X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 6, ნოემბერი 1-15, 2021)

  • Author: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2021

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

უმუშევრობის ინდექსით ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკები აუტსაიდერებს შორის მოხვდა

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ზაფხულის მონაცემებით, ინგუშეთი, დაღესტანი, ჩრდილოეთი ოსეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ჩეჩნეთი უმუშევრობის ინდექსით რუსეთის ფედერაციის კავკასიურ რესპუბლიკებს შორის ბოლო ადგილებზე არიან.

ეს რესპუბლიკები აუტსაიდერთა შორის არიან ასევე მთელი რუსეთის მასშტაბით. უმუშევრობა ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომლის გაღრმავებასაც კორონავირუსის პანდემიამ უფრო მეტად შეუწყო ხელი.

 

„ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმთა საკოორდინაციო ცენტრი“ მოსკოვის სამუფტოს დაუპირისპირდა


ფოტო: kavkazr.com

„ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმთა საკოორდინაციო ცენტრმა“ „რუსეთის ფედერაციის მუსლიმთა სულიერ სამმართველოს“ საჯარო წერილით მიმართა, „შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები“ და რუსეთში მცხოვრები მუსლიმების ერთიანობას მეტი ყურადღება დაუთმოს.

საკოორდინაციო ცენტრის განცხადებით, სულიერი სამმართველო თავისი საქმიანობით, რომელიც ახალი „რელიგიური საზოგადოებების“ ჩამოყალიბებას უკავშირდება,  რეგიონში კონფლიქტურ ვითარებას ქმნის. საკოორდინაციო ცენტრი მიიჩნევს, რომ მსგავსი რელიგიური სტრუქტურების შექმნა, რომელთაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, სიტუაციის დესტაბილიზაციას იწვევს.

ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ადგილობრივი სამუფტოები დიდი ხანია უპირისპირდებიან მოსკოვის სამუფტოს გავლენების გაძლიერებას რეგიონში. ამ პრობლემასთან დაკავშირებულმა საკითხებმა ჩრდილოეთ კავკასიურ რესპუბლიკებში ბოლო პერიოდში რამდენიმე ინციდენტი გამოიწვია.

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთს შორის ავტობუსების მიმოსვლა აღდგება


ფოტო: sputnik-abkhazia.ru

ნალჩიკსა და სოხუმს შორის ავტობუსების მიმოსვლა 14 ნოემბრიდან აღდგება - ამის შესახებ ყაბარდო-ბალყარეთის ტრანსპორტის სამინისტრო იუწყება.

ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის ავტობუსების მიმოსვლა გასული წლის დეკემბრიდან  ტექნიკური მიზეზების გამო იყო შეჩერებული.

 

ადიღეს რესპუბლიკა

ადიღეს რესპუბლიკის დეპუტატი თაღლითობისთვის დააკავეს 



ადიღეს რესპუბლიკის პარლამენტის შენობა. ფოტო: sovetskaya-adygeya.ru

10 ნოემბერს ადიღეს რესპუბლიკის დეპუტატი, რომელიც ასევე სამშენებლო კომპანიის დირექტორია, ბიუჯეტიდან ფულის აღებისა და შესაბამისი სამუშაოს შეუსრულებლობისთვის  დააკავეს.

დეპუტატმა ადიღეს ბიუჯეტიდან 429 ათასი რუბლი აიღო სამუშაოსთვის, რომელიც არ შეუსრულებია, ოფიციალურ დოკუმენტებში კი შესრულებულად გააფორმა. 

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

ყარაჩაი-ჩერქეზეთის ვიცე-პრემიერის შვილის ქორწილმა რესპუბლიკის მაცხოვრებლების უკმაყოფილება გამოიწვია


ფოტო: kavkaz-uzel.eu

ყარაჩაი-ჩერქეზეთის ვიცე-პრემიერის რუსლან ტამბიევის შვილის ქორწილის ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ ღონისძიება კოვიდრეგულაციების დარღვევით მიმდინარეობს, რესპუბლიკის მაცხოვრებლების აღშფოთება გამოიწვია.

ყარაჩაი-ჩერქეზეთში ეპიდვითარების გაუარესების გამო ხელისუფლებამ დამატებითი  შეზღუდვები შემოიღო, თუმცა, ყარაჩაი-ჩერქეზეთის მკვიდრთა თქმით, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ამ შეზღუდვებს არ ითვალისწინებენ. 

 

ყაბარდო-ბალყარეთი

ყაბარდო-ბალყარეთში მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყო

ფოტო: kavkaz-uzel.eu

ყაბარდო-ბალყარეთში, სოფელ ფსიგანსუსთან სიახლოვეს, ახალი მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყო. ჰესი მდინარე ჩერეკის ხეობაში აშენდება და ყაბარდო-ბალყარეთის 70 ათას მაცხოვრებელს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.

პროექტი 2021 წლის ივლისში ერთიანი ენერგეტიკული სისტემის სამეცნიერო-ტექნიკურმა საბჭომ დაამტკიცა. მისი სიმძლავრე 23.4 მეგავატი იქნება და წელიწადში 87 მილიონ კილოვატ ენერგიას გამოიმუშავებს.

 

ჩრდილოეთი ოსეთი

ნოემბრის პირველ ნახევარში ჩრდილოეთ ოსეთში ოსები და ინგუშები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ

ფოტო: kavkazr.com

ჩრდილოეთ ოსეთის იმ რეგიონებში, სადაც ოსები და ინგუშები ერთად ცხოვრობენ, ნოემბრის პირველ ნახევარში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. პირველი ინციდენტი 4 ნოემბერს სოფელ დაჩნოეში დაფიქსირდა, სადაც ოსებმა და ინგუშებმა ერთმანეთთან იჩხუბეს.

შედეგად, ინგუშეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა რუსეთის ფედერაციის შსს-ს მიმართეს თხოვნით, დააწესოს ინგუში და ოსი სამართალდამცავებით დაკომპლექტებული ჯგუფის პატრულირება რესპუბლიკის პრიგოროდის რაიონში, რათა შემდეგი კონფლიქტების თავიდან აცილება მოხერხდეს.

მეორე დაპირისპირება 10 ნოემბერს ვლადიკავკაზის მიმდებარედ მოხდა და მის შედეგად ოთხი ადამიანი დაზიანდა. დაპირისპირებულმა ახალგაზრდებმა პნევმატური იარაღიც გამოიყენეს.

სოფელ დაჩნოეში ინგუშებსა და ოსებს შორის კიდევ ერთი ინციდენტი 15 ნოემბერს მოხდა. სამართალდამცავების განცხადებით, დაპირისპირებას მძიმე დაზიანებები არ მოჰყოლია.

 

მოსახლეობის უკმაყოფილების გამო ვლადიკავკაზის მერიამ თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატებაზე უარი თქვა   


ფოტო: kavkazr.com

ვლადიკავკაზის ადმინისტრაციამ თანამშრომლებისთვის ხელფასის 60%-ით გაზრდაზე დროებით უარი თქვა მას შემდეგ, რაც წინასწარ დაგეგმილმა ნაბიჯმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

ეს მწვავე განხილვის თემა განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გახდა, სადაც მომხმარებლების ნაწილმა პანდემიის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების ფონზე ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდა უსამართლო ნაბიჯად მიიჩნია.

ვლადიკავკაზის ადმინისტრაციის პოზიციით, ხელფასების გაზრდა თანამშრომლებისთვის აუცილებელია, რადგან მათი კატეგორია ოდნავ აღემატება რესპუბლიკაში არსებულ მინიმალურ ანაზღაურებას.

 

ინგუშეთი

მდინარე ფორტანგაზე მიმდინარე სამუშაოებმა ჩეჩნურ-ინგუშური დავის ესკალაცია გამოიწვია


ფოტო: kavkaz-uzel.eu

ტერიტორიული დავა ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის კვლავ მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჩეჩნურმა მხარემ საზღვრის გამყოფ მდინარე ფორტანგაზე სამშენებლო სამუშაოები წამოიწყო და მდინარის კალაპოტი თავის სასარგებლოდ შეცვალა.

ჩეჩნეთის მოქმედებამ ინგუშეთში ხალხის პროტესტი გამოიწვია, რომელსაც მხარი ინგუშმა მაღალჩინოსნებმაც დაუჭირეს. ინგუშეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა მაგომედ ევლოევმა სამშენებლო სამუშაოებს უკანონო უწოდა და მოსკოვში შესაბამის უწყებებს ინფორმაცია მიაწოდა.

პროტესტს გამოეხმაურა ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვიც, რომლის განცხადებით, ინგუშეთში სამშენებლო სამუშაოების საწინააღმდეგოდ დაწყებული საპროტესტო ტალღა იმ „პროვოკატორების“ აგორებულია, რომლებიც ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის ეროვნული საკითხით „თამაშობენ“. კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ ჩეჩნეთს შესწევს „ძალა“, დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც იჩქერიის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა „ინგუშებს გადასცა“.

 

ჩეჩნეთი

მოსკოვში მომხდარი ინციდენტის გამო ერთმანეთს კადიროვი და სიმონიანი დაუპირისპირდნენ


ფოტო: bbc.com

ჩრდილოეთ კავკასიაში ნოემბრის პირველი ნახევრის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის და ცნობილი პროსამთავრობო ტელეჟურნალისტის მარგარიტა სიმონიანის დაპირისპირება, რაც მოსკოვში მომხდარი ჩხუბის შესახებ სიმონიანის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია.    

4 ნოემბრის საღამოს ახალი მოსკოვის რაიონ ნოვიე ვატუტინკში მამაკაცს, რომელსაც 4 წლის შვილი ახლდა, უცნობი პირები დაუპირისპირდნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩხუბის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

ამასთან დაკავშირებით მარგარიტა სიმონიანმა „ტელეგრამში“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვიდეოში დაფიქსირებული მოძალადეები კავკასიელებად გამოიყვანა და აღნიშნა, რომ „ეს ჩამოსულები თავისას მიიღებენ“, როდესაც რუსეთი უფრო მკაცრად დაიწყებს არალეგალების შემოწმებას.

სიმონიანის კომენტარს მრავალი კავკასიელი გამოეხმაურა, მათ შორის ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, რომელმაც საკუთარ „ტელეგრამის“ არხზე აღნიშნა, რომ უკვე ყველა კავკასიელს „მობეზრდა“ მუდმივი ბრალდებები და დადანაშაულება თუნდაც უმნიშვნელო ამბებში. მან ასევე დასძინა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეები არიან და არა „ჩამოსულები“.

„საკუთარ სახლში ვცხოვრობთ და გსურთ თუ არა ეს თქვენ, მუდამ ასე იქნება“, - დაწერა კადიროვმა. ჩეჩნეთის მეთაურმა ასევე გააკრიტიკა ტენდენცია, რომლის მიხედვით, კავკასიელების მიერ ჩადენილი დანაშაულის დროს აქცენტი ყოველთვის მათ ეთნიკურ წარმომავლობაზე კეთდება.

„მსურს ასევე შევახსენო „კავკასიის მკვიდრ“ სიმონიანს, რომ განცხადების გაკეთებამდე სერიოზული, ავტორიტეტული გამოცემის რედაქტორს ინფორმაციის დაზუსტება მართებს. მხოლოდ ამის შემდეგ ღირს დასკვნების გამოტანა და ახალი თემით თვითპიარის კეთება“, - დასძინა კადიროვმა იმის მინიშნებით, რომ მოძალადეები ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრები არ აღმოჩნდნენ.

სიმონიანმა პასუხად კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ინფორმაციას ყოველთვის ამოწმებს და მოძალადეები ნამდვილად კავკასიელები არიან. „გაუგებარი მიზეზების გამო, ბევრს რატომღაც არ ესმის, რომ კავკასია ეს მხოლოდ ჩეჩნეთი, დაღესტანი, ოსეთი და სხვა არ არის. მინდა შეგახსენოთ, რომ კავკასია ასევე აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს და სხვა ბევრ რამეს მოიცავს“, - განაცხადა სიმონიანმა.

ინციდენტი ამოიწურა მას შემდეგ, რაც რამზან კადიროვის კიდევ ერთი პოსტის მიხედვით, ის სიმონიანს დაუკავშირდა და მათ მომხდარი მშვიდად გაარჩიეს. სიმონიანმა ამ პოსტის გამო კადიროვს მადლობა გადაუხადა.

 

დაღესტანი

დაღესტანში ჟურნალისტის პატიმრობა პიკეტით გააპროტესტეს


ფოტო: kavkazr.com

2019 წლის ზაფხულში დაკავებული ოპოზიციური გამოცემა „ჩერნოვიკის“ ჟურნალისტის აბდულმუმინ გაჯიევის პატიმრობა „ტერორისტთან თანამშრომლობის მოტივით“ სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა პიკეტით გააპროტესტეს.

„ჩერნოვიკის“ მთავარი რედაქტორის მოადგილემ მაგომედ მაგომედოვმა და ოპოზიციონერმა აქტივისტმა სალიმ ხალიტოვმა უსამართლო პატიმრობაში მყოფი გაჯიევის გათავისუფლება მოითხოვეს, რის შემდეგაც განმარტებების გასაკეთებლად ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. აქტივისტები პოლიციამ რამდენიმე საათში გაათავისუფლა.

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.