X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 14, მაისი 1-16, 2022)

  • Author: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

 

რუსეთმა უკრაინაში ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან 300 ჯარისკაცის სიკვდილი დაადასტურა

 

24 თებერვალს დაწყებული ომიდან დღემდე, ადგილობრივი ფედერაციული მთავრობების ცნობით, უკრაინაში ჩრდილოეთ კავკასიიდან 217, სამხრეთ ფედერაციული ოლქიდან კი 83 მებრძოლი დაიღუპა. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი დაღუპული დაღესტნიდან არის - 105.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში დაღუპულთა შესახებ ცნობები მხოლოდ ორჯერ გამოაქვეყნა: 2 მარტს - 498 ადამიანი, 25 მარტს კი - 1351. სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს, მათ შორის, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის დანაკარგები ამ რიცხვებს ბევრად აღემატება. ოფიციალურ მონაცემებს აღემატება რუსეთის მხრიდან დაღუპულ ჩრდილოეთ კავკასიელ მებრძოლთა რაოდენობაც.

 

ხელფასების ზრდის ტემპით ჩეჩნეთი აუტსაიდერებში, დაღესტანი კი ლიდერებში მოხვდა

 

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის გათვლებზე დაყრდნობით შედგენილი ბოლო 5 წლის მონაცემების მიხედვით, საშუალო ხელფასის ზრდის ტემპით დაღესტანი რუსეთის რეგიონების პირველ სამეულში მოხვდა. ბოლო 5 წელიწადში დაღესტანში, საშუალოდ, 10%-ით იზრდებოდა.

 

აუტსაიდერების რიგებში აღმოჩნდა ჩეჩნეთი, სადაც სხვა ყველა ჩრდილოეთ კავკასიურ რესპუბლიკაზე უარესი შედეგი დაფიქსირდა. ჩეჩნეთი ასევე ბოლო ადგილას აღმოჩნდა იმ რესპუბლიკებს შორის, სადაც საშუალო ხელფასი თვიურად 100 ათას რუბლს (დაახლოებით 1.500 დოლარი) მიაღწევს. ფინანსური გათვლების მიხედვით, ჩეჩნეთს ამისთვის ყველაზე მეტი ხანი - 22.5 წელი დასჭირდება.

 

სანქციების ფონზე რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების გეგმაში ცვლილებები შეიტანა

 

უკრაინაში სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებული სანქციების ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერაციული ოლქის განვითარების გეგმა დააკორექტირა. ახალი დოკუმენტის მიხედვით, ახალი ეკონომიკური რეალობის ფონზე გადაწყდა, რომ პირველ რიგში ყურადღება სოფლის მეურნეობის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ტურისტული ობიექტების განვითარებას დაეთმოს.

 

დოკუმენტში წერია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერაციული ოლქის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივი აგრომრეწველობის კომპლექსი უნდა გახდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტურიზმს, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან კურორტებს, როგორებიცაა არხიზი ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ელბრუსი ყაბარდო-ბალყარეთში, ვედუჩი ჩეჩნეთში, მამისონი ჩრდილოეთ ოსეთში, არმხი ინგუშეთში და სხვა.

 

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

 

სერგეი მენიაილომ ალან გაგლოევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური სერგეი მენიაილო. ფოტო: rbc.ru

 

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ახალარჩეულ „პრეზიდენტს“ - ალან გაგლოევს არჩევნებში „დამაჯერებლად გამარჯვება“ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ის მაღალი ნდობა, რაც რესპუბლიკის მოსახლეობამ თქვენდამი გამოხატა, სამხრეთ ოსეთის საკეთილდღეოდ აქტიური და შემოქმედებითი შრომის გზაზე მნიშვნელოვანი სტიმული იქნება,“ - განაცხადა მენიაილომ მისალოც წერილში.

 

ადიღეს რესპუბლიკა

 

ნალჩიკში ადიღეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობის გაუქმებას საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა

 

ფოტო: kavkaz-uzel.eu

 

„კავკასიის ომში“ დაღუპულთა პატივსაცემად დაგეგმილი 21 მაისის მსვლელობის ჩატარებაზე საინიციატივო ჯგუფს ყაბარდო-ბალყარეთის ხელისუფლებამ უარი უთხრა, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა კომენტარები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ადიღეებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი კულტურის, ისტორიისა და ეროვნული მეხსიერების პატივისცემის საშუალება, განურჩევლად იმისა, თუ როგორია ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარება.

 

„კავკასიის ომი“, რომელსაც რუსეთის იმპერიის აგრესიული სამხედრო კამპანიის შედეგად უამრავი კავკასიელი შეეწირა, მრავალი კი რეგიონიდან გადაასახლეს, კავკასიელ ხალხთა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად ითვლება. ადიღეები ისევე, როგორც სხვა კავკასიელი ხალხები, ამ ომში დაღუპული და დაკარგული თანამემამულეების ხსოვნას პატივს ყოველ წელს მიაგებენ.

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

 

არქეოლოგებმა ყარაჩაი-ჩერქეზეთში შუა საუკუნეების სამოსახლო აღმოაჩინეს

 

„რუსეთის მეცნიერების აკადემიის“ არქეოლოგიური ინსტიტუტის მუშაკებმა ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ყარაჩაის რაიონში შუა საუკუნეების პერიოდის მსხვილი სამოსახლო აღმოაჩინეს.

 

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის უმარ კოჩკაროვის განცხადებით, სამოსახლო დაახლოებით VIII-XIII საუკუნეებით თარიღდება და ზუსტი მონაცემები გათხრების ჩატარების შემდეგ იქნება ცნობილი.

 

კოჩკაროვის თქმით, ადმინისტრაციულ ოლქში აღმოჩენილ ისტორიულ ობიექტს ანალოგი არ აქვს, რადგან ასეთი ტიპის სამოსახლოები ამ ტერიტორიაზე იშვიათად გვხვდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქვით ნაშენი სამოსახლო, შესაძლოა, იმ დროს გარშემო არსებული დასახლებების დედაქალაქი ყოფილიყო.

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთში ბოლო კოვიდჰოსპიტალი დახურეს

 

კორონავირუსის მკვეთრად შემცირებული შემთხვევების ფონზე, ჩერკესკის საქალაქო კლინიკა მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდა. პანდემიის დაწყებიდან ეს საავადმყოფო, ძირითადად, კოვიდპაციენტებს ემსახურებოდა და რესპუბლიკაში ამ მიმართულებით  მომუშავე ბოლო კლინიკა იყო.

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთში ბოლო თვეებში კორონავირუსის შემთხვევები, ისევე, როგორც მთელ რუსეთში, საგრძნობლად შემცირდა. ხელისუფლებამ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების უმეტესობა გააუქმა. ოფიციალური მონაცემებით, რესპუბლიკაში პანდემიას სულ 984 ადამიანი ემსხვერპლა.

 

ყაბარდო-ბალყარეთი

 

ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურმა უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს მედლები გადასცა

მედალი „ვაჟკაცობისთვის“. ფოტო: regnum.ru

 

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულ ყაბარდო-ბალყარელ ჯარისკაცთა ოჯახებს რესპუბლიკის მეთაურმა კაზბეკ კოკოვმა გარდაცვლილი სამხედროებისთვის მინიჭებული „ვაჟკაცობის“ ორდენები გადასცა.

 

ოფიციალური ცნობებით, რომლებიც სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიხედვით რეალობას არ ასახავს, აპრილის ჩათვლით უკრაინაში მებრძოლი ყაბარდო-ბალყარეთის 8 მკვიდრი დაიღუპა.

 

„თქვენმა შვილებმა, ქმრებმა, მამებმა ღირსეულად აღასრულეს თავიანთი სახელმწიფოებრივი სამხედრო ვალი,“ - განუცხადა კოკოვმა შეხვედრაზე მისულ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

 

ჩრდილოეთი ოსეთი

 

ვლადიკავკაზში დიდ ბაზარს ცეცხლი წაეკიდა

ფოტო: kavkazr.com

 

6 მაისს ვლადიკავკაზში დიდ ბაზარ „ვიკალინას“ ცეცხლი წაეკიდა, რის შედეგადაც საქონელი მთლიანად დაიწვა, 3 ადამიანი დაშავდა, 520 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. შესაბამისმა სამსახურებმა ხანძრის ჩაქრობა 40 წუთში მოახერხეს, თუმცა ბაზარი მაინც მნიშვნელოვნად დაზარალდა.

 

გავრცელებული ცნობებით, ვლადიკავკაზში გაჩენილი ხანძარი, რომელიც 4 ათას კვადრატულ მეტრზე გაჩაღდა, ბოლო პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე მოხშირებულ ხანძრებს ემთხვევა, რაც შესაძლოა უკრაინის ომის პარალელურ დივერსიებს უკავშირდებოდეს.

 

ხანძრის გაჩენის ოფიციალური მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ჩრდილოეთ ოსური გამოცემების მიხედვით, საქმეს პროკურატურა იძიებს.

 

სერგეი მენიაილომ უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს მედლები გადასცა

ფოტო: kavkaz-uzel.eu

 

ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა სერგეი მენიაილომ უკრაინასთან ომში დაღუპულ ოს ჯარისკაცთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ გარდაცვლილი სამხედროებისთვის მინიჭებული „ვაჟკაცობის“ ორდენები გადასცა. სერგეი მენიაილოს განცხადებით, დაღუპულთა ოჯახის წევრებს რესპუბლიკისგან მხარდაჭერა ექნებათ.

 

აპრილის მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთიდან უკრაინაში ოფიციალურად 41 ჯარისკაცის სიკვდილია დადასტურებული. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ცდილობს დაფაროს რეალურ დანაკარგთა რაოდენობა, გარდაცვლილთა ის მასშტაბები, რომელსაც დასავლური წყაროები ავრცელებენ, გაცილებით მაღალია.

 

ინგუშეთი

 

ინგუშეთში მიწის ნაკვეთის გარშემო დაწყებულ ჩხუბს ორი ადამიანი ემსხვერპლა

 

ინგუშეთის რაიონ სუნჟენსკის სოფელ მუჟიჩიში მიწის ნაკვეთის გამო წამოწყებული კონფლიქტი იარაღით სროლაში გადაიზარდა, რასაც დაპირისპირების ორი მონაწილე შეეწირა.  ორივე გარდაცვლილი, 1985 და 1986 წელს დაბადებულები,  დალიევების ტაიპს ეკუთვნის.

 

სამართალდამცავების ცნობით, იუსუპ ბალაევს, მის ორ ვაჟსა და დაღუპულ დალიევებს შორის შეკამათება მიწის ნაკვეთის გარშემო მოხდა, რომლის მფლობელობაზე პრეტენზიასაც ორივე მხარე აცხადებდა. კონფლიქტის ყველა მონაწილე ერთმანეთის ნათესავია.

 

სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენების  ძებნა გამოაცხადა. გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთი მათგანის დაკავება სამართალდამცავებმა უკვე მოახერხეს.

 

ჩეჩნეთი

 

იგორ გირკინმა კადიროველები თვითპიარში დაანადაშაულა

 

იგორ გირკინი (სტრელკოვი). ფოტო: bbc.com

 

სეპარასტისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა და ფსბ-ის ყოფილმა თანამშრომელმა იგორ გირკინმა (სტრელკოვი) კადიროველების რაზმი უკრაინის პატარა ქალაქ პაპასნაიას აღებასთან დაკავშირებით თავის გაპიარებაში დაადანაშაულა. სტრელკოვის განცხადებით, პაპასნაია რუსებმა კადიროველების ჩარევის გარეშე აიღეს და მათი მონაწილეობა მხოლოდ „მედიაში“ აისახა.

 

„კავკაზ რეალიიმ“ ეს ინფორმაცია უკრაინის მხარეს მებრძოლ ჩეჩენ მოხალისეებთან გადაამოწმა, რომელთა თქმით, კადიროველებმა არაერთხელ მიიწერეს გამარჯვება, რომელთან მათ არანაირი შეხება არ ჰქონდათ.

 

2014 წლის ომის შემდეგ პატარა ქალაქი პაპასნაია, სადაც დაახლოებით 20 ათასი კაცი ცხოვრობს, უკრაინის კონტროლქვეშ დარჩა. მისთვის ბრძოლები 2022 წელსაც გაგრძელდა. თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პაპასნაია ნაცისტების მიერ განადგურებულ ჩეხურ სოფელ ლიდიცეს შეადარა და აღნიშნა, რომ ქალაქისგან „ფერფლიც კი აღარ დარჩა“.

 

სასამართლომ ჰომოსექსუალი ძმებისთვის სასჯელის შემსუბუქებაზე უარი თქვა

ჩეჩნეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ძმები ისმაილ ისაევი და სალეჰ მაგამადოვი, რომელთაც ბრალი უკანონო შეიარაღებულ ფორმირების წევრობაში ედებათ, სასჯელის შემსუბუქებაზე უარი ეთქვათ. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ძმების საქმეს, რომლებიც არაერთხელ გახდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლნი, პოლიტიკური სარჩული აქვს.

 

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, ადამიანის უფლებათა ცენტრ „მემორიალის“ დასკვნით, ჩეჩენი ძმები სამართლებრივი დევნის მსხვერპლი ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკისა და ლგბტ თემის წევრობის გამო გახდნენ. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ძმები ჩეჩნეთის ძალოვნებმა ნიჟნი-ნოვგოროდიდან 2021 წლის თებერვლის დასაწყისში გაიტაცეს და დააპატიმრეს. იმ დროს უმცროსი ძმა ისმაილი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო.

 

დეკლარაციის მიხედვით, 2021 წელს კადიროვის შემოსავალი 14,3-ჯერ შემცირდა

 

2021 წელს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა 26.5 მილიონი რუბლი (412 ათასი დოლარი) მიიღო, რაც წინა წლის შემოსავალზე 14,3-ჯერ ნაკლებია. კადიროვის ოფიციალური შემოსავალი, 2019 და 2020 წლებში მკვეთრი ზრდის ფონზე, 2021 წელს საგრძნობლად შემცირდა.

 

ჩეჩენი ეკონომისტებისა და აქტივისტების თქმით, კადიროვის რეალური შემოსავალი ბევრად აღემატება იმ ოფიციალურ მონაცემებს, რასაც ჩეჩნეთის მეთაური დეკლარაციაში უთითებს. სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კადიროვს ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი თავის მეუღლე მედნი კადიროვასა და არაოფიციალურ პარტნიორ, სილამაზის კონკურსის ფინალისტ ფატიმა ხაზუევას სახელზე აქვს გაფორმებული - მათ შორის, სასახლეები ჩეჩნეთში და ძვირადღირებული ბინები მოსკოვში.

 

ანზორ მასხადოვი აცხადებს, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლადაც მზად არის

ანზორ მასხადოვი. ფოტო: kavkazr.com

 

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის ასლან მასხადოვის შვილი ანზორ მასხადოვი აცხადებს, რომ ის კიევში რუსეთთან ბრძოლაში უკრაინის დასახმარებლად დიდი ხნით არის ჩასული. მასხადოვის თქმით, ის მიხვდა, რომ უკრაინა ის სახელმწიფო არ არის, რომელსაც „თავს დაესხმები“.

 

„მე კონტაქტს ვინარჩუნებ ჩეჩენ მოხალისეებთან (იგულისხმება უკრაინის მხარეს მებრძოლები - ავტ.), როდესაც შევატყობინე, რომ ჩამოვდიოდი, ძალიან გაუხარდათ. ჩვენ ქალაქებსა და სოფლებში დავდივართ, რომლებიც ადრე რუსული ოკუპაციის ქვეშ იყო. ვხვდებით ხალხს. კიევთან კოლონები ვნახე რუსული ტექნიკის, რომელიც „ბაირაქთარებმა“ გაანადგურეს“ - ჰყვება მასხადოვი.

 

მასხადოვმა კომენტარი კადიროველებზეც გააკეთა. „მათ ჩეჩენი ხალხის მოღალატეებად ვთვლით. ისინი მე, ალბათ, თვით რუს ოკუპანტებზე მეტად მეზიზღებიან. ბევრი ჩემი თანამემამულეც ასე ფიქრობს. კადიროველები სხვის სახელმწიფოში მოვიდნენ იმათ გვერდით, ვინც ჩემს ხალხს ხოცავდა. რატომ? რისთვის? თუ ომი გინდა, უფრო ლოგიკური რუსულ დანაყოფებზე თავდასხმა იქნება, რათა მოკლული ჩეჩნებისთვის შური იძიო“, - განაცხადა ასლან მასხადოვის შვილმა.

 

მასხადოვმა ომის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. მისი სიტყვებით, პუტინი არ გაჩერდება და მან შეიძლება ბირთვული იარაღიც კი გამოიყენოს. „მე ჩემს ჩეჩენ ნაცნობებსაც ვკითხე, ჰქონდათ თუ არა აირწინაღი. მათ მითხრეს, რომ სადღაც ედოთ. მე ვუთხარი, რომ ისინი თან ეტარებინათ“, - განაცხადა ანზორ მასხადოვმა.

ბურიატებს და კადიროველებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა

 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხერსონის რეგიონის სოფელ კისელიოვკაში ბურიატებსა და კადიროველებს შორის შეირაღებული შეტაკება მოხდა. ბურიატმა ჯარისკაცებმა უკმაყოფილება გამოთქვეს კადიროველების უსაფრთხო და პრივილეგირებული მდგომარეობის გამო. უთანხმოება ასევე ნაქურდალი ქონების გაყოფასაც მოჰყვა.

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეიარაღებულ შეტაკებაში თითო მხრიდან 50 კაცამდე მონაწილეობდა. დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, შეტაკება ბურიატების სასარგებლოდ დასასრულდა. „კადიროველები ტიკ-ტოკ-ის მეომრები არიან. თუ არავინ იღებს, ძალიან ცუდად იბრძვიან“ - განაცხადა არესტოვიჩმა.

 

დაღესტანი

 

უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრებმა ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობა გააკრიტიკეს

ფოტო: kavkaz-uzel.eu

 

დაღესტნის რესპუბლიკის ახტინსკის რაიონის მკვიდრის, მებრძოლ ტამერლან ილიასოვის ოჯახის წევრებმა უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცისადმი გამოვლენილი უყურადღებობის გამო ადგილობრივი რაიონული ხელისუფლება გააკრიტიკეს.

 

ილიასოვის სამგლოვიარო ცერემონიაზე ოჯახის წევრებმა ადგილობრივი ადმინისტრაცია საჯაროდ დაადანაშაულეს, რომ მათ დაღუპულის სამშობლოში ჩამოსვენება ვერ უზრუნველყვეს.

 

ოჯახის ერთ-ერთი  წევრის განცხადებით, რომელიც ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა, „მას ძალიან რცხვენია“ ახტინსკის რაიონის ხელისუფლების საქციელის გამო, რომელთაც ვერ უზრუნველყვეს მიცვალებულის გადმოსვენება და არც სამგლოვიარო ცერემონიაზე გამოცხადნენ.

 

სულეიმან ქერიმოვის იახტა ფიჯიზე დააპატიმრეს

დაღესტანელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი სულეიმან ქერიმოვი. ფოტო: rbc.ru

 

ფიჯის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უფლება დართო დაეპატიმრებინა იახტა Amadea, რომელიც წარმოშობით დაღესტანელ რუს სენატორს სულეიმან ქერიმოვს ეკუთვნის.


„თეთრი სახლის“ პრესსპიკერის ჯენიფერ ფსაკის განცხადებით, იახტის ღირებულება დაახლოებით 300 მილიონი დოლარია და ის რუსეთის ფედერაციული საბჭოს დაღესტნელ წევრს უკვე ჩამოერთვა.

 

ცნობისთვის, დაღესტანელი ოლიგარქი ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი პირია, რომელსაც უკრაინის ომთან დაკავშირებული დასავლეთის სანქციები შეეხო. მას ეკრძალება ევროკავშირში შესვლა, მისი აქტივები კი გაყინულია.

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.