X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (უკრაინის ომი - სპეციალური გამოცემა: 13-2, 25 თებერვალი - 7 მარტი)

  • Author: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

ჩრდილოეთ კავკასიის როლი უკრაინის ომში - ოპოზიციური ფრთა

(სპეციალური გამოცემის მეორე ნაწილი)

 

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, მაუწყებელი დროებით იცვლის ფორმატს და სპეციალურ რეჟიმზე გადადის. ახალი გამოცემები დაეთმობა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისა და ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლების როლს უკრაინის ომში.

 

პოლიტიკოსები, აქტივისტები

უკრაინაში დაწყებულ რუსულ სამხედრო აგრესიას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ოფიციალურმა პირებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს, თუმცა განსხვავებულ პოზიციაზე დგანან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთა უმეტესობა ან დევნილობაშია  და ან იმალება. ამ მხრივ განსაკუთრებით დევნილი ჩეჩნები აქტიურობენ, რომელთა მეომრებიც უკრაინაში უკრაინელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელთა მხარდასაჭერად ჩეჩენ მოხალისეთა ორი ბატალიონი იბრძვის, ისინი კიევის დაცვაში არიან ჩართული. ეს ორი ბატალიონი უკრაინის მხარეს 2014-2015 წლებშიც იბრძოდა, თუმცა შემდეგ, 2019 წელს, დროებით დაიშალა.

უკრაინის მხარეს მებრძოლი ჩეჩენი მეომრების ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია  რუსეთის ფედერაციის, როგორც საერთო მტრის, აღქმაა, რომლის აგრესიის მსხვერპლიც, ჩეჩენ ხალხთან ერთად, ახლა უკვე უკრაინელი ხალხი ხდება. ჩეჩენი, და, ზოგადად, ჩრდილოეთკავკასიელი მეომრების ზუსტი რაოდენობა უკრაინაში უცნობია, თუმცა მათ იქ ყოფნას ორივე, ჩეჩნური და რუსული, მხარეც ადასტურებს. ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა 3 მარტს განაცხადა, რომ უკრაინელი და უკრაინის მხარეს მებრძოლი ჩეჩენი მეთაურების თავებისთვის თითოეული კადიროველი მებრძოლი 500 000 დოლარს მიიღებს.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრას ერთ-ერთი პირველი არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრი, კადიროვთა კლანის მიერ მტრად გამოცხადებული, ევროპაში დევნილობაში მყოფი აჰმედ ზაკაევი გამოეხმაურა, რომელმაც 26 თებერვალს YouTube-ზე დევნილობაში მყოფ იჩქერიელ ჩეჩენთა სპეციალური მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ჩეჩნები მზად არიან უკრაინელების დასაცავად და რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოლონ. მან უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, მიეღო უკრაინის სამხედრო ძალების რიგებში ჩეჩენი მებრძოლები და იმედი გამოთქვა, რომ მათ მაგალითს სხვებიც მიბაძავენ. ზაკაევმა უკრაინაში ომს „რუსეთის იმპერიის დასასრულის დასაწყისი“ უწოდა. 3 მარტს ჩეჩნებმა, აჰმედ ზაკაევის მეთაურობით, ბრიუსელში მარში გამართეს, რომლის დროსაც რუსეთს დემონსტრანტებმა ოკუპანტი და აგრესორი უწოდეს, მოითხოვეს რა, რომ რუსეთის ჯარებმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიები დატოვოს.

უკრაინას მხარი დაუჭირა ასევე ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის ასლან მასხადოვის შვილმა ანზორ მასხადოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ „ჩეჩნები მუდამ უკრაინელებთან იქნებიან, რადგან მათაც გამოიარეს ის, რასაც ახლა უკრაინელები გადიან“. „ჩეჩენი ხალხი პუტინის ტერორისტების ზეწოლის ქვეშ იმყოფება, დღეს ჩვენ ოკუპირებულები ვართ“, - უკრაინის მხარდამჭერ მიტინგზე განაცხადა მასხადოვმა და ასევე დასძინა, რომ თუ დღეს პუტინის შეჩერება არ მოხერხდება, ის ხვალ ახალ ტერიტორიებზე გადავა.

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად უჭერენ მხარს ცნობილი ჩრდილოეთკავკასიელი ბლოგერები და აქტივისტებიც, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მარცხს, როგორც უკრაინის თავისუფლების, ასევე მათი ჩრდილოეთკავკასიური ერების გათავისუფლების წინაპირობად მიიჩნევენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათი მხრიდან გაისმის მოწოდებები, რომ ევროპაში დევნილი ჩრდილოეთკავკასიელები შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, თავად კი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ კიევს. ამ მხრივ ყველაზე აქტიური და გამორჩეული ჩეჩენი ბლოგერები არიან, რომელთა არხებს YouTube-ზე მილიონობით მნახველი ჰყავს. მათ შორის ყველაზე ცნობილმა ტუმსო აბდურაჰმანოვმა ომის დაწყებისთანავე უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და ასევე არაერთი ვიდეო დადო, სადაც ომის მიმდინარეობას მიმოიხილავს და „კადიროველების“ სამხედრო წარუმატებლობებზე აკეთებს აქცენტს.

აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას სხვა ოპოზიციონერი ბლოგერებიც. ვიდეოებს აქვეყნებს ევროპაში დევნილობაში მყოფი ჰასან ხალიტოვი, რომლის ოჯახიც ჩეჩნეთში კადიროვის რეჟიმისგან დაშინებისა და შევიწროების მსხვერპლია. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში უკრაინაში „კადიროველების“ მარცხსა და ჩეჩნეთში მათ პროპაგანდაზე ამახვილებს ყურადღებას.

ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც YouTube-ზე დაიდო და ყველაზე მეტი ნახვა აქვს, რამზან კადიროვის ჩეჩენ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის განხილვას უკავშირდება. კერძოდ, შეხვედრის მიმდინარეობისას კადიროვს თითქოს უკრაინიდან ჩეჩენი მებრძოლი ურეკავს და ეუბნება, რომ „კადიროველებს“ უკრაინელები სიხარულით ხვდებიან, ისინი კი მათ იცავენ და საჭმელს აძლევენო. ჩრდილოეთკავკასიელი ბლოგერები, უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, სწორედ ასეთი პროპაგანდისტული ვიდეოებისა და ინფორმაციის განეიტრალებას ცდილობენ.

სხვა ცნობილი ოპოზიციური YouTube არხები, როგორებიცაა, მაგალითად, Мысли Ислама და Abu Caucas ასევე ადანაშაულებენ რუსეთის ოფიციალურ უწყებებს ომის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელებაში. ისინი მხარს უჭერენ უკრაინას, როგორც იმ რუსულ აგრესიასთან მებრძოლ ქვეყანას, რომლის მსხვერპლიც თავად ჩრდილოეთი კავკასიაა. ასევე, მათი ინფორმაციით, უკრაინაში ასეულობით ჩრდილოეთკავკასიელი მებრძოლი იღუპება, მრავალი კი დაჭრილია ან ტყვედ არის ჩავარდნილი. ოპოზიციონერი ჩრდილოეთკავკასიელი ბლოგერებისგან ასევე ისმის მოწოდებები, რომ მუსლიმებად არ ჩაითვალონ ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის რიგებში უკრაინაში იბრძვიან.

საყურადღებოა ასევე ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის ასლან მასხადოვის შვილის, კადიროვის რეჟიმის ოპონენტის,  ანზორ მასხადოვის აქტიურობა თავის YouTube არხზე Nizam Channel, სადაც მასხადოვი საკუთარ ვიდეობლოგებსა და სხვადასხვა აქტივისტის ვიდეომიმართვებს ავრცელებს. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების კრემლს დაქვემდებარებული რეჟიმების მოწინააღმდეგეები, მათ შორის, დევნილობაში მყოფი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები მათ საკუთარი ერის მოღალატეებად მიიჩნევენ და ასევე მათ მუსლიმურ იდენტობას აყენებენ ეჭვქვეშ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს რიტორიკა ოპოზიციურ ჩრდილოეთ კავკასიაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. 

 

მედია

განსაკუთრებით გააქტიურებულია ასევე ოპოზიციურად განწყობილი საინფორმაციო არხები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში აქტიურად იდევნება. ჩეჩნური Telegram არხი 1ADAT, რომელიც კადიროვის ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგე საინფორმაციო რესურსად ითვლება, ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვის ჩეჩნურ პროპაგანდას და მათ მიერ გავრცელებულ ინტერპრეტაციებსა და „ფეიკებს“.

არხი აქტიურად აშუქებს ომის მოვლენებს და მხარს უჭერს კიევს. უკრაინაში გარდაცვლილი ჩრდილოეთკავკასიელი მებრძოლების რეალური რაოდენობის დამალვაში ადანაშაულებს ხელისუფლებას ინგუშური „ფორტანგა“, ხოლო დაღესტნური „ჩერნოვიკი“ საერთაშორისო სანქციებით რესპუბლიკისთვის დამაზარალებელ შედეგებზე წერს.

Twitter-ზე აქტიურობს კრემლთან დაპირისპირებული Kavkaz Center, რომელიც ანტირუსულ საინფორმაციო პოლიტიკას 1999 წლიდან ეწევა. საინფორმაციო წყარო აქტიურად ავრცელებს ცნობებს უკრაინაში დაღუპული ჩრდილოეთკავკასიელი მეომრების შესახებ და ადგილობრივ ხელისუფლებებს სიმართლის დამალვაში სდებს ბრალს.

რუსეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის ალტერნატიულ ცნობებს აქვეყნებენ „კავკაზსკი უზელი“ და „კავკაზ რეალიი“, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაზე ობიექტური ცნობების მისაღებად მთავარი წყაროები იყო  უკრაინაში ომამდეც. „კავკაზსკი უზელს“ უკრაინის ომის შესახებ სპეციალური რუბრიკა აქვს, სადაც უკრაინის ომისა და კავკასიის რეგიონის ურთიერთმიმართებებზე ავრცელებს ინფორმაციას. „კავკაზსკი უზელი“ ცნობებს იმ დაღუპულ ჩრდილოეთკავკასიელ ჯარისკაცებზეც აქვეყნებს, რომელთა შესახებაც რუსეთის ოფიციალური უწყებები დუმს.

ეს უკანასკნელი „როსკომნადზორმა“ რუსეთში უკვე აკრძალა და მომხმარებლებს საიტზე შესასვლელად VPN-ით სარგებლობა უწევთ. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთში დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა უფრო და უფრო  იზრდება. ამ მხრივ, როგორც ვნახეთ, გამონაკლისი არც ჩრდილოეთკავკასიური წყაროებია და რუსეთის სამხედრო ავანტიურასთან ერთად შეზღუდვებიც უფრო მეტია მოსალოდნელი.

 

კავკასიელი მეომრები უკრაინაში ოპოზიციური პერსპექტივიდან

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან განიხილება, რუსი ჯარისკაცების საბრძოლო მოტივაციის ნაკლებობაა. ამ თვალსაზრისით, სხვადასხვა წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთკავკასიელი მეომრების ნაწილმა, მათ შორის დაღესტნელების და ინგუშების წარმომადგენლებმა ან უარი თქვეს ომში მონაწილეობაზე, ან საბრძოლო პოლიგონზე დისლოცირების შემდეგ ომისგან თავის არიდება სცადეს. „კავკაზსკი უზელის“ ცნობით, უკრაინაში ჩრდილოეთ კავკასიელებიდან ჩეჩნები, დაღესტნელები და ინგუშები იბრძვიან.

ჩეჩენ მეომრებზე საუბრობს „კავკაზსკი უზელის“ მთავარი რედაქტორი გრიგორი შვედოვიც, რომლის აზრით, კადიროვის რაზმი უკრაინაში უფრო სადამსჯელო ღონისძიებებისთვის არის, ვიდრე ბრძოლის ველზე საომრად. შვედოვი თვლის, რომ კადიროველებმა უკრაინაში უფრო სამხედრო პოლიციის როლი უნდა შეასრულონ, როგორც ამას სირიაში აკეთებდნენ. როგორც შვედოვი, ისე სხვა ოპოზიციურად განწყობილი მიმომხილველები ხაზს უსვამენ, რომ „კადიროველებს“ მნიშვნელოვანი როლი აქვთ, თუმცა დასახული საქმის წარუმატებელ მიმდინარეობასაც აღნიშნავენ. უკრაინული მხარეც აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩეჩნებს უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ, რასაც ოფიციალური გროზნო უარყოფს.

უკრაინაში ჩასულ „კადიროველებზე“ და, ზოგადად, რუსულ აგრესიაზე რამდენჯერმე ისაუბრა უკრაინელების მხარეს მებრძოლი შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონის ლიდერმა მუსლიმ ჩებერლოევსკიმ. მისი სიტყვებით, ეს ომი ყველა კავკასიელის ისტორიული შანსია, რომ რუსების (რომელთაც მუსლიმი „ჭირს“ უწოდებს) წინააღმდეგ იბრძოლონ, რათა მისი ოკუპაციისგან გათავისუფლდნენ. მან ომის შესახებ კომენტარი ასევე გააკეთა უკრაინულ გამოცემა „უნიანთან“ და უკრაინაში უშუალოდ „კადიროველების“ როლზე გაამახვილა ყურადღება. ჩებერლოევსკმა კადიროვს „მხდალი“ უწოდა და მისი მეომრების წარუმატებლობაზე ცალკე გაამახვილა ყურადღება.

უკრაინული მხარის განცხადებით, მათ ასევე შეძლეს სპეციალური ჩეჩნური რაზმის განეიტრალება, რომლის მიზანიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაცია იყო. ინგუშების მხრიდან მნიშვნელოვან დანაკარგებზე ლაპარაკობს ოპოზიციური ინგუშური გამოცემა „ფორტანგაც“, რომლის ცნობებით, ინგუშები უკრაინაში მრავლად იხოცებიან, რუსეთის ოფიციალური უწყებები კი რეალურ რიცხვებს მალავენ. „ფორტანგას“ ასევე მოჰყავს ინგუში თვითმხილველი მეომრის კომენტარი, საიდანაც ირკვევა, რომ ინგუშების კოლონას უკრაინელები ალყაში აქცევენ, თავად მეომრები კი დაბნეულები და დეზორიენტირებული არიან. ამ ყველაფრის ფონზე, ზოგადად, ჩრდილოეთკავკასიელ მეომრებში უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლის ჟინი სუსტია.

ამის ერთ-ერთ დამატებით მიზეზს ჩეჩენი პოლიტოლოგი რუსლან კუტაევი ასახელებს. მისი აზრით, „კადიროველმა“ მეომრებმა სინამდვილეში არ იციან, რას ნიშნავს ღირებულებებისთვის და არა ხელფასისთვის ბრძოლა. პოლიტოლოგი თვლის, რომ იმ ჯარების უძლეველობაზე მითი, რომელიც ჩეჩნეთის და რუსეთის შიგნით შიშის ზარს სცემდა მშვიდობიან მოსახლეობას, აუცილებლად დაიმსხვრევა უშუალოდ საბრძოლო პოლიგონზე. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ „კადიროველებში“ არიან მეომრები, რომელთაც რუსეთ-ჩეჩნეთის ომის გამოცდილება აქვთ, მაგრამ მათ რიგებში ბევრი გამოუცდელი ახალგაზრდაც არის და თავად რუსეთ-უკრაინის ომის სპეციფიკა ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისგან განსხვავებულია.

ამ თვალსაზრისით, არსებული ინფორმაციის ფონზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩრდილოეთკავკასიელებს შორის უკრაინაში ომის მიმართ უარყოფითად ან სკეპტიკურად განწყობილები არიან არა მხოლოდ საზოგადოებაში ან რუსეთთან ისტორიულად დაპირისპირებულ კავკასიელებში, არამედ უშუალოდ რუსეთის მხარეს მებრძოლ ადამიანებშიც. კრემლის მიერ კონტროლირებულმა რელიგიურმა პირებმა სცადეს, რომ უკრაინაში ომი „ღაზავათად“ (წმინდა ომი) გაესაღებინათ, თუმცა, როგორც ჩანს, მათი არგუმენტაცია ბოლომდე დამაჯერებელი არ არის და ჩრდილოეთ კავკასიელებში მოტივაციის ნაკლებობა იგრძნობა.

ამის ერთ-ერთი ინდიკატორი შეიძლება ასევე ვლადიმერ პუტინის 3 მარტის პოპულისტური განცხადება იყოს, სადაც მან უკრაინაში დაღუპული დაღესტნელი მეომრის ნურმაგომედ გაჯიმაგომედოვის გმირობაზე ილაპარაკა და მას „რუსეთის გმირის“ წოდება მიანიჭა. ამ მიმართვისას, დიდი ალბათობით, რუსეთის მხარეს მებრძოლი მრავალეთნიკური ჯარისკაცების მოტივაციის ასამაღლებლად, პუტინმა განაცხადა, რომ ის ეთნიკურად რუსია, მაგრამ გაჯიმაგომედოვის გმირობის მაგალითი მას სურვილს უჩენს თქვას, რომ „დაღესტნელია, ჩეჩენია, ინგუშია...“ ეს განცხადება, ერთი მხრივ, მოტივაციის ასამაღლებელ მიმართვას ჰგავს, მეორე მხრივ კი, შეიძლება რუსეთის შიგნით უკრაინის ომის შედეგებიდან გამოწვეული, ჩრდილოეთ კავკასიისთვის და თავად პუტინისთვის კარგად ნაცნობი სოციალურ-ეთნიკური აფეთქებისგან თავის დაზღვევა იყოს.

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.