე სომხეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო პოლიგონი. წვრთნებში 10 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.

 

ადიღეს რესპუბლიკა

ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდით ადიღეს რესპუბლიკამ ანტირეკორდი დაამყარა

2021 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ადიღეს რესპუბლიკამ ბავშვთა სიკვდილიანობის რუსეთის რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა - 83%.

ამ მხრივ რთული მდგომარეობაა ზოგადად მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი, საშუალოდ, 12%-ით გაიზარდა. ყველაზე მძიმე ვითარებაა დაღესტანში, რომელიც ბავშვების სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით რუსეთის სუბიექტების მოწინავე ხუთეულში შედის.

 

სასამართლომ მაიკოპის ყოფილი მერი შიდა პატიმრობაში კიდევ ნახევარი წლით დატოვა

ანდრეი გატმანოვი. ფოტო: rbc.ru

მაიკოპის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაიკოპის ყოფილი მერის ანდრეი გეტმანოვის შიდა პატიმრობა ნახევარი წლით გახანგრძლივდა.

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, 2021 წლის სექტემბერში მაიკოპის ყოფილ მერს, ანდრეი გეტმანოვს, სასამართლომ 2.5 წელი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. გეტმანოვი 2021 წლის მარტში დააპატიმრეს - მას ბრალი ვაზნების არალეგალურ შენახვაში, თაღლითობის მცდელობასა და გარიგების უკანონოდ იძულებაში ედებოდა.

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

კურორტ დომბაიში საცურაო კოსტიუმში გადაღებულმა ფოტომ ყარაჩაი-ჩერქეზეთის მოსახლეობა აღაშფოთა

ფოტო: kavkaz-uzel.eu

„კავკაზ რეალიის“ ინფორმაციით, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ საჯაროდ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა, სადაც ტურისტი გოგოები კურორტ დომბაის ხედების ფონზე საცურაო კოსტიუმებში პოზირებენ, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

„ინსტაგრამის“ მომხმარებლები კომენტარებში ამ გოგონებს „უნამუსოებს“ უწოდებენ, თავად კურორტებს კი შემოსავლის გამო „ღირსების გაყიდვაში“ ადანაშაულებენ.

„ტურისტები კავკასიაში სტუმრობისას რატომ არ ითვალისწინებენ ჩვენს მენტალიტეტს? რატომ უნდა ნახონ ეს ჩვენმა შვილებმა და მოხუცებმა?“ - წერენ „ინსტრაგრამის“ მომხმარებლები.

ჩრდილოეთ კავკასიურ რესპუბლიკაში ტურისტების ქცევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეთიკური საკითხია, რომელიც განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. ჩეჩნეთმა და დაღესტანმა უკვე გამოუშვეს შესაბამისი ქცევის კოდექსი, რომელიც რესპუბლიკებში ჩასულმა ტურისტებმა უნდა დაიცვან. გავრცელებული ცნობით, მსგავს დოკუმენტზე მუშაობას ყარაჩაი-ჩერქეზეთიც იწყებს.

 

ყაბარდო-ბალყარეთი

ნალჩიკში ბალყარეთის რუსეთთან შეერთების 195 წლისთავი აღნიშნეს


ფოტო: kavkaz-uzel.eu

ბალყარეთის რუსეთის იმპერიასთან შეერთების 195 წლისთავი ნალჩიკში ტრადიციული კერძის - ხიჩინის ერთობლივი დამზადებით, გამოფენითა და სადღესასწაულო კონცერტით აღნიშნეს.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ბალყარეთი რუსეთის იმპერიას 1827 წლის 11 იანვარს შეუერთდა. ეს თარიღი რესპუბლიკაში 2007 წლიდან აღინიშნება.

 

ყაბარდო-ბალყარეთის მკვიდრი ხუთი ადამიანის ტერორისტულ ორგანიზაციაში გადაბირებაში არის ეჭვმიტანილი

გამოძიების ინფორმაციით, ყაბარდო-ბალყარეთის მკვიდრმა 2017 წელს რესპუბლიკის მაცხოვრებელი ხუთი ადამიანი ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გააწევრიანა. მის წინააღმდეგ საქმე პირების ტერორისტული საქმიანობაში ჩართვის მუხლით არის აღძრული.

საქმე აღიძრა ასევე გადაბირებული ხუთი ადამიანის წინააღმდეგ, რომელთაც ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვა ედებათ ბრალად. გამოძიების ცნობით, ისინი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად 2017 წელს ნებაყოფლობით ჩავიდნენ.

 

ჩრდილოეთი ოსეთი

სტრასბურგის სასამართლომ ბესლანის ტერაქტის დაზარალებულებს ფულადი კომპენსაცია დაუნიშნა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბესლანის ტერაქტის 39 დაზარალებული პირის სარჩელი დააკმაყოფილა და მათ მორალური ზიანისთვის, საერთო ჯამში, 360 ათასი ევროს კომპენსაცია განუსაზღვრა. სასამართლოს დასკვნით, რუსეთის ხელისუფლებამ ტერაქტის გარემოებებისა და ტყვეების სიკვდილის მიზეზების დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო ზომები არ მიიღო.

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებას ტერაქტამდე დაახლოებით რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია 1 სექტემბერს სკოლის შენობაში დაგეგმილ ტერაქტთან დაკავშირებით. სასამართლოს დასკვნით, ტერაქტის მსხვერპლთა ერთი მესამედის სიკვდილის ეჭვგარეშე მიზეზი დადგენილი არ არის. 

 

ჩრდილოეთ ოსეთში სკოლების ნახევარზე მეტი აღდგენას საჭიროებს   
 

ჩრდილოეთ ოსეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და ყარაჩაი-ჩერქეზეთი რუსეთის ფედერაციის სუბიექტთა შორის მოწინავე ათეულში მოხვდა კაპიტალური რემონტის საჭიროების მქონე სკოლების რაოდენობით.

ამ მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის ყველაზე რთული მდგომარეობა ჩრდილოეთ ოსეთშია, სადაც სკოლების 53% აღდგენას საჭიროებს. ეს ქვეყნის მასშტაბით მეორე ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

 

ინგუშეთი

ინგუშმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა კადიროვთან შეხვედრის გამო ტაიპს მოუბოდიშა, მომხდარს კადიროვი მკაცრად გამოეხმაურა

ფოტო: kavkaz-uzel.eu

ინგუშეთის რელიგიური საქმეების რესპუბლიკური სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა იახია ხაძიევმა ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვთან თბილი შეხვედრისა და მისალმების გამო თავისი ტაიპის წარმომადგენლებს მოუბოდიშა.

ხაძიევი კადიროვს ჩეჩენი რელიგიური მოღვაწის კუნტა-ჰაჯი ქიშიევის შთამომავლის საქორწილო ღონისძიებაზე შეხვდა და თბილად მიესალმა. ის ამის გამო ხაძიევების ტაიპმა მკაცრად გააკრიტიკა.

„არასწორად მოვიქეცი, რომ მას მივესალმე და გადავეხვიე. ყოვლისშემძლის გულისთვის, გთხოვთ, მაპატიოთ. მე არ წარმომედგინა, რომ ეს თქვენთვის ამდენად უსიამოვნო იქნებოდა“, - განაცხადა ხაძიევმა.

ხაძიევის მობოდიშებას გამოეხმაურა თავად რამზან კადიროვი, რომელმაც ინგუშებს მოუწოდა კონკრეტული პრეტენზიები წაუყენონ, თუ რა აქვს კადიროვს ინგუშებთან მოსაბოდიშებელი. მან ამისთვის ინგუშებს სამი დღის ვადა მისცა.

კადიროვი ასევე დაემუქრა იმ ადამიანებს, რომელთაც ჩეჩენი ხალხის, მისი ოჯახისა და თავად კადიროვის „ღირსების შელახვა“ სცადეს. ჩეჩნეთის მეთაურის განცხადებით, ის მათ დევნას ყველა, მათ შორის - უკანონო, გზითაც გააგრძელებს. ის ასევე დაემუქრა ინგუშებს, რომ თუ არ შეწყვეტენ[RM4]  საუბარს ჩეჩნების მიერ მიწების უკანონო წართმევაზე, უფრო მეტ მიწას წაიღებს.

კადიროვის ულტიმატუმის შემდეგ ხაძიევმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. მან ამჯერად ჩეჩენ ხალხს და რამზან კადიროვს რეზონანსული გამოსვლის გამო მოუბოდიშა.

მომხდარიდან სამ დღეში რამზან კადიროვმა ეროვნული პოლიტიკის, საგარეო კავშირების, ბეჭდვისა და ინფორმაციის მინისტრ აჰმედ დუდაევს დაავალა სოციალურ ქსელებში ინგუშეთის შესახებ უარყოფითი შინაარსის შემცველი ნებისმიერი მასალა წაშალონ.

კადიროვის სიტყვებით, ინგუშებს პრეტენზიები არ წამოუყენებიათ, მას მათთან არანაირი პრობლემა არ აქვს და ერებს შორის ურთიერთობის ისტორიაში ახალი  ფურცელი იწყება.

 

ჩეჩნეთი

ტუმსო აბდურაჰმანოვის ნათესავებმა ვიდეო ჩაწერეს, სადაც უარყოფენ, რომ მათ მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს

ფოტო: kavkaz-uzel.eu

„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ცნობილი ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერის ტუმსო აბდურაჰმანოვის ნათესავები უფლებადამცველებს აკრიტიკებენ და უარყოფენ, რომ ისინი ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის მსხვერპლი არიან. ასეთი ვიდეო გაავრცელეს ასევე სხვა ჩეჩენი ოპოზიციონერის ნათესავებმა და უარყვეს ინფორმაცია, რომ ისინი გაიტაცეს.

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, დაახლოებით ორი კვირის წინ დევნილობაში მყოფმა რამდენიმე ჩეჩენმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა ჩეჩნეთში მცხოვრები საკუთარი ოჯახის წევრების გაუჩინარების შესახებ ერთდროულად  განაცხადა.

ესენი იყვნენ თურქეთში მცხოვრები ჰასან ხალიტოვი, შვედეთში მცხოვრები ტუმსო აბდურაჰმანოვი, გერმანიაში მცხოვრები მინკაელ მალიზაევი და ჩეჩნური უფლებადამცველი ორგანიზაციის „ვაიფონდის“ ლიდერი მანსურ სადულაევი.

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა, რომელიც ჩეჩნეთის ომბუდსმენმა აღნიშნული მოვლენების ფონზე „უფლებადამცველის მედლით“ დააჯილდოვა,  არ უარყო გავრცელებული ცნობები ბლოგერების ოჯახის წევრების გაუჩინარებასთან დაკავშირებით. თუმცა კადიროვმა დასძინა, რომ ბლოგერების ოჯახის წევრებისა და ნათესავების გაუჩინარებაში დამნაშავე, სავარაუდოდ, „ის ადამიანები არიან, რომელთაც მათ (ბლოგერებმა) შეურაცხყოფა მიაყენეს“.

ამ თემასთან დაკავშირებით უფლებადამცველებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც მიმართეს. მათ პუტინს მოუწოდეს, რომ ყველაფერი იღონოს ჩეჩნეთში რეპრესიების შესაჩერებლად. თავად დაზარალებული ტუმსო აბდურაჰმანოვი საჯარო მიმართვაში კადიროვს და მის ხელისუფლებას დაჰპირდა, რომ ნათესავების გატაცებისა და მათ მიმართ რეპრესიების გამო აუცილებლად იძიებს შურს.

ოპოზიციური გამოცემა 1ADAT-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩეჩნეთში 74 ადამიანი გაიტაცეს.

 

ემიგრანტებმა სტრასბურგში კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ აქცია გამართეს
 


ფოტო: kavkaz-uzel.eu

8 იანვარს სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობის წინ ევროკავშირში მცხოვრები ჩეჩენი ემიგრანტების მასობრივი მიტინგი გაიმართა, სადაც დემონსტრანტებმა ჩეჩნეთში უკანონო დაკავებები, რუსულ ციხეებში წამების ფაქტები, „მემორიალის“ ლიკვიდაცია და ევროკავშირიდან ჩეჩნების დეპორტაცია გააპროტესტეს.

მიტინგს დაახლოებით 400-მდე ადამიანი დაესწრო, რომლებიც სტრასბურგში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. დემონსტრაციის მსვლელობისას სიტყვით არაერთი ცნობილი ჩეჩენი აქტივისტი გამოვიდა, მათ შორის - „ევროპის ჩეჩენთა ასამბლეის“ კოორდინატორი ასლან მურტაზალიევი, ამავე ორგანიზაციის პრესმდივანი შამილ ალბაკოვი, ბლოგერები ტუმსო აბდურაჰმანოვი და ისლამ ბელოკიევი.

 

კადიროვმა ყაზახეთის მოვლენები ჩეჩნეთის ომს შეადარა

ჩეჩნეთის ომი. ფოტო: aljazeera.com

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა ყაზახეთში განვითარებული მოვლენები ჩეჩნეთის ომს შეადარა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, საპროტესტო მსვლელობები შეწყვიტონ. კადიროვის თქმით, ყაზახეთში მამამისი დაიბადა და მოძმე ყაზახმა ხალხმა ისინი ყველაზე მძიმე დროს შეიფარა.

„ჩვენ ვიცით, რა არის ომი. ჩვენ ვიცით, რა არის მიტინგი. ჩვენც ისევე, როგორც თქვენ ახლა, შეგვიტყუეს საომარ ქმედებებში. ამის შემდეგ ჩვენთან ორი საომარი კამპანია განხორციელდა“, - განაცხადა კადიროვმა და ასევე დასძინა, რომ ჩეჩნეთის მოვლენებში „გარე ძალების“ ხელი ერია.

კადიროვის თქმით, ჩეჩენი ხალხი ყახაზეთის ბედის მიმართ გულგრილი ვერ იქნება. მან ასევე პროტესტის მონაწილეებს მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოუწოდა. „ომს კარგი არასოდეს მოაქვს“, - დასძინა ჩეჩნეთის მეთაურმა.

 

სასამართლომ ძმები ისმაილ ისაევი და სალეხ მაგამადოვი პატიმრობაში დატოვა
 

ჩეჩნეთის უზენაესი სასამართლოს 6 იანვრის გადაწყვეტილებით, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ძმები ისმაილ ისაევი და სალეხ მაგამადოვი პატიმრობაში რჩებიან. ძმები საქმის სხვა რეგიონის სასამართლოში გადატანას ითხოვენ, ადვოკატები კი მიიჩნევენ, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, ადამიანის უფლებათა ცენტრ „მემორიალის“ დასკვნით, ჩეჩენი ძმები სამართლებრივი დევნის მსხვერპლი ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკისა და ლგბტ თემის წევრობის გამო გახდნენ.

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ძმები ჩეჩნეთის ძალოვნებმა ნიჟნი-ნოვგოროდიდან ა.წ. თებერვლის დასაწყისში გაიტაცეს და დააპატიმრეს. იმ დროს უმცროსი ძმა ისმაილი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო.

 

დაღესტანი

დაღესტნის მკვიდრი „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის სოციალურ ქსელში დადებისთვის დააჯარიმეს

დაღესტნის მკვიდრ რუსლან მალალიევს სასამართლომ სოციალურ ქსელში  ექსტრემისტული სიმბოლიკის პუბლიკაციისთვის ფულადი ჯარიმა დააკისრა. გამოძიების მასალების მიხედვით, მალალიევმა „ინსტაგრამზე“ „ისლამური სახელმწიფოს“ შავი დროშა გამოაქვეყნა.

მალალიევმა სასამართლოზე თავი იმით გაიმართლა, რომ შავ დროშაზე არსებული არაბული წარწერის მნიშვნელობა არ ესმოდა. როგორც მან თქვა, ასევე არ იცოდა, რომ ეს დროშა ტერორისტულ ორგანიზაციას უკავშირდებოდა.

გასულ თვეში ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის დაღესტანში, ექსტრემისტული სიმბოლიკის გამოქვეყნების გამო რამდენიმე ადამიანი დაჯარიმდა.

 

მაჰაჩყალაში მოსახლეობამ წყლისა და ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა გააპროტესტა


ფოტო: kavkaz-uzel.eu

14 იანვარს მიტინგი გაიმართა მაჰაჩყალაში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ რესპუბლიკის მასშტაბით წყლისა და ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა გააპროტესტა. პროტესტის მონაწილეთა თქმით, ენერგეტიკის მოწოდების პრობლემები, განსაკუთრებით ზამთარში, მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს, მაგრამ ხელისუფლება მათ მოსაგვარებლად საკმარის ძალისხმევას არ იჩენს.

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ენერგეტიკულ პრობლემაზე კითხვა „რია დაღესტნის“ ჟურნალისტმა მაგომედ მაგომედოვმაც დაუსვა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკაში ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების მუდმივი წყვეტაა, რამდენიმე მთაგორიან მუნიციპალიტეტს კი გაზი საერთოდ არ მიეწოდება. პუტინი დაღესტნის მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა.

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.