X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (უკრაინის ომი - სპეციალური გამოცემა: 13-4, 10-27 აპრილი)

  • Author: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

ჩრდილოეთ კავკასიის როლი უკრაინის ომში - პროპაგანდისტული გზავნილების დინამიკა

(სპეციალური გამოცემის მეოთხე ნაწილი)

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით მაუწყებელი დროებით იცვლის ფორმატს და სპეციალურ რეჟიმზე გადადის. ახალი გამოცემები დაეთმობა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისა და ჩრდილოეთკავკასიელი მებრძოლების როლს უკრაინის ომში.

 

პროპაგანდისტული გზავნილების ზოგადი მიმოხილვა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ჩრდილოეთკავკასიური სამთავრობო წყაროები, მათ შორის - სატელევიზიო, ინტერნეტმედია და სოციალური ქსელები, მთლიანად რუსული პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ოფიციალური ჩრდილოკავკასიური წყაროები, ერთი მხრივ, იმეორებენ იმ ნარატივს, რაც ზოგადად რუსულ ფედერაციულ მედიაში გვხვდება, მეორე მხრივ კი, ამძაფრებენ მოვლენებს თავიანთი საომარი რიტორიკით და განსაკუთრებულად ხაზს უსვამენ ჩრდილოკავკასიელი მეომრების „მნიშვნელოვან როლს“ ამ ომში.

მთავარი გზავნილები, ძირითადად, ცენტრალიზებულია და სხვადასხვა წყაროში მცირედი ინტერპრეტაციებით მეორდება. ჩრდილოკავკასიური მედია, განსაკუთრებით კი, ჩეჩნური და უშუალოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის ოფიციალური არხები სოციალურ ქსელებში პროპაგანდისტული გზავნილების სამ მნიშვნელოვან ხაზს მიუყვება.

პირველი, ეს არის გამეორება იმ ძირითადი გზავნილების, რასაც ცენტრალური ხელისუფლება, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი წყაროები და ფედერაციული მედია აჟღერებს. ამ გზავნილებში კარგად ჩანს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური მედია არ არის თავისუფალი ფედერაციული მედიის ავტორიტეტისგან. უკრაინის ომთან დაკავშირებით მედიის დამატებითმა შეზღუდვებმა ამ თვალსაზრისით რეგიონებში ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად შეამცირა.

მეორე, ჩრდილოკავკასიური სახელისუფლებო მედია ცდილობს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით უფრო რადიკალური ნარატივი შემოიტანოს. ხშირია მოწოდებები ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, რომ მათ უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან (ამისკენ თავად რამზან კადიროვმაც  არაერთხელ მოუწოდა კრემლს), რაც ასევე ხელს უწყობს იმ მცდარი პროპაგანდისტული მოსაზრების გავრცელებას, რომ რუსეთი ჰუმანიტარული მიზეზების გამო, სინამდვილეში, სრულ ძალას არ იყენებს და რუსულ არმიას, სრული სვლით ბრძოლის შემთხვევაში, მთლიანი უკრაინის აღება მარტივად და სწრაფად შეუძლია.

მესამე ცენტრალური ხაზი, რომელსაც ჩრდილოკავკასიური მედია ავითარებს, ჩრდილოკავკასიელი მეომრების როლის იმაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად წარმოჩენაა, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ჩრდილოკავკასიური მედია ცდილობს უკრაინაში მებრძოლი ჩრდილოკავკასიელების ჰეროიზაციას და ამასთან, მალავს ან ამცირებს იმ დანაკარგებს, რაც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებს აქვთ ამ ომში. ეს ხაზი ადგილობრივი მმართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ, ერთი მხრივ, უწევთ გამართლება იმ მითოლოგიური ნარატივისა, რომელიც ჩრდილოკავკასიელი მეომრების შესახებ შექმნეს, მეორე მხრივ კი, მიზანმიმართულად დამალვა დანაკარგებისა, რომ ამან დაღუპულთა ოჯახებისა და ზოგადად, მოსახლეობის პროტესტი არ გამოიწვიოს. 

 

რა არ შეცვლილა პროპაგანდისტულ გზავნილებში?

ომის დასაწყისში რუსული მედიის მიერ შემუშავებული პროპაგანდისტული გზავნილების ნაწილი, ომის წარუმატებლად მიმდინარეობის მიუხედავად, დღემდე არ შეცვლილა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩრდილოკავკასიური სახელისუფლებო მედიაა. გზავნილები, რომლებიც უცვლელი რჩება, ძირითადად, შეფასებითი კატეგორიისაა და უკრაინული მხარის დისკრედიტაციასა და ომის პოლიტიკურ-მორალური თვალსაზრისით გამართლებას ისახავს მიზნად.

ძირითადი გზავნილები, რომლებიც არ შეცვლილა (გაანალიზებულია ძირითადი სამთავრობო და პროსამთავრობო ონლაინარხები სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, მაგალითისთვის: groznytv, sputnik-ossetia, riadagestan, etokavkaz და სხვა. ასევე მმართველი პირების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ოფიციალური არხები სოციალურ ქსელებში):

  1. ჩრდილოკავკასიური წყაროები ავრცელებენ ცნობებს, რომ ჩრდილოკავკასიელი მეომრები უკრაინაში გმირულად იბრძვიან. ისინი ფრონტის ხაზზე მოწინავე პოზიციებს იკავებენ და დასახულ ამოცანებს თავს წარმატებით ართმევენ.
  2. რუსული სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში გამართლებულია ისლამური პერსპექტივიდანაც - მედია დღემდე ამტკიცებს, რომ ომი უკრაინაში ეს წმინდა ომია (ღაზავათი), რადგანაც უკრაინაში დაიბუდა დასავლურმა გარყვნილებამ.
  3. არ შეცვლილა „უკრაინული მედიის მხილება“ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. ჩრდილოკავკასიური წყაროები ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებენ განმარტებით ვიდეოებს, სადაც უკრაინულ „ფეიკებს“ არჩევენ.
  4. არ შეცვლილა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი რიტორიკა უკრაინის ხელისუფლებისა და დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ.  
  5. კვლავ აქტიურად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „უკრაინელი ნაციონალისტები ავიწროებენ და ძალადობენ მშვიდობიან უკრაინელ მოსახლეობაზე და მათ ფარად იყენებენ“.
  6. არ შემწყდარა უკრაინული მხარის დადანაშაულება „ომის წესების“ დარღვევაში, მათ შორის, არაკონვენციური იარაღის გამოყენებაში.
  7. გრძელდება პროპაგანდისტული გზავნილები, რომ  უკრაინას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ექსტრემისტები და ტერორისტები აფარებენ თავს.
  8. ომის დაწყებიდან დღემდე არ შეცვლილა ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის რიტორიკა, რომ უფრო მეტი სიხისტეა საჭირო და თუ უშუალოდ ის და „კადიროველები“ ჩაუდგებიან „სამხედრო ოპერაციას“ სათავეში, რუსეთი შედეგს უფრო მალე მიაღწევს.

 

რა შეიცვალა პროპაგანდისტულ გზავნილებში?

ჩრდილოეთ კავკასიის სახელისუფლებო მედიაში გავრცელებული პროპაგანდისტული გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი ომის მიმდინარეობისას არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა მათი გამოყენების სიხშირე, გზავნილების სიმძაფრე და ძირითადი მესიჯების ფოკუსი. მაგალითისთვის, თუ ომის დაწყებამდე, დასაწყისში და პირველი ორი კვირა პროპაგანდისტული გზავნილები მთელი უკრაინის დაპყრობის, უკრაინული ხელისუფლების შეცვლის, კიევის აღებისა და სხვა მსგავსი ტიპის დიდ მიზნებზე იყო მომართული, ომის მიმდინარეობასთან ერთად ეს მასშტაბები შემცირდა და საბოლოოდ, მარიუპოლამდე დავიდა.

განახლებული გზავნილები:

  1. საგრძნობლად შემცირდა მოწოდებები უკრაინელი ხალხის მიმართ, აიღონ ხელში იარაღი საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ. ომის მიმდინარეობამ და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობამ, როგორც ჩანს, პროპაგანდისტულ მანქანასაც დაანახა ამ შესაძლებლობის არ არსებობა.
  2. საგრძნობლად შემცირდა ამბიციები პროპაგანდისტულ გზავნილებში. ბოლო რამდენიმე კვირაში ძირითადი ფოკუსი მარიუპოლსა და დონბასის რეგიონზე კეთდებოდა, მათ შორის, იქ მებრძოლ ჩრდილოეთკავკასიელ ჯარისკაცებსა და „კადიროველებზე“.
  3. გაიზარდა შიდა რუსული დაპირისპირების შემთხვევები. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო რამზან კადიროვისა და დიმიტრი პესკოვის ინციდენტი, როდესაც კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს „პრიორიტეტები“ დაუწუნა.
  4. ომის დაწყებიდან ჩრდილოეთკავკასიურ სახელისუფლებო მედიაში გამძაფრდა კრიტიკა, „მეხუთე კოლონად“ და მოღალატეებად აცხადებენ იმ ცნობილ რუსებს, რომელთაც ომს მხარი არ დაუჭირეს, ქვეყანა დატოვეს ან უკრაინის მხარდასაჭერი გზავნილებით საჯაროდ გამოვიდნენ.
  5. ომის დაწყებიდან ჩრდილოეთკავკასიური სახელისუფლებო მედია უფრო და უფრო მეტად უწყობს ხელს რუსეთის შიგნით საზოგადოების ორ ნაწილად დაყოფას - ერთი, ვინც მხარს უჭერს „სპეცოპერაციას“ და მეორე, ვინც - არა. ხშირად გაისმის „მეორეების“ მკაცრად დასჯის საჭიროების შესახებ ცენტრალური ხელისუფლებისკენ მიმართული გზავნილები.
  6. მას შემდეგ, რაც უფრო და უფრო ბევრი ვიდეო და ფოტომასალა გავრცელდა რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე უკრაინაში, მათ შორის ბუჩაში, ირპენსა და მარიუპოლში, ჩრდილოეთკავკასიურმა სახელისუფლებო მედიამაც მოუმატა დადგმული ვიდეოების რაოდენობას ჩრდილოეთკავკასიელი მეომრების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაწეულ „ჰუმანიტარულ დახმარებებზე“.
  7. რუსული ფედერაციული მედიის პროპაგანდის კვალდაკვალ, ჩრდილოეთკავკასიურმა საინფორმაციო არხებმაც დაიწყეს გავრცელება ცნობების „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არსებულ ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემებზე, მათ შორის მაღალ ინფლაციაზე“. ამ გზავნილების მიზანი საზოგადოების დარწმუნებაა, რომ რუსეთზე დადებული სანქციები დასავლეთს უფრო მეტად აზარალებს.
  8. ჩეჩნური მედია განსაკუთრებით გააქტიურდა ომში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთკავკასიელი, პირველ რიგში კი, ჩეჩენი მოხალისეების ჩართვასთან დაკავშირებით. სახელისუფლებო მედია და თავად კადიროვიც პირად გვერდზე ავრცელებენ ცნობებს, რომ რუსული ჯარის დასახმარებლად ომში მოხალისედ ჩართვა უამრავ მშვიდობიან მოქალაქეს სურს. 
Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.