PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 3, სექტემბერი 15-30, 2021)

  • Author: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
English, Georgian International relations 2021

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

სახელმწიფო „დუმას“ და ადგილობრივი არჩევნების შედეგები ჩრდილოეთ კავკასიაში

ფოტო: vestikavkaza.ru

17-19 სექტემბერს რუსეთში სახელმწიფო „დუმას“ არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგადაც მმართველმა პარტიამ „ერთიანი რუსეთი“ ქვეყნის უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციური უმრავლესობა შეინარჩუნა. ეს არჩევნები ასევე ფედერაციული სუბიექტების მეთაურებსა და რეგიონალური პარლამენტის წევრებს განსაზღვრავდა. არჩევნებმა ჩრდილოეთ კავკასიაში, ძირითადად, არადემოკრატიულ გარემოში, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და უხეში დარღვევების ფონზე ჩაიარა. ჩრდილოეთ კავკასიურ რესპუბლიკების გასული ორი კვირის მოვლენები მეტწილად სწორედ ამ არჩევნების გარშემო ტრიალებდა. 

ადიღეში ამომრჩეველთა 68% გამოცხადდა, ყველაზე მეტი ხმა „ერთიანმა რუსეთმა“ მიიღო - 66.45%. ადიღეა ერთადერთი სუბიექტი იყო ჩრდილოეთ კავკასიიდან, საიდანაც „დუმაში“ დამოუკიდებელი კანდიდატი მოხვდა - ვლადისლავ რეზნიკი. თუმცა, „კავკაზ რეალიის“ ინფორმაციით, რეზნიკი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტებში „ერთიანი რუსეთს“ წარმოადგენდა, მხოლოდ ფორმალურად არის დამოუკიდებელი კანდიდატი.

ყარაჩაი-ჩერქეზეთში  ამომრჩეველთა 89.30% გამოცხადდა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ერთიანმა რუსეთმა“ - 80.06%. დეპუტატის მანდატი რესპუბლიკიდან „დუმაში“ „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატმა ჯაშარბეკ უზდენოვმა ხმების 78.6%-ით მოიპოვა. ფედერალური სუბიექტის პარლამენტარებმა რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი „ერთიანი რუსეთიდან“ რაშიდ ტემრეზოვი ხელახლა ერთხმად აირჩიეს.

ყაბარდო-ბალყარეთში ამომრჩეველთა 85.64% გამოცხადდა, ყველაზე მეტი ხმა  „ერთიანმა რუსეთმა“ მიიღო - 79.20%. დეპუტატის მანდატი რესპუბლიკიდან „დუმაში“ „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატმა ადალბი შხაგოშევმა 69.75%-ით მოიპოვა - ეს მისთვის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა.

ჩრდილოეთ ოსეთში ამომრჩეველთა 86.27% გამოცხადდა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ერთიანმა რუსეთმა“ - 71%. დეპუტატის მანდატი რესპუბლიკიდან „დუმაში“ „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატმა არტურ ტაიმაზოვმა ხმების 76%-ით მოიპოვა. ფედერალური სუბიექტის პარლამენტარებმა რესპუბლიკის მეთაურად ერთხმად აირჩიეს „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატი სერგეი მენიაილო.

ინგუშეთში ამომრჩეველთა 84.06% გამოცხადდა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ერთიანმა რუსეთმა“ - 85.18%. დეპუტატის მანდატი რესპუბლიკიდან „დუმაში“ „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატმა მუსლიმ თათრიევმა ხმების 71.99%-ით მოიპოვა.

ჩეჩნეთში ამომრჩეველთა 94% გამოცხადდა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ერთიანმა რუსეთმა“ - 96.13%. რესპუბლიკიდან დეპუტატის მანდატი „დუმაში“ „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატმა ადამ დელიმხანოვმა მოიპოვა, ხმების 93.59%-ით.

რესპუბლიკაში პირდაპირი არჩევნების წესით ქვეყნის მეთაურად ხელახლა აირჩიეს რამზან კადიროვი, რომელმაც ხმების რეკორდული რაოდენობა 99.7% მოაგროვა.

დაღესტანში, რომელიც სამ საარჩევნო ოლქად იყო დაყოფილი, „ერთიანმა რუსეთმა“ ერთიანად 80% აიღო. დეპუტატის მანდატი რესპუბლიკიდან „დუმაში“ „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატებმა აბდულჰაკიმ გაჯიევმა, მურად გაჯიევმა და ჯამალადინ გასანოვმა მოიპოვეს.

არჩევნების შედეგები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

ვლადიმერ პუტინმა ადიღეს რესპუბლიკის მეთაურთან ვიდეოშეხვედრა ჩაატარა


ფოტო: rg.ru

თვითიზოლაციაში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 22 სექტემბერს ადიღეს რესპუბლიკის მეთაურთან მურატ კუმპილოვთან ვიდეოჩართვისას რესპუბლიკის სოციალური საკითხები განიხილა.

„არსებობს პრობლემები, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. პირველ რიგში, ეს არის სამედიცინო კადრების დეფიციტი. აქ ასევე მნიშვნელოვანია მედიკოსების საცხოვრებლით უზრუნველყოფა,“ - განაცხადა პუტინმა, რომელმაც ასევე სკოლების გარემონტების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

მურატ კუმპილოვმა, თავის მხრივ, პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა რეგიონის მიმართ გამოჩენილი უდმივი ყურადღებისთვის. მისი განცხადებით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იკლებს, თუმცა რესპუბლიკაში ყველანაირი განვითარებისთვის მზად არიან.

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

დაღესტნის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი მელიქოვი ანატოლი ბიბილოვს შეხვდა

ფოტო: cominf.org

16 სექტემბერს ქალაქ მაჰაჩყალაში დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის სერგეი მელიქოვისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მაჰაჩყალასა და ცხინვალს შორის თანამშრომლობა და მეგობრული კულტურათაშორისი კავშირების ჩამოყალიბების    საკითხები განიხილეს.


ანატოლი ბიბილოვი ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის ხელახლა არჩევის ცერემონიას დაესწრო


ანატოლი ბიბილოვი. ფოტო: sputnik-ossetia.ru

19 სექტემბერს ანატოლი ბიბილოვი ჩრდილოეთ ოსეთის ხელახლა არჩეული მეთაურის სერგეი მენიაილოს თანამდებობის დაკავების ცერემონიას დაესწრო.

„რუსეთის პრეზიდენტის მაღალი ნდობა, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტარების მაღალი ნდობა და მოსახლეობის მაღალი ნდობა უეჭველად იქნება ის საფუძველი, რომელზეც რესპუბლიკის მეთაური ჩრდილოეთ ოსეთის განვითარებას ააგებს,“ - განაცხადა ბიბილოვმა.

 

აფხაზეთში ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან აბაზინთა დელეგაცია ჩავიდა

ფოტო: apsnypress.info

27 სექტემბერს, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში გამარჯვების დღეს, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებულ აფხაზეთში ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციაში, რომელსაც აკადემიკოსი ოლეგ ეტლუხოვი ხელმძღვანელობდა, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აბაზას“ თავმჯდომარე ომარ კონჩევი და აფხაზი ხალხის „სამამულო ომის“ ვეტერანი, „ლეონის ორდენოსანი“ რობერტ აშბა შედიოდნენ. დელეგაციას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის სპიკერმა“ ვალერი კვარჩიამ უმასპინძლა.

აფხაზური პრესის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზთა და აბაზინთა ურთიერთობის არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის აფხაზეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, აკადემიკოსი ოლეგ ეტლუხოვი აფხაზურ „პარლამენტში“ აბაზინთა წარმომადგენლობის არსებობის თემასაც შეეხო. მისი თქმით, „აბაზინთაგან ვინმეს შეუძლია წარმოადგინოს ერთიანი აბაზების მეორე ნაწილის ინტერესები აფხაზეთს საკანონმდებლო ორგანოში“. ეტლუხოვის განცხადებით, ეს იდეა ჯერ კიდევ ვლადისლავ არძინბას დროს არსებობდა.

„რა თქმა უნდა, აბაზინები არ დაიღუპებიან აფხაზების გარეშე და აფხაზები არ დაიღუპებიან აბაზინების გარეშე, თუმცა როგორც ერთი, ისე მეორე მხარისთვის ცუდი იქნება, თუ არ დაახლოვდებიან“, - თქვა ეტლუხოვმა.

 

ადიღეს რესპუბლიკა

მაიკოპის ყოფილ მერს 2.5 წლით პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ანდრეი გატმანოვი. ფოტო: rbc.ru

მაიკოპის ყოფილ მერს ანდრეი გეტმანოვს სასამართლომ 2.5 წელი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. გეტმანოვი ამა წლის მარტში დააპატიმრეს - მას ბრალი ვაზნების არალეგალურ შენახვაში, თაღლითობის მცდელობასა და გარიგების უკანონოდ იძულებაში ედებოდა.

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

მურატ არგუნოვი ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრემიერ-მინისტრად ერთხმად აირჩიეს

მურატ არგუნოვი: ფოტო: kchr.ru

23 სექტემბრის ყრილობაზე ყარაჩაი-ჩერქეზეთის პარლამენტმა მურატ არგუნოვის პრემიერ-მინისტრად არჩევას მხარი ერთხმად დაუჭირა. მურატ არგუნოვი მანამდე მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

 

ყაბარდო-ბალყარეთი

იალბუზზე ტრაგიკული ლაშქრობის ორგანიზატორს პატიმრობა მიესაჯა

იალბუზზე ტრაგიკული ლაშქრობის ორგანიზატორს დენის ალიმოვს ნალჩიკის სასამართლომ 28 სექტემბერს 1 თვით და 28 დღით პატიმრობა მიუსაჯა. ალიმოვს ბრალი ედება სერვისის გაწევაში, რომლის უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.

როგორც ცნობილია, ა.წ. 23 სექტემბერს იალბუზზე ლაშქრობისას 19 ალპინისტი 5000 მეტრის სიმაღლეზე თოვლიან ქარბუქში მოყვა. მათგან 5 გარდაიცვალა, 11 კი საავადმყოფოში მოხვდა.

 

ჩრდილოეთი ოსეთი

ჩრდილოეთ ოსეთის კომუნისტურმა პარტიამ არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა

„რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის“ ჩრდილოეთ ოსური განყოფილების კომიტეტმა რესპუბლიკაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა. 23 სექტემბრის განცხადებაში, კომუნისტები არჩევნების შედეგების გაუქმებას „მრავალი პროცედურული დარღვევის, გაყალბების, ხმების ჩაყრის, ხმების დათვლის ფალსიფიცირების და დამკვირვებლებზე ზეწოლის“ გამო ითხოვენ.



ინგუშეთი

ინგუშეთში სტიქიით დაზარალებულებმა მიღებული კომპენსაციის მოცულობა გააპროტესტეს

ფოტო: kavkaz-uzel.eu

25 სექტემბერს სოფელ ნიჟნიე აჩალუკის მაცხოვრებლებმა სტიქიისგან გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებელი კომპენსაციის მოცულობა გააპროტესტეს. მათი თქმით, თანხა, რომელიც მათ მიიღეს, გაცილებით ნაკლებია შეპირებულზე, მრავალი დაზარალებული კი საერთოდ კომპენსაციის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს მომხდარი წყალდიდობის გამო ინგუშეთის სოფლებში მრავალი ოჯახი დაზარალდა. სტიქიამ განსაკუთრებით სოფელი ნიჟნიე აჩალუკი დააზარალა, რის კომპენსირებასაც მოსახლეობას ადგილობრივი ადმინისტრაცია შეჰპირდა.

 

ჩეჩნეთი

კადიროვი აჰმედ ზაკაევს „დაწვით“ ემუქრება

აჰმედ ზაკაევი. ფოტო: ria.ru

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრს აჰმედ ზაკაევს, რომელიც 2002 წლიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, 15 სექტემბერს Instagram-ზე გავრცელებულ  ვიდეოში „დაწვით“ დაემუქრა.

„თუ ერთხელ ახსენებ მამაჩემის სახელს, ნახავ, რაც დაგემართება. ლურჯ ალში დაგწვავ, თუ მამაჩემს ახსენებ“, - გადასცა კადიროვმა ზაკაევს. მან იჩქერიის პრემიერ-მინისტრს ასლან მასხადოვის აზრებთან თანხმობაში მყოფი მოღალატე უწოდა.

შემდეგ კადიროვმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნებში პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი კრიტიკოსების მოკვლას არ აპირებს. „ჩვენ თქვენ ცოცხლები და ჯანმრთელები გვჭირდებით. ჩამოგიყვანთ და ხალხის წინაშე მუხლებზე დაგაყენებთ“, - დაასრულა კადიროვმა.

იმავე ეთერში კადიროვმა დევნილობაში მყოფ ასლან მასხადოვის შვილს ანზორ მასხადოვსაც მიმართა და მას „გროზნოს ცენტრში თავის აფეთქებისკენ“ მოუწოდა.

„გროზნოს ცენტრში ვცხოვრობ. მოდი, თუ კაცი ხარ, რომელიც პასუხისმგებელია ცოლ-შვილზე. აჩვენე ეს ხალხს. მოდი და გროზნოს ცენტრში თავი აიფეთქე. მაშინ ვიტყვით, რომ ნორმალური ბიჭი ხარ. შენ არ გეყოფა კაცობა, აქედან რამე გააკეთო. სახელს გაუფრთხილდი, გაქცეულო ქათამო“, - მიმართა ჩეჩნეთის მეთაურმა ანზორ მასხადოვს


ჩეჩენი ბლოგერი ჰასან ხალიტოვი ჩეჩნეთის მთავრობას სისხლის აღებაში ადანაშაულებს


ჰასან ხალიტოვი. ფოტო: ekhokavkaza.com

თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერი ჰასან ხალიტოვი, რომელიც რამზან კადიროვის და მისი ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა, ჩეჩნეთის ხელისუფლებას თავისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ „სისხლიან შურისძიებაში“ ადანაშაულებს.

ჰასან ხალიტოვის და ევროკავშირში ემიგრირებული ილმან მამაკაევის ცნობით, ჩეჩენი ძალოვნები სექტემბერში რამდენიმე დღის განმავლობაში იტაცებდნენ ბლოგერების მოსკოვში და ჩეჩნეთში მცხოვრებ ნათესავებს. ამის პარალელურად, ჩეჩნეთის მაცხოვრებელმა აჰმად არსანუკაევმა „სისხლიანი შურისძიება“ გამოუცხადა ერთბაშად ოთხ ოჯახს - ხალიტოვებს, მამაკაევებს, ნაურბაევებს და აჟიევებს. ბლოგერების მხარდამჭერების განცხადებით, ამ შურისძიების და დევნის მიღმა ჩეჩნეთის ხელისუფლება დგას. 

 

ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი ოჯახის წევრებისადმი „სისხლიანი შურისძიების“ შესახებ საუბრობს

2ტუმსო აბდურაჰმანოვი. ფოტო: ekhokavkaza.com

ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი, რომლის ვიდეოებსაც „იუთუბზე“ რამდენიმე მილიონი ნახვა აქვს, თავად კი რამზან კადიროვის ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, ავრცელებს ცნობას, რომ სოფელ სტარიე ატაგში მაცხოვრებელ მის ნათესავებს ჩეჩნეთის ხელისუფლება „სისხლიანი შურისძიებით“ დაემუქრა.

აბდურაჰმანოვის ინფორმაციით, ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერთან მაგომედ დაუდოვთან სატელეფონო შელაპარაკების შემდეგ შეიარაღებული პირები ბლოგერის ნათესავებს სოფელში მიადგნენ და სისხლიანი შურისძიებით დაემუქრნენ.  

 

რამზან კადიროვი „სამშობლოსადმი დამსახურებისთვის“ მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს

ფოტო: აჰმედ დუდაევის „ინსტაგრამ“ გვერდი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 21 სექტემბრის დადგენილებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

დადგენილების მიხედვით, რამზან კადიროვს ორდენი „ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი სამსახურისთვის“ მიენიჭა.

 

დაღესტანი

დაღესტანში ტერორიზმის ბრალდებით რამდენიმე საქმეზე განაჩენი გამოტანილია

30 სექტემბერს დონის როსტოვის სასამართლომ დაღესტნის შვიდ მკვიდრს ტერორისტული ორგანიზაციასთან თანამშრომლობის, ჩამოყალიბებისა და მისი წევრობის მუხლებით ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი - 20 წელი.

საქმე სასამართლოში 2020 წლის 25 მარტიდან განიხილებოდა და საბოლოო ვერდიქტის გამოტანას 50 სხდომა დასჭირდა.

ტერორისტული საქმიანობისთვის 22 სექტემბერს გასამართლდა ასევე დაღესტნის მკვიდრი შამილ აბდულმეჯიდოვი, რომელსაც ბრალი „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ერთგულების ფიცის მიცემაში ედებოდა. მას მკაცრი რეჟიმის კოლონიის 12 წელი მიესაჯა.

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 30 სექტემბერს საქმე აღიძრა დახადაევსკის რაიონის 31 წლის მაცხოვრებელზეც, რომელსაც სამართალდამცავები სირიელი მეომრების დაფინანსებას ედავებიან. მათი ინფორმაციით, დაღესტნის მკვიდრმა მილიონი რუსული რუბლი მოაგროვა და სირიელ მეომრებს სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად გაუგზავნა.

Back to full list
© 2022 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.