PUBLICATIONS

Title Languages Field Year

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ერაყის ეკონომიკაზე

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

რუსეთ-უკრაინის ომმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთის ბევრი ქვეყნის და მათ შორის ერაყის ეკონომიკაზეც.

რაში გამოიხატება ეს გავლენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას?

პირველ რიგში, ერაყში საგრძნობლად გაიზარდა ფასები სურსათზე. ეს განსაკუთრებით ეხება ხორბალსა და ხორბლის პროდუქციას, ასევე საკვებ ზეთს, რადგან ეს პროდუქტები ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან შედიოდა. ხელისუფლება ამ პროდუქციის სუბსიდირებას ახდენს და ამით ცდილობს ფასების დაჭერას.

ცალკე უნდა აღინიშნოს მსოფლიო ნავთობის ბაზარზე შექმნილი სიტუაცია, რაც ნავთობმომპოვებელ ერაყზე დიდად მოქმედებს.

West Qurna-ს ნავთობის საბადო, რომელშიც Lukoil-საც აქვს მნიშვნელოვანი წილი

ერაყში ყოველდღიურად 4,26 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ და მისი რეალიზაციით მიღებული თანხა ქვეყნის ბიუჯეტის 89%-ს ავსებს. ამ 4,26 მილიონი ბარელიდან 0,5 მილიონ ბარელს ერაყში მოქმედი რუსული კომპანიები Lukoil და Rosneft მოიპოვებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული კომპანიების მიერ მოპოვებულ ნავთობზე ფართო სანქციები ჯერ არ დაწესებულა, მათი პროდუქცია სხვებთან შედარებით 30$-ით ნაკლები ღირს მსოფლიო ბაზარზე და ეს უარყოფითად აისახება ერაყის შემოსავლებზე.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად დღის წესრიგში დგება ქვეყანაში ნავთობის მოპოვების გაზრდა. მაგრამ იმისთვის, რომ ერაყში ყოველდღიურად 300 000 ბარელით მეტი ნავთობი მოიპოვონ, საჭიროა სერიოზული ინვესტიციები და დრო (მინიმუმ 6 თვე).         

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ერაყს შიდა ბაზარზე ბენზინის პრობლემა აქვს. საქმე ისაა, რომ ქვეყანას არ აქვს საკმარისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ამასთან, მეორე პრობლემაა შიდა ბაზარზე ბენზინის სუბსიდირებულ ფასად რეალიზაცია - მსოფლიო ბაზარზე ფასების გაორმაგების მიუხედავად, ერაყი არ ზრდის შიდა ბაზარზე არსებულ სუბსიდირებულ ფასს (1 ლიტრი 31 ცენტი), რადგან სოციალურ ნიადაგზე  მოსახლეობის უკმაყოფილებას უფრთხის.

ნავთობმოპოვების სექტორში ერაყის მთავარ მოსალოდნელ პრობლემად მაინც რუსულ კომპანიებს მიიჩნევენ, რომლებსაც შეეზღუდებათ წვდომა ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებზე.

აქ ისიც საინტერესოა, რომ მსოფლიოში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ერაყის ცენტრალურმა ბანკმა სახელმწიფო ინსტიტუტებს მოუწოდა, რომ საქმე აღარ დაიჭირონ რუსულ კომპანიებთან და თავი შეიკავონ რუსეთში ფულის გადარიცხვისგან, რათა თავად არ აღმოჩნდნენ სანქცირებულთა სიაში.

ომის გაგრძელების შემთხვევაში ერაყში მოსალოდნელია არა მხოლოდ რუსულ ნავთობკომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, არამედ სურსათის ფასების კიდევ უფრო მატებაც, რადგან ქვეყანაში ვერ მოჰყავთ მოსახლეობის გამოსაკვებად საჭირო ხორბალი, სიმინდი და ბრინჯი.

ერაყელები აპროტესტებენ მაღალ ფასებს ქ. ნასირიაში

ამ ყველაფერმა კი, შესაძლოა, სერიოზული შიდა არასტაბილურობის ახალი ტალღა გამოიწვიოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებით ისედაც დახუნძლულ ერაყში (მით უმეტეს, პირველი საპროტესტო გამოსვლები უკვე იყო მარტის თვეში).

Back to full list
© 2022 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.