PUBLICATIONS

Title Languages Field Year

რატომ შეწყდა ირან-საუდის არაბეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები?

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

მარტის შუა რიცხვებში ირანმა გადაწყვიტა საუდის არაბეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების დროებით შეწყვეტა.

საინტერესოა, რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან და უნდა ველოდოთ თუ არა მის განახლებას?

მხარეები ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარების მიზნით დიდხანს ცდილობდნენ დუღილის ტემპერატურის დაწევას და ამ საქმეში შუამავლის როლს ხშირად ნეიტრალური ომანი ასრულებდა. თუმცა, გასულ წელს შუამავლის როლი ერაყმა იკისრა და მხარეები შეეცადნენ პოზიციების დაახლოებას.

ამ ფორმით ირან-საუდის არაბეთის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა. მხარეებისგან პოზიტიური სიგნალები მოდიოდა და ოპტიმისტურადაც იყვნენ განწყობილი, თუმცა მეხუთე რაუნდში მონაწილეობაზე თეირანმა  განაცხადა უარი, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში სხვადასხვა ბრალდებით (მკვლელობებში მონაწილეობა, კავშირები სამხედრო დაჯგუფებებთან და ა.შ.) სიკვდილით დასაჯეს 81 ადამიანი. დასჯილთა შორის მოხვდნენ საუდის არაბეთის ნავთობით მდიდარ აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები შიიტებიც, რომლებიც არაერთხელ გამხდარან ირან-საუდის არაბეთის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი.

ირანი, როგორც წესი, მათი უფლებების დამცველად გვევლინება ხოლმე და ეს აღიზიანებს საუდელებს.

საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2016 წელსაც გაწყდა, მას შემდეგ, რაც საუდელებმა ცნობილი შიიტი სასულიერო ლიდერი ნიმრ ალ-ნიმრი სიკვდილით დასაჯეს. მის სიკვდილით დასჯას მალევე მოჰყვა გაბრაზებული ირანელების მიერ ორგანიზებული თავდასხმები საუდელების დიპლომატიურ მისიებზე.

ბოლო სიკვდილით დასჯის ფაქტებს საუდის არაბეთის შიიტებით დასახლებულ პუნქტებში საპროტესტო გამოსვლები არ მოჰყოლია, რადგან საუდელები იქაურობას მკაცრად აკონტროლებენ. მაგრამ გამოსვლები იყო კუნძულოვან ბაჰრეინში, სადაც ხელისუფლებას საუდის არაბეთის მოკავშირე სუნიტები ფლობენ, მაგრამ მისი მოსახლეობის უმეტესობას შიიტები შეადგენენ და მათში შესამჩნევია ირანის გავლენა.

ირანი და საუდის არაბეთი მთელ ახლო აღმოსავლეთში აქტიურად არიან ჩართული ერთმანეთის საწინააღმდეგო ე.წ. „Proxy ომებში“ (ბრძოლა ადგილზე საკუთარი მომხრეების საშუალებით), რაც რეგიონში არსებული არასტაბილურობისა და ომის  ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

 ირანი და საუდის არაბეთი ერთმანეთს უპირისპირდებიან იემენში, ლიბიაში, ერაყში, ბაჰრეინში, კატარში და ა.შ. ხშირ შემთხვევაში ეს დაპირისპირება ძალზე სისხლიანია (როგორიც იყო, მაგალითად, იემენში წლების განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომი, რასაც ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა).

ირანი-საუდის არაბეთის დაპირისპირების სტრუქტურა

ამ ეტაპისთვის გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა მხარეები მოლაპარაკებების პროცესის აღდგენას და თუ კი - როდის იქნება ეს შესაძლებელი.

ამრიგად, ირანი-საუდის არაბეთის მოლაპარაკებების მოლაპარაკებების პროცესის თუნდაც დროებითი შეწყვეტა უარყოფითად აისახება მთელი რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე.  

Back to full list
© 2022 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.