X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია ირანში

  • Author: ლევან ასათიანი, 2004-2009 წლებში საქარველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა

 

ირანის ისლამურ რესპუბლიკას, მისი ამჟამინდელი სულიერი ლიდერის  აიათოლა ხამენეის წლოვანებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ლეგიტიმაციის სერიოზული დეფიციტი აქვს, ისევე, როგორც  პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის მთავრობას.

აიათოლა ხამენეის ფოტო

 

მძიმედ ავადმყოფი აიათოლა ხამენეი (გადატანილი აქვს ონკოლოგიური ოპერაცია)  დიდი ხანია ინერციით განაგრძობს  ხელისუფლების შტოებსა და ირანის საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის თავისებური არბიტრის ფუნქციის შესრულებას. დღეს  მისი ჩანაცვლებაც პრობლემად იქცა,  რადგან უმაღლესი შიიტური იერარქია არ არის ჩამოყალიბებული ქვეყნის სულიერი ლიდერის ახალ კანდიდატზე. სერიოზული ლაპარაკი  იყო, რომ ლიდერის ფუნქცია მამისაგან შვილს – ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის გადასცემოდა, მაგრამ ამან შეიძლება კიდევ უფრო დაასუსტოს „შეუბღალავი ავტორიტეტის მქონე  სულიერი  ლიდერის“  მიერ ქვეყნის მართვის ინსტიტუტი.           

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უფლება არ მიეცა კენჭი ეყარა რეფორმისტთა ფრთის არცერთ წარმომადგენელს, მათ შორის არა მარტო წინა მეჯლისის სპიკერს, ალი ლარიჯანის და  აიათოლა ხომეინის შვილიშვილს ჰასან ხომენის, არამედ  2003-2013 წლებში ირანის პრეზიდენტს, ულტრაკონსერვატორ ახმადინეჯადსაც კი!  შესაბამისად,  ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ერთადერთი კანდიდატი ქვეყნის სულიერი ლიდერ ხამენეის მხარდაჭერილი ყოფილი გენ. პროკურორი ებრაჰიმ რაისი იყო,    ფაქტობრივად  ფორმალურად ჩატარდა. ირანის პოლიტიკაზე გულაცრუებული მოსახლეობის დიდ ნაწილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია  და დარჩა პოლიტიკური პროცესის მიღმა, რამაც  მთავრობის ნდობა  მინიმუმამდე შეამცირა. 

ბოლო თვეებში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე პროტესტს, რაც მოჰყვა ხიჯაბის არასწორად ტარების გამო პოლიციაში ნაწამები ქურთი ახალგაზრდა ქალის – მახსი ამინის სიკვდილს, წინ უსწრებდა სწორედ ეს მოვლენები და ბოლო წლებში ხალხში დაგროვილი  უკმაყოფილება.

საპროტესტო გამოსვლები დაიწყო არა მარტო დიდ ქალაქებსა და  უნივერსიტეტებში (ირანის მოსახლეობის ძალზე დიდი პროცენტი 30 წელზე ახალგაზრდაა), არამედ ირანის ქურთისტანშიც (მთავრობამ რამდენიმე ქალაქში ჯარიც კი შეიყვანა),  ქვეყნის აზერბაიჯანულ,  არაბულ და პაკისტანის საზღვრის გასწვრივ სუნიტი ბელუჯებით დასახლებულ რეგიონებში. პერიფერიებში ასეთი სეპარატისტული ტენდენციების გამოვლინებებს თავისი ისტორიული საფუძვლები აქვს. 

ფოტოსურათი აქციიდან

 

თეირანსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ქალებმა დემონსტრაციულად მოიხადეს ხიჯაბები, გამვლელები ქუჩებში მოლებს ისლამურ თავსაბურავებს აძრობენ, გაბრაზებულმა ბრბომ  გადაწვა  ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის – იმამი ხომეინის სახლი-მუზეუმი მის მშობლიურ ქალაქში. სულ უფრო ხმამაღლა  ისმის  ლოზუნგები: „სიკვდილი ხამენეის!“, „სიკვდილი დიქტატორს!“.  

პროტესტის სხვადასხვა ფორმaს მიმართეს ცნობილმა ირანელმა    სპორტსმენებმა, კულტურის მოღვაწეებმა, ზომიერი ფრთის წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმა, რასაც შესაბამისი რეპრესიები მოჰყვა.

„არეულობებისკენ მოწოდებების“ მიზეზით დააპატიმრეს ფაიეზ ხაშემი ირანის ყოფილი პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი ხაშემი რაფსანჯანის ქალიშვილი.

გააქტიურდა მრავალმილიონიანი დიასპორა საზღვარგარეთ (მათ შორის  თბილისშიც!) – ევროპისა და ამერიკის ქალაქებში შაჰის დროინდელი ირანული დროშების ფონზე ირანელ დემონსტრანტთა მხარდამჭერი ხალხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა. 

სამწუხაროდ, ირანის ოპოზიციას თავისი  პრობლემები  აქვს – არ არის წინააღმდეგობის ერთიანი ცენტრი, შეთანხმებული მოქმედებების გეგმა, არ ჩანს რევოლუციების დროს საჭირო ქარიზმატული ლიდერი.  პირიქით,   მრავალსახა ირანულ ოპოზიციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, განსხვავებული ხედვები აქვს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას, რაც აღრმავებს მათ უთანხმოებას.

ეს განსხვავებები  იკვეთება არა მხოლოდ სხვა ჯგუფების იდენტობისა და იდეალების არ აღიარებაში, არამედ ფუნდამენტურ უთანხმოებაში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ებრძოლონ კლერიკალურ პოლიტიკურ სისტემას, როგორი უნდა იყოს  ირანის მომავალი პოლიტიკური მოწყობა. თითოეულ ამ  ჯგუფს სხვები მიაჩნიათ უცხო ქვეყნებსა თუ  ძალებზე დამოკიდებულად და მხოლოდ საკუთარი თავი წარმოუდგენიათ  ისლამური რეჟიმის  წინააღმდეგ მებრძოლ ჭეშმარიტ ლიდერად.

ქუჩაში  სპონტანურად გამოსულ მოსახლეობას  მკაცრად დაუპირისპირდა პოლიცია და „ბასიჯი“ – „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მოხალისე მხარდამჭერთა რაზმები. შეტაკებებისას  დაიღუპა მრავალი  ახალგაზრდა, მათ შორის – მოზარდები. ბოლო დღეებში პერიფერიებში გახშირდა პოლიციის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევები – არის მსხვერპლი სამართალდამცავთა და „ბასიჯის“ რიგებში.    ორივე მხარეს უკვე 400-მდე ადამიანია დაღუპული. ათასობით დემონსტრანტი დაპატიმრებულია – მათ მკაცრი სასამართლო ელოდებათ.

ხუთშაბათს ჟენევაში გამართულ საგანგებო სესიაზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ გადაწყვიტა შექმნას დამოუკიდებელი მისია, რათა გამოიძიოს ირანში  მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს  ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების მიერ ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევები. ეს გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

გაერო-ს ჟენევის ოფისი

 

ყველაზე დამაფიქრებელი მმართველი ძალებისთვის გახდა იმამი  ხომეინის მიერ 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს  შემოღებული  ქვეყნის მართვის  კონსტიტუციური სისტემის – „ველაიათე ფაყიფის“ (ზემოთ ხსენებული სულიერი ლიდერის ინსტიტუტის) შეცვლის ლოზუნგი, რასაც  უკვე მკაცრი რეაქცია  მოჰყვა  მეჯლისში – ირანული პარლამენტის კონსერვატორულმა უმრავლესობამ მოითხოვა „ქვეყნის გარედან მართულ აჯანყებულთა“ (ანუ, რეალურად, სპონტანური დემონსტრაციების)  მოთავეების სიკვდილით დასჯა.

ამის საპირისპიროდ  ლიდერთან დაახლოებული ზოგიერთი სასულიერო პირისგან გაისმა ფრთხილი მოწოდებები ხალხთან პოლიტიკური დიალოგის გამართვის აუცილებლობის შესახებ.

The World Street Journal-ის ინფორმაციით   ირანის უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი შამხანი შეხვდა ავტორიტეტულ რეფორმატორთა ოჯახების წევრები, კერძოდ, იმამი ხომეინის შვილიშვილისა და გარდაცვლილ პრეზიდენტ რაფსანჯანის დაპატიმრებული ქალიშვილის ოჯახებს და სთხოვა დახმარებოდნენ ხალხის დაწყნარებაში დემონსტრანტთა მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ხარჯზე.  მაგრამ მან  ორივე ოჯახისაგან უარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ შამხანის ეს ქმედება  უფრო პოლიტტექნოლოგიურ სვლას  ჰგავს, რადგან მმართველმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა   რეფორმატორთა ფრთას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა დაეკარგა.

ბოლო თვეების განმავლობაში ირანში  მიმდინარე  მოვლენები   ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოწვევაა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. ქვეყნის პოლიტიკური მმართველობა და მისი ძირითადი დასაყრდენი – „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ჯერჯერობით ახერხებენ სიტუაციის კონტროლს, თუმცა ახლო მომავალში საპროტესტო გამოსვლებმა შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას მმართველი რეჟიმის სტაბილურობას.  

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.