X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 11, იანვარი 15-31, 2022)

  • Author: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

ჩრდილოეთ კავკასიაში ომიკრონი დომინანტი შტამი გახდა

კორონავირუსის ომიკრონის შტამი ჩრდილოეთ კავკასიაში დომინანტი გახდა. ვირუსის ფართო გავრცელების გამო ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები გაამკაცრეს.

ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც გამოვლენილ შემთხვევათა უმეტესობა ომიკრონი ფიქსირდება, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლება დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს. ამავე გზას მიმართა ყაბარდო-ბალყარეთმა და ყარაჩაი-ჩერქეზეთმაც, სადაც 25 იანვარს ორკვირიანი არდადეგები და სწავლების დისტანციური რეჟიმი გამოცხადდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო პაციენტების გეგმური მიღება გააუქმა ადიღეს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ. სპეციალისტების აზრით, ჩრდილოეთ კავკასიაში კორონავირუსის შემთხვევათა უფრო მეტი ზრდაა მოსალოდნელი.

 

2021 წელს ყველაზე მაღალი ინფლაცია ჩრდილოეთ კავკასიის ოლქში დაფიქსირდა

რუსეთის ფედერაციის მასშტაბით, ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ კავკასიის ოლქში დაფიქსირდა - 9.8%. რუსეთის საშუალო მაჩვენებელია 8.4%.

ფასები ყველაზე მეტად დაღესტანში გაიზარდა - 11.8%. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთ თვეს რესპუბლიკაში ეს მაჩვენებელი 14%-მდეც ავიდა. ეკონომისტები მაღალ ინფლაციას რეგიონში არსებული დაბალი სავაჭრო კონკურენციითა და მრავალი ლოგისტიკური შეფერხებით ხსნიან.

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

„მთავარი არხის“ დირექტორის განცხადებით, კადიროვმა მისი მკვლელობა  დაუკვეთა

ნიკა გვარამია. ფოტო: publika.ge

ქართული ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ მასზე თავდასხმის მომზადებაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი დაადანაშაულა.

გვარამიას განცხადებით, რამზან კადიროვის დაკვეთით საქართველოში მისი ლიკვიდაციისთვის სამი პირი ჩამოვიდა, თუმცა მას დაგეგმილი თავდასხმის შესახებ წინასწარ შეატყობინეს. „მთავარი არხის“ დირექტორმა მათი გვარებიც დაასახელა: არტურ გატეევი, სლავა გაგიევი და არტურ გელიევი.

ცნობისთვის, 2020 წლის ივნისში თბილისში დაიჭირეს ინგუშეთის მკვიდრი ვასამბეკ ბოკოვი. გვარამიას სიტყვებით, ბოკოვი „მთავარი არხის“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლას აპირებდა, რომელმაც 2019 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები პირდაპირ ეთერში გააკეთა.

 

ადიღეს რესპუბლიკა

ადიღეს „სახელმწიფო ავტოინსპექციის“ (ГАИ) უფროსის ყოფილი მოადგილე კორუფციაშია ეჭვმიტანილი

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ადიღეს სამმართველომ დაასრულა გამოძიება ადიღეს „სახელმწიფო ავტოინსპექციის“ (ГАИ) უფროსის ყოფილი მოადგილის რამზინ გუსარუკის საქმეზე, რომელსაც ბრალი განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ქრთამის აღების 18 შემთხვევაში ედება.

გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილი, რომელსაც უწყებაში ხელმძღვანელი პოზიცია ეკავა, სისტემატურად იღებდა ქრთამს მას დაქვემდებარებული თანამშრომლებისგან. საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

სასამართლომ ყარაჩაი-ჩერქეზეთის მრეწველობის მინისტრის წინასწარი პატიმრობის ვადა 4 თვით გაზარდა

ხიზირ ბორანუკოვი. ფოტო: newstracker.ru

სასამართლომ ყარაჩაი-ჩერქეზეთის მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ხიზირ ბორანუკოვის წინასწარი პატიმრობის ვადა 11 მაისამდე გაზარდა.

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა,  ბორანუკოვის დაპატიმრების მიზეზი ქალაქ ჩერკესკის დატოვება გახდა, რისი უფლებაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა შეზღუდული.

ბორანუკოვი რესპუბლიკაში გახმაურებული „არაშუკოვების საქმის“ 20 ფიგურანტიდან ერთ-ერთია. ყოფილი სენატორი რაუფ არაშუკოვი და მამამისი რაულ არაშუკოვი „გაზპრომისთვის“ დაახლოებით 30 მილიარდი რუბლის (407 მილიონი დოლარი) ღირებულების გაზის მოსაპარად დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებისთვისა და შეკვეთილი მკვლელობებისთვის წინასწარ პატიმრობაში არიან. არაშუკოვები ბრალს არ აღიარებენ.

 

ყაბარდო-ბალყარეთი

ტერორიზმის ბრალდებით ყაბარდო-ბალყარეთის მკვიდრს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ყაბარდო-ბალყარეთის მკვიდრს კაზბეკ ჰურანოვს მოსკოვში ტერორისტული ერთეულის შექმნისთვის პატიმრობა მიუსაჯა. ტერორისტული ერთეული, რომელიც შვიდ მონაწილეს მოიცავდა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალული „ჯამააყათ ალ-თაბლიღის“ საფარქვეშ მუშაობდა.

ჰურანოვს ბრალი ტერორისტული საზოგადოების შექმნის, ტერორისტული საქმიანობისთვის ხელშეწყობისა და ტერორიზმის პროპაგანდის მუხლებით ედება. კონკრეტულად რა საქმიანობას ეწეოდა ჰურანოვის მიერ ჩამოყალიბებული ტერორისტული ერთეული, უცნობია.

 

ნალჩიკის მაცხოვრებელმა „სტრასბურგის სასამართლოში“ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე სარჩელი შეიტანა

უფლებადამცველი ორგანიზაციის „კომიტეტი წამების წინააღმდეგ“ იურისტებმა სამართალდამცავების მიერ ნაწამები ნალჩიკის მკვიდრის რუსტამ კუჩმენოვის სახელზე „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“ სარჩელი შეიტანეს.

პოლიციამ რუსტამ კუჩმენოვი 2017 წელს დააპატიმრა და დროებით იზოლატორში გადაიყვანა. დაზარალებულის სიტყვებით, სამართალდამცავებმა ბრალის აღიარების მოთხოვნით ის წებოვანი ლენტით დააბეს, რის შემდეგაც კისერზე აწვებოდნენ და მოგუდვით ემუქრებოდნენ. კუჩმენოვის წინააღმდეგ სამართალდამცავებმა დენით წამებაც გამოიყენეს, რის შემდეგაც მას ბრალის აღიარება მოუწია.

 

ჩრდილოეთი ოსეთი

ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით დაღუპული ფეხმძიმე ქალების შემთხვევებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

გარდაცვლილთა ოჯახის წევრები რესპუბლიკის მეთაურ სერგეი მენიაილოსთან  შეხვედრაზე. ფოტო: osnova.news

ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთის ბესლანის საავადმყოფოში, კოვიდინფიცირებულ ფეხმძიმე ქალთა განყოფილებაში, 2021 წლის სექტემბრიდან 2021 წლის დეკემბრის შუალედში 8 პაციენტი გარდაიცვალა. „კავკაზ რეალიის“ ცნობით, მათი რაოდენობა სინამდვილეში არის 9, თუმცა ერთი პაციენტი ოფიციალურ სტატისტიკაში არ მოხვდა.

ფეხმძიმე ქალების სიკვდილს რესპუბლიკაში დიდი საზოგადოებრივი აჟიოტაჟი მოჰყვა. მომხდარის მიზეზების დასადგენად ოფიციალურ უწყებებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა არაერთხელ მიმართეს. საქმეებზე მოკვლევა რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობითმა ორგანომ დაიწყო, თუმცა თავად საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, რომ მათი სიკვდილის მიზეზი „დაგვიანებული მომართვა“ გახდა.

გარდაცვლილთა ოჯახის წევრები რესპუბლიკის მეთაურ სერგეი მენიაილოსაც შეხვდნენ, რომელიც მათ დაჰპირდა, რომ მომხდარი შემთხვევები სრულად იქნება გამოძიებული.  

 

ინგუშეთი

თავს დაესხნენ ინგუშ უხუცესს, რომელმაც კადიროვს მიმართა

სარაჟდინ სულტიგოვი. ფოტო: kavkazr.com

საზოგადოებრივი ორგანიზაციის „მეკჰ-კჰელ“-ის თანათავმჯდომარე სარაჟდინ სულტიგოვი საკუთარ სახლში უცნობი პირებისგან თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რის შესახებაც მან პოლიციაში სარჩელი შეიტანა.

სულტიგოვის განცხადებით, მას საკუთარ ბინასთან თავს ორი უცნობი პირი დაესხა და ერთ-ერთმა მას ფეხი ჩაარტყა. უხუცესის სიტყვებით, მომხდარი ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, ჩანაწერებზე კი ასევე ჩანს, რომ უცნობი პირები ჩეჩნური ნომრების მქონე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

რამდენიმე კვირით ადრე სარაჟდინ სულტიგოვმა ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს მისი გამონათქვამების საპასუხოდ სამი პრეტენზია საჯაროდ წაუყენა. განცხადებიდან მეორე დღეს სულტიგოვის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „იუთუბ“ არხი გატეხეს.

 

ინგუშეთში ოპოზიციონერი ბლოგერი დააკავეს

ფოტო: fortanga.org

27 იანვარს საკუთარი სახლიდან ორმა ნიღბიანმა პირმა ინგუში ოპოზიციონერი ბლოგერი ადამ ხამჩიევი უცნობი მიმართულებით გაიტაცა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პირები სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ და ხამჩიევი იარაღის უკანონოდ შენახვის მუხლით დააპატიმრეს.

29 იანვარს სასამართლომ ხამჩიევს ერთი თვით წინასწარი შიდა პატიმრობა მიუსაჯა. ბლოგერის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ბრალდება აბსურდულია და ხამჩიევი მაღალჩინოსნებთან მუდმივი კონფლიქტების გამო იდევნება. მხარდამჭერები ამბობენ, რომ ბლოგერი დაურეგისტრირებელ იარაღს ბინაში არასოდეს შეინახავდა, მით უმეტეს, ქალაქ მაგასში, სადაც „ყოველ კვადრატულ მეტრზე 20-30 ძალოვანია“.

 

ჩეჩნეთი

ჩეჩნეთში „იანგულბაევების საქმეს“ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

აბუბაქარ იანგულბაევი. ფოტო: svoboda.org

იანვრის მეორე ნახევარში ჩეჩნეთში ძირითადი განხილვის თემა თბილისში დევნილობაში მყოფი ჩეჩენი აქტივისტისა და უფლებადამცველის აბუბაქარ იანგულბაევის და მისი ოჯახის ხელისუფლებისგან დევნა გახდა - საქმე, რომელიც ჯერ ისევ ვითარდება.

20 იანვარს პირები, რომელთაც თავი ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად წარადგინეს, იანგულბაევების ბინაში შეიჭრნენ ნიჟნი ნოვგოროდში, სადაც აბუბაქარ იანგულბაევის მშობლები ცხოვრობენ. ვინაიდანაც აბუბაქარ იანგულბაევის მამას, საიდ იანგულბაევს, როგორც ყოფილ მოსამართლეს სტატუსი იცავს, მათ იანგულბაევის დედა ზარემა მუსაევა დააპატიმრეს და გროზნოში გადაიყვანეს. წყაროების ცნობით, თანამშრომლები აგრესიულად იქცეოდნენ და ზარემა მუსაევას ჩაცმის საშუალებაც არ მისცეს.

მოგვიანებით, ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკისა და ინფორმაციის მინისტრმა აჰმედ დუდაევმა განაცხადა, რომ სასამართლომ მუსაევას 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, პოლიციელზე თავდასხმისა და  შეურაცხყოფის გამო. მუსაევას დაპატიმრების შემდეგ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სანდო ინფორმაცია არ არსებობს.

ადგილობრივი წყაროების ცნობით, მუსაევას დიაბეტი აწუხებს და ინსულინზეა დამოკიდებული, ხოლო ხელისუფლება მასთან ადვოკატსაც არ უშვებს. ჩეჩნეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე აბუბაქარის ძმის იბრაჰიმ იანგულბაევის წინააღმდეგაც აღძრეს, რომელსაც ბრალი ტერორისტული საქმიანობისკენ მოწოდებაში ედება.

რეზონანსულ ამბავს უკვე გამოეხმაურა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოება. ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა გაათავისუფლოს მუსაევა და მომხდარი ამბავი ობიექტურად გამოიძიოს. მუსაევას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა რუსეთს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

იანგულბაევების საქმესთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთა ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმაც. მისი თქმით, „ამ ოჯახს ან ციხე, ან მიწა ელოდება“. „ეს უკვე ჩემზე არაა დამოკიდებული. მე ვიცი საზოგადოების განწყობა. სანამ ერთი ჩეჩენი მაინც ცოცხალია, თავისუფლად ცხოვრებით ტკბობას ამ ოჯახის წევრები ვეღარ შეძლებენ - მათ იმდენად ღრმად შეურაცხყვეს ჩვენი ერის თითოეული წარმომადგენლის ღირსება,“ - განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთის მეთაური თავის გამოსვლებში იმ ადამიანებსაც დაუპირისპირდა, ვინც იანგულბაევებს მხარი დაუჭირეს. კადიროვმა „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტ ელენე მილაშინსა და ადამიანის უფლებების მიმართულებით რუსეთის პრეზიდენტის საბჭოს წევრ იგორ კალიაპინს, რომელთაც მომხდარი ამბის გამო ჩეჩნეთის ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს, ტერორისტების დახმარებაში დასდო ბრალი და ფედერაციულ სტრუქტურებს მათი დაპატიმრება მოსთხოვა.

საქმეს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვიც, რომლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ამ ამბავში ჩარევას არ აპირებს და კრემლს არანაირი საჭიროება არ აქვს, ამ საქმეს თვალყური ადევნოს.

 

კადიროვმა უკრაინაზე თავისი განცხადებები განმარტა

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა უკრაინის კრიზისის შესახებ თავისი განცხადებები განმარტა, სადაც ის უკრაინის შემოერთებაზე ლაპარაკობდა. კადიროვის თქმით, უკრაინის თემაზე განცხადებები „ჩვეულებრივი ადამიანის პირადი პოზიციაა“. მან ასევე დასძინა, რომ თუ უკრაინაში არ მოიძებნებიან ადამიანები, ვინც აშშ-ს დაუპირისპირდებიან, მაშინ ამაში მათ რუსეთი უნდა დაეხმაროს.

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, გასული წლის ბოლოს რამზან კადიროვმა უკრაინის თემაზე რამდენიმე რეზონანსული განცხადება გააკეთა. „ჩემთვის რომ დაევალებინათ, დიდი ხნის წინ გადავწყვეტდი ამ საკითხს: ან შემოვუერთებდი ჩეჩნეთის რესპუბლიკას უკრაინას ან დიდი ხნის წინ წავიღებდი - საკითხს მოვაგვარებდი“, - განაცხადა კადიროვმა დეკემბერში.

ჩეჩნეთის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ მისი „ღრმა რწმენით, თუ ბატონი ზელენსკი და მისი გუნდი ასე მოქცევას განაგრძობენ, უკრაინა ჩვენს ქვეყანას უნდა შემოვუერთოთ.“

 

ჰასან ხალიტოვს საკუთარი დის ინტიმური ფოტოებით აშანტაჟებენ               

ჰასან ხალიტოვი. ფოტო: ekhokavkaza.com

თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერი ჰასან ხალიტოვი, რომელიც რამზან კადიროვის და მისი ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა, ჩეჩნეთის ხელისუფლებას შანტაჟში ადანაშაულებს. ხალიტოვის განცხადებით, მისი და კადიროვის ძალოვნებმა მოიტაცეს და დაძალებით შიშველს გადაუღეს ფოტოები. ეს ფოტოები ჰასან ხალიტოვს უცნობმა პირმა გაუგზავნა და დაემუქრა, რომ მათ გაასაჯაროებდა, თუ ხალიტოვი კადიროვის ხელისუფლების კრიტიკას არ შეწყვეტდა.

ხალიტოვის განცხადებით, მისი და და სიძე კადიროვის ძალოვნებს ჯერ კიდევ ტყვეობაში ჰყავთ. ხალიტოვის თქმით, კადიროვის დავალებით ძალოვნები აგროვებენ ბლოგერის ნათესავებს და ოჯახის წევრებს, რათა მათ დაძალებით ვიდეო გადააღებინონ, სადაც გამოჩნდება, რომ მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ და არავინ ავიწროვებს.

 

დაღესტანი

დაღესტნის მკვიდრს ტერორიზმის ხელშეწყობისთვის 7 წლით პატიმრობა შეეფარდა

დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ დაღესტნის მკვიდრს რაჰიმ კორკმასოვს ტერორიზმის ხელშეწყობისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, რაჰიმ კორკმასოვმა ნაცნობი გადაიბირა, რომ მას უკანონო სამხედრო ფორმირება ჩამოეყალიბებინა. მანამდე კორკმასოვი ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შენახვისთვის იხდიდა სასჯელს. მან თავისი დანაშაული აღიარა.


დაღესტანში ელექტროენერგიის კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად კრიპტომაინინგი სახელდება

„კავკაზ რეალიის“ ინფორმაციით, რასაც გამოცემა ელექტროენერგეტიკის ექსპერტებთან ინტერვიუების საფუძველზე აქვეყნებს, დაღესტანში ელექტროენერგიის კრიზისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კრიპტომაინინგია. ეს საქმიანობა რუსეთის კანონმდებლობით არ რეგულირდება, რაც საშუალებას აძლევს დაღესტნის მოსახლეობას, უმუშევრობის ფონზე შემოსავლის წყარო გაიჩინოს. ექსპერტების განმარტებით, კრიპტომაინინგის დანადგარები ძალიან დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც რესპუბლიკისთვის ისედაც პრობლემატური სექტორის მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს.

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, ენერგეტიკისა და საბინაო-კომუნალურ საკითხებთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე კითხვა „რია ნოვოსტის“ დაღესტნელმა ჟურნალისტმა მაგომედ მაგომედოვმა დაუსვა. მან დაღესტანში ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდების არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. საპასუხოდ, პუტინი დაღესტანელ ხალხს პრობლემების გადაჭრას შეჰპირდა.

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.