PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (უკრაინის ომი - სპეციალური გამოცემა: 13-3, 14 მარტი - 25 მარტი)

  • Author: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

ჩრდილოეთ კავკასიის როლი უკრაინის ომში - სოციალური ქსელები და ქართული მედია

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით მაუწყებელი დროებით იცვლის ფორმატს და სპეციალურ რეჟიმზე გადადის. ახალი გამოცემები დაეთმობა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისა და ჩრდილოეთკავკასიელი მებრძოლების როლს უკრაინის ომში.

 

რა იწერება სოციალურ ქსელებში?

ჩრდილოეთკავკასიური სოციალური ქსელები და საინფორმაციო ველი იმთავითვე პოლარიზებულია ძირითადად ორი ჯგუფით - ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ან მათ მიმართ ლოიალური მედიითა და ოპოზიციური არხებით. ამ პოლარიზაციას ხელს უწყობს ის პოლიტიკური და ისტორიული ანტაგონიზმი, რომლის წიაღშიც ჩამოყალიბდა თანამედროვე ჩრდილოკავკასიური მედიაც. მედიაში არსებული ორი ერთმანეთს დაპირისპირებული პოლუსი კარგად ასახავს იმ სოციალურ წყობას, რომელიც რუსული ტოტალიტარიზმის პირობებში ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებში განვითარდა.

რეგიონში რთულად მოიძებნება დაბალანსებული საინფორმაციო მაუწყებელი, რომელიც მოვლენების ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ობიექტურად გაშუქებას ცდილობს. როგორც წესი, მედიას მომხმარებლები ირჩევენ საკუთარი პოლიტიკური მიკუთვნებულობის მიხედვით - ხელისუფლების მხარდამჭერები ეცნობიან სამთავრობო სატელევიზიო და ინტერნეტ წყაროებს, ოპოზიციურად განწყობილები კი, რომელთა გაშავებაზეც სახელისუფლებო სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ, ალტერნატიულ საინფორმაციო საშუალებებს მიმართავენ. ცხადია, ეს საინფორმაციო საშუალებებიც, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებისგან, მკაცრად იზღუდება და იდევნება.

ასეთ პოლარიზებულ გარემოში ორ ბანაკად არის გაყოფილი სოციალური ქსელებიც, რომელიც საინფორმაციო ეპოქის პირობებში მნიშვნელოვან ალტერნატიულ წყაროებად ჩამოყალიბდა. თუ სამთავრობო პროპაგანდას მნიშვნელოვანი გასაქანი აქვს სახელმწიფო მედიისა და ფინანსური რესურსების თვალსაზრისით, ოპოზიციური მედიის ძირითადი დასაყრდენი სწორედ ინტერნეტია. სამთავრობო მედია საკმაოდ აქტიურია ინტერნეტშიც, განსაკუთრებით, Telegram-ზე, YouTube-სა და Instagram-ზე, სადაც ისინი საკუთარ არხებზეც ავრცელებენ იმ პროპაგანდისტულ სიუჟეტებს, პოსტებსა და გზავნილებს, რასაც სრულად აქვს მოცული ჩრდილოკავკასიური ტელემაუწყებლობა. ოპოზიციური მედია ძირითად მიზნად სწორედ ამ პროპაგანდასთან ბრძოლას და ხელისუფლებისთვის იმ არასასიამოვნო სიახლეების გაზიარებას ისახავს, რომლებსაც სამთავრობო მედია არ აშუქებს.

ხსენებულ წყაროებზე მომხმარებლების გამოხმაურების დაკვირვებისას მარტივად ჩანს, რომ სამთავრობო არხებზე ძირითადად ის ხალხი აკეთებს კომენტარს, ვინც მთავრობას უჭერს მხარს და ოპოზიციურზე - ვინც ოპოზიციას. ეს სოციალური ქსელებისა და, ზოგადად, ონლაინგამოცემებისთვის უჩვეულო მახასიათებელი არ არის და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩრდილოეთი კავკასიაა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამთავრობო არხები აქტიურად ბლოკავენ და შლიან ხელისუფლების მაკრიტიკებელ პოსტებსა და კომენტარებს. მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ ყვებიან ხელისუფლების მხარდამჭერი მომხმარებლები ოპოზიციური მედიის მასალაზე გამოხმაურებისასაც, რაც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს მხარეების ერთმანეთთან დაპირისპირების მაღალ ხარისხს.

როგორც უკრაინაში ომის დაწყებიდან, ისე მანამდეც „ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ აქტიურად აკვირდებოდა ჩრდილოკავკასიურ სამთავრობო და ოპოზიციურ არხებს სოციალურ ქსელებსა და ზოგადად, ინტერნეტსივრცეში. ათეულობით ოპოზიციურ და სამთავრობო არხზე დაფიქსირებული მრავალი კომენტარისა და პოსტის შეჯამებისა და ანალიზის საფუძველზე გთავაზობთ იმ ძირითად გზავნილებს, რასაც ორივე ფლანგის მომხმარებლები უკრაინის ომსა და მასში ჩრდილოკავკასიელების ჩართულობაზე წერენ.

 

სამთავრობო ფლანგი (გაანალიზებულია ძირითადი სამთავრობო და პროსამთავრობო ონლაინარხები სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, მაგალითისთვის, groznytv, sputnik-ossetia, riadagestan, etokavkaz და სხვა. ასევე მმართველი პირების ოფიციალური არხები სოციალურ ქსელებში):

სამთავრობო ინტერნეტგამოცემებსა და სოცქსელებში რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიას მომხმარებლები, ძირითადად, მხარს უჭერენ. ძირითადი გზავნილებია:

  • „ჩრდილოკავკასიელი ჯარისკაცები უკრაინაში საკუთარ სამხედრო ვალს პირნათლად ასრულებენ“.
  • „ჩრდილოკავკასიელი ჯარისკაცები წარმატებით მიიწევენ წინ უკრაინაში“. აქვე იწერება მათი საქებარი სიტყვები, რომელთაც ახლავთ კონკრეტული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკისა და რუსეთის დროშების გრაფიკული გამოსახულებები.
  • „ჩრდილოკავკასიელი ჯარისკაცები ებრძვიან ნაციზმს, რომელიც როგორც რუსეთის, ისე მსოფლიო პრობლემაა“.
  • „ჩრდილოკავკასიელი მეომრები უკრაინაში სამშობლოს ინტერესებს იცავენ და მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარებიან“.
  • ხშირია მორალური მხარდაჭერის გამომხატველი გზავნილები - მეომრების მიმართ გამოთქმული სურვილები, რომ ისინი სახლში გამარჯვებული და საღ-სალამათი დაბრუნდნენ. ასევე, მათი სიცოცხლის შევედრება ღმერთისთვის და სხვა რელიგიური დატვირთვის მქონე, მხარდამჭერი ფრაზები.
  • ხშირია უკრაინელი მებრძოლებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დამამცირებელი გამონათქვამები - რომ თითქოს უკრაინელები გარბიან და ვერ უწევენ რუსებს სათანადო წინააღმდეგობას.
  • გამოითქმის მოსაზრებები, რომ რუსულ არმიას უფრო სწრაფად შეუძლია სამხედრო წარმატების მიღწევა უკრაინაში, თუ ამ საქმეს ჩრდილოკავკასიელები მებრძოლები და მეთაურები ჩაუდგებიან სათავეში. ეს მოსაზრებაც ჩრდილოკავკასიელების „უძლეველი და დაუნდობელი“ იმიჯის ნაწილია.
  • მომხმარებლები ხშირად მოიხსენიებენ უკრაინელებს მათი გადმოსახედიდან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით: ნაცისტები, ფაშისტები, „ბანდერელები“, ნარკომანები, „ზაპადნიკი“ (დასავლელები), ლგბტ-ები, მოღალატეები, ტერორისტები, „შაიტანები“ (ისლამში ნიშნავს ეშმაკს), ექსტრემისტები, ნაციონალისტები, რადიკალები.
  • ჩეჩნურ წყაროებზე დაწერილ კომენტარებში ხშირია ასევე მოწოდებები, რომ „კადიროველმა“ მეომრებმა მოძებნონ და  გაანადგურონ ის ჩეჩენი მეომრები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან.

 

ოპოზიციური ფლანგი (გაანალიზებულია ხალხის გამოხმაურება, ძირითადად, ოპოზიციურად განწყობილ გამოცემებზე, ინტერნეტ-არხებზე, საინფორმაციო არხებზე სოციალურ ქსელებში, დევნილობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ბლოგერების ვიდეოებზე. მათ შორის, მაგალითისთვის: 1ADAT, Fortanga, Kavkaz-uzel, Chernovik, Abu Saddam Shishani და სხვა):

ჩრდილოკავკასიელ ინტერნეტმომხმარებელთა ოპოზიციური ფლანგის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომს და რუსეთის სამხედრო წარუმატებლობას კავკასიის მოსკოვისგან გათავისუფლების შესაძლებლობად უყურებს. ძირითადი გზავნილებია:

  • „ჩრდილოკავკასიელების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში რუსეთის მხარეს თავისი ნებით არ იბრძვის და მათ ომში მონაწილეობა იძულებით უწევთ“.
  • „ეთნიკურად ჩრდილოკავკასიელ მეომრებს კრემლი უკრაინაში საზარბაზნე ხორცად იყენებს“.
  • „უკრაინელების ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ იმ მიზნისთვის ბრძოლაა, რომელიც უკრაინელებისთვის და ჩრდილოკავკასიელებისთვის ერთი უნდა იყოს“.
  • „უკრაინელების მხარეს მებრძოლი ჩრდილოკავკასიელი მეომრები არიან ჩრდილოკავკასიელი ხალხის ჭეშმარიტი წარმომადგენლები“.
  • „ჩრდილოკავკასიელები, როგორც მეომრები, ისე უბრალო მოსახლეობა, არიან რუსული პროპაგანდის მსხვერპლი“.
  • „რუსეთის მხარეს უკრაინაში ბრძოლას ისლამთან და ჯიჰადთან არანაირი კავშირი არ აქვს“.
  • „ბევრი ჩრდილოეთკავკასიელი მეომარი უკრაინაში მოტყუებით მიჰყავთ, მათ შორის - კადეტები“.
  • „რუსეთის დასუსტება არის ისტორიული შანსი ჩრდილოეთ კავკასიის გათავისუფლების, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“.
  • „ვინც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვის, ისინი ჩრდილოკავკასიელებად არ უნდა ჩაითვალონ“.
  • მომხმარებლები ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სინამდვილეში უკრაინაში გაცილებით მეტი ჩრდილოკავკასიელი დაიღუპა, ვიდრე ამას რუსეთი ოფიციალურად აღიარებს. არსებობს უშუალოდ დაღუპულების ნათესავების, ახლობლების, ოჯახის წევრების ცნობები.
  • ხშირია ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკების მეთაურების, განსაკუთრებით კი, მათ შორის სოციალურ ქსელებში ყველაზე აქტიურის - რამზან კადიროვის მიმართ დამცინავი, შეურაცხმყოფელი და საქილიკო კომენტარები.
  • ინტერნეტმომხმარებლები ხშირად დამცინავად ეხმაურებიან ჩრდილოკავკასიური ოფიციალური წყაროების პროპაგანდას უკრაინის ომთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, „კადიროველების“ და თავად რამზან კადიროვის ვიდეოებსა და პოსტებს.
  • კომენტარებში ხშირად გვხვდება მოსაზრებები, რომ „კადიროველები“ სინამდვილეში მოწინავე ხაზზე არ იბრძვიან და უკრაინაში (უსაფრთხო ადგილებში) მხოლოდ ვიდეოების გადასაღებად ჩადიან.
  • ოპოზიციურად განწყობილი ჩრდილოკავკასიელი ინტერნეტმომხმარებლების განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ ის ჩრდილოკავკასიელები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. მათ მიმართ ხშირად არის გამოხატული ქებისა და მადლიერების გზავნილები.
  • საპირისპიროდ არიან განწყობილი რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოკავკასიელების მიმართ, მათ მომხმარებლები ხშირად უწოდებენ: მშიშრებს, მოღალატეებს, გაყიდულებს, მონებს, მოტყუებულებს, უსამშობლოებს და სხვა.

 

ქართული მედია

ქართული მედია უკრაინის ომს აქტიურად აშუქებს, თუმცა ომის ჩრდილოკავკასიური განზომილება ყურადღების ცენტრში მხოლოდ ორივე მხარეს ჩეჩენი მებრძოლების როლით არის შემოფარგლული. ძირითადი აქცენტი კეთდება კადიროველებზე, თავად რამზან კადიროვის ფიგურაზე და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩნურ ბატალიონზე. ქართული წყაროები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინის მიმართ სოლიდარულ პოზიციას გამოხატავს, ჩრდილოკავკასიელების როლს უკრაინის ომში შესაბამისად წარმოაჩენს - რუსეთის მხარეს მებრძოლი ძალების მიმართ ჭარბობს უარყოფითი რიტორიკა, მაშინ, როდესაც ის მოხალისეები, რომლებიც უკრაინაში კიევის სასარგებლოდ იბრძვიან, დადებით ჭრილშია განხილული. ეს დამოკიდებულება კარგად გამოსჭვივის როგორც ბეჭდურ მედიაში, ისე სატელევიზიოში.

ორივე მხარეს მებრძოლი ჩრდილოკავკასიელების, პირველ რიგში კი, ჩეჩნების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, რომ ერთნაირი ინტენსივობით შუქდება. თუმცა, სიახლეების რაოდენობით მთლიანობაში მაინც რუსეთის მხარეს მებრძოლ ჩეჩნებზე ცნობები ჭარბობს იმ მარტივი მიზეზით, რომ საინფორმაციო ველში ისინი უფრო აქტიურები არიან. უკრაინის მხარეს მებრძოლი ჩეჩნები უშუალოდ არიან ჩართული საბრძოლო მოქმედებებში და ინფორმაციის გავრცელების ნაკლები საშუალება აქვთ. უშუალოდ არიან ჩართული ამ ომში მათი ლიდერებიც. ეს იმის ფონზე, როდესაც „კადიროველების“ პროპაგანდისტული მანქანა უკრაინის ომის მიმართულებით ძალიან გააქტიურებულია, ავრცელებს მრავალ სხვადასხვაგვარ, როგორც ვიზუალურ, ისე წერილობით, მასალას, რომელთა ნაწილი ქართულ მედიაშიც ხვდება. რაც შეეხება მათ ლიდერებს, ისინი უშუალოდ სამხედრო მოქმედებებში ჩართული არ არიან და შესაბამისად, საინფორმაციო საქმიანობისთვის მეტი რესურსი აქვთ.

მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლ ჩრდილოკავკასიელებთან და მათ შორის, დევნილობაში მყოფი პოლიტიკოსებს ქართული მედია პირდაპირ დაუკავშირდა. ამ შემთხვევებს შორის გამოსარჩევი იყო „ტვ პირველის“ ინტერვიუ დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრთან აჰმედ ზაკაევთან და „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუ უკრაინაში კიევის მხარეს მებრძოლი „შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის“ ხელმძღვანელთან - მუსლიმ ჩებერლოევსკთან. ორივე მნიშვნელოვანმა ფიგურამ, ერთი მხრივ, პოლიტიკურად, მეორე მხრივ კი, სამხედრო თვალსაზრისით, განაცხადეს, რომ ჩეჩენი მოხალისეების ბრძოლა უკრაინაში არის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პოზიცია არის კვინტესენცია იმ ძირითადი ნარატივისა, რაც უკრაინის მხარეს მებრძოლი ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების შესახებ ქართულ მედიაში დომინირებს.

აღსანიშნავია ასევე, რომ ქართულმა მედიამ ყურადღება მიაქცია საქართველოში მცხოვრებ ჩეჩნურ დიასპორასაც, რომელსაც ასევე „რადიო თავისუფლება“ დაუკავშირდა, რომელიც ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურია. საინფორმაციო გამოცემამ ინტერვიუ ჩაწერა ფილოლოგ და აქტივისტ მექა ხანგოშვილთან,  რომელმაც განაცხადა, რომ ჩეჩნების მიერ დაწყებულ რუსეთის იმპერიის ნგრევას უკრაინა დაასრულებს. ინტერვიუში მექა ხანგოშვილმა იმ განწყობებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ჩეჩნურ დიასპორაში გვხვდება. ამ ინტერვიუმ, თავისი რიტორიკითა და თემებით, გაამყარა დისკურსი, რომელიც ქართულ საინფორმაციო ველში დომინირებს უკრაინის ომში ჩრდილოკავკასიელების ჩართულობაზე.

Back to full list
© 2022 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.