PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ლავროვის ვიზიტი თურქეთში

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა

 No 43

 

8 ივნისს გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი თურქეთში, სადაც იგი თავის თურქ კოლეგას - მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

რა საკითხებზე ისაუბრეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მას?

მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

 მოლაპარაკებების მთავარი საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიოში დაწყებული სასურსათო კრიზისი და მისი მოგვარების შესაძლო გზების ძიება იყო. საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას შავი ზღვა დაინაღმა, რის გამოც ვერ ხერხდება უკრაინული ხორბლის მსოფლიო ბაზარზე გატანა. ასეთი სიტუაცია კი შიმშილის საფრთხეს ბევრ ღარიბ ქვეყანას უქმნის.

რუსული მხარე ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს კრიზისის შექმნაში და აცხადებს, რომ უკრაინულ მხარეს დანაღმული აქვს სანაპიროების მისადგომები (თავად რუსეთს კი დანაღმული აქვს სავაჭრო გემების მარშრუტები).

უკრაინული მხარე მესამე ქვეყნებისგან სამართლიანად ითხოვს გარანტიებს, რომ მისადგომების განაღმვის შემთხვევაში, რუსეთი ამ მომენტს დესანტირებისთვის არ გამოიყენებს, იმავე ოდესის მიმართულებით.

ამ საკითხზე თურქეთ-რუსეთის მოლაპარაკებების ამ რაუნდს შედეგი ჯერჯერობით არ აქვს, რადგან მასში უკრაინული მხარე არ მონაწილეობდა, თუმცა ცალკე სატელეფონო საუბარი გაიმართა თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის.

თურქული და რუსული დელეგაციების შეხვედრა ანკარაში

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოთქვა მზადყოფნა, რომ გაიმართოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელსაც ხელს შეუწყობს თურქული მხარე (თუმცა, ამ საკითხზე დამატებით დეტალებზე მას არ ულაპარაკია).

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს სირიის, ლიბიისა და სამხრეთ კავკასიის საკითხები.

თურქული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს სირიაში შექმნილ სიტუაციას და იქ აპირებს კიდევ ერთი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას პროქურთული „ხალხთა დაცვის ნაწილების“ (რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს - „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ გაგრძელებად მიიჩნევს) წინააღმდეგ.

აშშ  ასეთი ოპერაციის ჩატარების წინააღმდეგია. თავიდან რუსეთიც მსგავს პოზიციაზე იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ამ საკითხში უფრო მოქნილი ჩანს რუსული მხარე.

ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ „ასტანის პროცესის“ ფარგლებში 17 ივნისს ნურსულთანში გაიმართება მორიგი შეხვედრა რუსეთ-ირან-თურქეთისა და  სირიაში მებრძოლი მხარეების მონაწილეობით, სადაც კიდევ ერთხელ შეეცდებიან მხარეთა პოზიციების დაახლოებას.

კავკასიასთან დაკავშირებით მხარეებმა ისაუბრეს 3+3 ფორმულასა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შესაძლებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტის შემდეგ ლავროვი სომხეთში გაემგზავრა, სადაც შეხვდა ამ ქვეყნის ლიდერებს და ჩაიტანა თურქული მხარის გზავნილები.

Back to full list
© 2022 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.