PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 15, მაისი 15-31, 2022)

  • Author: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

რუსეთმა უკრაინაში ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან 350 ჯარისკაცის სიკვდილი დაადასტურა

24 თებერვალს დაწყებული ომიდან დღემდე, ადგილობრივი ფედერაციული მთავრობების ცნობით, უკრაინაში ჩრდილოეთ კავკასიიდან მინიმუმ 250, სამხრეთ ფედერაციული ოლქიდან კი 100 მებრძოლი დაიღუპა. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი დაღუპული დაღესტნიდან არის - 129, თუმცა არაოფიციალური წყაროები უფრო მაღალ რიცხვს ასახელებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში დაღუპულთა შესახებ ცნობები მხოლოდ ორჯერ გამოაქვეყნა: 2 მარტს - 498 ადამიანი, 25 მარტს კი - 1351. სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს, მათ შორის, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის დანაკარგები ამ რიცხვებს ბევრად აღემატება. ოფიციალურ მონაცემებს აღემატება რუსეთის მხრიდან დაღუპულ ჩრდილოეთ კავკასიელ მებრძოლთა რაოდენობაც.

მიუხედავად აკრძალვებისა, „კავკასიის ომისადმი“ მიძღვნილი სამგლოვიარო მსვლელობები რუსეთის რამდენიმე რეგიონში მაინც ჩატარდა

ფოტო: kavkaz-uzel.eu

ადგილობრივმა ხელისუფლებებმა უარი უთხრეს აქტივისტებს ოფიციალურად დაერეგისტრირებინათ „კავკასიის ომის“ მსხვერპლთა მოსაგონებელი სამგლოვიარო მსვლელობები, რომლებიც ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებში ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. მიუხედავად აკრძალვებისა, მსვლელობები რამდენიმე ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში, მაინც ჩატარდა.

მსვლელობების აკრძალვას გამოეხმაურნენ ადგილობრივი აქტივისტები, რომელთა მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლება ჩერქეზი და ადიღე ხალხის გენოციდის მეხსიერებიდან ამოშლას ცდილობს. როგორც ჩერქეზმა აქტივისტმა ადამ ბოგუსმა აღნიშნა, ხელისუფლება „კავკასიის ომის“ მსხვერპლთა შთამომავლების „ეროვნული თვითიდენტიფიკაციის“ განადგურებას ცდილობს.

სამგლოვიარო მსვლელობის მონაწილეების თქმით, შეზღუდვებმა მოსახლეობაზე მაინც იმოქმედა, რადგანაც წინა წლებთან შედარებით მსვლელობებს ნაკლები ხალხი შეუერთდა. მონაწილეები ასევე აღნიშნავენ, რომ მსგავსი ღონისძიებები ერს აერთიანებს და ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლთა მოგონება მათი ისტორიული ვალია.

Foreign Policy: ურჩი კავკასია პუტინის ომით უკმაყოფილების ნიშნებს ავლენს

 

ფოტო: foreign policy

უკრაინის ომის ფონზე კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს ვრცელი სტატია მიუძღვნა ცნობილმა ამერიკულმა გამოშვებამ Foreign Policy-მ, სადაც ანალიტიკური ნაშრომის ავტორმა მაქსიმილიან ჰესმა აღნიშნა, რომ როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში პუტინის ომით უკმაყოფილების ნიშნები გამოჩნდა. ავტორის თქმით, კრემლი ჯერ კიდევ მყარად აკონტროლებს სიტუაციას და მოსკოვი მნიშვნელოვანი რისკების წინაშე არ დგას, თუმცა ომმა შიდაპოლიტიკური ვითარება უკვე შეარყია.

სტატიაში მოყვანილია ფაქტორები, რაც ან კავკასიაში გარკვეულ ცვლილებებს მოასწავებს ან სამომავლოდ იქნება საზოგადოების მღელვარების გამომწვევი, კერძოდ: სამხრეთ ოსეთში ალან გაგლოევის მიერ რეფერენდუმის გაუქმება, მიუხედავად კრემლის ხელშეშლისა, ჩერქეზული წარმოშობის ხალხის მიერ გენოციდის წლისთავის მაინც აღნიშვნა, უკრაინაში დისპროპორციულად ბევრი კავკასიელის გაწვევა და კავკასიელებში საგრძნობლად დიდი მსხვერპლი.

„ეს მოვლენები გვახსენებს, რომ პუტინის ჯერჯერობით წარუმატებელი ომი შეიძლება გამოდგეს ნაპერწკალი, რომელიც რუსეთის პერიფერიაში ცენტრისგან თავის დაღწევის ტენდენციებს გააღვივებს“, - ასკვნის ავტორი.

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

ვლადიკავკაზის საქალაქო დუმის დეპუტატი: „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს პროფესიონალთა გუნდი სჭირდება“

სოსლან დიდაროვი. ფოტო: sputnik-ossetia.ru

ვლადიკავკაზის საქალაქო დუმის დეპუტატის სოსლან დიდაროვის თქმით, „სამხრეთ ოსეთის ახალ ხელისუფლებას“ პროფესიონალური გუნდი სჭირდება, რათა დასახული ამოცანები ეფექტურად გადაჭრას.

„მე, ცხადია, თვალყურს ვადევნებ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს. მე მსურს არა სიტყვებით, არამედ საქმით ვაჩვენო, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ, განურჩევლად იმისა, რომ ფორმალური საზღვრები გვყოფს და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ ნამდვილად ერთი ხალხი ვართ, მე გულწრფელად ასე მიმაჩნია,“ - განაცხადა დიდაროვმა.

დეპუტატის სიტყვებით, სამხრეთ ოსეთის პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩრდილოეთ ოსეთის ცხოვრებაში. დიდაროვმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლება უპასუხებს ყველა რეზონანსულ კითხვას, მათ შორის „ჯაბიევის საქმეს და სწორ საკადრო პოლიტიკას.“

Кавказский Узел: „საქართველოს ხელისუფლებამ საზღვარზე პროდუქტებით დატვირთული სატვირთო მანქანების გასვლა გაამარტივა“

ფოტო: kavkaz-uzel.eu

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტ ივა ჭყონიას განცხადებაზე დაყრდნობით, Кавказский Узел-ი იუწყება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მალფუჭებადი პროდუქტებით დატვირთული სატვირთო მანქანებისთვის რუსეთ-საქართველოს საზღვარზე „მწვანე კორიდორები“ დაუშვა.

პროცედურების გამარტივება, პირველ რიგში, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტს შეეხება, საიდანაც ხილით, მწვანილითა და ბოსტნეულით დატვირთული მანქანების ძირითადი ნაკადი გადაადგილდება.

როგორც გამოცემაშია აღნიშნული, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ხანგრძლივი რიგების გამო სატვირთოების მძღოლებმა პროტესტი არაერთხელ გამოთქვეს. გამარტივებული პროცედურის მიხედვით, მათ ტვირთის გასატარებლად ახლა მხოლოდ იმის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა სჭირდებათ, რომ საზღვარზე მალფუჭებადი პროდუქტი გადააქვთ. 

ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ საქართველო მათ საზღვარზე ბლოკავს

Кавказ Реалии-ს ინფორმაციით, ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკების ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მაცხოვრებლები საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სირთულეებზე ლაპარაკობენ. მათი თქმით, საქართველოში არსებობს დაუწერელი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში აკრძალულია ამ რესპუბლიკების მკვიდრთა შეშვება.

ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც საქართველოში შეშვებაზე უარი უთხრეს, თქვა, რომ ჯერ კიდევ რუსეთის საზღვარზე გააფრთხილეს, რომ როგორც ამ რესპუბლიკების მაცხოვრებელს, საქართველოში შესვლა გაუჭირდებოდა. მისივე განცხადებით, საქართველომ მას შესვლაზე უარი ოფიციალური განმარტებების გარეშე უთხრა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, განსაკუთრებით პრობლემა ჩეჩნეთიდან მომავალ მოქალაქეებს შეეხებათ, რომელთა პრაქტიკულად უდიდეს ნაწილს საქართველო საზღვარზე არ უშვებს. სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ცნობები, რომ საქართველო ჰიჯაბებითა და მუსლიმური წესით მოშვებული წვერით მოქალაქეებს საზღვრიდან უპირობოდ უკან აბრუნებს.

საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის რაიმე სახის აკრძალვის არსებობას გამორიცხავს და აღნიშნულ ცნობებს „დეზინფორმაციას“ უწოდებს.

ადიღეს რესპუბლიკა

ადიღეს მკვიდრი რუსეთის ჯარის დისკრედიტაციისთვის დააჯარიმეს

ადიღეს მკვიდრი რუსეთის ჯარის დისკრედიტაციის საქმეში დამნაშავედ ცნეს და 30 ათასი რუბლის (480 დოლარი) ოდენობის ფინანსური ჯარიმა დააკისრეს. მოქალაქე დამნაშავე ცნეს 10 მაისის ღამით სიმბოლო Z-ისა და გეორგიევსკის ლენტის წითელი საღებავით დასვრის გამო.

უკრაინაში დაწყებული სამხედრო აგრესიის ფონზე რუსეთში ჯარის დისკრედიტაციით ადამიანების კანონით დასჯა უფრო მეტად გახშირდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩრდილოეთი კავკასიაა, სადაც რუსეთის ჯარისა და ომის შესახებ კრიტიკული გამოხმაურებები აქტიურად იდევნება.

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

უკრაინაში დაიღუპა გენერალ-მაიორი ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან კანამატ ბოტაშევი

გენერალ-მაიორი, პილოტი კანამატ ბოტაშევი. ფოტო: kp.ua

უკრაინაში მიმდინარე ომში პილოტი, პენსიაზე მყოფი გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი დაიღუპა, რომელიც წარმოშობით ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან იყო. ბოტაშევი ლუჰანსკის რეგიონში 22 მაისს უკრაინელების მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის სუ-25-ის ჩამოგდების შედეგად დაიღუპა.

კანამატ ბოტაშევი ყარაჩაი-ჩერქეზეთში დაიბადა. მან ეისკის უმაღლესი სამხედრო-საავიაციო ინსტიტუტი დაამთავრა. 2012 წლის ივნისში ის სუ-27-ის ჩამოგდებაში დაადანაშაულეს, სადაც მეგობართან ერთად იჯდა, თუმცა აფრენის უფლება მიღებული არ ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ერთი წლით ადრე ის სუ-34-ის უნებართვოდ აფრენის გამო დააპატიმრეს და სასამართლომ 4 წლით თავისუფლების პირობითი აღკვეთა და ხუთი მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა. მან სწორედ მაშინ დატოვა სამხედრო სამსახური.

უცნობია, თუ რის საფუძველზე იღებდა ომში მონაწილეობას 63 წლის პენსიაზე გასული პილოტი.

ყარაჩაი-ჩერქეზეთის მკვიდრზე, რომელმაც მოსკოველი ტურისტი მოკლა,  საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

ყარაჩაი-ჩერქეზეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს აბდულაჰ ბოსტანოვზე, რომელიც მოსკოველი ტურისტის მკვლელობის გახმაურებულ საქმეში არის ეჭვმიტანილი.

მკვლელობა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეებსა და ტურისტს შორის შელაპარაკებას მოჰყვა, 16 თებერვალს კურორტ არხიზში მოხდა. ბოსტანოვმა მოსკოველი ტურისტი მუცელში დანით სასიკვდილოდ დაჭრა, პოლიციაში აღიარებითი ჩვენებით დარეკა, შემდეგ კი მიიმალა. აქამდე ბოსტანოვზე ფედერალური ძებნა იყო გამოცხადებული.

ყაბარდო-ბალყარეთი

ოჯახის კეთილდღეობის რეიტინგში ყაბარდო-ბალყარეთი აუტსაიდერებს შორის მოხვდა

რუსეთის რეგიონებს შორის ოჯახის კეთილდღეობის რეიტინგში ყაბარდო-ბალყარეთი ბოლო ადგილზეა. აუტსაიდერებს შორის მოხვდა ასევე ჩეჩნეთი, ინგუშეთი და ყარაჩაი-ჩერქეზეთი. რეიტინგი რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, RIA Novosti-მ შეადგინა.

რეიტინგის მთავარი კომპონენტია, თუ რა რაოდენობის თანხა რჩება ოჯახს შემოსავლიდან ძირითადი საყოფაცხოვრებო ხარჯების გაწევის შემდეგ. თავის დათვლების მეთოდოლოგიაში რეიტინგი ასევე ითვალისწინებს რეგიონის საარსებო მინიმუმსა და სამომხმარებლო კალათის ფასს.

რეიტინგში აუტსაიდერებს შორის ყაბარდო-ბალყარეთისა და სხვა ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკების მოხვედრა მოულოდნელი შედეგი არ არის. სხვადასხვა ოფიციალური და არაოფიციალური მონაცემით, ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკები, მათ შორის ყაბარდო-ბალყარეთი, რუსეთის სხვა რეგიონებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით მკვეთრად ჩამორჩება.

ჩრდილოეთი ოსეთი

ჩრდილოეთი ოსეთი ტურიზმის განვითარებისთვის სახელმწიფოსგან დამატებით თანხას მიიღებს

ჩრდილოეთი ოსეთი რუსეთის იმ რეგიონებს შორის მოხვდა, რომელთაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად სახელმწიფოსგან ფინანსები გამოეყოფათ. მთლიანობაში, მთავრობა ამ მიზნისთვის 3.5 მილიარდ რუბლს (54 მილიონი დოლარი) გამოყოფს.

აღნიშნული თანხიდან მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტრონული გზამკვლევებს, ტურისტული ობიექტების შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის ადაპტირებას და ტურისტული საინფორმაციო ცენტრების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვას მოხმარდება. 

რუსეთის მთავრობა ჩრდილოეთ ოსეთში მედცენტრის რეკონსტრუქციას დააფინანსებს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, ჩრდილოეთ ოსეთში პულმონოლოგიური ცენტრის რეკონსტრუქცია დაფინანსდება. სამედიცინო ცენტრის რეკონსტრუქციისთვის თანხა ფედერალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ოსეთში ერთადერთი პულმონოლოგიური ცენტრია, რომელიც 1900 წელს აშენებულ, ავარიულ შენობაში მდებარეობს. ოფიციალური უწყებების განცხადებით, ცენტრი თანამედროვე სამედიცინო მოთხოვნებს არ შეესაბამება.

მასშტაბური ხანძრის საქმეში ვლადიკავკაზის ბაზრის დირექტორია ეჭვმიტანილი

ფოტო: kavkaz-uzel.eu


უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობის გამო ვლადიკავკაზში ბაზარ „ვიკალინაში“ გაჩენილი ხანძრის საქმეზე ბაზრის დირექტორი ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გახდა. გამოძიების ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები დირექტორმა გააზრებულად დაარღვია. უცნობია, დააპატიმრეს თუ არა ის - ამის შესახებ სამართალდამცავი უწყება ოფიციალურად არაფერს ამბობს.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ვლადიკავკაზში დიდ ბაზარ „ვიკალინას“ ცეცხლი წაეკიდა, რის შედეგადაც საქონელი მთლიანად დაიწვა, 3 ადამიანი დაშავდა და 520 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. შესაბამისმა სამსახურებმა ხანძრის ჩაქრობა 40 წუთში მოახერხეს, თუმცა ბაზარი მაინც მნიშვნელოვნად დაზარალდა.

ინგუშეთი

ინგუშეთის ყოველი მესამე მაცხოვრებელი სიღარიბის ზღვარს მიღმაა

რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემების მიხედვით, ინგუშეთის მოსახლეობის თითქმის 30% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ამ ნაწილის შემოსავალი თვეში 11 ათას რუბლზე (173 დოლარი) ნაკლებია. ინგუშეთში, რუსეთის მასშტაბით, სიღარიბის ზღვარს მიღმა პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა სხვა ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებში, მათ შორის ყარაჩაი-ჩერქეზეთში (22.1%), ჩეჩნეთსა (19.9%) და დაღესტანში (14.7%). სანქციების ფონზე გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მზარდი ინფლაციის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლებები ცდილობენ მოსახლეობის დარწმუნებას, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ინგუშეთი აუტსაიდერებს შორის მოხვდა ზოგად სოციო-ეკონომიკურ მაჩვენებელშიც. სოციო-ეკონომიკური მდგომარეობით, რეგიონი რუსეთის ფედერაციულ სუბიექტებს შორის ხუთ აუტსაიდერს შორის არის. ეს მაჩვენებელი გამოითვლება ეკონომიკის ზომის, ეკონომიკის ეფექტურობის, ბიუჯეტისა და სოციალური სფეროს პარამეტრებით.

ინგუშეთში საცოლის მოტაცებას ადამიანი ემსხვერპლა

ინგუშეთში დააპატიმრეს პირი, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება. გავრცელებული ცნობების მიხედვით, მან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა კაცი, რომელიც მისი დის მოტაცებას ცდილობდა.

შემთხვევა ინგუშეთში 19 მაისს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს თავადაც სურდა კაცზე გათხოვება, თუმცა ოჯახი ამის წინააღმდეგი იყო. ოჯახებმა ერთმანეთთან ქორწილის შესახებ ვერ მოილაპარაკეს, კაცმა კი საცოლის მოტაცება მეორეჯერ სცადა, რის დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა.

ინგუშეთში საცოლის მოტაცება და ოჯახებს შორის გარიგებული ქორწინებები დღემდე გავრცელებული პრაქტიკაა. ასევე გავრცელებულია ე.წ. „ღირსების მკვლელობა“, რომლის მსხვერპლნიც ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით ხშირად ის ქალები ხდებიან, რომელთაც „არასათანადო მოქცევის“ გამო „ოჯახი შეარცხვინეს“.

ინგუშეთის ყოფილი მეთაურის, მოქმედი თავდაცვის მინისტრის მოადგილის დისშვილი უკრაინაში დაიღუპა

ინგუშეთის ყოფილი მეთაური, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვი. ფოტო: tass.ru

ინგუშეთის ყოფილი მეთაურის, რუსეთის მოქმედი თავდაცვის მინისტრის მოადგილის დისშვილი, კაპიტანი ადამ ხამხოევი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა. [U1] მედიის ინფორმაციით, ის 23 მაისს ინგუშეთში დაკრძალეს, პანაშვიდს კი თავად გარდაცვლილის ბიძა ევკუროვი და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

ხამხოევის სიკვდილთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა დაღესტნის მეთაურმა სერგეი მელიქოვმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის უსაფრთხოებისთვის ომში „ინგუშეთის ღირსეული შვილი დაეცა“.

ადამ ხამხოევი რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასარდლო სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო. ის უკრაინაში, სავარაუდოდ, 20 ან 21 მაისს დაიღუპა.

ჩეჩნეთი

ჩეჩნეთიდან უკრაინაში მოხალისეთა ახალი ჯგუფი გაიგზავნა


ფოტო: kavkaz-uzel.eu

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ცნობით, ჩეჩნეთიდან უკრაინაში მოხალისეთა ახალი ჯგუფი გაიგზავნა, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე რუსეთის სხვა რეგიონების მკვიდრებისგან შედგება. მოხალისეები უკრაინაში გამგზავრებამდე გადამზადებას ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში გადიან. არსებული ინფორმაციით, მაისის ბოლოს გაგზავნილი ჯგუფის მოცულობა 200 ადამიანია.

Кавказский Узел-ის ინფორმაციით, კადიროვის მიერ გავრცელებულ ცნობას ჩეჩნეთიდან მოხალისეების კიდევ ერთი ახალი ჯგუფის უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნის შესახებ სოცქსელების მომხმარებლების ნაწილი უარყოფითად გამოეხმაურა. მათ მმართველ პირებს მოუწოდეს საომრად, პირველ რიგში, დეპუტატების შვილები გაგზავნონ.

პოლიტოლოგების აზრით, კადიროვი უკრაინაში მოხალისეების გაგზავნაში განსაკუთრებით იმიტომ აქტიურობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თავისი ერთგულება დაუმტკიცოს.

აჰმედ ზაკაევის ძმამ ალი ზაკაევმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გაამართლა და საკუთარი ძმა გააკრიტიკა

25 მაისს „ინსტაგრამის“ ერთ-ერთ საჯარო გვერდზე დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრის აჰმედ ზაკაევის ძმა ალი ზაკაევის მიმართვა გამოქვეყნდა, სადაც ალი ზაკაევმა განაცხადა, რომ მიუხედავად თავისი ძმის პოზიციისა, რუსეთს აგრესორად არ მიიჩნევს. მისი თქმით, უმცროსი ძმა (აჰმედ ზაკაევი - ავტ.) უკრაინაში „ქუჩის სპექტაკლებს“ მართავს და იმ ჩეჩნებს, რომლებიც უკრაინელების მხარეს იბრძვიან, „სერიოზულად არავინ აღიქვამს“.

ალი ზაკაევმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორი არ არის, ის მოხალისეები კი, ვინც ჩეჩნეთიდან უკრაინაში რუსების მხარეს საბრძოლველად მიდიან, თავის რელიგიას, ხალხს და რუსეთს იცავენ. მან ჩეჩნურ ენაზე უკრაინელების მხარეს მებრძოლ ჩეჩნებსაც მიმართა: „თქვენ ხალხს დასცინით! თქვენ გგონიათ, რომ თუ რაღაცას ლაპარაკობთ, ხალხი დაგიჯერებთ? არა, საერთოდ არა. თქვენს სიტყვას არავინ აფასებს და ყველამ იცის, რომ სისულელით ხართ დაკავებული“.

ვიდეოს ქვეშ კომენტარები დაურთეს „ინსტაგრამის“ მომხმარებლებმა, რომელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ალი ზაკაევმა მიმართვა ადგილობრივი სამართალდამცავების ზეწოლის შედეგად ჩაწერა. ანონიმური წყაროს ცნობით, ვიდეოს ჩაწერას წინ ალი ზაკაევის სახლში ძალოვნების სტუმრობა უსწრებდა.

ჩეჩნეთში პროდუქტებზე ფასები მკვეთრად იზრდება, მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს

რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის მუსლიმ ხუჩიევის ცნობით, ჩეჩნეთში არასაკვებ პროდუქციაზე ფასები 10-დან 38%-მდე გაიზარდა, პირადი ჰიგიენის საშუალებებზე კი 34%-ით. ფასები მკვეთრად გაიზარდა ასევე სამშენებლო მასალაზე, მოსალოდნელია წამლების ფასების საგრძნობი ზრდაც.

აღნიშნულ სიახლეს გამოეხმაურნენ სოციალური ქსელების ჩეჩენი მომხმარებლები, რომელთა თქმით, ფასების ზრდას ობიექტური მიზეზი არ აქვს. მომხმარებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ დოლარის გამყარების დროს ფასები იზრდება, დოლარის გაუფასურებისა და რუბლის გამყარების დროს კი ზრდა მაინც გრძელდება.

ჩეჩნეთის სასამართლომ მოძრაობა „ადათი“ ექსტრემისტულად გამოაცხადა

ოპოზიციური მოძრაობა „ადათი“, რომელიც ცნობილია თავისი ტელეგრამ-არხით 1ADAT, ჩეჩნეთის სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო და მისი მოღვაწეობა რუსეთის მასშტაბით აკრძალა. 1ADAT-ი კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილი ჩეჩნების ერთ-ერთი მთავარი საინფორმაციო წყაროა, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, კადიროვის რეჟიმისგან დევნილი იბრაჰიმ იანგულბაევის თქმით, „ადათი“ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს, რადგანაც არც ჩეჩნეთში და არც რუსეთში თავისუფალი სასამართლო არ არსებობს.

არსებობს საფრთხე, რომ იუსტიციის სამინისტროს ექსტრემისტული ორგანიზაციების რეესტრში „ადათის“ მოხვედრის შემდეგ ადგილობრივ და ფედერალურ ძალოვნებს დამატებითი სამართლებრივი ბერკეტი ჩაუვარდეთ იმ ადამიანების დევნისთვის, რომლებიც მოძრაობას მხარს უჭერენ.

 

დაღესტანი

დაღესტნიდან უკრაინაში გარდაცვლილთა რიცხვი 159-მდე გაიზარდა

სხვადასხვა არაოფიციალური და ოფიციალური წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 31 მაისის ჩათვლით დაღესტნიდან უკრაინაში დაღუპულ მებრძოლთა რიცხვი მინიმუმ 159-მდე გაიზარდა. ამ მხრივ ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკებიდან დაღესტანში მსხვერპლი ყველაზე მრავალრიცხოვანია.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოფიციალურად დადასტურებული მსხვერპლი რუსეთის მხარეს დაღესტნელი ოფიცერი ნურმაგომედ გაჯიმაგომედოვი იყო, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის გმირის“ წოდება მიანიჭა.

დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 18 მაისის ღამით ქალაქ მაჰაჩყალაში კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, რომელიც „ორი ბოევიკის განადგურებით“ დასრულდა.

გამოძიების ცნობით, ორი შეიარაღებული პირი მაჰაჩყალის ელექტროსადგურში ასაფეთქებელი მოწყობილობის დაყენებას ცდილობდა, სამართალდამცავების გამოჩენის შემდეგ კი მათ ცეცხლი გაუხსნეს. ორივე მათგანი ძალოვნების „საპასუხო სროლას ემსხვერპლა“.

კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად არცერთი მშვიდობიანი მოსახლე არ დაზარალებულა. გამოძიების ინფორმაციით, ორივე პირი იდენტიფიცირებულია და სამართალდამცავები მათ სხვა დანაშაულებში მონაწილეობას იკვლევენ.


 
Back to full list
© 2022 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.