PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 16, ივნისი 1-15, 2022)

  • Author: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

 

პირველი კვარტლის მიხედვით, ჩრდილოეთ კავკასიელთა რეალური შემოსავლები შემცირდა

 

2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მაცხოვრებელთა რეალური შემოსავლები 1.7%-ით შემცირდა. მონაცემები 2022 წლის იანვარ-მარტის პერიოდს მოიცავს.

 

პირველ კვარტალში 10.3%-ით გაიზარდა ფულადი შემოსავალი, თუმცა ფასების ზრდის ინდექსის მიხედვით კორექტირებული რეალური შემოსავალი მცირდება. ამ თვალსაზრისით, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქი რუსეთის მასშტაბით სოციალურ-ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია.

 

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

 

ბლოგერს ყაბარდო-ბალყარეთიდან საქართველოს საზღვარზე არ უშვებენ

 

ინსა ლანდერი. ფოტო: kavkazr.com

 

ოპოზიციონერი ბლოგერი ყაბარდო-ბალყარეთიდან ინსა ლანდერი (ინსა ოგუზი), რომელსაც რუსეთის სამართალდამცავები ორგანოები ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ, კვირაზე მეტია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, იმყოფება. ლანდერის ადვოკატის განცხადებით, ამ პერიოდში აქტივისტი ცუდადაც გახდა და სასწრაფო დახმარებაც დასჭირდა.

 

ადვოკატის თქმით, ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ, დადებით პასუხს ელოდებიან. „ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ არის“, - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი ზახაროვი.

 

ადვოკატი ასევე გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ლანდერის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ აქტივისტი „არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშაულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა“. ადვოკატმა თქვა, რომ ეს განცხადება არასრულფასოვანია და ლანდერი არანაირ ტერორისტულ საფრთხეს არ წარმოადგენს. „თუ საქართველო მზად არაა მას თავშესაფარი მისცეს, აეროპორტამდე მაინც მიუშვას, რომ სხვა ქვეყანაში გადაფრინდეს,“ - აღნიშნა ზახაროვმა.

 

სიტუაციას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელმაც მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ „იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, მისცეს ინსა ოგუზს უსაფრთხო ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის შესაძლებლობა“.

 

ინსა ლანდერის მიმართ წამოწყებულ პოლიტიკურ დევნაზე ჩვენი მაუწყებელი მანამდეც წერდა. 2021 წლის 9 დეკემბერს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ქალაქ ბაქსანში მცხოვრები ბლოგერის, ინსა ლანდერის, სახლში სამართალდამცავები მივიდნენ და ფსბ-ის სამმართველოში დაკითხვაზე გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მას გამოძიება ბრალს ტერაქტის მომზადებაში ან ტერაქტით მუქარაში სდებდა. ლანდერი საქველმოქმედო ფონდის რესურსების ბოროტად გამოყენების ფაქტს იძიებდა. ამ საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რესპუბლიკის მოქმედი მაღალჩინოსანია.

 

ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი: „აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, „აფსუები“ კი აფხაზები არ არიან“.

ტუმსო აბდურაჰმანოვი. ფოტო: rferl.org

 

ცნობილმა ჩეჩენმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა ტუმსო აბდურაჰმანოვმა „იუთუბზე“ თავისი პირდაპირი ეთერის დროს აფხაზეთზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა“. აბდურაჰმანოვმა როგორც თქვა, 90-იანებში „ყველა მოგვატყუეს - აფხაზებიც, ქართველებიც და ჩეჩნებიც“.

„ის ხალხი, რომელიც ახლა აფხაზეთში ცხოვრობს და საკუთარ თავს აფხაზებს ეძახის, „აფსუები“ არიან“, - ამბობს ბლოგერი. აბდურაჰმანოვის სიტყვებით, სინამდვილეში, „აფხაზები ქართველები არიან“ და ამაზე „ორი აზრი არ არსებობს“. „აფხაზები ერთ-ერთი ქართული წარმომავლობაა, რომლებიც ძირძველი ქართველები არიან“, - თქვა აბდურაჰმანოვმა.

„აფხაზები დასაწყისში ქართველები იყვნენ. „აფსუები“ თავის თავს აფხაზებს ეძახიან, მაგრამ არ არიან“, - განაცხადა ბლოგერმა. მან ასევე აფხაზებისა და ჩერქეზების ნათესაობაზეც ისაუბრა. აბდურაჰმანოვმა აღნიშნა, რომ ამაზე ბევრი მოსაზრება არსებობს, მაგრამ ჩერქეზთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აფხაზები მათგან უკვე დაშორებული ხალხია და არც მათი ენა ესმით.

 

ადიღეს რესპუბლიკა

 

მაიკოპში ფილიპ კირკოროვის კონცერტი გაუქმდა

 

ფილიპ კირკოროვი. ფოტო: The Moscow Times

 

ადიღეს რესპუბლიკის დედაქალაქ მაიკოპში გაუქმდა ცნობილი რუსი მომღერლის ფილიპ კირკოროვის კონცერტი, რომელიც 18 ივნისს უნდა გამართულიყო. ოფიციალური განმარტება კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა, თუმცა ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოებამ კონცერტის გაუქმება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ფილიპ კირკოროვმა ერთ-ერთი შოუს დროს ჯვარზე იცეკვა.

 

ფოტო: m24.ru

მოგვიანებით ფილიპ კირკოროვმა შესრულებული ნომრის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მორწმუნეთა გრძნობების შელახვა არ უნდოდა. ფილიპ კირკოროვის კონცერტები ასევე გაუქმდა პიატიგორსკსა და სტავროპოლში. კირკოროვის გუნდის განცხადებით, კონცერტების გაუქმება მათი გადაწყვეტილება არ იყო.

 

 

რუსეთის შსს-ის მონაცემებით, ადიღეს რესპუბლიკა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით, აუტსაიდერებშია

 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის (ГИБДД) მონაცემების მიხედვით, ადიღეს რესპუბლიკა ქვეყნის მასშტაბით აუტსაიდერებს შორის მოხვდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინდექსით.

 

ავტოსაგზაო უწყება რეიტინგის შედგენისას რამდენიმე კრიტერიუმს ითვალისწინებს, მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო მაჩვენებელი ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაღუპულთა რაოდენობაა. ამ მხრივ, ადიღეს რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციულ სუბიექტებს შორის ოთხ აუტსაიდერს შორისაა.

 

 

 

 

 

ადიღეს მთავრობა კურორტ ლაგონაკის განვითარებისთვის 6.2 მილიარდ რუბლს გამოყოფს

 

ფოტო: ria.ru

ადიღეს რესპუბლიკის მეთაურის მურატ კუმპილოვის განცხადებით, რესპუბლიკა ეკოკურორტ ლაგონაკის განვითარებისთვის 6.2 მილიარდ რუბლს გამოყოფს. ფინანსური რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ფედერაციული სუბიექტი რუსეთის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიიღებს.

 

არსებული გეგმით, პროექტი 2025 წლამდე უნდა განხორციელდეს. ის ლაგონაკში სათხილამურო ინფრასტრუქტურისა და სნოუ-პარკის აშენებასაც ითვალისწინებს. პროექტით გათვალისწინებულია ასევე, რომ კურორტს წელიწადში არანაკლებ ნახევარი მილიონი ადამიანისა უნდა ეწვიოს.

 

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

 

კაფეში უკრაინული მუსიკის ჩართვისთვის ჩერკესკელი აქტივისტი ციხეში აწამეს

ჩერქეზი აქტივისტი კასე კიკი. ფოტო: kavkaz-uzel.eu

 

სამოქალაქო აქტივისტი ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკიდან კასე კიკი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა ციხეში, სადაც სამართალდამცავებმა კაფეში უკრაინული მუსიკის ჩართვისთვის მოათავსეს. სასამართლომ მას წვრილმანი ხულიგნობისთვის 7 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

თავად დაზარალებული აცხადებს, რომ ის პაციფისტური პოზიციისა და მისი საჯარო საქმიანობის გამო ციხეში უკანონოდ მოხვდა. კასე კიკი სამართალდამცავებმა ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას რამდენიმე ადამიანი მთელი ღამე სცემდა და უკრაინასთან, ამერიკასთან, თურქეთთან და რუსულ ოპოზიციასთან კავშირებში გამოტყდომას აძალებდა. კიკს არც ადვოკატის დახმარების უფლება მისცეს.

 

უფლებადამცველების განცხადებით, მათ მოეპოვებათ ახალგათავისუფლებული აქტივისტის ფოტოები, სადაც კასე კიკს ცემის კვალი ეტყობა - სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობა სახისა და ნეკნების მიდამოებში.

 

 

ყაბარდო-ბალყარეთი

 

უკრაინის ომში მონაწილეობაზე უარის რაოდენობით ყაბარდო-ბალყარელი როსგვარდიელები ლიდერობენ

 

„მედიაზონის“ ინფორმაციით, ყაბარდო-ბალყარეთის რამდენმა ასეულმა მკვიდრმა უარი თქვა უკრაინაში ომში მონაწილეობაზე და სამშობლოში დაბრუნდა - უარის თქმის მაჩვენებლით, რეგიონი რუსეთის სხვა ყველა ფედერაციულ სუბიექტს უსწრებს.

 

ყველა როსგვარდიელი, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა, პოზიციებიდან დისციპლინური წესით დაითხოვეს. სასამართლოში ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 140-მა ადამიანმა გაასაჩივრა. საჯარისო ნაწილების ხელმძღვანელობამ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მათ საბრძოლო დისლოკაციის დატოვების ბრძანება არ გაუციათ და მებრძოლებმა ეს თავისი ნებით გააკეთეს.

 

საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის რეიტინგით, ყაბარდო-ბალყარეთი რუსეთში ბოლო ადგილს იკავებს

 

„რია ნოვოსტის“ რეიტინგის მიხედვით, რომელიც გამოცემამ 14 ივნისს გამოაქვეყნა, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის ინდექსით ყაბარდო-ბალყარეთი რუსეთის ფედერაციულ სუბიექტებს შორის აუტსაიდერია. რეიტინგი ითვლიდა იმ დროს, რაც ოჯახს, ორი ზრდასრულითა და ერთი მცირეწლოვანით, საშუალოდ დასჭირდება 60 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლის კრედიტის გარეშე საყიდლად.

 

რუსეთის მასშტაბით საშუალო რეიტინგი 5.7 წელია, ყაბარდო-ბალყარეთში კი ბინის საყიდლად საკმარისი თანხის მოსაგროვებლად ოჯახს საშუალოდ 17 წელი სჭირდება. ცოტა უკეთესი ვითარებაა ჩეჩნეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში (14 წელიწადზე მეტი), თუმცა ეს რესპუბლიკებიც აუტსაიდერებს შორისაა.

 

 

 

ჩრდილოეთი ოსეთი

 

ვლადიკავკაზის მაცხოვრებელი ჯარის დისკრედიტაციისთვის დააჯარიმეს

 

ვლადიკავკაზის მკვიდრი 40 ათასი რუბლით დაჯარიმდა რუსული ჯარის დისკრედიტაციისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსული ჯარის დისკრედიტაციად ჩაითვალა ვლადიკავკაზის მაცხოვრებლის ერთ-ერთი პუბლიკაცია სოციალურ ქსელში.

 

უკრაინის ომის ფონზე როგორც ჩრდილოეთ ოსეთში, ისე მთელი რუსეთის მასშტაბით რუსული ჯარის დისკრედიტაციის მუხლით არაერთი ადამიანი გასამართლდა. რუსეთის ხელისუფლება ამ მუხლს აქტიურად იყენებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ გამოდიან.

 

 

ინგუშეთი

 

 

გამოცემა „ფორტანგა“ ინგუშეთის ადმინისტრაციას  ნაკრძალის ტერიტორიების ჩეჩნეთისთვის გადაცემაში ადანაშაულებს

ფოტო: fortanga.org

 

ინგუშური გამოცემა „ფორტანგა“, რომელიც ინგუშეთის ხელისუფლების შესახებ კრიტიკული სტატიებით გამოირჩევა, რესპუბლიკის ადმინისტრაციას „ერზის“ ნაკრძალის ტერიტორიების ჩეჩნეთისთვის გადაცემაში ადანაშაულებს. გამოცემა ეყრდნობა ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვისა და რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრ კოზლოვის შეხვედრას, სადაც საუბარი ჩეჩნეთისთვის ნაკრძალის ტერიტორიების გადაცემაზეც იყო. შეხვედრა ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხმა „ტვ გროზნიმ“ გააშუქა.

 

არსებული ინფორმაციით, ჩეჩნეთისთვის ტერიტორიების გადაცემის პროცესი 15 ივლისისთვის უნდა დასრულდეს. კოზლოვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ინგუშურმა მხარემ შესაბამის დოკუმენტს ხელი შეხვედრამდე ორი კვირით ადრე მოაწერა. ჩეჩნეთისთვის ინგუშეთის მიწების გადაცემისა და იქ რეკრეაციული პარკის აშენების ინიციატივა რამზან კადიროვს ეკუთვნის.

 

სახელმწიფო ნაკრძალი „ერზი“ ინგუშეთის სუნჟენსკისა და ჯეირაჰის რაიონებში მდებარეობს. მას ნაკრძალის სტატუსი 2000 წელს მიენიჭა. „ერზის“ ტერიტორიების ჩეჩნეთისთვის გადაცემა, შესაძლოა, ინგუშურ-ჩეჩნური ტერიტორიული კონფლიქტის გამწვავების კიდევ ერთი მიზეზი გახდეს.

 

 

 

 

 

Кавказский Узел: „რესპუბლიკის დაარსებიდან 30 წლის თავზე ინგუშები მოუგვარებელ პრობლემებზე საუბრობენ“

 

ინგუშეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 30 წლის თავზე ინგუშები ლაპარაკობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც ფედერაციულ სუბიექტს ათწლეულების განმავლობაში აწუხებს, მათ შორის, უმუშევრობა, აღუდგენელი ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. ამის შესახებ გამოცემა Кавказский Узел წერს.

 

მთავარ პრობლემათაგანი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ამ ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონს აწუხებს, უმუშევრობაა. 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა ინგუშეთში 6-ჯერ აღემატებოდა რუსეთის ფედერაციის საშუალო დონეს.

 

რეგიონში ერთ-ერთი მოუგვარებელი პრობლემაა ასევე 1992 წლის ოსურ-ინგუშური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დევნილების სოციალური მდგომარეობა, მათი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა.

 

 

ჩეჩნეთი

 

კადიროვი კრიტიკული მედიის აკრძალვის იდეით გამოვიდა

 

ფოტო: oc media

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებით, რუსეთში უნდა აიკრძალოს მედია-არხები, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებს და ადამიანის უფლებების დარღვევებზე წერს. კადიროვის თქმით, ეს მედია-არხები „ინფორმაციული დივერსანტები“ არიან.

 

„ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან აშშ ბოლომდე შეუკრავს ხელებს ჩვენს რეპორტიორებს. ამიტომაც ამერიკისგან გონივრულ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ, თანაც, სარკისებრი პასუხი ჩვენ არ შეგვიძლია. მარტივ წესს უნდა მივყვეთ: აკრედიტაცია უნდა მივცეთ მხოლოდ იმ მედიას, რომელიც ობიექტურ და მიუკერძოებელ შეფასებებს ავრცელებს. სხვა ყველა „ინფორმაციული დივერსანტი“ უნდა აიკრძალოს“ - განაცხადა კადიროვმა.

 

მუსაევას პატიმრობა 12 ივლისამდე გახანგრძლივდა

პოლიტპატიმარი ზამირა მუსაევა. ფოტო: amnesty international

 

ჩეჩნეთის სასამართლომ პოლიტპატიმარ ზამირა მუსაევას, რომელიც კადიროვის რეჟიმის მიერ დევნილი აქტივისტი ძმების იანგულბაევების დედაა, წინასწარი პატიმრობის ვადა 12 ივლისამდე გაზარდა. ეს ინფორმაცია ზამირა მუსაევის შვილმა, ოპოზიციონერმა აქტივისტმა აბუბაქარ იანგულბაევმა დაადასტურა. მისი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ზამირა მუსაევას გადაადგილება უჭირს და ამიტომ სასამართლოს სხდომებს ვერ ესწრება.

 

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 20 იანვარს პირები, რომელთაც თავი ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად წარადგინეს, იანგულბაევების ბინაში შეიჭრნენ ნიჟნი-ნოვგოროდში, სადაც აბუბაქარ იანგულბაევის მშობლები ცხოვრობენ. ვინაიდანაც აბუბაქარ იანგულბაევის მამას, საიდ იანგულბაევს, როგორც ყოფილ მოსამართლეს სტატუსი იცავს, მათ იანგულბაევის დედა ზარემა მუსაევა დააპატიმრეს და გროზნოში გადაიყვანეს. წყაროების ცნობით, ძალოვნები აგრესიულად იქცეოდნენ და ზარემა მუსაევას ჩაცმის საშუალებაც არ მისცეს.

 

რეზონანსულ ამბავს იმთავითვე გამოეხმაურა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოება. ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა გაათავისუფლოს მუსაევა და მომხდარი ამბავი ობიექტურად გამოიძიოს. მუსაევას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა რუსეთს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

 

 

დაღესტანი

 

დაღესტნის მკვიდრს ტერორიზმის დაფინანსებისთვის 8.5 წელი მიესაჯა

 

დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ დაღესტნის მკვიდრ შამილ ნურმაგომედოვს ტერორიზმის დაფინანსებისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

გამოძიების ინფორმაციით, შამილ ნურმაგომედოვმა ნაცნობს გადასცა თანხა, რომელიც საბოლოოდ ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ დასახმარებლად იყო განკუთვნილი. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, 8.5 წელი ტერორიზმის დაფინანსების მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მინიმალური ვადაა.

Back to full list
© 2022 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.