PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 12, თებერვალი 1-14, 2022)

  • Author: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკები უმუშევრობის დონით რუსეთის ლიდერებში მოხვდნენ

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონით მოწინავე ხუთ ფედერაციულ სუბიექტს შორის ოთხი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკაა - ინგუშეთი, დაღესტანი, ჩრდილოეთი ოსეთი და ჩეჩნეთი.

ინგუშეთში უმუშევრობის დონემ ფედერაციის მასშტაბით ყველაზე მაღალ ნიშნულს - 30%-ს მიაღწია. ეს რიცხვი შვიდჯერ აღემატება რუსეთის საშუალო მაჩვენებელს. მეორე და მესამე ადგილებს დაღესტანი (13.8%) და ჩრდილოეთი ოსეთი (12%) იკავებენ, ჩეჩნეთი კი, 11%-ით, მეხუთე ადგილზეა. ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქი ასევე ერთადერთი რეგიონია რუსეთში, სადაც 2021 წელს ხელფასის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა.

 

ფსბ-ის განცხადებით, სამართალდამცავებმა ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე ტერაქტი აღკვეთეს

ფსბ-ის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი. ფოტო: tass.ru

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) დირექტორმა და ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის (ნაკ) ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და სტავროპოლის მხარეში მდებარე სასწავლო დაწესებულებებში  ტერაქტის აღკვეთილი მცდელობების შესახებ განაცხადა.

8 თებერვალს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ამ რეგიონებში, ასევე ტვერის ოლქსა და ანექსირებულ ყირიმში „კოლუმბაინის“ იდეოლოგიის მიმდევრები ტერაქტებს ამზადებდნენ. ეს იდეოლოგია რუსეთში ტერორისტულად არის მიჩნეული. ფსბ-მ დაგეგმილი ტერაქტის დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაავრცელა.

ცნობისთვის: „კოლუმბაინის“ იდეოლოგია 1999 წელს ამერიკაში, კოლორადოს შტატის ქალაქ კოლუმბაინში მომხდარ მასობრივ მკვლელობას უკავშირდება, როდესაც „კოლუმბაინის კოლეჯის“ ორმა მოსწავლემ, ერიკ ჰარისმა და დილან კლებოლდმა, კოლეჯის 12 მოსწავლე და 1 მასწავლებელი დახოცეს, შემდეგ კი თავი მოიკლეს.

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

ანატოლი ბიბილოვმა ოსი ერის გაერთიანების საჭიროებაზე ისაუბრა

ანატოლი ბიბილოვი. ფოტო: cominf.org

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსი ხალხების გაერთიანების აუცილებლობაზე ისაუბრა. ბიბილოვმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას უჭერს მხარს, განაცხადა, რომ ოსები „გახლეჩილი ხალხია“ და ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას.

„ბევრი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი უნდა იყოს, მაგრამ დამოუკიდებლობაზე უფრო მნიშვნელოვანი ეთნოსის ერთიანობაა, ერთი ხალხის, ერთი ტრადიციებით, ჩვეულებებით, ენით,“ - განაცხადა ბიბილოვმა.

 

საქართველოს სამოციქულო ეკლესიიდან განკვეთილმა დიაკვანმა ელიზბარ დიაკონიძემ კადიროვზე ილაპარაკა


ელიზბარ დიაკონიძე. ფოტო: სკრინშოტი Nizam Channel-ის YouTube-ს ვიდეოდან.

600 ათასზე მეტი ნახვა და 4 ათასამდე კომენტარი დააგროვა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი დიაკვნის ელიზბარ დიაკონიძის მიმართვამ ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ვიდეო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის ასლან მასხადოვის შვილის ანზორ მასხადოვის YouTube არხზე 1 თებერვალს გავრცელდა.

მიმართვაში ყოფილი დიაკვანი ელიზბარ დიაკონიძე, რომელიც ვიდეოს სახელწოდებაში „ქართველ მიტროპოლიტად“ არის დასახელებული, კადიროვის რეჟიმის მიერ ჩეჩენი უფლებადამცველის აბუბაქარ იანგულბაევის დედის ზარემა მუსაევას დაპატრიმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს „გაუგონარი სულმდაბლობაა“.

ელიზბარ დიაკონიძემ „ამხანაგ“ რამზან კადიროვს მოუწოდა, რომ მან „სხვისი ხელით მუქარა” შეწყვიტოს და დაფიქრდეს იმ შედეგებზე, რაც ამ ყველაფერს მისთვის მოჰყვება. დიაკონიძემ ასევე განაცხადა, რომ კადიროვი „მშიშარაა“ და ეშინია იმათი, ვის წინააღმდეგაც იბრძოდა. „შიში არა მტრების, არამედ ღმერთისა და სამშობლოს სიყვარულის დაკარგვის უნდა გქონდეს“, - დასძინა ელიზბარ დიაკონიძემ.

 

ადიღეს რესპუბლიკა

ადიღეს სკოლებში სწავლა განახლდა

13 თებერვლიდან სწავლა განახლდა ადიღეს სკოლებში, რომლებიც რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ორი კვირით დახურული იყო. სწავლა განახლდება ასევე გახანგრძლივებული სწავლის დაწესებულებებსა და სპორტულ დარბაზებში.

ადიღეს რესპუბლიკაში, ისევე, როგორც მთელ რუსეთში, ეპიდემიოლოგიური ვითარება იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში ომიკრონის შტამის გავრცელებასთან ერთად გაუარესდა. ამასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ დამატებითი შეზღუდვები შემოიღო, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

 

ადიღეს მკვიდრი „ერთიანი რუსეთის“ წინასაარჩევნო დაპირებების ვიდეოს გავრცელების გამო სასამართლომ დააჯარიმა

ადიღეში მაიკოპის საქალაქო სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა რესპუბლიკის 19 წლის მკვიდრს დიმიტრი კონონოვს, რომელმაც სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წინასაარჩევნო დაპირებების ვიდეო გაავრცელა, სახელწოდებით: „გავახსენოთ მატყუარებს და ქურდებს მათი მანიფესტი - 2002“. ეს ვიდეო ნოვოსიბირსკის სასამართლომ 2013 წელს ექსტრემისტულ მასალად გამოაცხადა.

სასამართლოს ინფორმაციით, კონონოვმა ბრალი აღიარა და ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა. ვიდეოს მთელი შინაარსი მხოლოდ იმ შეუსრულებელი დაპირებების ჩამონათვალია, რომელიც „ერთიანმა რუსეთმა“ წინასაარჩევნოდ გასცა. უცნობია, თუ რის საფუძველზე აკრძალა სასამართლომ ვიდეო 2013 წელს.

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

სამხრეთის ფედერაციული ოლქის მასშტაბით ყველაზე დაბალი ცხოვრების დონე ყარაჩაი-ჩერქეზეთშია

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, სამხრეთის ფედერაციულ ოლქში ყველაზე დაბალი ცხოვრების დონე ყარაჩაი-ჩერქეზეთშია, რომელიც მთელი რუსეთის მასშტაბითაც ბოლოსწინა, 85-ე, ადგილს იკავებს. „რია ნოვოსტიმ“ ფედერაციული სუბიექტების რეიტინგი ცხოვრების დონის მიხედვით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისგან გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკის საფუძველზე შეადგინა, მათში გათვალისწინებულია ეკონომიკური მონაცემები და ჯანდაცვის ხარისხი.

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი დაღესტანს აქვს (69-ე ადგილი რუსეთის მასშტაბით), თუმცა ეს შედეგიც, სრული სურათის გათვალისწინებით, საკმაოდ დაბალია. აუტსაიდერ რესპუბლიკებს შორის არიან ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებიც - ჩეჩნეთი (74-ე ადგილი), ყაბარდო-ბალყარეთი (75-ე ადგილი), ჩრდილოეთი ოსეთი (76-ე ადგილი) და ინგუშეთი (82-ე ადგილი).

 

ყაბარდო-ბალყარეთი

სასამართლომ ბლოგერი ინსა ლანდერი შინაპატიმრობაში დატოვა


ინსა ლანდერი. ფოტო: kavkazr.com

4 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნალჩიკის საქალაქო სასამართლომ ორი თვით გაახანგრძლივა ბლოგერ ინსა ლანდერის შინაპატიმრობის ვადა, რომელსაც ბრალი ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედება. ძალაში დარჩა ასევე ინტერნეტთან წვდომისა და გარეთ გასეირნების აკრძალვა.

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, 2021 წლის 9 დეკემბერს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ქალაქ ბაქსანში მცხოვრები ბლოგერის ინსა ლანდერის სახლში სამართალდამცავები მივიდნენ და ფსბ-ის სამმართველოში დაკითხვაზე გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მას გამოძიება ბრალს ტერაქტის მომზადებაში ან ტერაქტით მუქარაში სდებდა.

ლანდერი საქველმოქმედო ფონდის რესურსების ბოროტად გამოყენების ფაქტს იძიებდა. ამ საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რესპუბლიკის მოქმედი მაღალჩინოსანია.

 

ყაბარდო-ბალყარეთის მკვიდრს ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით პატიმრობა მიესაჯა

„ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსებისა და ტერორისტული საქმიანობისთვის ხელშეწყობის ბრალდებით ყაბარდო-ბალყარეთის მკვიდრს ალიმ ბეგიევს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 17 წლით პატიმრობა მიესაჯა. ალიმ ბეგიევი ერთ-ერთია იმ ცხრა პირთაგან, ვინც 2019 წლის 17 სექტემბერს ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით მოსკოვში, დაღესტანსა და ყაბარდო-ბალყარეთში დააკავეს.

ტერორიზმის დაფინანსებაშია ბრალდებული ყაბარდო-ბალყარეთის კიდევ ერთი მკვიდრი, რომელმაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) ინფორმაციით, „ტერორისტული ჯგუფის“ წევრებს უცხოეთში 350 ათას რუბლზე მეტი გადაურიცხა. ეჭვმიტანილი 21 წლის ქალია, მისი დაცვის მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. 

 

ჩრდილოეთი ოსეთი

ოსმა მსახიობმა საფრანგეთის კინოფესტივალზე ჯილდო მოიპოვა       
         

ოსი მსახიობი მილანა აგუზაროვა. ფოტო: kino-teatr.ru

ვლადიკავკაზელი მსახიობი მილანა აგუზაროვა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ყაბარდო-ბალყარელი რეჟისორის კირა კოვალენკოს ფილმში “Разжимая кулаки", საფრანგეთის ქალაქ ანჟეში გამართულ ევროპული ნამუშევრების ყოველწლიურ კინოფესტივალზე Premiers Plans ქალის საუკეთესო როლისთვის პრიზით დაჯილდოვდა.  

მილანა აგუზაროვა თეატრის მსახიობია და ეს კინოში მისი პირველი როლი იყო. როგორც ჩვენი მაუწყებელი მანამდე წერდა, კირა კოვალენკოს ფილმი ოსურ ენაზეა გადაღებული და მასში მოვლენები ჩრდილოეთ ოსეთის პატარა სოფელ მიზურში ვითარდება. კანის კინოფესტივალზე ფილმმა „განსაკუთრებული ხედვის“ პროგრამის ფარგლებში მეორე ხარისხის გრან-პრიც მიიღო.           

 

„კავკაზ რეალიი“ - ჩრდილოეთ ოსეთიდან ამერიკაში ემიგრირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება

„კავკაზ რეალიის“ ვრცელი სტატიის მიხედვით, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირებულ ადამიანებს შეეხება, რესპუბლიკიდან ოკეანეს მიღმა გადასვლა სამუშაოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება.

„ოსებს არ აჩერებთ არც ენობრივი ბარიერი, არც სოციალურ-კულტურული ფაქტორი და არც აშშ-ის საზღვრის გადაკვეთის თანმხლები დაბრკოლებები“ - წერია სტატიაში. იმ მიზეზებს შორის, რომლებიც რესპუბლიკის მკვიდრებს აიძულებს დატოვონ საკუთარი სახლები და მეტწილად არალეგალებად გადავიდნენ აშშ-ში, გამოკითხული ემიგრანტები ყველაზე ხშირად უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს, თვითრეალიზების მცირე შესაძლებლობებსა და პოლიტიკურ წნეხს ასახელებენ.

 

ინგუშეთი

სარაჟდინ სულტიგოვზე თავდამსხმელების ვინაობა გაირკვა      


სარაჟდინ სულტიგოვი. ფოტო: kavkazr.com

ინგუშური საინფორმაციო პორტალ „ფორტანგას“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მეკჰ-კჰელის“ თანათავმჯდომარე სარაჟდინ სულტიგოვზე თავდამსხმელი პირები ინგუშეთის ქალაქ კარაბულაკის მკვიდრი ზურაბ იდიგოვი და ჩეჩნეთის მკვიდრები არტურ დამაევი და რიზვან იბრაჰიმოვი არიან. იბრაჰიმოვი და დამაევი სამართალდამცველებმა დააკავეს, თუმცა თავად სულტიგოვის ინფორმაციით, ისინი „გაუგებარი მიზეზებით“ მალევე გაათავისუფლეს.

სამეთვალყურეო კამერით გადაღებული ფოტო. წყარო: fortanga.org

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, სარაჟდინ სულტიგოვს 31 იანვარს საკუთარ სახლში უცნობი პირები დაესხნენ თავს. ამის შესახებაც მან პოლიციაში სარჩელი შეიტანა. სულტიგოვის განცხადებით, მას საკუთარ ბინასთან თავს დაესხა ორი უცნობი პირი  და ერთ-ერთმა მას ფეხი ჩაარტყა. უხუცესის სიტყვებით, მომხდარი ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, ჩანაწერებზე კი ასევე ჩანს, რომ უცნობი პირები გადაადგილდებოდნენ ავტომობილით, რომელსაც ჩეჩნური ნომრები ჰქონდა.

რამდენიმე კვირით ადრე სარაჟდინ სულტიგოვმა ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს, მისი გამონათქვამების საპასუხოდ, სამი პრეტენზია წაუყენა საჯაროდ.

განცხადებიდან მეორე დღეს სულტიგოვის საზოგადოებრივი ორგანიზაციის YouTube არხი გატეხეს.

 

ინგუშეთის მაცხოვრებლებმა მოითხოვეს, რომ აჰმედ საგოვი ინგუში ხალხის სახელით არ გამოვიდეს

ინგუშური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „ბარტის“ ხელმძღვანელი აჰმედ საგოვი. ფოტო: islamnews.ru

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, სოციალური ქსელების ინგუშმა მომხმარებლებმა ინგუშური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „ბარტის“ ხელმძღვანელის აჰმედ საგოვის წინააღმდეგ პოსტები და კომენტარები გამოაქვეყნეს. მწვავე გამოხმაურებებში მომხმარებლებმა მოითხოვეს, რომ აჰმედ საგოვმა ინგუში ერი აღარ წარადგინოს, მათმა ნაწილმა კი საერთოდაც მისი რესპუბლიკიდან დეპორტაცია მოითხოვა.

ინგუშების პროტესტი იანგულბაევების გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. აჰმედ საგოვმა მონაწილეობა მიიღო ხელისუფლების მიერ იანგულბაევების წინააღმდეგ გროზნოში გამართულ საპროტესტო აქციაში (აქციის შესახებ იხილეთ ჩეჩნეთის სექციაში), რომელში მონაწილეობა სხვა ინგუშებსაც მოუწოდა.

 

ჩეჩნეთი

ევროპის სხვადასხვა ქალაქში ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს

მიტინგი სტოკჰოლმში ჩეჩნეთში მიმდინარე პოლიტიკური გატაცებების წინააღმდეგ. ფოტო: kavkazr.com

ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, სტოკჰოლმსა და მიუნხენში, ჩეჩნეთის ხელისუფლების რეპრესიების წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა მიიღეს როგორც ჩეჩენმა ემიგრანტებმა, ასევე კავკასიური ერების სხვა წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.

დემონსტრაციების ძირითადი მიზეზი იანგულბაევების ოჯახის მიმართ განხორციელებული რეპრესიები გახდა, რომლის წევრებსაც ჩეჩნეთის ხელისუფლება ოპოზიციური „ტელეგრამარხ“ 1ADAT-ის თანამშრომლებად მიიჩნევს. პლაკატები რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე იყო, დემონსტრანტები კი აბუბაქარ იანგულბაევის დედის, ზარემა მუსაევას, გათავისუფლებასა და რამზან კადიროვის საერთაშორისო ტერორისტად გამოცხადებას ითხოვდნენ.

სტოკჰოლმში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის შვილი ანზორ მასხადოვი, რომელმაც ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებსა და რეპრესიებზე ილაპარაკა.

 

რამზან კადიროვსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა

ვლადიმერ პუტინი და რამზან კადიროვი. ფოტო: tass.ru

ჩეჩნეთში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, 3 თებერვალს ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოსკოვში შეხვედრა გაიმართა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამუშაო შეხვედრაზე“ რამზან კადიროვმა ვლადიმერ პუტინს რესპუბლიკაში გაუმჯობესებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, დადებითი დემოგრაფიული მაჩვენებლების, უმუშევრობის შემცირებისა და პანდემიასთან ბრძოლის ზომებზე ინფორმაცია მიაწოდა.

კადიროვის პრესსამსახურს არ უხსენებია, ისაუბრეს თუ არა პუტინმა და ჩეჩნეთის მეთაურმა ჩეჩნეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, მათ შორის, ჩეჩენი მაღალჩინოსნების ღია მუქარაზე ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების მიმართ და იანგულბაევების საქმეზე, რომელიც ბოლო პერიოდში რესპუბლიკაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო.

ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის ხელმძღვანელ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მხარეებმა შეხვედრაზე რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და კონკრეტული ეკონომიკური პროექტების შესახებ ისაუბრეს. დიმიტრი პესკოვმა არ დააკონკრეტა ილაპარაკეს თუ არა პუტინმა და პესკოვმა რეზონანსულ პოლიტიკურ თემებზე, მათ შორის, ჩეჩნეთში მიმდინარე რეპრესიებზე.

 

„იანგულბაევების საქმე“ გრძელდება

ზარემა მუსაევა. ფოტო: kavkazr.com

ჩეჩნეთში გრძელდება რეპრესიები იანგულბაევების ოჯახის მიმართ, სადაც სამართალდამცავებს ტყვეობაში ჰყავთ ჩეჩენი ბლოგერის აბუბაქარ იანგულბაევის დედა - ზარემა მუსაევა. 2 თებერვალს მას სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მუსაევასთან ადვოკატი დაპატიმრებიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ შეუშვეს. დაცვის მხარისა და თავად მუსაევას განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „მე ნელ-ნელა ვკვდები“- განაცხადა მუსაევამ სასამართლო სხდომაზე.

განსაკუთრებული კრიტიკა საქმესთან დაკავშირებით მოჰყვა რუსეთის „სახელმწიფო დუმას“ ჩეჩენი დეპუტატისა და ჩეჩნეთის მეთაურთან დაახლოებული პირის ადამ დელიმხანოვის განცხადებას, სადაც ის იანგულბაევების ოჯახს „სისხლიანი შურისძიებით“ დაემუქრა. უფლებადამცველებმა რუსეთის ხელისუფლებას ამ ფაქტზე რეაგირება მოსთხოვეს. საქმეს მუქარით გამოეხმაურა თავად კადიროვიც, რომელმაც იანგულბაევებს „ტერორისტებზე უარესი“ უწოდა. „ჩვენ მათ ვიპოვით და გავანადგურებთ. სჯობს თავად ჩამოვიდნენ, დანებდნენ სამართალდამცავ ორგანოებს და მიიღონ დამსახურებული“ - განაცხადა კადიროვმა.

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, იანვრის მეორე ნახევარში ჩეჩნეთში ძირითადი განხილვის თემა დევნილობაში მყოფი ჩეჩენი აქტივისტისა და უფლებადამცველის აბუბაქარ იანგულბაევის და მისი ოჯახის ხელისუფლებისგან დევნა გახდა. 20 იანვარს პირები, რომელთაც თავი ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად წარადგინეს, იანგულბაევების ბინაში შეიჭრნენ ნიჟნი-ნოვგოროდში, სადაც აბუბაქარ იანგულბაევის მშობლები ცხოვრობენ.

ვინაიდანაც აბუბაქარ იანგულბაევის მამას, საიდ იანგულბაევს, როგორც ყოფილ მოსამართლეს, სტატუსი იცავდა, მათ იანგულბაევის დედა ზარემა მუსაევა დააპატიმრეს და გროზნოში გადაიყვანეს. წყაროების ცნობით, შსს-ის თანამშრომლები აგრესიულად იქცეოდნენ.

ჩეჩნეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე აბუბაქარის ძმის იბრაჰიმ იანგულბაევის წინააღმდეგაც აღძრეს, რომელსაც ბრალი ტერორისტული საქმიანობისკენ მოწოდებაში ედება. ჩეჩნეთის ძალოვანი უწყებების აზრით, იბრაჰიმ იანგულბაევი ოპოზიციური „ტელეგრამარხ“ 1ADAT-ის ერთ-ერთი შემოქმედია.

რეზონანსულ ამბავს უკვე გამოეხმაურა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოება. ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა გაათავისუფლოს მუსაევა და მომხდარი ამბავი ობიექტურად გამოიძიოს. მუსაევას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა რუსეთს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

4 თებერვალს აბუბაქარ იანგულბაევის მამა საიდ იანგულბაევს ფედერალური მოსამართლის სტატუსი ჩამოერთვა, რაც მან უკანონო ქმედებად შეაფასა. მდგომარეობა დამძიმდა თავად აბუბაქარ იანგულბაევის გარშემოც, რომელსაც უსაფრთხოების საკითხების გამო თბილისის დატოვება და ევროპაში გადასვლა მოუწია.  

 

აჰმედ ზაკაევი: „კადიროვის რეჟიმის ქმედებებს ჩეჩნობასთან და ჩეჩნურ მენტალიტეტთან არანაირი კავშირი არ აქვს“

აჰმედ ზაკაევი რუსი ჟურნალისტის მარკ ფეიგინის YouTube გადაცემაში „ფეიგინ ლაივ“. ფოტო: სკრინშოტი გადაცემიდან.

რუსი ჟურნალისტის მარკ ფეიგინის YouTube გადაცემას „ფეიგინ ლაივ“ სტუმრად ეწვია არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრი აჰმედ ზაკაევი, რომელმაც ჩეჩნეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ვრცლად ისაუბრა.

საუბრის ძირითადი თემა იანგულბაევების ოჯახისა და ოპოზიციური „ტელეგრამარხ“ 1ADAT-ის მიმართ მიმდინარე დევნა იყო, რომელიც გადაცემის სტუმარმა ჩეჩნეთში მიმდინარე ზოგადი პოლიტიკური რეპრესიების ჭრილში განიხილა. ზაკაევის განცხადებით, კადიროვის რეჟიმის ქმედებებს ჩეჩნობასთან, ჩეჩნურ ადათებთან და მენტალიტეტთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ქმედებები, ზაკაევის აზრით, ჩეჩნურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

ზაკაევმა ასევე ისაუბრა ზოგიერთი ჟურნალისტისა და ექსპერტის „მცდარ წარმოდგენაზე“, რომ რუსეთის „ჩეჩნეთიზაცია“ მიმდინარეობს. მისი სიტყვებით, პირიქით,  ის, რაც ჩეჩნეთში დღეს კადიროვის ხელით ხდება, რესპუბლიკის 20-წლიანი „პუტინიზაციის“ შედეგია. მან კადიროვს „პუტინიზმის სახე“ და დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების „შვილობილი“ უწოდა. ზაკაევის განცხადებით, ჩეჩენ ერს კადიროვი არ აურჩევია და ის მას თავს რუსეთმა მოახვია.

იმასთან დაკავშირებით, რომ ჩეჩნეთში ახლა ომი არ მიმდინარეობს, ზაკაევმა განაცხადა, რომ „ფიზიკური გენოციდი სულიერმა გენოციდმა ჩაანაცვლა“. „დღეს ნადგურდება ყველაფერი, რაც ჩეჩნებისთვის ჩვეულია და ამას არა ბენოის ტაიპი (რომელსაც კადიროვის გვარი ეკუთვნის - ავტ.), არამედ პუტინი აკეთებს, კადიროვის ინსტრუმენტად გამოყენებით“. ზაკაევის დასკვნით, პუტინმა ჩეჩნურ ტრადიციებს ომი გამოუცხადა, რადგან ჩეჩენი ხალხი რუსებთან არ ასიმილირდა.

 

დაღესტანი

რუსეთის ფედერაციულ სუბიექტებს შორის ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით დაღესტანი პირველ სამეულში შევიდა

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, სავალალო მდგომარეობა დაფიქსირდა დაღესტანში, რომელმაც სხვა ფედერაციულ სუბიექტებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

რესპუბლიკაში ყოველ ათას ახალშობილს შორის, საშუალოდ, 7.9 დაიღუპა ისე, რომ ერთ წელსაც ვერ მიაღწია. ამასთან, 2020 წელთან შედარებით, ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 18%-ით არის გაზრდილი.

 

დაღესტანში სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი დააპატიმრეს

ნურმაგომედ სურაკატოვი. ფოტო: rbc.ru

დაღესტნის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ნურმაგომედ სურაკატოვი თაღლითობისა და სამსახურებრივი არაკეთილსინდისიერების ბრალდებით დააკავეს - საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხას შეეხება. საგამოძიებო ჩხრეკა ჩატარდა რექტორის სახლსა და კაბინეტშიც.

გამოძიების ინფორმაციით, 2015-2018 წლებში სურაკატოვი ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებაში იყო, რომლის სხვა წევრები უნივერსიტეტის  თანამშრომლები არიან. სტიპენდიების, ხელფასების, პრემიებისა და სხვა საუნივერსიტეტო ფინანსების ხარჯზე მათ 90 მილიონ რუბლზე მეტი მოიპარეს.

 

დაღესტნის მკვიდრს მეტროში ტერაქტისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

მაგომედ ნუროვი. ფოტო: tass.ru

მოსკოვის მეტროს „ლუბიანკასა“ და „პარკ კულტურის“ სადგურებზე 2010 წელს განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთ თანამონაწილეს მაგომედ ნუროვს სასამართლომ განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, ნუროვი ტერორისტულ დაჯგუფებაში ერთგვარი დამაკავშირებლის როლს ასრულებდა, ხელს უწყობდა ტერორისტების თანამშრომლობას, საკუთარი მანქანით გადაჰყავდა ისინი შესახვედრად. 

ცნობისთვის, 2010 წლის 29 მარტს მოსკოვის მეტროს „ლუბიანკასა“ და „პარკ კულტურის“ სადგურებზე ორი აფეთქება მოხდა, რომელთაც 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაზიანდა. ორივე ტერორისტი, რომელთაც სადგურებზე თავი აიფეთქეს, ქალები იყვნენ.

 

სასამართლომ შამილის რაიონის მეთაური თანამდებობიდან დროებით გაათავისუფლა

მაგომედ გასანოვი. ფოტო: kavkaz-uzel.eu

მაჰაჩყალის სასამართლომ 13 თებერვალს თანამდებობიდან დროებით გაათავისუფლა დაღესტნის შამილის რაიონის მეთაური მაგომედ გასანოვი, რომელსაც ბრალი დოკუმენტების გაყალბებასა და მიწის უკანონოდ დაუფლებაში ედება.

13 თებერვლის მონაცემებით, სასამართლოს დროებითი ზომა ძალაში არ შესულა და გასანოვი ჯერ კიდევ რაიონის ხელმძღვანელად ითვლება. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, გასანოვს მაქსიმუმ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Back to full list
© 2022 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.